კანონი სახალხო გვარდიისა
დამფუძნებელი კრება ადასტურებს რა ეროვნულ საბჭოს მიერ მიღებულ სახალხო გვარდიის დაარსების აქტს, 1918 წლის 2 ივლისს კანონის მუხლთა ნაცვლად აწესებს:
სახალხო გვარდიის მიზანი:
მუხ. I. სახლხო გვარდიის მიზანი იგივეა, რაც სახელმწიფოს მთელი შეიარაღებული ძალისა, დაცვა დემოკრატიულ რესპუბლიკისა, მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისა.
მმართველობა:
მუხ. 2. სახალხო გვარდიას მართავს მთავარი, საოლქო და სარაიონო შტაბები.
მუხ. 3. სახალხო გვარდიის სათავეში სდგას მთავარი შტაბი, რომელიც შესდგება 21 წევრისაგან, რომელთაც ერთი წლით ირჩევს გვარდიის ყრილობა და ამტკიცებს მთავრობა. იმ შემხვევაში, თუ მთავრობამ არ დაამტკიცა რომელიმე არჩეულთაგანი ან სხვა მიზეზით გამოაკლდა ვინმე, მთავარ შტაბს ეძლება უფლება თვითონ წარუდგინოს მთავრობას თავის კანდიდატები დასამტკიცებლად.
მუხ. 4. მთავარი შტაბი ემორჩილება პირდაპირ რესპუბლიკის მთავრობას მთავრობის თავმჯდომარის საშუალებით.
მუხ. 5. მთავრობის კრებებს ესწრება მთავარი შტაბის უფროსი სათათბირო ხმით.
მუხ. 6. ადგილობრივი გამგებლობა სახალხო გვარდიისა ევალება საოლქო და სარაიონო შტაბებს.
მუხ. 7. სარაიონო შტაბებს ირჩევს ერთი წლით ადგილობრივი რაიონის გვარდიელთა საზოგადო კრება, ხოლო საოლქო შტაბს იმავე ვადით წარმომადგენელთა ყრილობა მთელი ოლქის გვარდიელებისა.
მუხ. 8. საოლქო და სარაიონო შტაბის წევრებს, მათი არჩევის შემდეგ, ამტკიცებს მთავარი შტაბი.
მუხ. 9. საოლქო შტაბები უშუამავლოთ ემორჩილებიან მთავარ შტაბს, ხოლო სარაიონო შტაბები საოლქო შტაბებს და მათი საშუალებით მთავარ შტაბს.
შემადგენლობა და შევსება:
მუხ. 10. სახალხო გვარდია შესდგება: ა) რეზერვისაგან და ბ) მუდმივი ნაწილებისაგან.
მუხ. 11. სახალხო გვარდიაში შესვლა შეუძლია ყველა მსურველს საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთაგან, რომელიც არ ირიცხება ნამდვილ სამხედრო სამსახურში, არის უმწიკლო და ერთგული დემოკრატიულ რესპუბლიკისა. სახალხო გვარდიაში ჩარიცხვა არავის ანთავისუფლებს სამხედრო სამსახურისაგან.
მუხ. 12. სახალხო გვარდიაში არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს პარტიულ, ან ნაციონალურ რაზმებს.
მუხ. 13. სახალხო გვარდიაში მოქალაქეთა ჩარიცხვა ხდება გვარდიის შტაბების მიერ. მთავარ შტაბის მიერ გამომუშავებულ ინსტრუქციის თანახმად.
მუხ. 14. სახალხო გვარდიის რეზერვს შეადგენს ყველა ჩარიცხული გვარდიელები, რომლებიც ირიცხებიან ადგილობრივი შტაბების სიაში და მოიწვევიან მობილიზაციის დროს ადგილობრივ ბათალიონებში, რომელთა კადრები არსებობენ საოლქო შტაბებთან.
მუხ. 15. მუდმივი ნაწილები შესდგებიან: ა) საგანგებო ქვეითა ბათალიონისგან, ბ) ცხენოსანთა დივიზიონისაგან, გ) საარტილერიო ბრიგადისაგან, დ) საგანგებო ტყვიის ფრქვეველთა რაზმისაგან, ე) ჯავშნოსან საავტომობილო გუნდისაგან, ვ) ჯავშნიან მატარებლების რაზმისაგან, ზ) საინჟინერო გუნდისაგან და თ) სარეზერვო ბათალიონების 16 კადრისაგან.
მუხ. 16. მუდმივი ნაწილების შევსება ხდება სამხედრო ბეგარისაგან თავისუფალ მოხალისეთ და ჯარში გასაწვევთაგან. მოხალისენი ღებულობენ განსაკუთრებულ ჯილდოს, ხოლო გაწვეულები მსახურობენ იმავე პირობებში, როგორიც მუდმივ ჯარში არსებობს. გაწვეულთა რიცხვი და წესები მათი გვარდიაში მიღებისა მუშავდება მთავარ შტაბისა და სამხედრო მინისტრის შეთანხმებით იმ შემთხვევაში, თუ ახლად გაწვეულთა კონტიგენტი ამისათვის საკმაოა რიცხვით.
მუხ. 17. რეზერვში ჩარიცხული სახალხო გვარდიელები არავითარ ჯილდოს არ ღებულობენ, გარდა ოცდამერვე მუხლში აღნიშნულ შემთხვევებისა.
მუხ. 18. ოფიცერთა და ადმინისტრაციის პირთა მიღება – დათხოვნა ან ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანა ხდება მთავარ შტაბის მიერ.
სახალხო გვარდიელთა უფლება-მოვალეობანი, ჯილდო და პენსია:
მუხ. 19. სახალხო გვარდიის ნაწილებში შტაბებში და დაწესებულებებში მოსამსახურე ოფიცრები და ადმინისტრაციის პირნი სარგებლობენ ყველა იმ უფლებითა და უპირატესობით რაც მიკუთვნებული აქვთ რესპუბლიკის ჯარში და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში მსახურთ.
მუხ. 20. სახალხო გვარდიაში ყველა სამხედრო მსახური (როგორც ოფიცერი აგრეთვე ჯარისკაციც) იწოდებიან „სახალხო გვარდიელებათ“.
მუხ. 21. სახალხო გვარდიის ნაწილებში სარდლები იწოდებიან მხოლოდ და მხოლოდ მათი თანამდებობის მიხედვით. მაგალითად: გუნდის უფროსი, უფროსი ოფიცერი, მწყობრის უფროსი და სხვა.
მუხ. 22. ბრძოლაში თავის გამოჩენისათვის სახალხო გვარდიელი შეიძლება დაჯილდოვდენ ჯარისთვის დაწესებულ სამხედრო ნიშნებით, რის შესახებ შუამდგომლობას მთავარი შტაბი უდგენს პირდაპირ მთავრობის თავმჯდომარეს.
მუხ. 23. ყველა ბრძოლაში ან სამსახურის ასრულების დროს დაჭრილი გვარდიელი და აგრეთვე მოკლულის ნათესავები დახმარებასა და პენსიას მიიღებენ ჯარისათვის არსებულ საერთო წესით.
მუხ. 24. სამსახურის დროს სახალხო გვარდიელი ემორჩილება სამხედრო დისციპლინის ყველა მოთხოვნილებასა და წესებს.
მუხ. 25. სახალხო გვარდიის ნაწილებში და შტაბებში მოსამსახურეთა და თანამდებობის პირთა მოვალეობანი განისაზღვრება მთავარ შტაბის საგანგებო ინსტრუქციებში.
აღრიცხვა და მობილიზაცია:
მუხ. 26. სახალხო გვარდიის ვერც ერთ ნაწილს ვერ გამოიწვევენ ისე, თუ არ მთავარ შტაბის საშვალებით. სახალხო გვარდიის გამოწვევის უფლება ეკუთვნის მთავრობის თავმჯდომარეს, თუ თავმჯდომარისათვის შეუძლებელია ამ უფლებით სარგებლობა სახალხო გვარდია შეიძლება გამოწვეულ იქნეს საკანონმდებლო დაწესებულების თავმჯდომარის მიერ.
მუხ. 27. განსაკუთრებულ შემთხვევაში სახალხო გვარდია შეუძლია გამოიწვიოს თვით მთავარმა შტაბმა.
მუხ. 28. საერთო მობილიზაციაში ან საყარაულო სამსახურში გამოწვეული გვარდიელები ღებულობენ დღიურ ჯილდოს შემდეგი წესით: ა) მუშები და მოსამსახურენი დაწესებულებებსა და სამრეწველოებში იმდენს, რამდენიც ეძლევათ ჯამაგირი, ბ) უმუშევრები, სოფლის მეურნენი და წვრილი ხელოსნები მთავარ შტაბის მიერ დაწესებულ ჯამაგირს.
მუხ. 29. იმ შემთხვევაში, როცა მთავრობის მიერ გამოცხადებულია მობილიზაცია განსაზღვრულ წლების სათადარიგო ჯარისკაცებისა, გაწვეული გვარდიელები ამავე წლებისა ღებულობენ ჯილდოს თანასწორათ ჯარში მსახურ თანაწლოვანებისა და არავითარ დამატებითი ჯილდოს არ ღებულობენ.
მუხ. 30. გვარდიაში გაწვეულ მუშა-მოსამსახურეებს ადგილი ენახებათ ყველა მითვისებულ უფლებებით, მაგრამ უჯამაგიროთ.
მუხ. 31. შტატის შემოკლების დროს სახ. გვარდიელები სულ ბოლო რიგში უნდა იქნენ დათხოვნილი.
მუხ. 32. ყველა გვარდიელი მოვალეა გამოცხადდეს შტაბის პირველი მოთხოვნისთანავე იქ, სადაც შტაბი უჩვენებს, მიცემულ იარაღით, მოწყობილებით და სამოსით.
მუხ. 33. ყველა სახალხო გვარდიელი ჩარიცხულია იმ ათასეულის სიაში, რომელ ოლქშიც სცხოვრობს.
დამფ. კრ. სამხედრო კომისიის თავჯდომარე – სვიმონ მდივანი
მდივანი – ზაქარია გურული
– სახალხო გვარდიის მთავარი შტაბი
– სახალხო გვარდიის ქვედანაყოფები