სტალინის დამოკიდებულება ქართულ მიწებთან ზღაპრების გარეშე

„ნაწარმოებების სრული კრებული“ (ი. სტალინი. ტომი 5) მოიცავს 1921-1923 წლებს და მასში განხილულია კავკასიასთან დაკავშირებული საკითხები, საიდანაც ჩანს სტალინის დამოკიდებულება ჩვენთვის დღემდე აქტუალური საკითხებისადმი. სტალინის მიერ დაწერილი ტექსტებიდან (გამოსვლები, სტატიები, დოკუმენტები) ამონარიდების წაკითხვის შემდეგ ნათელი გახდება რატომ გადასცა სტალინმა ლორეს ოლქი სომხებს და ტაო-კლარჯეთის ჩრდილოეთ ნაწილი თურქეთს და რას ფიქრობდა ის საქართველოს შესახებ სინამდვილეში და არა თანამედროვე მეზღაპრეების ფანტაზიებში.

– „ეროვნული უმცირესობების ჩაგვრის გარეშე (პოლონეთი ჩაგრავს ბელარუსებს, ებრაელებს, ლიტველებს, უკრაინელებს; საქართველო ჩაგრავს ოსებს, აფხაზებს, სომხებს; იუგოსლავია ჩაგრავს ხორვატებს, ბოსნიელებს და ა.შ.)“
სტალინის აზრით 1918-1921 წლებში ქართველები ეროვნული ნიშნით ჩაგრავდნენ ოსებს, აფხაზებს და სომხებს, რაც მტკნარი სიცრუეა და არაფერი საერთო არა აქვს რეალობასთან. მხოლოდ რამდენიმე ფაქტი: როდესაც სომხეთის არმია ვერაგულად დაესხა თავს საქართველოს, თბილისის მიდამოებში 20.000 სომეხი ლტოლვილი იმყოფებოდა და ისინი არავის დაუჩაგრავს, არ მომხდარა სომხების მკვლელობები და პოგრომები. აფხაზებთან არანაირი ეთნიკური დაპირისპირება არ ყოფილა და 1920 წელს რეგიონს ავტონომიაც კი მიენიჭა. 1920 წელს მესამედ (!) აჯანყებული ოსების (მეამბოხეების და არა ყველა ოსის) ჩრდილოეთ კავკასიაში განდევნის გადაწყვეტილება სამხედრო მიზნებით იყო ნაკარნახები და არ შეიცავდა ეროვნული ჩაგვრის ნიშნებს.
სტალინისვე აზრით ქართული ნაციონალიზმი იყო აგრესიული, შემტევი და არა თავდაცვითი. რაც მისი აზრით რუსული ნაციონალიზმის გასაწონასწორებლად წარმოიშვა. 1918-1921 წლების ყველა კონფლიქტში სტალინი ბრალს საქართველოს სდებს.

– „მეზობლების ხარჯზე საკუთარი ტეროტორიების გაფართოება, რაც იწვევს კონფლიქტებს და ომებს (პოლონეთი ლიტვის, უკრაინის და რუსეთის წინააღმდეგ; იუგოსლავია ბულგარეთის; საქართველო სომხეთის, თურქეთის და ა.შ.)“
სტალინის აზრით, საქართველო მეზობელი ერების მიწების ხარჯზე ცდილობდა საკუთარი სამფლობელოს გადიდებას 1918-1921 წლებში. ამ გამაოგნებელი ფრაზის შემდეგ გასაგებია რატომ აჩუქა სტალინმა, რომელიც კავკასიას კურირებდა 20-იან წლებში ლორეს ნეიტრალური ოლქი სომხეთს, ხოლო 1921 წლის 16 მარტს (როდესაც ჯერ კიდევ მიმდინარეობდა ომი საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის) ე.წ. „მოსკოვის შეთანხმების“ ფარგლებში თურქეთს ართვინის, შავშეთის, არდაგანის და ფოცხოვის რაიონები. 1919 წლის აპრილიდან ეს მიწები საქართველოს შემადგენლობაში შემოდიოდა და ე.წ. „ყარსის რესპუბლიკის“ ჯარის დამარცხების შედეგად, სისხლით იყო მოპოვებული ქართული არმიის მიერ გ. კვინიტაძის მეთაურობით. სტალინი არც ლორეს და არც შავშეთს საქართველოდ არ თვლიდა და კონფლიქტებშიც სომხეთს და თურქეთს ამართლებს.

– „ქართული შოვინიზმი (საქართველოში) მიმართულია სომხების, ოსების, აჭარლების და აფხაზების წინააღმდეგ; აზერბაიჯანული შოვინიზმი (აზერბაიჯანში) მიმართულია სომხების წინააღმდეგ“
როგორც ჭეშმარიტ რუს იმპერიალისტს, სტალინსაც აჭარლები ცალკე ეროვნებად ყავს გამოყვანილი და ამით იმეორებს იმდროინდელ სტანდარტულ რუსულ კლიშეს, რომლის მიხედვით მეგრელები, აჭარლები, ქობულეთელები და სვანები ქართველები არ არიან, ხოლო 1918-1921 წლებში ე.წ. „ქართველი შოვინისტები“ – უკვე ნახსენები ერების გარდა, თურმე ჩაგრავდნენ აჭარლებს (ბოდვის ბოლო სტადია) და 1921 წელს რუსებმა იხსნეს „ქართველი ფაშისტებისგან“. 2008 წლის რუსული პროპაგანდისგან რამით განსხვავდება ეს მიდგომა? ფრაზებიც კი იგივეა.
აღსაღნიშნავია რომ სტალინი საერთოდ არ ახსენებს სომხურ, ან ოსურ შოვინიზმს და ჩაგრულ ერებად გამოჰყავს. რატომ? სომხები და ოსები გეოგრაფიული მდგომარეობის გამო იძულებეულნი არიან იყონ რუსეთის მოკავშირე. რა თქმა უნდა, მათ საწინაღმდეგოდ არაფერს არ იტყოდა რუსი იმპერიალისტი სტალინი. იგივე პოლიტიკა აქვს რუსეთს დღესაც, “მის მოკავშირეებს ჩაგრავენ და ისიც იძულებულია დაიცვას შოვინისტ-ფაშისტებისგან”.

– „თბილისი – საქართველოს დედაქალაქია, მაგრამ იქ ქართველთა წილი 30%-ზე მეტი არაა, სომხები არანაკლებ 35% და შემდეგ ყველა სხვა დანარჩენი ეროვნება. ესეც თქვენი საქართველოს დედაქალაქი. თუ საქართველო იქნება ცალკე რესპუბლიკა (სტალინი წინააღმდეგი იყო საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის არსებობის და კავკასიის გაერთიანებს ითხოვდა, რაც მისი აზრით საფუძველს გამოუცლიდა ნაციონალიზმს), მაშინ აქ შეიძლება მოსახლეობის გადასახლება – მაგალითად, სომხებისა თბილისიდან. საქართველოში მიიღეს კიდეც დეკრეტი მოსახლეობის „რეგულირების“ შესახებ, რომელზეც ამხანაგმა მახარაძემ განაცხადა, რომ ის არ იყო მიმართული სომხების წინააღმდეგ. იგულისხმებოდა მოსახლეობის იმდაგვარი გადანაცვლება, რომლის შემდეგაც წლიდან წლამდე თბილისში სომხური მოსახლეობის წილი შემცირდებოდა. ასე ეცდებოდნენ ქართველები გადაექციათ თბილისი ნამდვილ ქართულ ქალაქად. მე დავუშვებ, რომ დეკრეტი გასახლების შესახებ მათ მოხსნეს, მაგრამ მათ ხელთაა უამრავი შესაძლებლობა, ბევრი ისეთი მოქნილი ფორმა, როგორიცაა მაგალითად „განტვირთვა“, რომლის დახმარებით შესაძლებელია გარედან ინტერნაციონალური ხედის შენარჩუნება, მაგრამ საქმის ისე წარმართვა, რომ სომხების რაოდენობა თბილისში შემცირდეს.
ეს არის ის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდგომარეობა, რომლის დაკარგვაც ქართველ უკლონისტებს (ანუ კავკასიის ფედერაციის წინააღმდეგ გამოსულ ქართველ კომუნისტებს) არ სურთ. ქართველების არახელსაყრელი მდგომარეობა, რადგანაც ისინი ნაკლებნი არიან სომხებზე, აიძულებს ჩვენ უკლონისტებს იბრძოლონ ფედერაციის წინააღმდეგ. მენშევიკები თბილისიდან ასახლებდნენ სომხებს და თათრებს. ახლა კი, საბჭოთა მმართველობისას, გასახლება არ შეიძლება, ამიტომაც ფედერაციას უნდა გამოეყო და გაჩნდება იურიდიული შესაძლებლობები, რათა  დამოუკიდებლად განახორციელო ზოგიერთი ისეთი ოპერაცია, რის შედეგადაც  ქართველების ხელსაყრელი მდგომარეობა გამოყენებული იქნება აზერბაიჯანის და სომხეთის წინააღმდეგ. ამ ყველაფრის შედეგად, ქართველები პრივილეგირებულები იქნებიან ამიერკავკასიის შიგნით. ამაშია მთელი საშიშროება.
განა ჩვენ შეგვიძლია ეროვნული სიმშვიდის ინტერესები დავაიგნორიროთ ამიერკავკასიაში, შეგვიძლია ჩვენ შევქმნათ ისეთი პირობები, რომლის დროსაც ქართველები პრივილეგირებულები გახდნენ სომხეთის და აზერბაიჯანის რესპუბლიკებთან შედარებით? არა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“

ამ შემთხვევაში კომენტარებიც კი ზედმეტია, მათ გარეშეც კარგად ჩანს სტალინის მიდგომა საკითხისადმი. არანაირი პატრიოტული მოტივი მას არ ამოძრავებდა საქართველოსთან მიმართებაში და ეს ბევრჯერ დაუმტკიცებია.

: წყარო :

„Полное собрание сочинений“ Иосиф Виссарионович Сталин (Том 5) – რუსულ ენაზე.
„Полное собрание сочинений“ Иосиф Виссарионович Сталин (Том 5)

: ბმულები :

„ბუდუ მდივნის და მისი ოჯახის ამოხოცვის ისტორია“ – მე-5 ტომში სტალინი რამდენჯერმე ახსენებს თავის უახლოეს თანამებრძოლ ბ. მდივანს, როგორც უკლონისტების ერთერთ ხელმძღვანელს.
http://qronikaplus.ge/?p=8710

პასუხი სტალინის ფანებს
http://legionerebi.com/armia1918/?p=1011

Текст советско-турецкого договора о дружбе и братстве 1921 года
http://www.genocide.ru/lib/treaties/19.htm