1918 წლის 26 მაისს მკვდრეთით აღმდგარი დამოუკიდებელი საქართველო თავისი არსებობის სამი წლის მანძილზე განუწყვეტელ საომარ კამპანიებში იყო ჩართული გარე და შიდა მტრებთან. დემოკრატიული რესპუბლიკის ძირითადი სამხედრო მოწინააღმდეგეები იყვნენ: წითელი რუსეთი, დენიკინის თეთრი არმია, თურქეთი, სომხეთი, ადგილობრივი კომუნისტები, პროთურქულად განწყობილი ისლამისტები, აფსუა და ოსი კომუნისტ-სეპარატისტები. ამ ძალების წინააღმდეგ იბრძოდა შეიარაღებული ძალების ორი სახეობა: სავალდებულო-გაწვევითი რეგულარული არმია (13 ქვეითი ბატალიონი) და მოხალისეთაგან დაკომპლექტებული, კადრირებული სახალხო გვარდია (19 ქვეითი ბატალიონი), საჭიროებისამებრ იქმნებოდა ტერიტორიული პრინციპით დაკომპლექტებული მოხალისეთა დანაყოფები (ქართული ლეგიონი, მთიულების რაზმი, ქართველ მუსლიმთა ესკადრონი, აფხაზების ცხენოსანი რაზმი, პარტიული დანაყოფები და ა.შ.), ჯამში დაახლ. 25.000 წინა ხაზზე მებრძოლი. განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია შეიქმნა 1918 წელს, როდესაც ქართული ფორმირებები 6 მიმართულებაზე, ფაქტიურად ერთდროულად აწარმოებდნენ მოგერიებით ბრძოლას მასზე აღმატებულ მოწინააღმდეგეებთან, ოპერაციათა სპექტრი გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით: დაწყებული სიმეტრიული, დასრულებული ასიმეტრიული ბრძოლის მეთოდებით, ყველა ტიპის გეოგრაფიულ და სამოტივაციო არეში. თვალსაჩინოებისათვის მოვიყვან ძირითადი საბრძოლო მოქმედებების ჩამონათვალს:
1917 წ. – რუსეთის არმიის სამხრეთის ფრონტის ჯარების გარიდება საქართველოდან, შამქორის ბრძოლა, ეთნიკურ-რელიგიური შეტაკებები მესხეთში, არსენა-ლის საარტილერიო საწყობების დაკავება სახალხო გვარდიის მიერ.
1918 წ. – რუსეთის იმპერიის არმიის „ქართული კორპუსის“ პოლკების განიარაღების ოპერაციები თელავში, გორში, ქუთაისში და დუშეთში. ეთნიკური კონფლიქტის დაწყება სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ქვემო ქართლში, ბოლშევიკი ოსების აჯანყების ჩახშობა ქართლის ჩრდილოეთ ნაწილში, აჭარის ოკუპაცია თურქების მიერ, ანარიის ფორტის ბრძოლა; ბრძოლა აფსუა და რუს კომუნისტებთან სოხუმის ოლქში (I ფაზა), კომუნისტი აჯანყებულების განადგურების ოპერაცია სამეგრელოში და ზემო იმერეთში; ჩოლოქის ბრძოლა, ოზურგეთის შტურმი, აწყურის ბრძოლა; ქართული და გერმანული არმიების ერთობლივი ოპერაცია ქვემო ქართლში ისლამისტების წინააღმდეგ, ჩრდ. კავკასიიდან შემოჭრილი ქართველი და რუსი კომუნისტების განადგურება დუშეთის მაზრაში, აფხაზეთის განთავისუფლება (II ფაზა) და სოჭი-ტუაპსეს ოპერაცია, მესხეთის განთავისუფლება თურქი ოკუპანტებისგან, სომხეთ-საქართველოს ომი.
1919 წ. – სოფელ დაგეთ ხაჩინში სომხების მსხვილი ბანდის ლიკვიდაცია, დენიკინის არმიის მიერ სოჭის გარნიზონის დატყვევება და გაგრის აღება, სახალხო გვარდიის მიერ დენიკინის არმიის გაგრის დაჯგუფების განადგურება, კომუნისტების გამოსვლების ჩახშობა დუშეთსა და კახეთში. სერვერ ბეგის აჯანყების ჩახშობა და ქ. არდაგანის განთავისუფლება, სომხური სოფლების განიარაღება აფხაზეთში.
1920 წ. – თეთრგვარდიელთა ე.წ. „ერდელის ჯგუფის“ განიარაღების ოპერაცია ყაზბეგის რაიონში, კომუნისტების თავდასხმა სამხედრო სკოლაზე, რუსეთის წითელი არმიის პირველი თავდასხმა საქართველოზე – აზერბაიჯანის ფრონტი; ბოლშევიკი ოსების აჯანყების სრული ჩახშობა ქართლში; აჭარის საქართველოსთვის გადმოცემის ოპერაცია. ბრძოლა მაღალმთიან აჭარაში ისლამისტების წინააღმდეგ. ლაგოდეხში დისლოცირებული IV პოლკის გაკომუ-ნისტებული ნაწილის განიარაღების ოპერაცია. თეთრგვარდიელთა ფლოტის რეიდი გაგრის რაიონში ე.წ. „ფოსტიკოვის არმიის“ გამოსახსნელად.
1921 წ. – რუსეთ-საქართველოს ომი, ბათუმის ოპერაცია და თურქი ოკუპანტების განადგურება.
განუწყვეტელი ომები მოითხოვდა ისედაც უმძიმეს ეკონომიურ და ადმინისტრაციულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ქვეყნისგან მწირი რესურსების სრულ დაძაბვას და მებრძოლების განსაკუთრებულ თავდადებას. ქართველი ოფიცრები და ჯარისკაცები მედგრად იტანდნენ სირთულეებს, ხშირად მშივრები, ჩაუცმელნი და ცუდად შეიარაღებულები იბრძოდნენ საკუთარი ერის და ქვეყნის დასაცავად. მრავალმა მებრძოლმა შესწირა თავი დამოუკიდებელ საქართველოს. ეს გამოკვლევა პირველი მცდელობაა თავი მოუყაროს ერთ ნაშრომში ქვეყნისთვის თავდადებული მებრძოლების ნაწილს მაინც და გაახსენოს მათ შთამომავლებს თუ როგორ იბრძოდნენ მათი წინაპრები. სამშობლოსთვის და ჩვენთვის შეწირულებმა ერთი საუკუნის შემდეგ მოგვაწვდინეს ბრძოლის ველიდან ხმა … აი ისინიც, 400 გმირი …
გადმოიწერეთ 400 მებრძოლის სახელობითი სია (PDF)