სახალხო გვარდიის ყოფილი მეთაური ვ. ჯუღელი 1923 წელს მიავლინეს ქ. ბელფორში, საფრანგეთის არმიის 35-ე ქვეით პოლკში (35e régiment d’infanterie) პრაქტიკის მისაღებად. პოლკი დღემდე ბელფორშია განთავსებული და სახმელეთო ჯარის ერთერთი უძველესი დანაყოფია რომელიც ჯერ კიდევ 1604 წელს დაარსდა და ორგანიზაციულად მე-7-ე ჯავშანსატანკო ბრიგადაში შედის.
ვალიკომ თავის პირველ შთაბეჭდილებებზე აკაკი ჩხენკელს მიწერა. გთავაზობთ ტექსტს:
22 ივლისი 1923 წელი
საქართველოს ელჩს
მოვალედ ვთვლი თავს მოკლეთ გაცნობოთ ჩემი აქ ჩამოსვლის, დაბინავების და მუშაობის დაწყების ამბავი – მით უფრო, რომ ყოველივე ეს დამახასიათებელია ფრანგული ჯარისთვის და აგრეთვე საგულისხმოა იმ მომავალი მუშაობისთვის, რომელშიც მე აქ ჩავებმები.
ბელფორში მე ჩამოვედი იმ თვის 18-17 საღამოს. მეორე დილასვე გამოვცხადდი მე-35-ტე ქვეითთა პოლკში (ლეგიონში). პოლკის უფროსს სამხედრო სამინისტროსაგან უკვე ცნობა ქონდა ჩემი ჩამოსვლის შესახებ. პოლკის უფროსი – პოლკოვნიკი პერნე მეტისმეტად კარგად შემხვდა და მითხრა, რომ ყოველივე ზომებს მიიღებს რომ მე მის პოლკში საჭირო მუშაობა გავსწიო. მაშინვე მან გამოიწვია თანაშემწე და აგრეთვე მესამე ბატალიონის უფროსი, გამაცნო მეც და ჩემი თავი ჩააბარა მესამე ბატალიონის უფროსს – კომანდან ტურნატს. მაშინვე კომანდანტმა თან წამიყვანა და მთელი ყაზარმა დამათვალიერებინა. გზა და გზა ჩემ ამბავს, ჩემ მიზანს და სახელწოდებას მეკითხებოდა. მეც “ჩემი ფრანგულით” ყოველივეს ვუხსნიდი და სახელწოდების შესახებ ვუთხარი: “საქართველოში მე ნაციონალური გვარდიის შეფი ვიყავი. იქ ჩინი არ მქონია. ახლა ჩემი მთავრობის მიერ წარმოგზავნილი ვარ როგორც კაპიტანი”. ამნაირათ ახლა აქ ყველა მიცნობს როგორც “ქართველ კაპიტან ჯუღელს”. შემთხვევით ძალიან კარგი გამოვიდა, რომ მე კაპიტნის ჩინი ავიღე არც მეტი – არც ნაკლები! მუშაობისთვის ასე ჯობია, ჩემმა კამანდირმა იმავე დღესვე ყველა აფიცრები გამაცნო. შემდეგ მან მკითხა: “სად ხართ გაჩერებული?” და როცა გაიგო რომ სასტუმროში ვარ, თქვა რომ ეს ალბათ ძვირი გიჯდებათ და საჭიროა თვენი იაფათ მოწყობა. მაშინვე მან გამოიწვია კაპიტანი ჟაფმენი და სთხოვა მას, რომ დამხმარეობოდა ბინის პოვნაში. უთხრა ყოველგვარს აჯობებს თუ აფიცერთა საკრებულოში მოეწყობითო.
მე დიდი მადლობა ვუთხარი და დავსძინე რომ არ მაქვს უფლება ბევრი ფული დავხარჯო მაშინ, როცა ჩემი ხალხი საშინელ ტანჯვას განიცდის იქო. ამ წვრილმანებზე მე იმიტომ ვჩერდები, რომ ისინი მეტად დამახასიათებელია ფრანგული ჯარისთვის. აქ მე თავიდანვე შევხვდი არა მარტო მეგობრულ დამოკიდებულებას, არამედ ჯანსაღ მუყაითობას, უბრალოებას და თავდაჭერილობას – ე.ი ყოველივე იმას რაც აკლდა რუსის ჯარს და რაც სამწუხაროდ, მემკვიდრეობით ჩვენც გვაკლდა. კაპიტანმა ჟაფრენმა წამიყვანა საკრებულოში და იქ შესანიშნავად მომაწყო. ახლა, მე უკვე ამ საკრებულოში (მესსაში) ვცხოვრობ. მაქვს უბრალო, მაგრამ დიდი და ნათელი ოთახი თვეში 45 ფრანკით და აგრეთვე თითოეული დეჟენე, ან დინე (ფრანგ.: “საუზმე” და “სადილი”) ჯდება სამ-სამ ფრანკი! ამნაირათ თუ პტი-დეჟენსაც და აუცილებელ საჩუქრებსაც იანგარიშებთ საჭმელ-სასმელი და ოთახი თვეში დამიჯდება არაუმეტეს 300 ფრანკისა. ასე რომ, მე ვიმედოვნებ, რომ როგორმე 500 ან 550 ფრანკს თვეში ვიკმარებ. მართალია – ხანდახან ოფიცრების დაპატიჟება დამჭირდება, მაგრამ ოფიცრები იმდენად უბრალო და უპრეტენზიო ხალხია, რომ არც ეს გამოიწვევს დიდ ხარჯს. აქაური ოფიცრები არიან კარგი ამხანაგები, ტყუილი ფულის ხარჯვა არც თვითონ უყვართ და არც შენ დაგახარჯინებენ. ისინი მდიდრები არ არიან და არც სცხვენიათ ამის. იმათ არ აქვთ ის დიდი ნაკლი, რომელიც ჩვენ თან გვსდევს: “пускать пыль в глаза” (“თვალებში ნაცრის შეყრა”, ანუ ტრაბახი და გადაჭარბებული თვითშეფასება).
ეს სამი დღე მე ჩემს მოწყობას და ოფიცრობის გაცნობას მოვუნდი, მაგრამ მიუხედავად ამისა უკვე მუშაობა დავიწყე. გუშინ წინ აქ დღესასწაული იყო და არ მუშაობდნენ. იყო სამხედრო აღლუმი და მეც ვიყავი მიწვეული. გუშინ კი დავიწყეთ მუშაობა, გავყევი ერთ-ერთს როტას (ქართ.: “ასეული”) სამუშაოზე, იყო თოფის სროლის ვარჯიში და მსუბუქი პულიმიოტების (ქართ: “ტყვიამფრქვევი”) დაშინჯვა. ოფიცრები ყოველივეს მიხსნიდნენ, მარკვევდნენ. მთლად უვიცი არც მე გამოვდექი და გუშინ როცა ერთად ამუშავდა ექვსი მსუბუქი ტყვიისმფრქვეველი, როცა კვლავ მეცა თოფის წამლის სუნი და როცა დავინახე დაკაპიწებული ჯარიკაცები – ამითამაშდა, ამიძგერდა გული! ფიქრები, დარდები, იმედები ყოველ მხრივ მომაწვნენ. საქართველო, ტანჯული, დაჩაგრული, დამარცხებული მაგრამ კვლავ მებრძოლი. სამშობლო დამიდგა თვალ წინ. აგორაკებული, ამწვანებული ბუნებაც ჩემ ქვეყანას მომაგონებდა და დანაღლიანებულ გულში შეიჭრა იმედი! გარდაუვალი, დაუძლეველი, მტკიცე და საფუძვლიანი იმედი! “საქართველ მალე, სულ მალე იქნება თავისუფალი! მეუბნებოდა გული. შეუძლებელია არ გადაიგდოს მან მტრის უღელი!” და თუ როდისმე მე მქონია ბრძოლის და თავდადების სურვილი, თუ როდისმე მქონია იმედი გამარჯვებისა დღეს ყოველივე ეს ჩემში გაორკეცდა. ასეთია, პირველი შედეგი ჩემი აქ ჩამოსვლისა.
რაც შეეხება სწავლას და მეცადინეობას ამის იმედი გქონდეთ თავს არ შევირცხვენ და საქმეს არ გავექცევი! იმედი მაქვს, რაც აქ ვიქნები ბევრს შევიძენ. იმის შესახებ კი, თუ სად უნდა წავიდე აქედან – ამ ერთ თვეში მოვიწერები.
დასასრულს კიდევ უნდა აღვნიშნო, რომ ძლიერ კმაყოფილი ვარ აქაურობით. თუ ფორმალურათ შესაძლებელია – კარგი იქნებოდა, რომ პოლკოვნიკ ფურნიეს კიდევ მადლობას გადავუხდიდით და აცნობებდით, რომ მე სრულიად კმაყოფილი ვარ, რომ ჩემი სიყვარული საფრანგეთისადმი კიდევ უფრო გაიზარდა და რომ მუდამ ერთგული ვიქნები მისადმი.
ვალიკო ჯუღელი.
35-ე პოლკის მებრძოლები საველე შეკრებაზე
ტექსტი მოამზადა ლეგიონერმა ნინო ციხელაშვილმა
წყარო: ეროვნული არქივი, ფონდი: 1864, საქმე: 735