მდგომარეობა ლოჭინის ხიდთან 23-24.02.1921 წ

სახალხო გვარდიის თბილისის ერთერთი ბატალიონის უცნობი წევრი მოკლედ აღწერს ლოჭინის ხიდთან (ეხლანდელი ლილო მოლი – სოფ. წინუბანი) მოწყობილ პოზიციებს და 23-24 თებერვლის ბრძოლას. სტატია დაიბეჭდა გაზეთ „ერთობაში“ 1921 წლის 5 მარტს.

თფილისის მუშათა ბათალიონის რაზმელის დღიურიდან

23 თებერვალი
ღამის 3 საათზე ვიჭერთ სამი მთის გამაგრებულ პოზიციებს, ლოჭინის ხიდის ახლოს. ისეთი სუსხიანი ქარი ჰქრის, რომ დაბადების დღეს ვიწყევლით.
გორაკებზე საუცხოვო სანგრები, ბლინდაჟები და გასასვლელები დაგვხვდა გამზადებული. ეს თადარიგი მთავრობას დაუჭერია რამოდენიმე თვის წინ ყოველ შემთხვევისათვის. ღამე სიცივემ და ქარმა სიკვდილი მოგვანატრა, მტერზე არავინ ფიქრობს მგონი. ვინც ვერ მოითმინა და დაიძინა, ავათ გახდა.
დილით გვარდიელებმა იქვე, სანგრების წინ, ღელეში გადაირბინეს შეშისათვის. უცებ გამოჩდნენ მტრის ცხენოსნები და ცხვირწინ სამი გვარდიელი მოგვტაცეს. უბედურებს იარაღი თან არ წაეღოთ, ისე წასულიყვნენ. ყველანი დავღოდით, მაგრამ შველა არ შეიძლებოდა, რადგან სროლით ჩვენებს დავხოცავდით.
უნდა ითქვას, რომ მტრის კავალერია ძალიან გათავხედებულია. სანგრებზე სულ ახლოს მოდიან, ერთმა ჯგუფმა მოინდომა იქვე ჭალაში მაძოვარი საქონლის ჯოგის გარეკა, მაგრამ ცეცხლით გავფანტეთ. ერთი ცხენი მკვდარი დასტოვეს და რამდენიმე მხედარი დაჭრილი.
ჩვენი არტილერია კარგათ უმიზნებს, ერთი ყუმბარა შიგ მწყობრში ჩაუგდო, რის შემდეგაც იკადრეს დაქვეითება და გაფანტვა.
საღამო ხანს ჩვენთან მოვიდნენ ალექსანდრე (დგებუაძე), ვლადიმერი და შტაბის სხვა წევრები. ჩვენ შეკითხვაზე ფრონტის მდგომარეობის შესახებ სიცილი დაგვიწყეს: მთელმა ევროპამ გაიგო ჩვენი ჯარის და გვარდიის გამარჯვებები და თქვენ არ გცოდნიათო.
გვემატება ტყვიის მფრქვეველები და ორი ზარბაზანი.
საბედნიეროთ ქარი ჩადგა. უწყლობამ ძალიან გაგვიჭირვა საქმე.
დაღამდა. მტერმა ვაზიანისკენ რაღაცას ცეცხლი გაუჩინა. მოსჩანან ღამის წყვდიაში ცეცხლის კოცონები. ლამაზი სანახაობაა, მაგრამ, როგორც ამაზე იფიქრებ, მაშინვე მოგვაგონდება, თუ რისთვის დგეხარ აქ და მწარე ფიქრები გულს გიკლავენ.
ღამემ წყნარად ჩაიარა.

24 თებერვალი
დილაა მტერი არა სჩანს.
გვარდიელები გადადიან ლიანდაგზე შეშისთვის. მე და ამხ. ა. გ–ძეც მივდივართ. გავიარეთ ერთ ნახ. ვერსტზე მეტი, მიუახლოვდით ლოჭინის ხიდს, მაგრამ მტერი ვერ შევამჩნიეთ.
დილის 11 საათზე გამოჩდნენ ცხენოსნები. ჩვენსკენ მომავალი მტრის კოლონები ადვილათ გაფანტა არტილერიის ცეცხლმა.
მტერს ჩვენს წინ, სულ ახლოს, ოთხი ზარბაზანი უდგას, რომელიც ამაოდ ეძებს ჩვენს არტილერიას.
თოვს. ირგვლივ ნისლი ჩამოწვა, მტერმა არტილერიის ცეცხლი სანგრებზე გადმოიტანა.
საბედნიეროთ, ბევი ყუმბარა არ სქდება. ეტყობა, შეტევისათვის ემზადებიან …
ღამდება. ჩვენ მარჯვნივ უკვე დაიწყო მტერმა შეტევა (ყარაჯალარის გადასასვლელთან ჯავშანსატანკო კოლონით). განუწყვეტელი მწყობრი სროლაა. ორი იერიში მოგერიებულია. სროლა მიყუჩდა. თოვს და საშინლად ცივა.
ღამის პირველ სააზე ირკვევა, რომ ჩვენი მწყობრის (ოცეული) გარდა ყველანი წასულან სადღაც.
რაშია საქმე? იქნებ იყო საამისო ბრძანება?
გუნდის (ასეულის) უფროსს გზაში შეუმჩნევია, რომ ჩვენი მწყობრი არ სჩანდა და შიკრიკი გამოეგზავნა.
არ გვჯერა, რომ უკან ვიხევთ. დღეს დილით ხომ ყველანი დარწმუნებულები ვიყავით ჩვენს გამარჯვებაში?!
ალბათ, მტრის მარჯვენა ფრთის შემოსავლელად თუ მივდივართ!
გზაში დავეწიეთ დანარჩენ ბათალიონებს.
რად ვიხევთ უკან?
თურმე ჩვენი ბედი მარჯვენა ფრთას გადაუწყვეტია. მტერს მრავალრიცხოვანი მაშველი ჯარი მოსვლია ცენტრში.
დიდ უბედურებას ვგრძნობთ ყველანი.
თფილისი დაეცა. ასე მოულოდნელად, ასე ჩქარა. ნუთუ ეს ყველაფერი გათავებულია?
აღმოსავლეთით ვუახლოვდებით ჩვენს საყვარელ ქალაქს. ეს გამოთხოვების წუთები უცნობ განცდას იწვევენ ჩვენში. ვგრძნობ, რომ რაღაც მეტათ ძვირფასი და საყვარელი დავკარგეთ.
ქალაქი ჩვეულებრივათ გაჩირაღდნებულია. იქნება მან არც კი იცის, რომ მისი ბედი გადაწყვეტილია!
ქალაქს თავს ჰაეროპლანი დასტრიალებს, – უეჭველია, ჩვენი.
ნახვამდის ჩვენო საყვარელო დედა ქალაქო!
არ გემშვიდობები, რადგან მჯერა, რომ შენე ისევ ჩვენი იქნები.
რაზმელი – ია