1919 წელს აკაკი ჩხენკელი დაინიშნა ევროპაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგანგებო წარმომადგენლად, რომელიც ცდილობდა იარაღის შოვნას საფრანგეთის და ინგლისის დახმარებით. რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდის მისი რამდენიმე შიფროგრამა ხელმისაწვდომია არქივში. გთავაზობთ ამ შიფროგრამებს მცირე განმარტებით.
22 თებერვალი, 1921 წ. პარიზი N13
კონტრაქტი სამხედრო პოსტავკების (1) საფრანგეთიდან მანდატორების საშუალებით ათი მილიონი ფრანკისა ელის მხოლოდ ხელის მოწერას. ამას გარდა საფრანგეთის მთავრობა იძლევა სტამბულიდან დაუყოვნებლივ თოფებს პატრონებს …ებს (2) სამასი ათასი ფრანკისას როგორც კი ხელს მოვუწერთ სამი თვის ვადიან ვექსილს. მასალა შეფასებულია ოცჯერ უფრო იაფად ვიდრე ნამდვილი მისი ღირებულება. ეხლავე აუცილებლად საჭიროა ვიყოლიოთ მასალის მისაღებათ ერთი აფიცერი სტამბოლში და ერთი პარიზში. იქნება დატოვოთ დროებით ამ… აკ. ჩხენკელი
(1) რუსულად “პოსტავკა”, ანუ მოწოდება
(2) 1920 წელს, თეთრგვარდიელების ე.წ. ვრანგელის არმია ყირიმიდან კონსტანტინოპოლში გადაიყვანეს და ფრანგებმა იარაღი ჩამოართვეს. მისი მეტნაკლებად ვარგისი ნაწილი: დაახლ. 10.000 შაშხანა, 350 ტყვიამფრქვევი და სხვა მატერიალურ საშუალებები, ეტაპობრივად მიეწოდა საქართველოს 1921 წლის მარტში.
—–
27 თებერვალი, 1921 წ.
მივდივარ ლონდონში. ანგორას (1) შესახებ დეპეშა მივიღე, პროტესტი ფორმალური განვაცხადე ლონდონში. ეტყობა შეთანხმება მოხთება ანტანტასა (2) და ანგორას შორის. ამ შემთხვევაში შესაძლებელია გავლენის მოხთენა ანგორაზე და მო…ია სომხეთის საკითხი. ვეცთები დაისვას ჩვენი საკითხიც. ბრძანება გაცემულია 25 თებერვალს სტამბოლიდან ფიცხლავ იარაღის გამოსაგზავნად. ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, ერთი პირობით, თუ ხალხი განაგრძობს ბრძოლას. აუცილებელია ჩქარ-ჩქარა ცნობები. გამომიგზავნეთ მცოდნე აფიცერი.
(1) ანგორასთან, ანუ ანკარასთან. იგულისხმება კონკრეტულად ქემალ ათათურქის მთავრობა, რომელიც ქ. ანკარაში დაფუძნდა და 1920 წლის აპრილიდან უპირისპირდებოდა ქ. სტამბულში მყოფ სულთანის მთავრობას.
(2) ანტანტა, ანუ ინგლისის, საფრანგეთის და რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი გერმანიის, ავსტრო-უნგრეთის და იტალიის წინააღმდეგ.
—–
N467 4 მარტი 1921 წ.
მთავრობის თავმჯდომარეს
ჩვენი მამაცური წინააღმდეგობა კარგ შთაბეჭდილებას ახთენს ყველაზე, ესაა მთავარი სტიმული იარაღის მიშველების. გვთვლიან თავისუფალ სახელმწიფოდ, ნიადაგი შეგვრჩება მუშაობისთვის, მომხთარი გარდამავალია. ვცდილობ ლონდონში იარაღზე. კონფერენციას მაშინ მიეცემა პრაქტიკული მნიშვნელობა ჩვენთვის თუ ანგორასთან ზავი ჩამოაგდეს.
ხელს აწერს ჩხენკელი
—–
გენერალ ქუთათელაძეს (1) კონსტანტინოპოლში
შეგვატყობინე იარაღის შესახებ რამდენი და როდის გაიგზავნა. საქმე არ დახატოთ უიმედოთ. დაარწმუნეთ ყველა რომ ქართველი ერი არ შეაჩერებს ომს თუ იარაღი არ შემოაკლდა. გვაცნობეთ დაწვრილებით ამბები.
5 მარტი 1921 წ. ჩხენკელი
(1) გენერალი კირილე ქუთათელაძე (1861 – 1929). სამხედრო სამინისტროს საარტილერიო სექციის და არსენალის უფროსი. ბათუმის ციხე-სიმაგრის კომენდანტი.
—–
ტელეგრამა გაგზავნილი 5 მარტს მთავრობას N490
არასგზით არ აწარმოვოთ ცალკე მოლაპარაკება ანგორასთან უიმედოა და დიდად მავნე. სანამ ზავს არ ჩამოაგდებს ანტანტასთან, ანგორა არას გზით არ გამოეთიშება მოსკოვს. ილუზიას ნუ დაემყარებით. ანგორას ართვინში და არტაანში შეჩერება აქაური გავლენაა და არა მათი მეგობრობა ჩვენდამი. აქ უთუოდ გავა რუს-ოსმალოს საზღვარი თუ ჩვენი უადგილო ცალკე მოლაპარაკებით საქმე არ გავაფუჭეთ. ნუ ვიმეორებთ ხატისოვის სიბეცეს გიუმრში (1). მიღებულია ყოველი ზომა, იარაღს უსათუოდ მოგვაშველებენ ფრანგები. საზოგადოთ ფრანგი ითამაშებს ლიდერის როლს ოსმალოს ასალაგმავათ. ნუ ასახელებთ უიადგილოთ სხვა ვინმეს. რაც საჭიროა კეთდება, მაგრამ ეს ჯერ ….ია. ცოტახანს კიდევ თქვენი გმირული წინააღმდეგობა ფეხზე დაგვაყენებს იცოდეთ. უიმედობა დაუშვებელია ტრაგედია ხანგრძლივი გამოდგება შეიძლება, მაგრამ გამარჯვებით დამთავრდება, თუ გინდ მთლად წავაგოთ მთავრობამ უნდა განაგრძოს ფუნქციონირება სტამბოლში. ჩვენ ვერ ამოგვშლიან თავისუფალ ერთა სიიდან. ჩხენკელი
(1) საუბარია 1920 წლის 2 დეკემბრის ალექსანდროპოლის (გიუმრი) ხელშეკრულებაზე, რომელიც გაფორმდა ათათუქრის მთავრობასა და სომხეთს შორის, რომლის ძალითაც ოსმალეთს გადაეცა მათ მიერ ომით დაკავებული ტერიტორიები (ყარსი, სურმალინის მაზრა, ნახიჩევანი და ერევნის გუბერნიის ნაწილი). 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის და შემდეგ ყარსის (13 ოქტომბერი 1921 წ.) ხელშეკრულებებით ეს მიწები რუსეთმა ოსმალეთს დაუმტკიცა.
—–
ტელეგრამა გზავნილი 5 მარტს. 1921. შიფრით
აქაური ცნობებით ბოლშევიკების ძალები ძალიან ცოტა არის. მოსკოვი ძალებს არ გამოაგზავნის. იარაღს და სხვა საჭირო მასალებს აგზავნის საფრანგეთი. გამაგრდით ბრძოლის გაგრძელებაშია ჩვენი ხსნა. ჩხენკელი
—–
8 მარტი, 1921 წ. პარიზი
ყოველდღე გზავნეთ მოკლე ბიულეტენები დეპეშით საქართველოს შესახებ. ყველა ორიენტ ექსპრესით წერილი მასალით. ქუთათელაძეს ვთხოვ იმოქმედოს. ბელესთან შავი ზღვით პორტებიდან იარაღის კიდევ მიღებას. ყუმბარები იგზავნება (1). საჭიროების დროს დავიბარებთ ქუთათელაძეს. ჩხენკელი
(1) საუბარია სტამბულიდან 5.000 ერთეულ 76 მმ ჰაუბიცის ჭურვის მოწოდებაზე.
—–
N549. ლონდონიდან მოსული
მთავრობის თავმჯდომარისადმი გადასაგზავნად. 12 მარტი 1921 წ.
შეთანხმება ანგორისა და ანტანტის მიღწეულია, მხოლოდ საბოლოო არ არის. ამიტომ აქტიური გამოსვლა ანგორას ჩვენთან ჯერ უიმედოა. დიდი შეცთომა იქნებოდა დაუთმოთ ანგორას თუ გინდ არტაანიც მანამ სანამ საერთო შეთანხმება არ მოხთება ჩვენი ანგორასთან ანტანტის მონაწილეობით. ჩვენი საფუძველი უნდა დარჩეს რუსეთ-ოსმალეთის საზღვარი 1914 წ. ყველას გაცნობეთ სამჯერ. იარაღი გეგზავნებათ ხანგრძლივი წინააღმდეგობა ამტკიცებს ჩვენს პოზიციას აქ. ჩხენკელი
—–
ამ დეპეშებიდანაც ჩანს რომ საფრანგეთის ახლად არჩეულმა მთავრობამ (16 იანვარი 1921 წ.) ა. ბრიანის ხელმძღვანელობით მიიღო გადაწყვეტილება იარაღით დახმარებოდა საქართველოს, თუმცა მოხერხდა მხოლოდ გაგრა-სოხუმის მიმართულებაზე ხმელთაშუა ზღვის ფლოტით ქართული ჯარების საარტილერიო მხარდაჭერა (ადმირალი დუმანსილის ესკადრა) და რუსული იარაღის ნაწილის მოწოდება სტამბულიდან. ფიზიკურად ვერ მოესწრო იარაღის ჩამოტანა ბულგარეთიდან (20.000 რუსული შაშხანა და ვაზნები) და უშუალოდ საფრანგეთიდან.
წყარო: ეროვნული არქივი. ფონდი: 1864 საქმე 413.