ბრძოლა ხულოში და გოდერძის უღელტეხილთან. ივნისი 1920 წ.

აჭარა საქართველოს ჯარებმა 1920 წლის 7 ივლისს უბრძოლველად დაიკავეს, მაგრამ მთლიანობაში ოპერაციამ უსისხლოდ არ ჩაიარა.
ივნისში, საწყისი პოზიციების გაუმჯობესების მიზნით ქართული არმია შევიდა ხულოში, რასაც შეიარაღებული შეტაკებები მოჰყვა. საკითხი გამოკვლელული არ არის და ამ ეტაპზე გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” (1920 წ. N127-129) გამოქვეყნებული ზოგადი ინფორმაციით შემოვიფარგლებით.
ხულოში განლაგებული არმიის მცირერიცხოვანი რაზმი შეავსეს გორის მაზრიდან გაწვეული სათადარიგო ჯარისკაცებით. თურქების მიერ წაქეზებულმა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა ალყაში მოაქცია რაზმი და ბრძოლა 5 დღის მანძილზე გრძელდებოდა. სათადარიგოების ნაწილმა უარი განაცხადა ბრძოლაზე და მოლაპარაკებებიც კი წამოიწყო ბანდებთან. რაზმს ტყვიაწამალი გამოელია და ტყვედ ჩავარდა.
გოდერძის უღელტეხილიდან ხულოში ალყაშემორტყმულების მისახმარებლად გაიგზავნა სათადარიგო ჯარისკაცების მეორე რაზმი, რომლებმაც პირველივე დღეს მოულოდნელად მიატოვეს ფრონტი და უკან დაბრუნდნენ. შედეგად უღელტეხილი მოწინააღმდეგემ დაიკავა. დეზერტირები განაიარაღეს და საგანგებო საველე სასამართლომ 8 მათგანი დახვრიტა.
12 ივნისს ბახმაროს მიმართულებაზე ზოტი-ყელის სექტორში მოხდა შეტაკება მესაზღვრეებსა და ისლამისტებს შორის. დაიღუპა ერთი და დაიჭრა ერთი მესაზღვრე. ისლამისტებმა დაკარგეს 6 მოკლული და 27 ტყვედ ჩავარდა.
პარალელურად მიმდინარეობდა ცხინვალის და ჯავის რაიონების კომუნისტი ტერორისტებისგან გაწმენდის ოპერაცია და ძირითადი ყურადღება ქართლისკენ იყო მიპყრობილი.
21 ივნისის მდგომარეობით აჭარის აღმოსავლეთ მიმართულებაზე დისლოცირებული იყო: არმიის მეცხრე პოლკი, ქართველ მუსულმანთა ესკადრონი და ახალციხის მესაზღვრეთა რაზმი N3.

წყარო:
– “საქართველოს რესპუბლიკა” 1920 წ.