სახალხო გვარდია
სახალხო გვარდია შეიქმნა 1917 წლის ბოლოს, როგორც სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტიის შეიარაღებული რაზმი - "წითელი გვარდია", რომელსაც მოგვიანებით "სახალხო" ეწოდა. მართალია გვარდია ექვემდებარებოდა სამხედრო სამინისტროს, თუმცა საკუთარი უმაღლესი ორგანო - გვარდიის მთავარი შტაბი მართავდა, რომელიც პირდაპირ პარლამენტს (დამფუძნებელ კრებას) ემორჩილებოდა. გვარდიის უცვლელი ლიდერი და სულისჩამდგმელი ვალიკო ჯუღელი იყო.
სტრუქტურა: გვარდია მოხალისეობრივ და ტერიტორიულ-მილიციურ პრინციპზე იყო აგებული. მებრძოლები მშვიდობიან დროს ჩვეულებრივ სამუშაოს ასრულებდნენ (ძირითადად მუშები და გლეხები) და განგაშის დროს იკრიბებოდნენ. ძირითადი შენაერთი იყო ტერიტორიული ქვეითი ბატალიონი (თბილისის, ქუთაისის, გურიის და ა.შ. დაახლ. 20-მდე). გვარდიას ჰყავდა საკუთარი არტილერია, ცხენოსანი ნაწილი და ჯავშანმატარებლების რაზმი. გვარდიას საპოლიციო ფუნქციებიც გააჩნდა, ამიტომ იარაღის ტარების უფლება ჰქონდათ. მართალია თავიდან გვარდია პატრიული ფორმირება იყო, მაგრამ შევსების ეს წესი მალევე გაუქმდა და ყველა სანდო პირს შეეძლო გაწევრიანება.
რაოდენობა: მობილიზაციის დროს სახალხო გვარდიას სწრაფად შეეძლო 10.000-დან 12.000-მდე მოტივირებული მებრძოლის გამოყვანა.