სამხედრო ფლოტი

ქართულმა სამხედრო ფლოტმა არსებობა 1918 წლის მარტში დაიწყო, როდესაც ბათუმში ხელში ჩავიგდეთ რუმინეთის მიერ რუსეთისთვის დროებით გადაცემული დამხმარე კრეისერი NMS Regele Carol I, რომელსაც 4 ერთ. 152 მმ ქვემეხით იყო შეიარაღებული, რამდენიმე კატარღა და ტრანსპორტი. თუმცა ბოლშევიკებმა შეძლეს გემის რუსეთში გატაცება და საბოლოოდ რუმინეთს დაუბრუნეს.

ნოე რამიშვილი მოკლე შეტყობინებაში ასე აღწერს ქართული სამხედრო ფლოტის დაარსებას: “კრეისერი კაროლ-კარლი, რომელმაც ჩვენი დელეგაცია მიიყვანა ტრაპიზონში, თავისი ნებით დაბრუნდა ბათუმში და აქედან სევასტოპოლში წასვლას აპირებდა. წასვლას აპირებდნენ სხვა გემებიც. ეს კიდევ არაფერი, დანამდვილებით გავიგეთ, რომ უნდოდათ ამ გემების გაყიდვა და მყიდველები ჩვენი მტრები (შენიშვნა: საუბარია ოსმალეთზე) იყვნენ. ამ გარემოებამ გვაიძულა გადამჭრელი ზომები მიგვეღო. დღეს დილის 6 საათზე სამხედრო ფლოტს ალყა შემოარტყა ჩვენმა შეიარაღებულმა ჯარმა. ამავე დროს ბატარეამ ზარბაზნები დაუშინა და მეზღვაურებს წინადადება მივეცით დანებებოდნენ. 9 საათზე ფლოტი ხელში ჩავიგდეთ. ჩვენი მხრით მოკლულია ერთი პრაპორშჩიკი ცაგარეიშვილი (შენიშვნა: ცაგარელი), დაჭრილია ცხრა მეზღვაური. დანარჩენები, რიცხვით 300 მეზღვაური, დავატყვევეთ. გაგვექცა ერთი ნაღმოსანი, რომელიც ზარბაზნის ჭურვით დაზიანებულია. ჩვენ დაგვრჩა კრეისერი კარლი, ერთი ნაღმოსანი, რამდენიმე გამანადგურებელი, კატერები და ბევრი სატრანსპორტო გემი, რომლებსაც შეაიარაღებენ. ფლოტის უფროსად დაინიშნება უფროსი ლეიტენანტი ჭავჭავაძე, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა მთელ ოპერაციას და სამაგალითო ნიჭი გამოაჩინა. ამ სამაგალითო და გაბედულმა აქტმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ფლოტს დაუყოვნებლივ გამოიყენებენ სამხედრო ოპერაციისთვის.“

გემის დაკავების ოპერაციას ასე აღწერს სახალხო გვადიელი ვალიკო ჩუბინიძე, რომელიც 150 გვარდიელთან ერთად ჩამოვიდა თბილისიდან ბათუმის დასაცავად: "ნ. რამიშვილმა, როცა მუშათა საბჭოში მივედით, გაგვაცნო ბათომის ამბები და გვთხოვა აუცილებლად დარჩენა იმ მიზნით, რომ უნდა დაგვეჭირა გემი „კარლ-კარლი“, რომელზედაც გახულიგნებული მატროსები იყვენ და, რასაკვირველია, დიდ საფრთხეს უმზადებდენ ბათომს.
წინადადება მივიღეთ, ბათომში შევჩერდით. ნოე რამიშვილმა გემი გვიჩვენა. სწრაფად და დაუყონებლივ შესდგა გემის აღების სამეთაურო კომისია, რომელშიაც შედიოდნენ ალ. დგებუაძე, ბიკ. ჭედია, გიზო ანჯაფარიძეც და თავმჯდომარეობდა ამ კომისიას ნოე რამიშვილი. რაზმის მეთაურად ბათომის მუშათა საბჭომ მოგვცა ოფიცერი ცაგარელი. გემის აღების კომისიაში თათბირს დაესწრო, ჩემი ცნობით, მეზღვაური ჭავჭავაძე, რომელმაც წინადადება შეიტანა, რომ გემს ნაპირიდან ზარბაზნები დავუშინოთო. ამ აზრს იქ მყოფი მეორე სამხედრო პირი პოლკოვნიკი გელოვანიც მიემხროვო, მარა ნოე რამიშვილმა, რომელსაც სხვებმა მხარი დაუჭირეს, ეს უარყო და ნაშუაღამევის 4 საათზე გემის აღების წინადადება შეიტანაო.
ამრიგად, კომისიამ დაადგინა, ამ დანიშნულ დროზე უეცრად გემზე თავდასხმა და დილით გათენებისას იგი სისრულეში მოვიყვანეთ. თავაშვებული მატროსები დავიმორჩილეთ, განვაიარაღეთ და გემს „კარლ-კარლის“ მაგიერ დავარქვით „ცაგარელი“, იმ ოფიცრის გვარი, რომელიც ჩვენ მეთაურად მოგვცეს და გემის აღების დროს მოგვიკლეს.
გზაკვალაბნეულ მატროსებისაგან განთავისუფლებული გემი ბათომლებს ჩავაბარეთ და თფილისისაკენ წავედით"

"კაროლ კარლი" რუმინეთში

სამხედრო ფლოტილიის უფროსის სამმართველოში 1919 წლის 29 ივლისს დამტკიცებული შტატით 8 ოფიცერი და მოხელე, ხოლო მექანიკურ სახელოსნოში 6 ხელოსანი მსახურობდა. საზღვაო სკოლაში 12 ოფიცერი და ინსტრუქტორი იყო დასაქმებული.
დადგენილი იყო საზღვაო-ქვეითების ასეულის შტატიც, 122 ოფიცერის და საზღვაო-ქვეითს შემადგენლობით. ჩვენს ხელთ მხოლოდ შტატის დამადასტურებელი დოკუმენტი არსებობს და ამ ეტაპზე უცნობია არსებობდა თუ არა ეს ასეული რეალურად.

სამხედრო ფლოტილიის პირველი მეთაური ალექსანდრე ჭავჭავაძე

ფლოტილიის შემადგენლობა

სამხედრო ფლოტილიის შემადგენლობაში 1920 წელს აპრილის მდგომარეობით 5 ერთ. სადარაჯო კატარღა ("გრინპორტის" ტიპის. აშშ) იმყოფებოდა. აქედან სამი: N521 "მედგარი", N525 და N545 გამართულ მდგომარეობაში, ხოლო ორი (N523 და N526) საჭიროებდნენ კაპიტალურ რემონტს. გამართულ მდგომარეობაში მყოფ "გამანადგურებლებს”, შემდეგი სახელები მიენიჭათ: "ტარიელი", "პატარა კახი" და "ავთანდილი".

ფირმა "გრინპორტის" ხუთივე სადარაჯო კატარღა დამზადებული იყო აშშ-ში რუსეთის იმპერიის ფლოტისთვის 1915-1917 წლებში. შავი ზღვის რუსულ სამხედრო ფლოტს 31 გრინპორი ჰქონდა შეიარაღებაში.
ტექნიკური მონაცემები: წყალწყვა: 14.5 ტონა; ძრავი: 525 ც.ძ. (ბენზინზე მომუშავე ორი ძრავი); სიჩქარე: 21 კვანძი; სიგრძე 18 მეტრი; სიგანე: 3 მეტრი.
შეიარაღება: 2 ერთეული 47 და 37 მმ ავტომატური ქვემეხები. 2 ერთეული 7.62 მმ ტყვიამფრქვევი. კატარღაზე 6, ან 8 მეზღვაური მსახურობდა.
კატარღები არ იყო გათვლილი ღია ზღვაში შორს გასვლებზე, რადგან 3-4 ბალზე დიდ ტალღებში მოქმედება უჭირდათ, მაგრამ ეფექტურად მოქმედებდნენ ნაპირთან ახლოს, რეიდზე და მდინარეებზე.

გრინპორის კატარღა საბრძოლო ამოცანის შესრულებისას. დიდი ალბათობით ქართული ჯარისაა
კატარღა 523 (?) ჯერ კიდევ რუსული ფლოტის შემადგენლობაში
გრინპორის კატარღები დუნაის ფლოტილიის შემადგენლობაში

გრინპორტის გამოყენების ეპიზოდი

სამხედრო ფლოტილიის საომარი გზა შესწავლილი არაა. მოვიყვანთ მხოლოდ ერთ ეპიზოდს. 1919 წლის 2 დეკემბერს დენიკინის ჯარის საბრძოლო გემმა გაგრის ტრავერსზე დააკავა სოხუმიდან გამოსული ქართული ფლოტილიის კუთვნილი ტრანსპორტი "ჭოროხი", რომელსაც 150 სახალხო გვარდიელი, 30 ტონაზე მეტი ხორბალი და სხვა ტვირთი გადაჰქონდა. საპასუხოდ 6 დეკემბერს ქართულმა კატარღებმა დაატყვევეს დენიკინის ჯარის კუთვნილი ტრანსპორტი, რასაც ქ. ფოთის მიმართულებით (8 კმ დაშორებაზე) რუსულ გემ "დუნაის" გამოჩენა მოჰყვა. მის შესახვედრად გაემართა "ტარიელი", დუნაიმ ისარგებლა ქვემეხების სიძლიერით და 76 მმ დაწყვილებული ქვემეხებიდან ცეცხლი გაუხსნა კატარღას (სულ გაისროლეს 19 ზალპი). "ტარიელმა" მანევრირება დაიწყო, მიუახლოვდა "დუნაის" და 25 ჭურვი ესროლა, საიდანაც სამი გაარტყა. დაზიანებული "დუნაი" გატრიალდა და რუსეთისკენ წავიდა.

საბრძოლო ტრანსპორტი "მიხეილი"

გემი "მიხაკო" 1918 წელს ქართული სამხედრო ფლოტილიის ფლაგმანი იყო და აქტიურად გამოიყენებოდა საბრძოლო მოქმედებებში. შეიარაღება: 2 ერთეული 76 მმ ქვემეხი (დიდი ალბათობით: Mark 2 – 1898 წ.), 2 ერთეული გოჩკისის 37 მმ ავტომატური ქვემეხი.
"მიხეილი" 1918 წლის გაზაფხულზე იბრძოდა ბათუმის ტრავერსზე (ბოლომ დატოვა ქალაქი მასზე ჩაბმული ბარჟით) და ტუაპსე-სოხუმის მიმართულებით. გემს გადაყავდა დესანტი და გადაქონდა სამხედრო ტვირთი, პარალელურად საცეცხლე მხარდაჭერას უკეთებდა ქვეით ნაწილებს ნაპირზე.
ქ. სოჭის ოპერაციის დროს "მიხეილმა" და კატერმა "მედგარმა" ზუსტი ცეცხლი გაუხსნეს ბოლშევიკების არტილერიას, რამაც მოწინააღმდეგის რიგებში პანიკა გამოიწვია. ამ ბრძოლაში მიხეილიც დაზიანდა. ეკიპაჟის ყველა წევრი დაჯილდოვდა წმ. გიორგის ჯვრით.
ქ. ტუაპსეს ოპერაციისას "მიხეილმა" გადასხა ქვეითი დესანტი მტრის ზურგში და შეებრძოლა მოწინააღმდეგის არტილერიას. ოპერაცია სახალხო გვარდიის გამარჯვებით დასრულდა და ბოლშევიკები გაიქცნენ ქალაქიდან.
ტუაპსეს მეორე ბრძოლის დროს "მიხეილმა" კვლავ გადასხა 140 კაციანი დესანტი, რომელიც პირველი შეებრძოლა ბოლშევიკების მრავალრიცხოვან დანაყოფს. ამავე დესანტის ევაკუაციისას გემმა გახარჯა მთელი საბრძოლო მარაგი, ნაპირიდან მასირებული ცეცხლის მიუხედავად საკუთარი ბორტით გადაეფარა ნაპირიდან გამოსული ნავები და დესანტი იხსნა დაღუპვისგან. დაზიანებული გემი ოჩამჩირეში ჩამოვიდა. "მიხეილი" მონაწილეობდა აფხაზეთში მოქმედი ოსმალური დესანტის განადგურებაში და სწორედ მიხეილმა გაიყვანა დანებებული მოწინააღმდეგე ოსმალეთისკენ.
შეუჩერებელი ექსპლუატაციის გამო გემის აგრეგატები საჭირობდნენ რემონტს, მაგრამ ამის დრო არ იყო და მეზღვაურებს ავარიულ რეჟიმში უწევდათ მუშაობა.
საბრძოლო ოპერაციების გარდა გემი ასრულებდა ტრანსპორტის როლს და განუწყვეტლივ გადაყავდა სახალხო გვარდიის დანაყოფები და ტვირთები. 21 სექტემბერს, მორიგი რაზმის გაგრასთან გადასხმისას გემი შტორმში მოჰყვა და ნაპირზე გაირიყა. 1919 წლის თებერვალმდე ცდილობდნენ მის ამოყვანას, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მოხერხდა და გემი დაიღუპა.

ფლოტილიის შემადგენლობაში რამდენიმე ათეული, ძირითადად მობილიზაციით ჩამორთმეული სამოქალაქო ტრანსპორტი და კატარღაც შედიოდა. სრული სია შეგიძლიათ ნახოთ აქ: საქართველოს რესპუბლიკის კუთვნილი მცურავი საშუალებების სია. 26 აპრილი, 1920 წ.

სახალხო გვარდიის დესანტი სოჭში
სახალხო გვარდიის რაზმი ქ. ფოთში სოჭის ფრონტზე დესანტირების წინ. უკანა პლანზე მოსჩანს უცნობი გემი

1921 წლის ოკუპაციის დროს გრინპორტის კატარღები გემებს ჩაუბეს და კონსტანტინოპოლში წაიღეს.