ბორჩალოს ქართულ-გერმანული ექსპედიცია. 9-14 ივნისი. 1918 წ.

1918 წლის აპრილ-მაისის განმავლობაში ოსმალეთის არმიამ ბრძოლით დაიკავა შავშთი, აჭარა, მესხეთი და ქვემო ქართლის დიდი ნაწილი მდინარე ხრამამდე. საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებდა გერმანელებთან ისლამისტების შემოტევის შესაჩერებლად. ოსმალების სარდლობამ ვეჰიბ ბეის მეთაურობით, უარყო ოსმალეთის არმიის ნაწილების შემოჭრა ქვემო ქართლში და ადგილობრივ მოსახლეობას დააბრალა შეიარაღებული გამოსვლა.
გადაწყდა გერმანიის არმიას, ახლად ჩამოყალიბებულ ქართულ სამხედრო ნაწილებს და სახალხო გვარდიას ერთობლივად შეეტია მუსლიმი მოსახლეობის და ოსმალეთის არმიის დანაყოფებისათვის ქვემო ქართლში, საერთო ამოცანით: გაენთავისუფლებინათ ლორეს რაიონი და გასულიყვნენ თბილისის გუბერნიის საზღვართან. ივნისის დასაწყისში სახალხო გვარდიის დანაყოფები განლაგდნენ ტაბახმელას პოზიციებზე, ხოლო ისლამისტები მდინარე ხრამის ნაპირზე.
შეიქმნა დაჯგუფება პოლკოვნიკ სტეფანე ჩხეიძის მეთაურობით რომელშიც შევიდა: ბავერიელ ეგერთა ბატალიონი, სახალხო გვარდიის ბატალიონი და არტილერია, ჯავშანმატარებლების რაზმი, ცხენისანი დივიზიონი და არმიის ახლადფორმირებული ბატალიონი.

9 ივნისი. თბილისის სახალხო გვარდია ვ. ჯუღელის და ა. კონიაშვილის მეთაურობით დაიძრა ტაბახმელადან მდინარე ხრამის მიმართულებით. მათ თან ახლდათ გორის, მცხეთის სახალხო გვარდიის და ფედერალისტების რაზმი.

10 ივნისი. სახალხო გვარდიას ცეცხლი გაუხსნეს მდინარე ალგეთთან. სიტუაციის გამორკვევამდე დაჯგუფება შეჩერდა და მდინარის ჩრდილოეთით გადმოვიდა.

11 ივნისს. ქართულ-გერმანულმა დანაყოფებმა თავი მოიყარეს სანდართან (მარნეული) ახლოს. გენერლები გ. კვინიტაძე, ს. ახმეტელაშვილი და გ. მაზნიაშვილი იმყოფებოდნენ ადგილზე და შეხვდნენ სახალხო გვარდიის შტაბის წევრებს, რომლებიც ცდილობდნენ მოლაპარაკებოდნენ ადგილობრივ მუსლიმ მოსახლეობას. საერთო შეტევა დაიგეგმა მეორე დღეს.

12 ივნისი. გამთენიისას ჯავშანმატარებელი, თბილისის გვარდია, გერმანელების ორი ეშელონი და არმიის ბატალიონი დაიძრნენ რკინიგზით. მათ მარჯვნივ დაიძრა სახალხო გვარდიის დარჩენილი ნაწილი, არტილერია და ცხენოსანი დივიზიონი. პირველივე სოფელმა თეთრი დროშები გადმოკიდა და დაჯგუფება სამ საათიანი მარშის შემდეგ გავიდა მდინარე ხრამთან რომლის გაღმა ნაპირზე მოწინააღმდეგეს თხრილები მოეწყო.
14:00-ზე არტილერიამ გახსნა ცეცხლი. სოფელ ქოშა ქილისასთან გვარდიის არტილერიის მეთაური ვ. შარაშიძე ათ მებრძოლთან ერთად გადავიდა მეორე ნაპირზე, უკან დაბრუნებისას შარაშიძე მოკლეს და რამდენიმე მებრძოლი დაჭრეს, რამაც გვარდიელებში დიდი მღელვარება გამოიწვია. მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა პოზიციური ბრძოლა და დაზვერვა.

13 ივნისი. დილის 5 საათზე დაიწყო საერთო შეტევა. არტილერიამ და ტყვიამფრქვევებმა დაუშინეს წინაწარ გამოვლენილ პოზიციებს. კვინიტაძემ სთხოვა მებრძოლებს გერმანელებზე ადრე აეღოთ ხრამის ხიდი. მოხალისე ჯარისკაცებმა მტრის ცეცხლის ქვეშ სირბილით გადაკვეთეს ხრამის ხიდი და უკუაგდეს მოწინააღმდეგე მეორე ნაპირიდან. რაზეც გერმანელებმა შენიშვნა მისცეს: ძალიან მამაცები კი ყოფილხართ, მაგრამ ბრძოლა არ გცოდნიათო. მათ არ იცოდნენ, რომ ბატალიონი დაკომპლექტებული იყო მოხალისეებით, რომლებსაც წვრთნა არც ჰქონდათ გავლილი. მარჯვენა ფრთაზე სახალხო გვარდიის ცხენოსნებმა ვ. ჯუღელის მეთაურობით გადალახეს მდინარე ხრამი და შეიჭრნენ სოფელში, მოწინააღმდეგე გაიქცა. რამდენიმე ათეული სომეხი მებრძოლი შულავერიდან შემოუერთდა გვარდიას. მათი სიტყვით შულავერი ორი თვე მუსლიმების გარემოცვაში იყო, ხოლო დაბაში 200 ასკერი იმყოფებოდა. ისინი გაქცეულან მას მერე, რაც ქართული არტილერიის ხმა გაიგონეს. ისლამისტების ორგანიზებული წინააღმდეგობა შეწყდა და გვარდია შეულავერში შევიდა, ხოლო მარცხენა ფლანგმა დაიკავა სადგური აშაღა-სერალი.

14 ივნისი. დილის 8 საათზე ჯავშანმატარებლების რაზმი უბრძოლველად შევიდა სადახლოში და ხელთ იგდო 150 ფურგონიანი აღალი 100 ოსმალო ასკერთან ერთად. აღალში ძალით ამუშავებდნენ ვორონცოვკადან წამოყვანილ რუს მოსახლეობას. სადგურ ალავერდთან ჯავშნოსანმა ცეცხლი გაუხსნა ოსმალების ეშელონს და აიძულა დიდი სიჩქარით გაქცეულიყო სანაინისკენ, სადაც პანიკა ატყდა. ეშელონს უკან მიჰყვა ჯავშნოსანი და ქართული ეშელონი. სანაინში ტყვედ ჩავარდა 300 ასკერი, ალაფის სახით დაგვრჩა 300-მდე ცხენი და სურსათის მარაგი. სანაინიდან 8 კილომეტრის მოშორებით ჯავშნოსანი წამოეწია ოსმალების ეშელონს და ცეცხლი გაუხსნა, ტყვედ ჩავარდა 100-ზე მეტი ასკერი, ჯამში 1000-მდე ოსმალო ოფიცერი და ჯარისკაცი. გერმანული დანაყოფები 2-3 სადგურის მოშორებით მიჰყვებოდნენ ქართულ ფორმირებებს და იკავებდნენ პოზიციებს. სომხური, რუსული და გერმანული მოსახლეობა სიხარულით ხვდებოდა ქართულ ჯარს.
ამ ოპერაციის დროს დაიღუპა 7 გერმანელი მებრძოლი, რომლებიც პატივთ დაკრძალეს თბილისში. დაიჭრა 30-მდე.
მოწინააღმდეგენ დაკარგა 40 -ზე მეტი მოკლული და ასეულობით დაჭრილი.
სახალხო გვარდიამ დაუზუსტებელი მონაცემებით დაკარგა 3 მებრძოლი. არმიის დანაკარგი უცნობია.

დამატებითი ინფორმაცია

გერმანიის არმია საქართველოში 1918 წ. (ბორჩალის ექსპედიციის ფოტებით)

ფოტოგალერეა

ამონარიდები პრესიდან

წყარო

– 1918 წლის პრესა
– ვ. ჯუღელის მოგონებები
– გ. კვინიტაძის მოგონებები