სახალხო გვარდიელების საპენსიო უზრუნველყოფა 1920 წ.

დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) სამხედრო კომისიამ 1920 წლის 28 თებერვალს სახალხო გვარდიის მთავარი შტაბიდან მიიღო შემდეგი სახის წერილი, საიდანაც კარგად ჩანს სინამდვილეში რა “პრივილეგიები” ჰქონდა სახალხო გვარდიას. წერილის ტექსტი:

მთავარ შტაბს აუარებელი თხოვნები მოსდის როგორც ადგილობრივ, აგრეთვე პროვინციიდან, ფრონტზე დახოცილ და დავრდომილ სახალხო გვარდიელების ოჯახებიდან, რომ რესპუბლიკის მიერ გაღებული “პენსია” მეტად მცირეა და უკიდურეს მდგომარეობას განიცდიან. რისთვისაც სთხოვენ მთავარ შტაბს იშუამდგომლოს სადაც ჯერ არს, რომ საპენსიო წესდება ახლად გადასინჯულ იქმნას. გაუწყებთ რა ზემოთ აღნიშნულს, მთავარი შტაბი შუამდგომლობს თქვენ წინაშე რათა ეს საკითხი საჩქაროდ დაისვას დღიურ წესრიგში, რადგან მართლაც ხშირია ისეთი შემთხვევები, რომ პენსიის სახით თვეში ეძლევათ დაობლებულ ოჯახებს ასი და ორასი მანეთი რაც უმნიშვნელოა დღევანდელ სიძვირესთან შედარებით.

შედეგი გთხოვთ გვაუწყოთ.

თავმჯდომარის ამხანაგი (ანუ მოადგილე): დავით საღირაშვილი

მდივანი: რუბენ აუშტროვი

2021 წლის ფასებს რომ შევადაროთ 1920 წლის დასაწყისის ფასები, 200 მაშინდელი მანეთის მსყიდველობითი უნარი დაახლ. ეხლანდელი 60 ლარია. თუმცა 100 წლის წინ პროდუქტები სხვანაირად ფასობდა.

1919 წლის დეკემბერში 200 მანეთად შესაძლებელი იყო: 40 კგ კარტოფილის, ან 7 კგ პურის ფქვილის, ან 18 კგ სიმინდის, ან 1 კგ კარაქის, ან 70 კვერცხის, 5 კგ საქონლის ხორცის, ან 2 ქათმის შეძენა.