პოლკოვნიკი გიორგი კობეშავიძე (? – 01.05.1918)

პროფესიონალი სამხედრო გიორგი კობეშავიძე პოდპორუჩიკის წოდებით ჩაება პირველ მსოფლიო ომში, იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე გერმანელების წინააღმდეგ, სადაც რამდენიმე ჯილდო დაიმსახურა და პოდპოლკოვნიკის წოდებას მიაღწია. 1917 წლის სექტემბერში დაბრუნდა სამშობლოში და აბასთუმნის დამცველი რაზმის მეთაურად დაინიშნა. მესხეთში დიდი არეულობა დაიწყო, ადგილობრივ მოსახლეობას ისლამისტების თავდასხმებისგან იცავდნენ შალვა მაღლაკელიძის მიერ ადგილზე ჩამოყალიბებული ქართული ფორმირებები, რომლებსაც მოხალისედ შეუერთდნენ ოფიცრები გენერალ აბელ მაყაშვილის მეთაურობით. სწორედ ამ ჯგუფში იყო ქართული კორპუსის 11-ე პოლკის პოლკოვნიკი გიორგი კობეშავიძეც, რომელიც პირადი ინიციატივით შუერთდა მესხეთის დამცველებს.
ქართველი მებრძოლების ჯგუფი ფეხით ჩავიდა ბაკურიანიდან სოფელ სარომდე და დაიკავა პოზიციები. ისლამისტებმა ღამით დაიკავეს სიმაღლეები და მოემზადნენ ქრისტიანულ სოფლებზე შესატევად. კობეშავიძემ დანაყოფები სამ კოლონად დაყო და შეტევაზე გადავიდა. ძირითადი კოლონა სოფელ ხიზაბავრადან გადავიდა შეტევაზე, შეძლო გაბატონებული სიმაღლის ჩრდილოეთ ფრთის დაკავება. რაზმს ნებისმიერ ფასად, დაღამებამდე უნდა დაეკავებინა მიმდებარე სიმაღლეები, წინააღმდეგ შემთხვევაში ალყა არ ასცდებოდა. დღის ორ საათზე პოზიციებზე კობეშავიძე ავიდა და გაამხნევა მებრძოლები: “ბიჭებო ნუ გეშინიათ, აგერ როგორ დავდივარ, ტყვიაც არ მხვდება, ხიშტით შევუტიოთ და ერთ საათში გადავრეკავთ აქედან”-ო.
შეტევაზე გადასულმა ქართულმა დანაყოფებმა მოწინააღმდეგის მესამე პოზიციაც დაიკავეს როდესაც ხმა გავარდა მეთაური დაჭრესო. კლდესთან იწვა მძიმედ დაჭრილი პოლკოვნიკი და მებრძოლებს ამხნევებდა: “აბა თქვენ იცით ბიჭებო, მაგრამ ერთს კი გთხოვთ, აქ ნუ დამტოვებთ და კახეთში წამასვენეთო”. ორი საათის შემდეგ მოწინააღმდეგე დამარცხდა და გაიქცა.
კობეშავიძე სასწრაფოდ წაიყვანეს ბორჯომისკენ, მაგრამ შორს წასვლა არ დასცალდათ, მის მიერ გადარჩენილ სოფელ ვარგავში შეწყდა მამაცი ოფიცრის სიცოცხლე.
მესხეთმა რამდენიმე მძიმე ბრძოლა გადაიტანა 1918-1919 წლებში, მოწინააღმდეგემ გადაწვა ქართული სოფლები და აყარა მოსახლეობა, მაგრამ მესხეთში დღემდე ამაყად ფრიალებს ქართული დროშა და მრავალთა შორის ეს კობეშავიძის დამსახურებაცაა, რომელიც ვალმოხდილი განისვენებს მშობლიურ კახეთში.

: წყარო :

– გაზეთი “ერთობა”, 1918 წ. N113
– გენერალ შალვა მაღლაკელიძის მოგონებები (ვ. რცხილაძე. 1994 წ.)