გენერალი გიორგი მაზნიაშვილი (1871-1937) : ბიოგრაფია


გენერალ-მაიორი გიორგი ივანეს-ძე მაზნიაშვილი

დაბადების თარიღი: ძველი სტილით 06.04.1871 წ.
გარდაცვალების თარიღი: 09.09.1937 წ.
მშობლები: ივანე მაზნევი და ქრისტინე გლურჯიძე
შვილები: ანეტა, ივანე და ბორისი
წარმოშობა: თავად-აზნაური
მცხოვრები: ქ. თბილისი. წარმომავლობით კასპის რაიონის სოფელ სასირეთიდან
სამხედრო განათლება: ვლადიკავკაზის სამხედრო პროგიმნაზია და თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი (დაასრულა 1894 წელს მეორე თანრიგით)

ნამსახურეობის ნუსხა რუსეთის საიმპერიო ჯარში

1891 – პოდპრაპორშიკი
29.09.1894 – პოდპორუჩიკი (პიატიგორსკის 151-ე ქვეითი პოლკი)
07.1899 – პორუჩიკი
07.1903 – შტაბს კაპიტანი
27.09.1905-1914 წ. – კაპიტანი. ასმეთაური; (ციმბირის II გრაფ მურავიოვის სახ. ამურის პოლკი)
05.03.1915 – პოდპოლკოვნიკი
26.11.1916 – პოლკოვნიკი. ბოლო თანამდებობა 1917 წელს: ციმბირის I პოლკის მეთაური

1904-05 წლებში რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილე. დაიჭრა ბრძოლაში
1914-1917 წლებში პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. მისი პოლკი იბრძოდა გერმანელების წინააღმდეგ დასავლეთის ფრონტზე. ორჯერ დაიჭრა: 27.09.1914 და 22.01.1915 წლებში. საარტილერიო ჭურვის ნამსხვრევმა დაუმტვრია იდაყვის ძვალი, რის გამოც მარცხენა ხელის მოხრა უჭირდა.

მამცობისთვის მიიღო რამდენიმე ჯილდო (წ. სტანისლავის II, III და IV; წმ. ანას II და III ორდენები 1904-11 წლებში; “ოქროს იარაღი” 1907 წ.). ყველაზე მაღალი იყო წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენი, რომელიც გადაეცა 07.08.1916 წელს სოფელ ტობოლისთან (დას. უკრაინა) წარმატებული კონტრშეტევის ორგანიზების და მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ შეტევაზე პირადად გადასვლის გამო.

ნამსახურების ნუსხა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარში

20.09.1917 – მაზნიაშვილი ბრუნდება თბილისში, ინიშნება მეორე ქართული დივიზიის (შტაბი: თბილისი) ბრიგადის უფროსად და იწყებს მსროლელი ბატალიონის ფორმირებას 16-20 წლის მოხალისე ახალგაზრდებისგან. ძალების სიმცირის გამო მისი თხოვნით ხევსურეთიდან ჩამოყავთ რაზმი თბილისის არსენალის სადარაჯოდ და წესრიგის დასამყარებლად.
10-11.1917 – მაზნიაშვილის გეგმით და უშუალო ჩართულობით ხერხდება კავკასიის ფრონტიდან წამოსული გადეზერტირებული რუსეთის არმიის ეშელონების სისხლისღვრის გარეშე გაცილება თბილისიდან.
მაზნიაშვილი ინიშნება ქართული ლაშქრის მომარაგების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, სადაც იმუშავა 1918 წლის მარტამდე.

ჩოლოქის ფრონტი და გურიის დაცვა

30.03.1918 – ინიშნება “შემოვლითი კოლონის” მეთაურად, რომელსაც უნდა დაეცვა ბათუმის ფორტები, მაგრამ ოსმალების სწრაფი წინსვლის გამო დაევალა ჩოლოქის ზღუდის მოწყობა და ოსმალების შეტევის შეჩერება. მოხალისეთა 180 კაციანი რაზმით (შტაბი, არტილერია, ფედერალისტების პარტიის რაზმი და იმერელი მოხალისეები) მაზნიაშვილი ჩადის ნატანებში და იწყებს 40 კილომეტრიანი ფრონტის გამაგრებას გურული მოხალისეებით, ბათუმიდან გამოქცეული არმიის II და IV პოლკის ნარჩენებით და ხაშურის მაზრის მოხალისეთა ბატალიონით. 5-6 აპრილს გამართულ ჩოლოქის ბრძოლაში ჯავშანმატარებლის თავგანწირული მოქმედების (მეთ. ვ. გოგუაძე) შედეგად ოსმალებმა მარჯვენა ფრთაზე დაკარგეს 600 მოკლული და 1.000 დაჭრილი, მიატოვეს ბრძოლის ველი და გაიქცნენ ქობულეთისკენ. მარცხენა ფრთაზე IV პოლკმა უბრძოლველად მიატოვა სანგრები და მტერმა დაიკავა ოზურგეთი. ფრონტის ხაზი დასტაბილურდა და გერმანელების გამოჩენის შემდეგ ოსმალებს აღარ უცდიათ შეტევა. 11 აპრილს სახალხო გვარდიის და მესაზღვრეთა ქვედანაყოფებმა შეუტიეს ოზურგეთს, მაგრამ სამშვიდობო შეთანხმების გამო იერიში შეჩერდა. მაზნიაშვილმა დაასრულა I ქვეითი პოლკის და ცხენოსანი ესკადრონის ფორმირებას. ივნისის შუა რიცხვებში მისმა დივიზიამ უბრძოლველად დაიკავა ოზურგეთი.

სოხუმ – ტუაპსეს ოპერაცია

18.06.1918 – ინიშნება აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და შავი ზღვის ჯარების უფროსად. გენერალი სოხუმში ჩავიდა III პოლკის 350 ქვეითით და არტილერიის ერთი ბატარეით, ადგილზე დახვდა სახალხო გვარდიის საგანგებო ბატალიონის ნაწილი და ადგილობრივი მოხალისეები. მოვიანებით შეუერთდნენ მესანგრეთა ასეული და 300 აფხაზი ცხენოსანი. 27 ივნისს დაჯგუფება შეტევაზე გადავიდა და სოჭამდე მისდია აჯანყებულ კომუნისტებს. პარალელურად მაზნიაშვილმა პირადად უმეთაურა იმ დანაყოფებს, რომლებმაც ტყვედ აიყვანეს კოდორთან გადმომსხდარი ოსმალეთის არმიის დესანტი. სახალხო გვარდიით გაძლიერებულმა დაჯგუფებამ  დაიკავა ქ. ტუაფსე. აგვისტოს ბოლოს, 30.000-იანმა, კომუნისტების ე.წ. „ტამანის არმიამ“ შეუტია ტუაფსეს, უკუაგდო თეთრგვარდიელი კაზაკების, სახალხო გვარდიის დანაყოფები და აიღო ქალაქი, სადაც ორი დღე შეჩერდნენ და გადავიდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში.
09.1918 – მაზნიაშვილი ბრუნდება თბილისში. ფრონტზე მყოფ გენერალს შსს მინისტრმა ნოე რამიშვილმა ცილი დასწამა სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მითვისებაში და მოაწყო ჩხრეკა მის სახლში. მაზნიაშვილმა გადადგომა მოითხოვა, მაგრამ ნ. ჟორდანიამ არ დააკმაყოფილა თხოვნა და გამართლებული გენერალი ოქტომბერში თბილისის გენერალ-გუბერნატორად და II დივიზიის მეთაურად დანიშნეს. მაზნიაშვილმა მილიციის რეორგანიზაციაც განახორციელა, რამაც გააუმჯობესა კრიმინოგენული სიტუაცია ქალაქში.

სომხეთ-საქართველოს ომი

16.12.1918 – ინიშნება საქართველოში შემოჭრილი სომხეთის არმიის წინააღმდეგ მოქმედი შულავერ-სადახლოს მიმართულების სარდლად. 23 დეკემბერს მხოლოდ შტაბით და ცხენოსანი ესკდარონით (250 მებრძოლი) გენერალი ჩადის მდინარე ხრამზე, სადაც მას ხვდება ლორეს ხეობიდან გამოსული ჯავშანმატარებელი და ჯარისკაცების ერთი ასეული. რაზმი გაბედული მანევრით აიძულებს სომხებს დატოვონ ხრამის ნაპირები, სადგური სარალი და დაიხიონ შულავერისკენ. 24-26 დეკემბრის განმავლობაში დაჯგუფება გაძლიერდა დამხმარე ჯარებით (თბილისის V და თელავის VI პოლკები, ოფიცერთა საგანგებო ბატალიონი, ქართული ლეგიონი, სახალხო გვარდიის და მოხალისეთა დანაყოფები), რომლებმაც ძლიერი შეტევით აიღეს ქალაქი შულავერი და 31 დეკემბერს გავიდნენ სადახლო-აირუმის სექტორში. მაზნიაშვილი პირადად მეთაურობდა დანაყოფებს და იმყოფებოდა წინა ხაზზე სანგრებში. რეზერვებით გაძლიერებულმა მაზნიაშვილმა დაგეგმა ლორეს მაზრის განთავისუფლების ოპერაცია და შესაბამისი მანევრიც დაწყებული იყო – რაც სომხეთის უკუქცეული არმიის ლორეს ხეობაში ჩაკეტვას ისახავდა მიზნად, მაგრამ სამშვიდობო შეთანხმებამ შეაჩერა ქართული არმიის შეტევა და ლორე ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა. 10 იანვარს დივიზიის შტაბი თბილისში დაბრუნდა.

ბრძოლა ყარსის რესპუბლიკის წინააღმდეგ

03.02.1919 – მაზნიაშვილი ინიშნება ახალციხის და ახალქალაქის გენერალ-გუბერნატორად და მესხეთის საარმიო დაჯგუფების მეთაურად აჯანყებული მუსულმანური მოსახლეობის (მეთ. სერვერ ბეგი) და “ყარსის რესპუბლიკის” ჯარების წინააღმდეგ სამოქმედოდ. 1-2 თებერვლის ბრძოლაში ქართული ნაწილები დამარცხდნენ და უკან დახევა დაიწყეს. მაზნიაშვილი დაინიშნა იმ პირობით, თუ მას 5.000 ჯარისკაცს მიახმარდნენ, თუმცა დენიკინის არმია შეიჭრა აფხაზეთში და მესხეთისთვის გათვალისწინებული ჯარები მაზნიაშვილის თანხმობით აფხაზეთისკენ გაუშვეს. 4-5 თებერვლის ბრძოლაში IV პოლკის დანაყოფებმა უწესრიგოდ დაიხიეს ახალციხისკენ, როდესაც მაზნიაშვილი მათ შეკავებას ცდილობდა, ახალციხის შტაბი და გარნიზონი თვითნებურად მოიხსნა და აწყურისკენ წავიდა. 11 თებერვალს მოწინააღმდეგემ ახალციხე დაიკავა. 16 თებერვალს მაზნიაშვილი თბილისში გამოიწვიეს და მის ნაცვლად კვინიტაძე დაინიშნა.

ზაფხული. 1919 – მაზნიაშვილს წაუყენეს ახალციხის დატოვების ბრალდება და აღძრეს საქმე. გენერალი იძულებული გახდა დროებით დაეტოვნებინა სამხედრო სამსახური. საქმის წარმოება გაჭიანურდა და 1920 წლის 6 ოქტომბერს შედგა საბოლოო სხდომა, სადაც მაზნიაშვილი გაამართლეს ყველა პუნქტში.
07.10.1920 – ინიშნება თბილისის გარნიზონის მეთაურად. რუსეთის მოსალოდნელი თავდასხმის გამო მაზნიაშვილი აწყობდა პოზიციებს კოჯრიდან-ვაზიანამდე და 10 თებერვლის ჩათვლით აცნობდა მათ არმიის ოფიცერთა შემადგენლობას.

რუსეთ-საქართველოს ომი

15.02.1921 – ახალი მთავარსარდალი გიორგი კვინიტაძე მაზნიაშვილს ნიშნავს ფრონტის ცენტრალური უბნის მეთაურად რომელიც გადაჭიმული იყო ორხევიდან თითქმის ტაბახმელამდე. 16 თებერვალს მაზნიაშვილის დაქვემდებარებაში იყო არმიის IX ბატალიონის ნაწილი, ტფილისის სადარაჯო ათასეული, სახალხო გვარდიის ორი ბატალიონი (გორი და ხაშური), არტილერიის 5 ბატარეა, ჯავშანმატარებელი და დაჯავშნულ ავტომობილთა რაზმი. 18-19 თებერვლის ფონიჭალის ბრძოლაში მაზნიაშვილის დაჯგუფებამ მოიგერია მტრის შეტევა, თავად გადავიდა კონტრშეტევაზე, გაანადგურა რუსების 58-ე ქვეითი ბრიგადა (დაიღუპა 540 და ტყვედ ჩავარდა 1000-ზე მეტი ბოლშევიკი). მტრის ზარალი იმდენად დიდი იყო, რომ ამ უბანზე რუსებს აღარ შემოუტევიათ, მხოლოდ 24 თებერვალს აიღეს ქედზე მდებარე ერთი სიმაღლე, მაგრამ კონტრშეტევის შემდეგ უკუიქცნენ. ღამით დანაყოფებმა დატოვეს თბილისი და 25 თებერვალს ცენტრალური ფრონტის ჯარები მცხეთასთან შეერივნენ უკანდახეულ ჯარებს.
28.02.1921 – მაზნიაშვილი ინიშნება III დივიზიის მეთაურად, მას დაევალა სოფელ ოსიაურთან ცენტრალური უბნის ფორმირება. ოსიაურის ბრძოლის დროს მაზნიაშვილის უბანზე არ მომხდარა მტრის შემოჭრა. მარცხენა ფლანგზე შექმნილი რთული სიტუაციის გამო ფრონტი მოიხსნა და სურამისკენ დაიხია.
05.03.1921 – ინიშნება სენაკის მიმართულების მეთაურად და წარმატებით ფარავს ქუთაისიდან წამოსულ ძირითად ძალებს. რუსებმა ვერ შეძლეს ფრონტის გარღვევა და ევაკუაციისთვის ხელის შეშლა. მაზნიაშვილის ხელქვეით თავი მოიყარეს გურულმა მოხალისეებმა და შეიარაღებული ძალების იმ ნაწილებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს ბოლომდე ებრძოლათ. 15 მარტისთვის გურიაში 10.000-მდე ჯარისკაცმა მოიყარა თავი.
17.03.1921 – კომუნისტებმა აცნობეს მაზნიაშვილს რომ დაზავების შედეგად ომი შეწყდა, ხოლო ბათუმში ოსმალები შემოვიდნენ.

ბათუმიდან ოსმალების გაძევების ოპერაცია

18.03.1921 – გენერალმა გადაწყვიტა თავად ჩასულიყო ბათუმში და ენახა მთავრობის წევრები. მას თან ახლდა 50 კახელი მოხალისე და ჯავშანმატარებელი. კომუნისტებმა და იმ გენერლებმა რომლებმაც არ დატოვეს საქართველო, მაზნიაშვილს შესთავაზეს ბათუმის განთავისუფლების ოპერაციის ხელმძღვანელობა. გენერალმა სწრაფად მოაგვარა ყველა საორგანიზაციო საკითხი და 3 დღის განუწყვეტელი ბრძოლის შემდეგ შეძლო ოსმალების განადგურება. ამ ბრძოლაში დაიღუპა 84 ქართველი ჯარისკაცი, ყველაზე მეტი, რაც მაზნიაშვილის მეთაურობის დროს დაღუპულა. ოსმალებმა დაკარგეს 150 -მდე ოფიცერი და ჯარისკაცი.

ცხოვრება ოკუპირებულ საქართველოში, ემიგრაცია და დახვრეტა

22.03.1921 – მაზნიაშვილმა დაიწყო ქართული წითელი არმიის დანაყოფების ხელახალი ფორმირება აჭარაში. 29 მარტს რეორგანიზაცია დაასრულა და თბილისში გამოიწვიეს.
06.04.1921 – ინიშნება საქართველოს წითელი არმიის დივიზიის მეთაურად.
07.1921 – დივიზია შტატების შემცირების გამო იშლება და მაზნიაშვილი ინიშნება ქვეითი ჯარის ინსპექტორად.
06.09.1921 – გენერალს აპატიმრებენ როგორც კონტრრევოლუციონერს და დაახლოებით ორი წელიწადი მეტეხის ციხეში იმყოფება, სადაც შემთხვევით გადაურჩება სიკვდილს.
20.05.1923 – სამხედრო ცენტრის ოფიცრებთან ერთად მაზნიაშვილსაც მიესაჯა დახვრეტა, რომელიც საქართველოდან 5 წლიანი გაძევებით შეუცვალეს.
16.09.1923 – ტოვებს საქართველოს და მიემგზავრება ირანში ნაცნობ ქართველ მეწარმესთან.
12.1923 – უკავშირდება საქართველოს მთავრობას საფრანგეთში და ჩადის პარიზში.
02.10.1924 – მთავრობის დასტურით ჩადის სტამბოლში და ეხმარება ემიგრირებულ ქართველ მეომრებს და პატრიოტებს.
1925 წლის ბოლოს იმედგადაწურული გენერალი თხოვნით მიმართავს კომუნისტურ მთავრობას და ბრუნდება საქართველოში, სადაც ცხოვრობს მშობლიურ სოფელში და აღარ ეწევა სამხედრო საქმიანობას.
1937 წლის რეპრესიების დროს გენერალს აპატიმრებენ და ხვრეტენ შვილ, ივანესთან ერთად. მისი საფლავი უცნობია.
26.10.2013 – გენერალ გიორგი მაზნიაშვილს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი.

როგორ იხსნებენ მაზნიაშვილს თანამედროვეები

“გენერალი მაზნიაშვილი მამაცი იყო. რამდენჯერმე ვნახე სროლების ქვეშ და შემიძლია დავამოწმო. მაშინაც მამაცურად იქცევა როცა სიტუაცია ძალიან რთულია. შეიძლება ითქვას რომ ზედმეტი სიმამაცისგან ზარალდება კიდეც. ის ხშირად რისკავს საკუთარი თავით, რამდენჯერმე შეიძლებოდა მისი დაკარგვა, რაც ძალიან დიდი დანაკლისი იქნებოდა ჩვენთვის” (გენერალი გ. კვინიტაძე)

“ასე მივდევდით ლაპარაკით მტკვრის პირს, რომ სადღაც შორიდან, მტკვრის მარცხენა ნაპირიდან წამოვიდა ზუზუნით ყუმბარა და ღენ. მაზნიაშვილისგან ათიოდ ნაბიჯზე ქვიშაში ჩაეფლა შიშინით. ღენერალს ყურადღებაც არ მიუქცევია, განაგრძობდ ამბავს და წინ მიდიოდა. მეც მივდევდი. ხუთი თუ ექვსი ყუმბარა გვესროლეს და იქვე სულ ახლო სილაში ეფლობოდა
– ერთი ზარბაზანი ისვრის და ისიც ასეო! “ბატარეაც” არა აქვთო”
ამის შემყურეს მეც არაფრის შიში არ მიგრძვნია და ისევე არხეინად დავბრუნდით. მითხრა: გადაეცით თბილისში, რომ არაფერი საშიშო არ არის, ფრონტი მთლიანად გვიჭირავს” (რევაზ გაბაშვილის მოგონებები 1921 წლის სოღანლუღის ბრძოლაზე)

“დაიწყო ბრძოლა თურქსა და ქართველებს შორის. დაიბარეს გენერალი მაზნიაშვილი. ჰკითხეს: ვინ გინდა ბოლშევიკები თუ მენშევიკებიო. – თქვენი დედაც და იმათიცო, მე ჩემს საქართველოს ვემსახურებიო .. აბა მაშ სიმაგრეები დაიცავითო. ბოლშევიკებმა მაზნიაშვილს ჩააბარეს ქართველი ჯარისკაცების უფროსობა” (“სტალინის მასწავლებლის” ცნობილი ბოლშევიკის არაქელა ოქუაშვილის მოგონებები 1921 წლის ბათუმის ბრძოლაზე)

“მაზნიაშვილი იყო საშუალოზე ცოტა უფრო დაბალი, ჯმუხი, შავგვრემანი, შავთვალწარბა, მოხდენილი სახისა, ძლიერი, ვაჟკაცური გამოხედვა ჰქონდა. ურთიერთობისას ძალიან თბილი იყო, უშუალო … ადამიანი იოლად დაუახლოვდებოდა. როგორც მოგახსენეთ, რუსეთ-იაპონიის ომში გახლდათ დაჭრილი და მარცხენა ხელი გაფუჭებული ჰქონდა, იდაყვში ვერ ხრიდა, თითებს ვერ ამოძრავებდა, გაფშეკილი ეჭირა. ეტყობა, ფეხშიც იყო დაჭრილი, მუდმივად ჯოხით დადიოდა … მეტად გამჭრიახი გონება ჰქონდა, ნაკითხი იყო, კარგი მოქართულე. ზედმიწევნით იცოდა ძველი და ახალი აღთქმა. საუბრისას ხშირად იმოწმებდა საღვთო წიგნებს. თავისუფლად მოაზროვნე კაცი გახლდათ და ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა .. მის მამაცობასა და ვაჟკაცობაზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ. გერონტი ქიქოძეს ჩემთვის უამბნია, გაცხარებული სროლისას, როცა ყველა სანგრებში იყო ჩაწოლილი, გიორგი მაზნიაშვილი სანგრის პირას დაიარებოდა და ბრძოლას ასე ხელმძღვანელობდაო” (გენერლის ნათლულ, ელიზბარ მაისურაძის მოგონება)

“ოფიცრების თანხლებით გენერალი მაზნიაშვილი მოგვიახლოვდა. მოგვესალმა, გასცა განკარგულება თავისუფლადო. სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. განუყრელი ხორკლიანი ბზის ჯოხით მძიმედ დააბიჯებდა ტანმორჩილი ჭაღარა გენერალი. თავისი უბრალოებით დავით კლდიაშვილს უფრო მაგონებდა ვიდრე ჩვენს სხვა ახოვან გენერლებს. რაღაც შინაგანი ნებისყოფა გამოსჭვიოდა ამ უბრალო ჭაღაროსნიდან” (აკაკი ვასაძის მოგონებები 1921 წლის ბათუმის ბრძოლიდან)

დამატებითი მასალა:

გიორგი მაზნიაშვილის გახსენება : ინტერვიუ გენერლის ნათლულთან

1919 წ. სომხეთ-საქართველოს ომის დასრულების აღლუმი. თბილისი. გიორგაძე, გოგუაძე, ჟორდანია, ა. გედევანიშვილი, მაზნიაშვილი, იმნაძე და ბაქრაძე