ვალიკო ჯუღელი; ბიოგრაფია. სახალხო გვარდიის შტაბი

ვალერიან ანთიმოზის-ძე ჯუღელი

დაიბადა 1887 წელს ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრის სოფელ სვირში. პედაგოგის ოჯახში.
სწვლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, სადაც გაეცნო სოციალ-დემოკრატიულ მოძღვრებას და აქტიურად ჩაება მოსწავლეთა საპროტესტო გამოსვლებში 1904-1905 წლებში, რის გამოც გიმნაზიიდან გაირცხეს.
1905 წელს ცხოვრობდა მოსკოვში და აქტიურად მონაწილეობდა შეიარაღებულ გამოსვლაში მთავრობის წინააღმდეგ. რევოლუციის დამარცხების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. ქუთაისში რიონის ხიდთან კაზაკების პატრულმა დააპატიმრა, მაგრამ გაიქცა და თავი შეაფარა სოხუმს, სადაც მისი მშობლები ცხოვრობდნენ.
1912 წელს დაასრულა სოხუმის გიმნაზია და სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტში. სტუდენტობის დროიდან მუშაობდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბოლშევიკების ფრაქციაში. თანამშრომლობდა პრესაში ფსევდონიმებით “ს.დ-ლი” და “ვ. დასელი”.
1916 წლის ზაფხულში ჯუღელი დააპატიმრეს თბილისში, სადაც ცდილობდა დაშლილი ბოლშევიკური პარტიული ორგანიზაციების აღდგენას. იჯდა მეტეხის ციხეში.
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მიემხრო სოციალ-დემოკრატების მენშევიკურ ფრაქციას.
1917 წელს იყო თბილისის თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.
1917 წლის ბოლოდან იყო წითელი გვარდიის (შემდგომში სახალხო გვარდიის) ერთერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი. აირჩიეს სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად.
1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად.
1918 წლის თებერვალიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი.
1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.
1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სახელით. იყო სამხედრო კომისიის წევრი. ლობირებდა სახალხო გვარდიას და ინარჩუნებდა მის შედარებით დამოუკიდებლობას გენერალური შტაბიდან.
1921 წლის 18 მარტს დატოვა საქართველო და ცხოვრობდა სტამბოლში. აქტიურად მოღვაწეობდა ემიგრაციის ცხოვრებაში.
1922 წლის სექტემბერში სხვა სამხედროებთან ერთად დაამუშავა საქართველოს აჯანყების გეგმა.
1923 წელს გაგზავნეს საფრანგეთის ქ. ბელფორში მდგარ 35-ე ქვეით პოლკში დამატებითი გამოცდილების მისაღებად.
1924 წლის აპრილში ბენია ჩხიკვიშვილთან, გრიგილ ცინცაძესთან, ვასილ ნოდიასთან და ვიქტორ ცენტერაძესთან ერთად არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში აჯანყებაში მონაწილეობის მისაღებად. თავიდან ცხოვრობდა გურიაში და შემდეგ გადმოვიდა თბილისში, სადაც შევიდა დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო კომისიაში და დაიწყო აჯანყებისთვის ორგანიზება. იყენებდა ფსევდონიმს “ზურაბი”.
1924 წლის 6 აგვისტოს თბილისში, პასტერის ქუჩაზე დააპატიმრა საგანგებო კომისიამ (ჩეკა). 7 აგვისტოს ღამით სცადა თვითმკვლელობა, მაგრამ წარუმატებლად. დაკითხვისას მის მიერვე მომზადებული აჯანყების გეგმა აჩვენეს, რითაც დარწმუნდა რომ კომუნისტებმა ყველაფერი იცოდნენ. ითხოვა დაკავშირებოდა ამხანაგებს და ეცნობებინა მათთვის რომ აჯანყება დაუშვებელი იყო. ამავე თხოვნით თანამებრძოლებს გაზეთების ფურცლებიდანაც მიმართა.
1924 წლის 28 აგვისტოს დაიწყო ანტისაბჭოთა აჯანყება, რასაც დაპატიმრებულთა დაუყოვნებელი დახვრეტა მოჰყვა. ვ. ჯუღელი დახვირტეს, სავარაუდოდ, 30 აგვისტოს ღამეს 43 სხვა პატრიოტთან ერთად. მისი საფლავი უცნობია.

1917-1921 წლების მანძილზე პირადად მეთაურობდა სახალხო გვარდიის დანაყოფების საბრძოლო ოპერაციებს და ყოველთვის იმყოფებოდა წინა ხაზზე, მეწინავე ნაწილებს შორის. გამოირჩეოდა დიდი სიმამაცით და ხარიზმით. 1921 წლის მარტში დაიჭრა ხელში სოფელ ოსიაურთან განხორციელებული კონტრშეტევის დროს.

: ფოტოები :

: დამატებითი მასალა :

ვ. ჯუღელის მოგონებები “მძიმე ჯვარი” (რუსულ ენაზე)
ვ. ჯუღელის ღია წერილი აჯანყებასთან დაკავშირებით. 1924 წ. 24 აგვისტო. გაზ. “წითელი არმიელი”
საგანგებო კომისიის ბრძანება 44 პატრიოტის სიკვდილით დასჯის შესახებ 1924 წელს.

: წყარო :

– “საქართველოს დამფუძნებელი კრება, 1919 წ.” (საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია)
– დ. სილაქაძის მასალები