იარაღის შეძენის მცდელობა ინგლისიდან 02.02.1921

1921 წლის იანვარში მოკავშირეების მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იურიდიული აღიარების შემდეგ გაჩნდა იმედი რომ იარაღსაც მოგვაწვდიდნენ, რის ძალიან დიდ დეფიციტს განვიცდიდით. არქივში შემორჩენილია ოფიციალური წერილი რომელიც 1921 წლის 2 თებერვალს გაუგზავნეს ბრიტანეთის ბრიმინგემის იარაღის ქარხნიდან (The Birmingham Small Arms Company Limited (BSA) საგარეო საქმეთა მინისტრ ე. გეგეჭკორს პარიზში.
1861 წელს დაარსებული ფირმა პირველი მსოფლიო ომის დროს შაშხანებს, ტყვიამფრქვევებს, ჭურვებს, ვაზნებს, მოტოციკლეტებს, ძრავებს და თვითმფრინავებსაც კი უშვებდა.
წერილში ჩამოთვლილია ის მატერიალი, რისი მოწოდებაც ფირმას დაუყოვნებლივ შეეძლო საქართველოსთვის ბრიტანეთის მთავრობის ნებართვის შემთხვევაში.

მოსინის შაშხანა

40.000 ერთეული მოსინის შაშხანა რუსულ, 7.62X54 კალიბრზე. შაშხანები დამზადებული იყო აშშ-ში რუსეთისთვის, მაგრამ 1917 წლის რევოლუციის შემდეგ აშშ-ს მთავრობამ გამოისყიდა რუსული კონტრაქტი, რითაც გაკოტრებისგან იხსნა ამერიკული ფირმები Remington Arms და New England Westinghouse, რომელმაც Stevens Arms -ის ქარხანაში 1916-1917 წლებში დაამზადა 770.000 ერთეული, საიდანაც რუსეთის იმპერიას მიაწოდეს 225.260 ერთეული. აშშ-მ მოსინის შაშხანებით შეაიარაღა “აშშ-ს და ბრიტნეთის საექსპედიციო კორპუსი რუსეთში” (1918-1919 წ.), 50.000 გაუგზავნეს ჩეხების ლეგიონს ციმბირში, ნაწილი მოხვდა ეროვნულ გვარდიაში და დარჩენილი ცალი 3 დოლარად მიყიდა აშშ-ს მოქალაქეებს.
სავარაუდოდ, ეს 40.000 ერთეული უნდა მიეწოდებინათ ეროპის რომელიმე ქვეყნისთვის, ტრანზიტით დაასაწყობეს ინგლისში, რევოლუციის გამო დარჩა ადგილზე და გადავიდა ბირმინგემის ფირმის საკუთრებაში.
შაშხანები იყო ხიშტის გარეშე და ერთეულის ფასი საქართველოსთვის 40 შილინგად განისაზღვრა (2 ფუნტი სტერლინგი). შედარებისთვის, 1920 წელს ინგლისელი მუშა ქარხანაში საშუალოდ 17 ფუნტს იღებდა თვეში.

ვაზნები

41.000 ერთეული რუსული 7.62X54 კალიბრის ვაზნა. 1.000 ერთეულის ფასი 2 ფუნტი და 10 შილინგი.
60.000.000 ახალი BSA-ში დამზადებული ვაზნა (მითითებული არაა კალიბრი), მჭერში 5 ვაზნით და 200 სავსე მჭერი ერთ ყუთში. 1.000 ერთეულის ფასი 9 ფუნტი. საუბარია ან რუსულ (7.62X54 მმ), ან ინგლისურ (7.7×56 მმ, იგივე .303 British) კალიბრზე.

ინგლისური ვაზნები მჭერთან ერთად

ლიუისის ხელის ტყვიამფრქვევი

შეკვეთის მინიმალური რაოდენობა 100 ერთეული, ცალი 179 ფუნტ სტერლინგად.
ტყვიამფრქვევს მოჰყვებოდა 12 დოლურა (სტანდარტულად 47 ვაზნის ტევადობის) და სათადარიგო ნაწილები. ეს ტყვიამფრქვევი უცხო არ იყო ჩვენი ჯარისთვის და დაახლ. 200 ერთეული გამოიყენებოდა. იხილეთ: ქართული ჯარის ხელის ტყვიამფრქვევი ლიუისი

აქ ჩამოთვლილი იარაღი საქართველოს არ მიუღია, საკითხი მიმოწერის დონეზე დარჩა და წერილის დაწერიდან 10 დღეში ომიც დაიწყო, ანუ რომც ნდომებოდათ ფიზიკურად ვერ მოგვაწვდიდნენ.

პაატა გიგაური

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი