რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომი დასრულდა 18 მარტს და წესით ეს დღე უნდა ითვლებოდეს “საბჭოთა ოკუპაციის დღედ” და არა 25 თებერვალი. გთავაზობთ ქუთაისის საზავო ხელშეკრულების სრულ ტექსტს:
შეთანხმება სამხედრო მოქმედებათა შეწყვეტის შესახებ
მოგვყავს სრული ტექსტი შეთანხმებისა სამხედრო მოქმედების შეწყვეტის შესახებ დემოკრატიულ მთავრობასა და ს. ს. რ. რევოლუციონისტურ კომიტეტს შორის.
საქართველოს დემოკრატიულ მთავრობის რწმუნებული გრ. ლორთქიფანიძე და საქართველოს რევოლუციონურ კომიტეტის რწმუნებული მამია ორახელიშვილი 1921 წლის მარტის 17 და 18-ს შეხვდნენ ერთმანეთს ქალ. ქუთაისში და რუსეთის სოციალუსტურ საბჭოთა რესპუბლიკის წარმომადგენლის აბელ ენუქიძის თავმჯდომარეობით და იმავე რესპუბლიკის მეორე წარმომადგენლის ალექსანდრე სვანიძის მონაწილეობით შეთანხმდნენ შემდეგში:
1. სამხედრო მოქმედება დაუყოვნებლივ შეწყვეტილ იქმნას.
2. დემოკრატიული მთავრობა აუქმებს თავის ფრონტს საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგ, ანთავისუფლებს საქართველოს ტერიტორიის იმ ნაწილს, რომელიც მას უჭირავს და ხელს უწყობს რევოლუციონიურ კომიტეტის განკარგულებაში მყოფ ჯარებს, ბათომის ოლქში შესვლას ამ ოლქის დასაჭერად და დასაცავად გარეშე მტრების შემოსევისაგან.
3. სარევოლიუციო კომიტეტის საბჭოთა ჯარების ნაწილები, გაივლიან რა ბათომს, პირველ ყოვლისა დაიჭერენ ამ ოლქის სამხრეთ საზღვარს.
4. 25 მარტამდე და არა უგვიანეს ამისა ქალაქ ბათომში, მის რაიონში და რკინის გზის ხაზზე საჯავახო-ბათუმამდე და საზოგადოთ იმ ტერიტორიაზე, რომელიც ახლა უჭირავს დემოკრატიულ მთავრობას, რჩება ადმინისტრაცია და ძალაუფლება ამ უკანასკნელისა.
5. რევოლუციონურ კომიტეტის ჯარები შედიან ბათომში, როგორც დემოკრატიული მთავრობისა და მისი ჯარის მეგობრული ძალა.
6. დემოკრატიულ მთავრობას და რევოლუციონურ კომიტეტის ჯარების საერთო მიზანშეწონილ და საჭირო მოქმედების საკითხი ბათომის ოლქის გარეშე მტრებისგან დაცვის შესახებ, გადაწყვეტილი იქნება ორივე არმიის სარდლობის მიერ.
7. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის არმიის და გვარდიის დათხოვნა მოხდება ამ არმიის და გვარდიის სარდლობის განკარგულებით.
8. იმავე სარდლობის განკარგულებით ჩამორთმეული იარაღი და სამხედრო საჭურველი გადაეცემა საქართველოს რევოლუციონურ კომიტეტს.
9. ტანისამოსი, რომელიც მოეპოვებათ ჯარისკაცებს, გვარდიელებს და ოფიცრებს, სათანადო დადგენილების ძალით რჩება იმათ საკუთრებად.
10. ყველა სამხედრო პირი მიიღებს კუთვნილ ჯამაგირს და გვარდიის დათხოვნის შემდეგ:
11. ჯარის და გვარდიის სარდლობის განკარგულებაში გადაეცემა შესაფერისი რიცხვი ვაგონებისა და ორთქმავლებისა ჯარისკაცების, გვარდიელების, ოფიცრების და იმათი ოჯახების სახლში დასაბრუნებლად.
12. საქართველოს რევოლუვიონური კომიტეტი უზრუნველყოფს ყველა სამხედრო მოსამსახურის ბინას და პირად ქონებას. რისთვისაც საქართველოს რევკომი შესაფერის დახმარებას აღმოუჩენს თავის სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების საშუალებით.
13. სახელმწიფო ქონება, იარაღი, ორთქმავლები, ისტორიული და კულტურული საუნჯე და ყველა დანარჩენი- რაც გადაეცემა რევკომს, რჩება საქართველოს რესპუბლიკის კუთვნილებად.
14. საქართველოს რევკომი 1921 წლის თებერვლის 25-ს თავისი ამნისტიის დეკრეტის დამატებათ ადასტურებს, რომ არ იქნებიან პასუხისმგებელნი და არც სასამართლო ან ადმინისტრაციული წესით დევნილნი, დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ მოღვაწეთაგანი არც სამხედრო მოსამსახურეთაგანი, დაწყებული ჯარისკაციდან და გათავებული მთავარსარდლით, გვარდიელები, გვარდიის აფიცრები და შტაბების წევრები, არც ერთი ადმინისტრაციის მოხელე და საზოგადოთ არავინ იმათგანი, ვისიც მოქმედება გამომდინარეობდა მათი სახელმწიფო და საზოგადოებრივ მოვალეობისაგან. ეს მუხლი ვრცელდება მხოლოდ იმ მოქმედებებზე, რომელთაც ჰქონდათ ადგილი ამ შეთანხმების ძალაში შესვლამდე.
15. რევკომი ხელს უწყობს, რომ ყველა ლტოლვილი თავისუფლად და საჩქაროდ დაუბრუნდეს თავის საცხოვრებელ ადგილს.
16. საქართველოს მოქალაქენი- სამხედრო მოსამსახურენი, ჯარისკაცები, თანამდებობის პირნი და ოფიცრები სამხედრო ბეგარას მოიხდიან მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.
17. ეს შეთანხმება ძალაში შედის დღიდან ხელის მოწერის.
საქართველოს რევკომის რწმუნებული მამია ორახელაშვილი, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის რწმუნებული გრ. ლორთქიფანიძე. რ. ს. ფ. ს. რ. განსაკუთრებული რწმუნებული აბელ ენუქიძე.
ქუთაისი, მარტის 18, 1921წ.