საბრძოლო მოქმედებები 1920 წლის მაისში აღმოსავლეთის ფრონტზე
1920 წლის აპრილში საქართველოში ძალიან რთული სამხედრო მდგომარეობა შეიქმნა. ჩრდილოეთიდან ჩვენს საზღვრებს წითელი არმია მოადგა, რომელმაც დაამარცხა თეთრგვარდიელების მოხალისეთა არმია. დამატებითი ქართული სამხედრო ნაწილები განლაგდნენ გაგრის და სტეფანწმინდის რაიონებში, ხოლო ცხინვალის რაიონში შეიყვანეს სახალხო გვარდიის ორი ბატალიონი. ახალი დასრულებული იყო ოსეთიდან გადმოსული თეთრგვარდიელების გენერალ ერდელის ჯგუფის (დაახლ. 8-10.000 ადამიანი) განიარაღება-დაბინავების ოპერაცია.
პარალელურად სიტუაცია დაიძაბა აჭარასა და მესხეთში (ბრიტანელების გასვლის და თურქების გააქტიურების გამო), რამაც დამატებითი ქართული ნაწილების კონცენტრაცია მოითხოვა. აზერბაიჯანის სწრაფმა ოკუპაციამ წითელი არმის მიერ (3 დღეში), სიტუაცია უკიდურესად დაამძიმა, რადგან მოსალოდნელი იყო იოლი გამარჯვებით გათამამებული წითელი არმიის თავდასხმა საქართველოზე და კომუნისტების აჯანყება თბილისში. რაც გაითვალისწინა მთავრობამ და უკვე 28 აპრილს დამეტებითი მობილიზაცია გამოაცხადა. გთავაზობთ 1920 წლის მაისის ომის ქრონოლოგიას.
27-29 აპრილი - აზერბაიჯანის ოკუპაციის გამო გამოცხადდა მობილიზაცია და გენერალმა გ. კვინიტაძემ შეიარაღებული ძალების საომარი შტატით გაშლის ბრძანება გასცა. გაიცა წითელი და ფოილოს ხიდების დაკავების ბრძანება, რომლებიც მთლიანად კონტროლდებოდა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ. აზერბაიჯანის მთავრობის დახმარებით ფოილოს ხიდი ქართულ ნაწილებს იოლად დაექვემდებარა. წითელ ხიდთან კი შეხლა-შემოხლა მოხდა, რადგან აზერბაიჯანელები ინფორმირებულები არ იყვნენ კავშირის არქონის გამო.
ნავთლუღში განლაგებული იყო გვარდიის კახეთის II ბატალიონი და არტილერია. კვინტაძემ ორივე ეს ნაწილი გადაისროლა წითელი ხიდის მიმართულებით და დაუმატა გვარდიის ცხენოსანი დივიზიონი (გ. ხიმშიაშვილი). ფოილოს ხიდისკენ დაძრეს არმიის ბატალიონი პოლკოვნიკ კონჩუაშვილის მეთაურობით. ხიდი სასწრაფოდ დაინაღმა და ორივე მხარეს ქართული პოსტები განლაგდა. ამ დროს;
- გაგრის ფრონტზე სიმშვიდეა.
- ბათუმის ოლქში ინგლისის სარდლობის თანხმობით ჩვენი ჯარის ნაწილების მიერ დაკავებულია ალამბარი.
1 მაისი - წითელი არმიის 32-ე დივიზიის მეწინავე დანაყოფმა გადმოლახა საზღვარი, დაიკავეს პოზიციები წითელ ხიდთან და შეავიწროვეს ჩვენი სასაზღვრო პოსტი.
2 მაისი - წითელ ხიდთან მიმდინარეობს შეტაკება.
ღამით თბილისში სამხედრო სკოლაზე მოხდა კომუნისტების თავდასხმა. დაიღუპა იუნკერი მაყაშვილი და დაიჭრა სამი ჯარისკაცი. დაიღუპა ორი თავდამსხმელი, ერთი დაიჭრა და რამდენიმე ტყვედ ჩავარდა, რომლებსაც სასამართლომ დახვრეტა მიუსაჯა. თავდასხმაში 30-ზე მეტი კომუნისტი მონაწილეობდა. მოკლულების და დაჭერილების სია: პეტროს მუშეგიანცი, მიქელ ერემიანცი, რაფელ არუთინიანცი, არტაშეს ბრინძიანცი, პატი პაპაიანცი და აშარაკ მანუკიანცი. ყველანი გამოცდილი ტერორისტები.
4 მაისი - ფოილოს ხიდთან რუსების ასეულმა იერიშის იმიტაცია მოაწყო. ქართულმა პოსტებმა ცეცხლი არ გახსნეს.
5 მაისი - ღამის 03:30-ზე ფოილოს ხიდს მოადგა მტრის ჯავშანმატარებელი, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა მესაზღვრეებს. შტაკებაში ჩაერთო ქვეითი ნაწილები, შევიწროვებული ქართული პოსტი მეორე ნაპირზე გადმოვიდა და მესანგრეებმა ხიდი ააფეთქეს. მაიორ მახარაძის საარტილერიო ბატარეამ ზუსტი ცეცხლით დააზიანა მტრის ჯავშანმატარებელი.
წითელ ხიდთან მტერი შეტევაზე გადმოვიდა არტილერიის გამოყენებით. შეტაკებაში მოკლეს 6 და დაჭერეს 17 ქართველი მებრძოლი. კახეთის ბატალიონმა უკან დაიხია, მაგრამ ცხენოსანი დივიზიონი აქტიურად ამოქმედდა მოიერიშე რუსების ფლანგზე სადახლოს სექტორში. ქართულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს მტრის პოზიციები.
6 მაისი - რუსებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს ქართულ პოზიციებს ფოილოს ხიდთან. სხვა მიმართულებები:
- დარიალის, როკის და მამისონის უღელტეხილებზე სიმშვიდეა.
- გაგრის ფრონტზე კაზაკების პოზიციები წითლებმა დაიკავეს და აღმართეს დროშა.
- ბათუმის და არტაანის მიმართულებით ფრონტის ცვლილება არ მომხდარა. ჩვენმა ჯარმა დაიკავა ქ. ართვინი.
7-8 მაისი - საღამოხანს წითელი ხიდის რაიონში მტრის ცხენოსანი ჯარი ქვეითების მხარდაჭერით შეტევაზე გადმოვიდა. კახეთის ბატალიონი აირია და მდინარე ხრამისკენ გაიქცა. კვლავ აქტიურად იბრძვის ცხენოსანი დივიზიონი და აკავებს მოწინააღმდეგეს. კახეთის ბატალიონის ის წევრები რომლებიც სადგურ სანდარში ჩავიდნენ, განაიარაღეს და დააპატიმრეს.
ღამით ფოილოსთან შაშხანებიდან და ტყვიამფრქვევით უშენდნენ ქართულ პოზიციებს.
- დანარჩენ ფრონტებზე სიწყნარეა.
9 მაისი - საღამოს ტაკიალის რაიონში გამოჩნდა მტრის რაზმი, რომელიც ვახმისტრ შელიას დანაყოფმა უკუაგდო. შეტაკებაში დაიღუპა წითლების რაზმის მეთაური.
ფოილოს რაიონში გრძელდება პოზიციური ბრძოლა.
ლაგოდეხის აღმოსავლეთით განლაგებულ სასაზღვრო რაზმს თავს დაესხნენ შეიარაღებული ლეკები. სროლის დროს მოკლეს საგუშაგოს უფროსი, ლეიტენანტი ყიფიანი, ლეკები დიდი ზარალით უკუიქცნენ.
სადახლოს ხიდის გასაკონტროლებლად შეიქმნა მარჯვენა ფრთა (გ. კვინიტაძე), ხოლო წითელი ხიდის მიმართულება იქცა მარცხენა ფრთად (ვ. ცომაია).
10 მაისი - სახალხო გვარდიის საბრძოლო ჯგუფებმა (თბილისის საგანგებო, სამეგრელოს I და კახეთის II ბატ. და ცხენოსანი ესკადრონი,) ძლიერი კონტრშეტევა დაუწყეს და მტერი 7-8 კილომეტრით უკუაგდეს. დაიღუპა 1 და დაიჭრა 21 გვარდიელი. ავიაცია ბომბავდა მოწინააღმდეგის ზურგს და ყრიდა პროკლამაციებს ზავის შეკვრის შესახებ.
11 მაისი - სადახლოდან წამოსულმა ხიმშიაშვილის ცხენოსანმა დივიზიონმა გაიარა ყაჩაღანი და განლაგდა ბაბაქიარის ქედის გასწვრივ, სადაც შეეტაკა მოწინააღმდეგის ცხენოსან ნაწილებს. სახალხო გვარდიის რეზერვები ვ. ჯუღელის და შტაბის მეთაურობით ჩავიდნენ ფრონტზე. თავი მოიყარა ექვსმა ქვეითმა ბატალიონმა.
12 მაისი - ღამის 3 საათზე, მძიმე მეტეოპირობებში (წვიმდა და ციოდა) სახალხო გვარდია საერთო შეტევაზე გადავიდა და დაიკავა წითელი ხიდი. ხიმშიაშვილის ჯგუფმა აიღო ბაბაქიარის ქედი და ცეცხლი გაუხსნა წითელ ხიდთან შეჯგუფულ წითელი არმიის 32-ე დივიზიის ნაწილებს და არტილერიას. რუსები უკუიქცნენ და შეეცადნენ სოფელ შიხილთან მდებარე სიმაღლის დაკავებას, მაგრამ გვარდიის საარტილერიო დივიზიონმა 12 ქვემეხით ძლიერი ცეცხლით არ მისცა ამოცანის შესრულების საშულება. ბრძოლაში დაიღუპა 10-ზე მეტი გვარდიელი. ქართულმა შენაერთებმა დაიკავეს წითელი ხიდი და სოფელი შიხილი.
გ. კვინიტაძემ ფრონტი გენერალ ჯიჯიხიას გადააბარა, ამოცანები დაუსახა და თბილისში დაბრუნდა.
13 მაისი - დილიდან შეტევა გაგრძელდა, მოწინააღმდეგემ განაგრძო უკანდახევა მდინარე ინჯასუმდე. ქართული ნაწილები შევიდნენ სოფელ ასლამბეგში.
14 მაისი - ვ. ჯუღელი დაბრუნდა თბილისში დამხმარე ძალების საკითხის გასარკვევად, რადგან გვარდიის 2.000 მებრძოლიანი მეწინავე დაჯგუფება საკმარისი აღარ იყო, მოწინააღმდეგე ძალებს იკრეფდა. მდინარე ინჯასუ იქცა შეხების ხაზად, გადაწყდა გადაღლილი ჯარისკაცების ორი დღით შესვენება. შეტევა 16 მაისს უნდა განახლებულიყო, რუსები კონტრშეტევაზე გადმოვიდნენ, მაგრამ უკუაგდეს.
13-14 მაისის შეტევისას ნადავლის სახით დაგვრჩა 3 ტყვიამფრქვევი, სამზარეულოები, ამუნიციის საწყობი 20.000 ვაზნით, სურსათის მარაგი და საქონლის რამდენიმე ჯოგი. რამდენიმე ათეული რუსი ტყვედ ჩავარდა.
შეტაკება მოხდა ფოილოს ხიდთანაც, სადაც საარტილერიო დუელი გაიმართა.
15 მაისი - რუსებმა დილიდან მძლავრად შემოუტიეს გვარდიას, მარჯვენა ფრთაზე იმერეთის II ბატალიონმა უკან დაიხია, რამაც სხვა დანაყოფების უწესრიგო უკანდახევა გამოიწვია და ფრონტი მოიშალა. ქართული ნაწილები წითელ ხიდთან, სოფელ შიხილის ხაზზე შეგროვდნენ. საარტილერიო დაბომბვაში მოყვა კახეთის ბატალიონი, დაიჭრა ბატალიონის მეთაური ი. პრუსეცკი და რამდენიმე ოფიცერი. გ. კვინიტაძე სასწრაფოდ ჩავიდა საბრძოლო მოქმედებების რაიონში.
16 მაისი - გვარდიის ნაწილები მოწესრიგდნენ და ელოდებიან დამხმარე ძალას. რუსებმა დაიკავეს კაკილის მთა (სიმაღლე 730,5), რომელიც შიხილის გადმოჰყურებს დასავლეთიდან და 4-5 კილომეტრით არის დაშორებული სოფლებს.
17 მაისი - ძლიერი კონტრშეტევით დავიბრუნეთ კაკილის მთა. საარტილერიო ცეცხლის თანხლებით შეტევაზე გადასულმა გვარდიამ მტერი უკუაქცია, რუსებმა მიატოვეს დაჭრილები, აღალი და გაიქცნენ. ერთი რაზმი ტყვედ ჩავარდა.
18 მაისი - ფრონტზე შედარებით სიწყნარეა. მოდის ძლიერი წვიმა. ქართული ფორმირებები აკონტროლებენ კაკილის მთას, შიხილის ზონას და სოფელ ასლანბაილის მიმდებარე სიმაღლეებს. სადახლოში ჩამოვიდა არმიის 3 პოლკი (I, VII და V, საარტილერიო დივიზიონი) და სამხედრო სკოლის შერეული ბატალიონი, ეს დაჯგუფება პოლკოვნიკ ა. ჩხეიძეს დაუქვემდებარეს. თავდაცვის მინისტრი გ . ლორთქიფანიძე და მთავარსარდალი გ. კვინიტაძე შტაბით ადგილზე იყვნენ, შეტევა 19 მაისს იყო დაგეგმილი, მაგრამ მთავრობამ გადაწყვიტა შეტევის გადადება და მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყება. ბრძანებამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ჯარებში, მაგრამ შესრულდა.
19 მაისი - საგარეჯოს აღმოსავლეთით სასაზღვრო პოსტთან მოხდა შეტაკება, დაიღუპა 4 თავდამსხმელი, ჩვენი მხირდან დაიჭრა ერთი მოხალისე. მოწინააღმდეგის პოსტი მოიხსნა და ზურგში გადავიდა.
21 მაისი - საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობათა შეთანხმებით აღმოსავლეთ ფრონტზე შეწყდა საბრძოლო მოქმედებები.
26 მაისი - შეთანხმების თანახმად, ქართული ნაწილები დაუბრუნდნენ თბილისის გუბერნიის ძველ საზღვრებს, ხოლო კაკილის მთა - შიხილის ზონა გამოცხადდა ნეიტრალურად. წითელ ხიდთან შეიქმნა შერეული პოსტი, შიხილში განლაგდა შერეული ქართულ-რუსული ასეული. ბაბაქიარის ქედზე მოეწყო სანგრები, სადაც ქართული დანაყიფები განლაგდნენ.
საბრძოლო მოქმედებები შეგვიძლია შევაფასოთ როგორც დაზვერვა ბრძოლით, სადაც რუსებმა შეამოწმეს ქართული პოლიტელიტის (მოლაპარაკებები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა), ხალხის (თბილისში აჯანყების მცდელობა) და შეიარაღებული ძალების მზაობის, ორგანიზების და მოტივაციის დონე. ოპერაციის ძირითადი მიზანი არ იყო თბილისის აღება, თუმცა სერგო ორჯიკონიძეს სწრაფი წინსვლის და თბილისში შეჭრის იმედი ჰქონდა.
გვარდიის დანაკარგებმა შეადგინა: 53 მოკლული, 86 დაღუპული ავადმყოფობისგან, 252 დაჭრილი, 439 დაავადებული, 65 ტყვე, ანუ წინაზე ხაზზე მყოფი გვარდიული ნაწილების დაახლ. 35%.
დღევანდელი მდგომარეობით ბაბაქიარის ქედს აზერბაიჯანის არმია აკონტროლებს, მოწყობილია ტრანშეები და სანგრები. სომხეთის საზღვართან ახლოს მდებარე კაკილის მთა ასევე აზერბაიჯანის არმიის კონტროლქვეშაა, სიმაღლეზე საკმაოდ დიდი საყდენი პუნქტია მოწყობილი.
წყარო:
„მძიმე ჯვარი“ (ვ. ჯუღელი) 1920 წ.
„ჩემი მოგონებები“ (გ. კვინიტაძე)
ქართული პრესა. 1920 წ.