რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომი. ქრონოლოგია.

საქართველოს შეიარაღებული ძალები ომის წინ
მთავარსარდალი: ილია ოდიშელიძე
მოადგილე: ალექსანდრე გედევანიშვილი
გენერალური შტაბის უფროსი: ალექსანდრე ზაქარიაძე
I ბრიგადა (დავით ართმელაძე), II ბრიგადა (იოსებ გედევანიშვილი), III ბრიგადა (ვარდენ წულუკიძე)
სახალხო გვარდია: ვალიკო ჯუღელი; სამხედრო მეთაური: არტემ ჯიჯიხია
ომის წინ გ. კვინიტაძე სამხედრო სკოლაში იყო მასწავლებლად, ხოლო გ. მაზნიაშვილი 1920 წლის ოქტომბერში დაინიშნა თბილისის გარნიზონის უფროსად.
რაოდენობა: რეგულარული ჯარი: დაახლ. 24.000, სახალხო გვარდია: 10.000-მდე სულ: დაახლ. 34.000 ოფიცერი და ჯარისკაცი. ომის დროს ამ რაოდენობას დაემატა მოხალისეების და დამატებით მობილიზირებულების გაურკვეველი რიცხვი. ამგვარად ჩვენი მხრიდან 1921 წლის ომში მონაწილეობდა დაახლ. 40.000 სამხედრო და უმწყობრო ნაწილის მოსამსახურე.

საბჭოთა რუსეთის წითელი არმია ომის წინ
კავკასიის ფრონტის სარდალი: ვლადიმერ გიტისი
ოპერაციის მეთაური: 11 არმიის სარდალი ანატოლი ჰეკერი
პოლიტიკური მეთაური: სერგო ორჯონიკიძე. შალვა ელიავა
შტაბი და მეთაურები: ბ. კუზნეცოვი, ი. ვესნიკი, მიხეილ ველიკანოვი, კუიბიშევი
რაოდენობა: დაახლ. 50.000 ოფიცერი და ჯარისკაცი. სომხეთის წითელი არმია: 1.600 მებრძოლი, ოსი და აფსუა ტერორისტები (დაახლ. 4.000). დაუზუსტებელი მონაცემებით დაახლოებით: 55-65.000 სამხედრო და უმწყობრო.

ქართული ნაწილების განლაგება
ს. გედევანიშვილი დაინიშნა სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის სარდლად, რომლის დანაყოფები იდგნენ მარნეული-შულავერი-წითელი ხიდი-ფოილოს ხიდი-ვორონცოვკა-სანაინი-შაგალის სექტორში. არმიის თბილისის II ბრიგადა (გ. სუმბათაშვილი) შეიყვანეს ლორეს ხეობაში (მე-5-ე და მე-8-ე ბატალიონები უშუალოდ ხეობაში და მე-7-ე იმყოფებოდა სადახლოში), ფლანგებზე და მარნეულის რაიონში სახალხო გვარდია იდგა. ფრონტზე ჯამში დაახლ. 10-12.000 მებრძოლი იმყოფებოდა.

პრობლემები: ლორეს ნეიტრალურ ზონაში შეყვანილი დანაყოფები მტრულად განწყობილ სოფლებში იმყოფებოდნენ. არ გააჩნდათ კავშირი ერთმანეთთან და 1919 წელს გაწვეულთა დემობილიზაციის გამო პირადი შემადგენლობა იცვებოდა, მიმდინარეობდა დანაყოფების შევსება მობილიზირებულებით და სახლში უნდა გაეშვათ დემობილიზირებულები. 27 იანვრის საქართველოს დეიურე აღაირების შემდეგ დისციპლინა საგრძნობლად შეირყა და სამხედრო დაზვერვას გამოეპარა მტრის ინტენსიური მზადება. დანაყოფებს აკლდათ აღჭურვილობა, ვაზნები და მატერიალური საშუალებები. ამ ყველაფერთან ერთად ფრონტის სარდალ ი. გედევანიშვილს არ გააჩნდა მსხვილი შენაერთების მართვის გამოცდილება.
თვალსაჩინოებისთვის წაიკითხეთ სოხუმის სანაპირო ჯარის რაზმის შემოწმების ანგარიში და უკეთ მიხვდებით რა პირობებში ჩავებით ომში.

ომის მიმდინარეობა

13 თებერვალს იწურებოდა ქართული არმიის დგომის ვადა ლორეს ნეიტრალურ ზონაში, ქართულმა მხარემ სომხებს შესთავაზა მოლაპარაკება. ამით ისარგებლა წითელი არმიის სარდლობამ და ე.წ. “აჯანყების” ომის მიზეზიც მიეცათ. ს. ორჯონიკიძემ ი. ლაზიანს დაავალა შაგალის სარკინიგზო ხიდის დაცვის განეიტრალება და ლორეში განლაგებულ ქართულ დანაყოფებზე მოულოდნელი თავდასხმა. ამ მიზნით მომზადდა 400 სომეხი დივერსანტი და დამატებით შეიქმნა ორი ქვეითი სომხური ბატალიონი (800 მებრძოლი) . თუ ქართული არმია ლორეში წარმატებას მიაღწევდა, კონფლიქტი გაფორმდებოდა როგორც “სომხების აჯანყება”.

12 თებერვალი – ღამით დივერსანტებმა გაანეიტრიალეს შაგალის ხიდის დაცვა, გადაჭრეს დანაღმული ხიდის კაბელი და თავს დაესხნენ II ბრიგადის მძინარე დანაყოფებს. ბამბაკის ხეობაში ტყვედ ჩავარდა 1.200 -ზე მეტი ქართველი ოფიცერი და ჯარისკაცი (მთლიანად განადგურდა მე-5-ე და მე-8-ე ბატალიონები, ნაწილობრივ მე-7-ე). ვრონცოვკის მიმართულებაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ შეატყობინა თავდასხმის შესახებ გვარდიის მეთაურ რ. ჩხეიძეს, მიღებული ზომების შედეგად მოხერხდა თავდასხმის მოგერიება. გარდა ბოლშევიკი სომხებისა, შეტევაში ჩაება 11-ე არმიის 96-ე მსროლელი ბრიგადა, 179-ე პოლკი და მე-20-ე დივიზიის ცხენოსანი პოლკი.

13 თებერვალი – გრძელდება შეტაკებები ვორონცოვკის სექტორში, სადაც შეტევაზე გადმოვიდა წითელი არმიის მსხვილი დანაყოფი. ქართულმა სარდლობამ სადახლოს რაიონიდან სცადა კონტრშეტევა, მაგრამ წარუმატებლად. მოწინააღმდეგემ დაიკავა სოფელი აირუმი.

14 თებერვალი – მძაფრი შეტაკების შემდეგ დაეცა სოფელი სადახლო. ჩხეიძის დაჯგუფება გარმოცვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა და ბოლნისისკენ დაიხია. ქართული ნაწილები უკუიქცნენ მდინარე ხრამის მიმართულებით.

15 თებერვალი – შტაბში გამართულ თათბირზე ირკვევა რომ სარდლობამ დაზუსტებით არ იცის მდგომარეობა ფრონტზე. იოლ გამარჯვებაში საბოლოოდ დარწმუნებულმა ლენინმა გასცა ბრძანება თბილისის აღების შესახებ. ფოილოს ხიდთან განლაგებული ქართული დანაყოფები ამჩნევენ რუსების დიდი კოლონების მოძრაობას წითელი ხიდისკენ და ითხოვენ ხიდის აფეთქების ბრძანებას.

16 თებერვალი – მოწინააღმდეგე დიდი ძალებით უტევს წითელ ხიდთან განლაგებულ სახალხო გვარდიის დანაყოფებს და უკუაგდებს. მარნეულის რაიონიდან მათ დასახმარებლად დაძრული თბილისის III ბატალიონი ბრძოლაში ჩაება და დაიფანტა. თბილისის I ბატალიონი შემხვედრ ბრძოლაში ანადგურებს მოწინააღმდეგის მეწინავე ნაწილებს და განდევნის მდ. ალგეთს იქით. თუმცა მალევე გარემოცვაში ექცევა, წვავს ბორნებს მდ. მტკვარზე და უკან იხევს მარნეულისკენ.
– რუსებმა სცადეს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ფოილოს სარკინიგზო ხიდის ხელში ჩაგდება, მაგრამ მესანგრეებმა მოასწრეს ხიდის ჩრდილოეთი ნაწილის აფეთქება, რომელსაც მტრის რამდენიმე ჯანშანმატარებელი მოადგა. მოგერიებულია ცხენოსნების შეტევა მარცხენა ფლანგზე. ხიდს სახალხო გვარდიის იმერეთის II, სამეგრელოს I ბატალიონები და მესაზღვრეები იცავდნენ ჯავშანმატარებელთან ერთად.
– წითელი არმია შეტევაზე გადმოვიდა კახეთში, მე-18 ცხენოსანი დივიზიის და 2 ქვეითი პოლკის ძალით (დაახლ. 8.000 მებრძოლი). მოწინააღმდეგეს შეებრძოლა სასაზღვრო ჯარების სარდლის, გენერალ სტეფანე ახმეტელაშვილის დაჯგუფება: არმიის VI ბატ., გვარდიის კახეთის ბატალიონი და მოხალისეთა საკაველერიო ასეული (დაახლ. 1.500 მებრძოლი).
– სამხრეთის ფრონტი მოიშალა და გადარჩენილმა ნაწილებმა მდინარე ხრამთან იწყეს თავმოყრა. დაიღუპა, მძიმედ დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა დაახლ. 5.000 ქართველი მებრძოლი.
– მთავარსარდლად დაინიშნა გ. კვინიტაძე
ფილიპე მახარაძემ საქართველოს რევოლუციური კომიტეტის სახელით ოფიციალურად დახმარება სთხოვა რუსეთს. შეიქმნა ე.წ. “შულავერის კომიტეტი”.

17 თებერვალი – თბილისში იძახებენ ყველა თავისუფალ ბატალიონს: არმიის IV ბათუმიდან, X ახალციხიდან, XI არდაგანიდან, გვარდიის ქართლის I და II, ახალციხის და ბათუმის ბატალიონები.
გაგრის მიმართულება: არმიის II და III ბატალიონები. სახალხო გვარდიის სოხუმის ბატალიონი (დ. ართმელაძე).
სოღანლუღის (ფონიჭალა) ჯგუფში: არმიის IX ბატალიონის ნაწილი, ტფილისის სადარაჯო ათასეული, არმიის საარტილერიო ბრიგადა, მესაზღვრეთა ცალკეული ასეული (გ. მაზნიაშვილი)
ტაბახმელას მიმართულება: სამხედრო სკოლის შერეული ბატალიონი და არმიის IV ბატალიონის ნაწილი (ა. ანდრონიკაშვილი).
ორხევი-ლილოს მიმართულება:  არმიის და გვარდიის ცხენისანი დივიზიონები.
დ. ჭავჭავაძეს დაევალა ახალი ცხენოსანი დივიზიონის ფორმირება, ხოლო სურამის უღელტეხილის გასამაგრებლად გაიგზავნა მესანგრეთა დანაყოფი.
– თბილისში შეიქმნა “მოხალისე მცველების” დანაყოფები, რომლებიც წესრიგის დაცვაზე ზრუნავდნენ. ჯარში მოხალისედ ჩაეწერა ორგანიზაცია “შევარდენის”, უნივერსიტეტის და გიმნაზიების ასეულობით მოსწავლე.
– მოწინააღმდეგემ აიღო ლაგოდეხი. სხვა მიმართულებებზე საბრძოლო მოქმედებები არ წარმოებდა.
– თბილისში ჯგუფ-ჯგუფად შემოდიან ხრამიდან უწესრიგოდ უკანდახეული დანაყოფები

18 თებერვალი – დაეცა დედოფლისწყარო. ქართული ჯარის მე-8-ე ბატალიონის ყაზარმის ეზოში მომხდარ შეტაკებაში მოკლეს წითლების დაჯგუფების და მე-18-ე ცხენოსანი დივიზიის მეთაური პიოტრ კურიშკო. ტაბახმელაში ავიდა არმიის X ბატალიონი (საგინაშვილი). სხვა მიმართულებებზე სიწყნარეა.
ღამის 10 საათზე რუსების ქვეითი კოლონა (58-ე ქვეითი ბრიგადა) მიუახლოვდა სოღანლუღის  სადგურს და სცადა სარკინიგზო ხიდის მიმართულებით გაჭრა. მარჯვენა ფლანგზე ქართლის I ბატალიონმა (ხაშური-ბორჯომი) უომრად დატოვა სიმაღლე და დაიხია ქედისკენ. ძირითადი დარტყმა მიიღო ქართლის II ბატალიონმა (გორი-ცხინვალი), რომელსაც სადარაჯო ათასეული მიეხმარა. მაზნიაშვილი თითქმის ალყაშემორტყმული ბატალიონის სანგრებიდან ხელმძღვანელობდა ბრძოლას. გამთენიისას ნავთლუღიდან ვ. ჯუღელის მეთაურობით კონტრშეტევაზე გადავიდა სახალხო გვარდიის იმერეთის II და თბილისის ბატალიონები, დაჯავშნული ავტომობილები და ჯავშანმატარებელი. რუსებმა ვერ გაუძლეს და გაიქცნენ რუსთავისკენ. ბრძოლაში დაიღუპა 540 და ტყვედ ჩავარდა 1000-ზე მეტი ოფიცერი და ჯარისკაცი. მოიერიშე 58-ე ბრიგადას დაეღუპა თითქმის ყველა მეთაური.
– სომხეთში დაიწყო დაშნაკების აჯანყება, კომუნისტებისგან განთავისუფლებულია ქ. ერევანი.

19 თებერვალი – გამთენიისას მოგერიებულია ფრონტალური შეტევა ტაბახმელაზე. მოწინააღმდეგემ დაიკავა კოჯორი და ფლანგიდან სცადა ტაბახმელას აღება. იუნკრების ოცეულმა და მეათე ბატალიონის ასეულმა სამხედრო სკოლის არტილერიის დახმარებით შეძლო მტრის უკუგდება. საღამოს ტაბახმელაში ამოვიდნენ არმიის I, ხელახლა ფორმირებული V და სახალხო გვარდიის 3 ბატალიონი, დამატებითი არტილერია. ერთი ბატალიონი გაიგზავნა წყნეთში.
– წითელი არმიის 31-ე დივიზიამ დაიწყო შეტევა გაგრის მიმართულებით, მაგრამ შევაჩერეთ.

20 თებერვალი – მოგერიებულია სამი ფრონტალური იერიში ტაბახმელაზე. დილიდან სახალხო გვარდიის დაჯგუფება ვ. ჯუღელის მეთაურობით უტევს კოჯორს, 2 საათისთვის კოჯრის მასივი და აზეულას ციხესიმაგრე განთავისუფლებულია. ტაბახმელას ამოსასვლელთან ალაფის სახით დაგვრჩა 4 დიდი კალიბრის ქვემეხი, 1 ჯავშანმანქანა, 15 ტყვიამფრქვევი, ტყვედ ჩავარდა 100-მდე რუსი. გვარდიის იმერეთის III ბატალიონი (ზესტაფონი-ჭიათურა) შეიჭრა ს. ვაშლოვანში და მოწინააღმდეგის აღალი გაანადგურა.
ლილოს მიმართულებაზე ქართველმა ცხენოსნებმა უკუაგდეს მოწინააღმდეგის სადაზვერვო დანაყოფები ვაზიანიდან. აქტიურად მუშაობს ქართული ავიაცია.
გაგრის ფრონტზე, მდინარე მეხადირთან გამართული ბრძოლისას ფრანგების ესკადრამ 80 ჭურვი ესროლა რუსებს. შეტევა მოგერიებულია.

21 თებერვალი – მოგერიებულია წითლების შემოტევა სოფელ ტაბახმელაზე. შუადღისას კონტრშეტევაზე გადასულმა ქართული ნაწილები შეიჭრნენ სოფლებში: კუმისი და წალასყური. ტყვედ ჩავარდა 60 წითელარმიელი, ალაფის სახით დაგვრჩა 8 ტყვიამფრქვევი და ბევრი ვაზნა, მაგრამ სოფელ კუმისთან მრავალრიცხოვან ცხენოსან ჯგუფთან ბრძოლაში ტყვედ ჩავარდა სახალხო გვარდიის თბილისის საგანგებო ბატალიონის ქვეითი ასეული, მძიმედ დაიჭრა  მეთაური ილია ჯუღელი.
ლილოს ფრონტზე წითლების 26-ე ქვეითი ბრიგადა გადმოვიდა შეტევაზე, მაგრამ სახალხო გვარდიის რამდენიმე ბატალიონი, ჯავშანმატარებლის და ცხენოსნების დახმარებით კონტრშეტევაზე გადავიდა და 10 კილომეტრით დაახევინა მტერს.
– 11-ე არმიას დაევალა თბილისის აღების ახალი გეგმის შემუშავება.
დარიალის მიმართულებაზე წერეთლის ჯგუფმა (დარიალის სასაზღვრო რაზმი, სახალხო გვარდიის დუშეთის ბატალიონის ნაწილი და მოხალისეები) მოიგერია წითელი არმიის შეტევა.
გაგრა. ფრანგების ესკადრა უშენს წითელი არმიის ზურგს. მდ. მეხადირთან ცეცხლის ქვეშ მოყვა 273-ე პოლკი და 91-ე ბრიგადის შტაბი. შეტევა მოგერიებულია.

22 თებერვალი – წითელმა სარდლობამ თბილისის მიმართულებაზე შეიქმნა ორი დაჯგუფება ველიკანოვის და კუიბშევის ჯგუფები.
– წითლების ცხენოსანმა დივიზიამ XII ბატალიონის ნაწილთან შეტაკების შემდეგ აიღო მანგლისი. წყნეთის გზაზე შემხვედრ ბრძოლაში მოხერხდა მტრის შეტევის მოგერიება. წყნეთში გაიგზავნა გვარდიის ერთი ბატალიონი.
– მთიულების ცხენოსანი ესკადრონი (80 კაცი) დაიძრა ნახშირგორის მიმართულებაზე მოწინააღმდეგის დასაზვერად.
– ტაბახმელას ფრონტზე ადგილობრივი მნიშვნელობის პოზიციური ბრძოლაა.
გაგრა. 31-ე დივიზიამ აფსუა კომუნისტების დახმარებით შემოუარა ქართულ გამაგრებულ რაიონს (“რესპუბლიკის ფარი”) მთებიდან და შეიჭრა გაგრაში.
დარიალი. წერეთლის რაზმმა ააფეთქა ხიდი და კვლავ მოიგერია შემოტევა.

23 თებერვალი – რუსებმა აღადგინეს ფოილოს ხიდი, შედეგად თბილისისკენ დაიძრა  ჯავშანმატარებლები და მარჯვენა ჯგუფი. ჯიჯიხიამ, წინასწარ გამზადებულ პოზიციებზე მდინარე ლოჭინზე დაწია ფრონტი. ქართულმა არტილერიამ ცეცხლი გაუხსნა მოახლოებულ ჯავშანმატარებლებს კარაჯალართან. მოწინააღმდეგეები მდ. ლოჭინის ნაპირებზე გამაგრდნენ.
– საღამოს რუსებმა შეძლეს ტაბახმელას მარჯვენა ფლანგის სანგრის აღება, მაგრამ იუნკრების ასეულმა კონტრშეტევით უკუაგდო.
აფხაზეთი. მდ. ბზიფზე გამაგრებულ ართმელაძის ფრონტს ფრანგების ესკადრა ეხმარება, თუმცა შეცდომით ქართველების პოზიციებსაც ბომბავს, რამაც უკანდახევა გამოიწვია.
ოსმალეთის ულტიმატუმი. თურქება მოითხოვეს ართვინის და არდაგანის რაიონების დაცლა, ბათუმში და ახალციხეში თურქული გარნიზონების ჩაყენება.

24 თებერვალი – წითელი არმია რეზერვების სრული გამოყენებით გადმოვიდა მასირებულ შეტევაზე თბილისის ფრონტის სამივე უბანზე.
ცენტრი. მაზნიაშვილის უბანზე დროებით დავკარგეთ სიმაღლე 3051 ტაბახმელას აღმოსავლეთით, საღამოს მდგომარეობა აღდგა არმიის მე-9-ე და 1-ლი ბატალიონების წარმატებული კონტრშეტევის შემდეგ.
მარჯვენა. დილიდან დაიწყო ტაბახმელას მასირებული შტურმი, მტერმა ისარგებლა ჩამოწოლილი ნისლით და შუადღისთვის აიღო გაბატონებული პოზიცია N4. გაიმართა ხელჩართული ბრძოლა მესხიშვილის საარტილერიო ბატარეასთან, იუნკრებმა და არტილერისტებმა უკუაგდეს მოწინააღმდეგე და დაიბრუნეს პოზიცია N4. მძიმე ბრძოლა დაღამებისას ჩაცხრა. დამარცხებული მოწინააღმდეგე სოფლებში დაეშვა.
მარცხენა. ჯიჯიხიას უბანზე რამდენიმე საათიანი განუწყვეტელი ბრძოლა მიმდინარეობდა, მეოთხე შეტევისას ტანკების და ქვეითების მასის დახმარებით რუსებმა დაიკავეს თავდაცვის პირველი ზოლი. ტყვედ ჩავარდა სამეგრელოს ბატალიონის 80 მებრძოლი. ორი რუსული ჯავშანმატარებელი დაზიანდა, მაგრამ უკან დაიხია ნავთლუღის მხრიდან შეტევაზე გადასულმა ქართულმა ჯავშანმატარებელმაც რომელის არტილერია ჩამოუვარდებოდა რუსებისას. აქტიურად მუშაობდა ქართული ავიაცია (4-მა თვითმფრინავმა რამდენიმე ათეული ბომბი ჩამოაგდო). სახლახო გვარდიის ახალციხის ბატალიონმა ეხლანდელი აეროპორტის მიმდებარედ დაარტყა მოიერიშე რუსების ფლანგს. იმერეთის II და სამეგრელოს I ბატალიონები შემობრუნდნენ, კონტრშეტევაზე გადავიდნენ და პირველი ზოლის სანგრები დაიბრუნეს. რუსების გაქცევის დროს წითლების ერთი ტანკი მდ. ლოჭინთან ხევში ჩავარდა. სახალხო გვარდიამ გმირულად მოიგერია სატანკო შეტევა.
ავჭალა-ნორიოს მიმართულება. მასირებული შეტევის პარალელურად რუსების ცხენოსანი რაზმები დაიძრნენ ავჭალისკენ. სასწრაფოდ შეიქმნა ნ. გედევანიშვილის უბანი (გვარდიის 2 ბატალიონი, მოხალისეები და მთელი კავალერია). ცხენოსნების წინააღმდეგ ავჭალის სადგურში გაიგზავნა 2 ჯავშანმატარებელი და მოხალისეთა ბატალიონი, შეტაკების შემდეგ რუსები უკუიქცნენ. სოფელ ნორიოდან გამოსულ რუსულ კავალერიას შეუტიეს ქართულმა მცირერიცხოვანმა ესკადრონებმა (ი. ცაგურია) და უკუაქციეს.
ნ. გედევანიშვილმა უპატაკა შტაბს მის უბანზე გამოჩენილი მტრის ცხენოსანი მასის შესახებ, ბოლომდე არ იყო დასრულებული სანგრების აღდგენის ოპერაცია ცენტრში, ხოლო სიმაღლე 3051 მტერს ეკავა. შექმნილ სიტუაციაში რეზერვების არქონის (მხოლოდ 800 კაცი) გამო, გ. კვინიტაძემ ერთპიროვნულად გასცა თბილისის დატოვების და მცხეთასთან გამაგრების ბრძანება, რამაც როგორც ნ. ჟორდანიას, ასევე ფრონტის სარდლების გაკვირვება გამოიწვია, რადგან ჯარი გამარჯვებული იყო და სულიერი მდგომარეობა მკვეთრად გამოსწორდა. თბილისში სიწყნარე იყო, ქალაქი სრულად კონტროლდებოდა (მოღალატე კომუნისტები ხმის ამოღებასაც ვერ ბედავდნენ), ხოლო 25 და 26 თებერვალს მოხალისეთა წვრთნები იყო დაგეგმილი, მაგრამ ბრძანება გაიცა დაახლ. 17:00 -ზე, 21:00-ზე გადაეცა ჯარებს და 00:00-ზე ასრულდა. კვინიტაძის ვარაუდით მტერი კავალერიის დიდ მასას (დაახლ. 4.000 ცხენოსანი) ორი მიმართულებიდან დაძრავდა ავჭალის სადგურისკენ 25-26 თებერვლს და თბილისს ალყაში მოაქცევდა. ამიტომ გადაწყვიტა ფრონტი დაემოკლებინა, ეხლანდელი თბილისის მოლის და ავჭალის მიდამოებში შემოეტყუებინა მტერი და დიდი დიღმის ხელზე დაემარცხებინა.

უკანდახევის ბრძანებამ მკვეთრად დასცა ჯარის საბრძოლო სულისკვეთება. 12.000 კაციანი მასა თითქმის უმართავი გახდა, ჯარებმა თავმოყრა დაიწყეს მცხეთასთან. ბევრი თბილისელი და კახელი სახლებში წავიდა, იგივე მეორდებოდა უკანდახევის მთელ მარშრუტზე.

25 თებერვალი – წითელი არმია უბრძოლველად შემოვიდა თბილისში.
აფხაზეთი. რუსებმა ბზიფის პოზიციებს მთებიდან შემოუარეს და ართმელაძის ჯგუფმა უკან დაიხია. ბათუმიდან ნაწილ-ნაწილ დაახლ. 3.000 კაცი მიაშველეს, მაგრამ უმეტესობას ბრძოლა აღარ სურდა და ტყვედ იოლად ბარდებოდა.
– მაზნიაშვილის კოლონა ავჭალასთან ბრძოლით იკაფავს გზას. შუადღისას მცხეთა ბრბოდ გადაქცეული ჯარებით გაივსო. გადაწყდა გორში მოეწესრიგებინათ ნაწილები.

26-28 თებერვალი – კოლონები მატარებლებით გავიდნენ მცხეთიდან, მეორე კოლონა ფეხით წავიდა მუხრანის გზით. ი. გედევანიშვილმა მუხრანზე მომავალი ჯარები მიატოვა, რის გამოც გადააყენეს და მის ნაცვლად გ. სუმბათაშვილი დაინიშნა. დასავლეთ საქართველოდან ჩამოვიდა უიარაღო 1.000 გურული მოხალისე და ქუთაისის I პოლკის მეორე ბატალიონი 500 მებრძოლით. ჩხეტიანის და კონიაშვილის ჯგუფები შემაკავებელი ოპერაციებს ატარებენ და არ აძლევენ მტერს სწრაფი წინსვლის საშუალებას. ტყვედ ჩავარდა არაგვის ხეობაში თიანეთის გზით გადმოსული ს. ახმეტელაშვილის დაჯგუფების ნაწილი.
ქ. გორში შესული ჯარის და გვარდიის ნაწილების მოწესრიგება ვერ ხერხდება. ჯარების მომარაგება ვეღარ ხერხდება და სიტუაცია კატასტროფული გახდა.
– აფხაზეთი. 27.02. შეტაკებები გუდაუთის აღმოსავლეთით. ფრანგების ფლოტი ისევ უშენს რუსებს.
დარიალი. 27.02 მტერი თრუსოს ხეობაში შემოვიდა და წერეთლის რაზმმა დუშეთისკენ დაიხია.

29 თებერვალი – ჯარები ხაშურში ჩადიან და წესრიგდებიან. აღდგა მომარაგება. ბრძოლის ველს უახლოვდება არდაგანიდან წამოსული მე-11-ე ბატალიონი.

2 მარტი – რუსების დაჯგუფებამ (10 არმ/33 დივ/98 ბრ, თერგის ცხ. პოლკი, ოსები) გადმოლახა მამისონის უღელტეხილი და შეიჭრა ონში. მათ წინააღმდეგ ქუთაისიდან გაიგზავნა რაზმი.

3 მარტი – ნ. ჟორდანია და მთავრობა ჯართანაა. დაიგეგმა კონტრშეტევა ოსიაურთან.
ცენტრი: მაზნიაშვილი (9, 10, 12 ბატ. სადარაჯო ბატ.); მარცხენა: კონიაშვილ-ჯიჯიხია (გვარდია, ცხენ. დივიზიონი). მარჯვენა: სუმბათაშვილი (1, 4, 5, 7, 8 ბატ, სამხედრო სკოლა, გვარდია) – სულ: 6.000 კაცი, აქედან: 300 ცხენოსანი.
წითელი არმიის “ქუთაისის მიმართულება”: 4 ქვეითი ბრიგადა, 1 ქვეითი პოლკი, 4 ცხენოსანი ბრიგადა; სომხები: ლორეს პოლკი, ლაზიანის შენაერთი, ცხენოსანი ბრიგადა – სულ: 12.000 ქვეითი და 3.000 ცხენოსანი. ხაშურთან წინმავალში იყო 4.000 კაცი.
აფხაზეთი. ახალ ათონთან ზედიზედ სამჯერ ვუტევთ რუსებს, ფრანგები ინტენსიურად უშენენ მოწინააღმდეგეს.

4 მარტი – ოსიაურთან ორივე ფლანგი წარმატებით წავიდა წინ. გვარდია გავიდა რუსების ფლანგში, მაგრამ ვერ შეძლო ზურგის გადაჭრა, შეტაკებაში მსუბუქად დაიჭრა ჯუღელი. რუსებმა ცოტათი დაიხიეს. ღამის 1 საათზე მარცხენა ფრთამ რომელიც სახალხო გვარდიისგან შედგებოდა თვითნებურად მიატოვა ფრონტი და სურამისკენ წავიდა. რუსები უკან მიყვნენ და დაიკავეს გვარდიის პოზიციები. ალყის საფრთხე დაბლობაში მყოფ ქართულ დანაყოფებს შეექმნათ, რამაც განთენიისას სურამისკენ გაქცევა გამოიწვია.
აფხაზეთი. ართმელაძის დაჯგუფებამ მიატოვა პოზიციები და მტერმა სოხუმი დაიკავა.

5 მარტი – უკანდახეული ქართული ნაწილები განლაგდნენ ქვიშხეთი-ტეზერის სექტორში, მარცხნივ უღელტეხილზე გვარდია დადგა, შტაბი წიფაში განთავსდა. 11-ე ბატალიონმა უზრუნველყო დაცვა.
– ქართლი. ოსებმა აიღეს ცხინვალი.
– აფხაზეთი. ართმელაძის რაზმებმა ააფეთქეს კოდორის ხიდი და ოჩამჩირისკენ წამოვიდნენ.

6 მარტი – გვარდიამ მიატოვა უღელტეხილი. მოგერიებულია შეტევა წიფასთან. სურამის პოზიციების შენარჩუნება შეუძლებელი გახდა.
– რკკა-ს 18-ე ცხენ. დივიზიამ და 96-ე ბრიგადამ (ჟლობა) მიიღო ბრძანება დაეკავებინათ ბათუმი გოდერძის უღელტეხილის გავლით.

7 მარტი – დაეცა ბორჯომი, წიფა და ოჩამჩირე. თურქები ახალციხეში შემოვიდნენ.

8 მარტი – წითელი არმიის 31-ე დივიზია მდ. ენგურთან გამოვიდა. თურქებმა ახალციხე წითლებს დაუთმეს და არდაგანში წავიდნენ.

9 მარტი – დაეცა ზუგდიდი. ართმელაძის დანაყოფები სენაკისკენ წამოვიდნენ.
– იმერეთი. ხვანჩკარა-ნიკორწმინდას მიდამოებში მოხდა შეტაკება. ერთი ქართული რაზმი ტყვედ ჩავარდა.
– ჩამოყალიბდა “მაზნიაშვილის ჯგუფი”, რომელსაც სამტრედია უნდა დაეცვა ქუთასის ევაკუაციამდე.

10 მარტი – მდინარე ცივთან მაზნიაშვილმა მოიგერია 31-ე დივიზია და საშუალება მისცა ართმელაძეს აბაშისკენ დაეხია.
– იმერეთი. ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ 17:00-ზე წითელი არმიის “ონის ჯგუფი” ქუთაისში შემოვიდა.

11 მარტი – ა. გოგუაძე ჯავშანმატარებლით შეიჭრა ოკუპირებულ ქუთაისის სადგურში, გაანადგურა დაცვა, ეშელონი გამოაბა თავის ჯავშნოსანს და ბათუმში ჩამოვიდა.
– აჭარა. თურქები (ყაზიმ ქარაბექირი) ბათუმში შემოვიდნენ.

12 მარტი. მაზნიაშვილმა ხიდები ააფეთქა და გურიისკენ დაიხია.

13 მარტი – წითლები შევიდნენ ფოთში.
– გურიაში მაზნიაშვილთან თავი მოიყარა 9.800-მა ოფიცერმა და ჯარისკაცმა. კვინიტაძემ ართმელაძის დაჯგუფება (დაახლ. 1.500 მებრძოლი) ბათუმში შემოიყვანა.

14-17 მარტი – საბრძოლო მოქმედებები აღარ წარმოებდა.

16 მარტი – მოსკოვის შეთანხმებით ართვინი და არდაგანი თურქებს გადაეცათ, ხოლო აჭარა ავტონომიურ რესპუბლიკად გამოცხადდა რუსეთის შემადგენლობაში.

17-18 მარტიქუთაისში შედგა მოლაპარაკება გ. ლორთქიფანიძესა და მ. ორახელაშვილს შორის. ომი დასრულებულად გამოცხადდა.

18-20 მარტი – გ. მაზნიაშვილის მეთაურობით ქართულმა არმიამ გაანადგურა ბათუმში შემოსული ოსმალები, რომლებმაც 200 მებრძოლზე მეტი დაკარგეს მოკლულების სახით.

წყარო
– 1921 წლის ქართული პრესა
– საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეთა მოგონებები ორვე მხრიდან
– დ.სილაქაძის მასალები
– მ.ბახტაძის მასალები