1921 წლის ომში დამარცხების მიზეზები

რატომ დამარცხდა 1921 წლის ომში საქართველო? აქ მოყვანილია ძირითადი მიზეზები მათი მნიშვნელობის მიხედვით. 1918-1921 წლების ანალიზი ძალიან დაგვეხმარება დღევანდელი სიტუაციის ადექვატურ შეფასებასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში:

N1 საერთაშორისო “სამხედრო ფარის” და სამხედრო დახმარების არქონა

მას შემდეგ რაც მოკავშირეთა საჯარისო დანაყოფებმა (ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია) 1920 წლის ზაფხულში დატოვეს საქართველო, დავკარგეთ უსაფრთხოების “საერთაშორისო ფარი”, რომელიც დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. თუმცა მსოფლიოში პირველი სოციალ-დემოკრატიული მთავრობის საჭირო როდენობის შეიარაღებით დახმარების სურვილი არავის გამოუჩენია და მიუხედავად განუწყვეტელი მცდელობებისა იარაღით თითქმის არავინ დაგვხმარებია. პირველი მსოფლიო ომის შედეგები ევროპაში უმძიმესი იყო როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიურად და პერიფერიებზე წარმოქმნილი ახალი პატარა ქვეყნების პრობლემები პრიორიტეტების ჩამონათვალში სადღაც ბოლოში იყო, განსაკუთრებული გულგრილობით გამოირჩეოდა ინგლისი, რომელსაც რესურსებით მდიდარ რუსეთთან მოსალოდნელი ახალი სარფიანი სავაჭრო გარიგებების ფონზე კავკასია დიდად არ აწუხებდა და მიუხედავად მათი საგარეო საქმეთა სამინისტროს დიდი მცდელობებისა ბოლშევიკების ახალ იმპერიასთან გარიგება არჩიეს ახალი დამოუკიდებელი ქვეყნების მხარდაჭერას.
1921 წლის 27 იანვარს “მოკავშირეთა უმაღლესმა საბჭომ” ფრანგების მოწადინებით დეიურე სცნო ჩვენი დამოუკიდებლობა, მაგრამ საგარეო “სამხედრო ფარის” არქონის გამო, ამ აქტმა უარესი შედეგი გამოიღო და მკვეთრად დააჩქარა საქართველოს ოკუპაცია, ბოლშევიკები უფრო ენერგიულად ამოძრავდნენ, გარისკეს და ზუსტად ორი კვირის შემდეგ დაგვესხნენ თავს. 1921 წლის 16 იანვარს საფრანგეთის პრემიერ მინისტრი გახდა სოციალისტი არისტიდ ბრიანი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება დაგვხმარებოდა, მაგრამ ფიზიკურად ვეღარ მოესწრო ფრანგული შეიარაღების მოწოდება, სამაგიეროდ ფრანგებმა დავიდარაბის შემდეგ კონსტანტინოპოლიდან შეღავათიან ფასად მოგვაწოდეს რუსეთის ყოფილი “თეთრი არმიის” 10.000 შაშხანა და 350 ტყვიამფრქვევი (დიდი ნაწილი მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეკეთებას საჭიროებდა, მაგრამ უფრო ახლოს არაფერი არ იყო). ფრანგული ფლოტი (ადმ. დუმენსილი) მონაწილეობდა ომში და მძლავრ საცეცხლე დახმარებას უწევდა გენერალ ართმელაძის დაჯგუფებას აფხაზეთში, აფერხებდა რა წითლების წინსვლას დასავლეთში. აღსაღნიშნავია, რომ 1920 წლის ზაფხულში დაგვრჩა ინგლისიდან სომხეთის ჯარისთვის მიწოდებული შეიარაღების 27%: 6.700 შაშხანა (კანადური Ross Rifle Mk II – III და ენფილდები), 108 ტყვიამფრქვევი, 15 მლნ ვაზნა, უნიფორმები, კონსერვები და ა.შ.
დასკვნა: რუსეთი არ დაგვესხმებოდა თავს, თუ საქართველოში დარჩებოდა მოკავშირეთა ჯარი. ბოლშევიკების განუწყვეტელი მცდელობები აეჯანყებინათ აფსუები, ოსები და ადგილობრივი ბოლშევიკები კრახით მთავრდებოდა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის და სახალხო გვარდიის ეფექტური მოქმედების შედეგად, ანუ საქართველოს ჩამოქცევა შიდა დაპირისპირებით და ასიმეტრიული მეთოდებით შეუძლებელი აღმოჩნდა. დარჩათ ერთადერთი გზა: სიმეტრიული ომი და ოკუპაცია!

N2 ჯარების მატერიალური მდგომარეობა

ეს მიზეზი პირდაპირ კავშირშია პირველთან, რადგან იარაღს არ ვაწარმოებდით (იყო მცდელობა იტალიური სამხედრო ქარხნების საქართველოში გახსნის, მაგრამ ვერ მოესწრო), ხოლო სხვაზე დამოკიდებული ძალიან ხშირად ცუდად ამთავრებს (ტრაგიკომედიაა რომ 30 წელია დამოუკიდებლები ვართ და განსხვავებით მეზობლებისგან, თითქმის არაფერს არ ვაწარმოებთ, ვაზნებსაც კი არა). სახელმწიფო ბიუჯეტის 36% (!) იხარჯებოდა სამხედრო სამინისტროზე, მაგრამ ჯარების მატერიალური მდგომარეობა მაინც ძალიან ცუდი იყო. კატასტროფულად გვაკლდა ვაზნები, ჭურვები, აღკაზმულობა, ტანსაცმელი, საკვები და ა.შ. ამას მოწმობენ როგორც საარქივო მასალები, ასევე საგაზეთო პუბლიკაციები, საბრძოლო მოქმედებების მონაწილეთა მოგონებები და ტაბახმელას არქეოლოგიური გათხრები.
სიტუაცია იქამდე მივიდა რომ 1920 წლის შუიდან “არსენალში” ოსმალურ ტყვიას კუსტარულად არგებდნენ რუსულ მასრას და ასე ქმნიდნენ მარაგებს. ბრძოლის დროს გასროლილ მასრებს აგროვებდნენ და ხელახლა ტენიდნენ, რა თქმა უნდა ასეთი ვაზნების ხარისხი და სიზუსტე ძალიან დაბალი იყო. ვაზნების დაზოგვის მიზნით აკრძალული იყო შორ მანძილებზე სროლა. სამხედრო სამინისტროს 100 ერთეულზე მეტი საარტილერიო საშუალება ჰქონდა, მაგრამ ომში მათი ნაწილი გამოიყენებოდა ჭურვების არქონის მიზეზით.
გაუსაძლისი მდგომარეობის გამო ბევრი ახალწვეული და მობილიზირებული გარბოდა ჯარიდან და დეზერტირობდა. მობილიზაციით გაწვეული ა. ხაბურზანია ასე აღწერს საკვების გაცემას ბათუმის რაზმში: “სამზარეულოში ბევრი ჯარისკაცი მოგროვილიყო, მით თუ როგორ ედავებოდნენ ისინი მზარეულს ულუფაზე და რამდენად ხარბად და მადიანად იწყებდნენ ჭამას საჭმლის მიღებისთანავე, ადვილად შეიმჩნეოდა რომ შიოდათ და საჭმელი არ ყოფნიდათ. საუზმე მართლაც ძალიან ღარიბული იყო: ძვლების ნახარშზე მომზადებული წყალყალა ბორშჩი და სქლად მოზელილი ნახევრად უმი მჭადის ნაჭერი”. ახალწვეული აკაკი ვასაძე ასე აღწერს მე-9 ბატალიონის კვებას: “დილით ჩაი სახარინით და გაფიცხებული ჭადით .. სადილზე: ლობიო და გაუცრელი ფქვილის ჭადი .. საღამოს ისევ ჩაი სახარინით .. ერთ კვირაში ისე გავხდი, რომ ერთხელ, მარინის ქუჩაზე მიმავალი კუკური პატარიძემ ვერც მიცნო: რა მოგსვლია აკაკი! ყურებში სანთელი გაგდის!” მოხალისე გივი ღამბაშიძე 24 თებერვალს ფონიჭალაში: “ნინო გელოვანმა შემიყვანა ოთახში და თბილისიდან მოსული ამანათი მომცა. როგორც გიჟი ისე შევექეცი ყოველივე საჭმელს რაც შიგ იყო. ნინო უცნაურად მიყურებდა”.

“ეშმაკის მათრახი” 1920 წ. კარიკატურა ქართულ ჯარზე

წითელი არმია კიდევ უფრო უარეს დღეში იყო აღკაზმულობის და საკვების მხრივ, მაგრამ შედარებით კარგად იყო უზრუნველყოფილი შეიარაღებით და ამუნიციით. აღსაღნიშნავია, რომ 1921 წელს საქართველოს წითელი არმია მკვეთრად შეამცირეს 6-7.000 კაცამდე, ტანსაცმელ-აღკაზმულობის არქონის და პირადი შემადგენლობის შენახვის სიძვირის გამო.

სამხედრო ხარჯების მოცულობა 1919-1920 წლებში
თბილისის არსენალის საწყობის აღწერა. 21.07. 1918 წ.
სოხუმის I სანაპირო რაზმის მდგომარეობა 14.12.1920-02.01.1921
7 მითი რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომზე
როგორ იკვებებოდნენ პირველი რესპუბლიკის ჯარში

სახელმწიფო შემოწმების ანგარიშიდან აფხაზეთში განლაგებული ჯარის მდგომარეობის შესახებ

N3 ჯარების დემობილიზაცია და გაწვევის დაწყება

შეიარაღებული ძალების რიგითი შემადგენლობა სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიოდა, რომლის ვადა 1,4 წელი იყო. 1920 წლის შემოდგომით ჯარი და სახალხო გვარდია პოზიციებზე იდგა სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტზე (ლორე და ქვემო ქართლი), რადგან ოსმალეთი თავს დაესხა სომხეთს და შეიძლებოდა საქართველოშიც შემოჭრილიყო. როდესაც ამ საფრთხემ გადაიარა და ბოლშევიკებიც წყნარად იყვნენ, ჯარებში დაიწყო უკმაყოფილება, რადგან ძალიან გადაუცდათ სამსახურის ვადა (გაიწვიეს 1919 წლის აპრილში). უკმაყოფილება იყო სახალხო გვარდიაშიც, რომელიც 1920 წლის მაისიდან (!) იყო მობილიზირებული და ჯერ აზერბაიჯანის მიმართულებაზე ებრძოდა ბოლშევიკებს, ხოლო შემდეგ ახშობდა ოსების მორიგ აჯანყებას ივნისში. თუ საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, არ შეიძლება მოხალისეების თვეობით მოწყვეტა სამოქალაქო ცხოვრებიდან (სკოლებიდან, ფერმებიდან, ქარხნებიდან და ა.შ.), განსაკუთრებით მიწის სამუშაოების დროს (გვარდიელების უმეტესობას მიწაზე მომუშავე მშრომელი ხალხი შეადგენდა), სრული დროით სამოქმედოდ არსებობს რეგულარული ჯარი, რომელსაც მოხალისეები უბრალოდ აძლიერებენ გარკვეული ვადით. ამიტომ პირადი შემადგენლობის ნაწილობრივ მაინც გამოცვლის მიზნით ნოემბრიდან ჯარში გაიწვიეს ოთხი ასაკის (1890-1893 წ.) სათადარიგო ჯარისკაცები და ოფიცრები.


თებერვალში შექმნილ სიტუაციას ასე აღწერს მე-5-ე ბატალიონზე მიწერილი თადარიგის ოფიცერი რამიშვილი, რომელიც ლორეში, სოფელ ახპატში გაუშვეს: “მთავრობამ დემობილიზაცია დაიწყო და ორი წლის წვევამდელები, ჩემს მისვლამდე (ადგილზე 2 თებერვალს ჩავიდა, ომის დაწყებამდე 10 დღით ადრე) სახლებში გაეშვათ. დარჩენილებიც დღითი-დღე დემობილიზაციას მოელოდნენ. ვხედავდი რომ მეც ტყუილად ვიყავი გაჩხერილი ნაწილში და ჩემი გაწვევის საჭიროება აღარ იყო .. რაკი საბოლოო დემობილიზაციის მოლოდინში ვიყავით, მეც ნაწილში დავრჩი იმ მოსაზრებით, რომ ყველა ერთად მოვიხსნებით ფრონტიდან და თბილისში ერთად დავრბუნდებით მეთქი”. მე-5-ე ბატალიონის და რამიშვილის ტყვედ ჩავარდნის ისტორია იხილეთ აქ
ხშირად ისმის აბსურდული ბრალდება თითქოს მთავრობას მობილიზაცია არ ჩაუტარებია, სინამდვილეში პირიქით იყო: გამუდმებული მობილიზაციის გამო ეკონომიკა რთულ მდგომარეობაში ჩავარდა და ჯარებშიც უკმაყოფილება დაიწყო!
გენშტაბმა მე-11-ე არმიის სარდლის, ჰეკერის მოხსენების შესწავლის შემდეგ ჩათვალა რომ ბოლშევიკები აპრილამდე არ დაგვესხმოდნენ თავს და იანვარში დაიწყო ნაწილობრივი დემობილიზაცია, ხოლო 6-15 თებერვალს დაიგეგმა 1900 წელს დაბადებული ახალწვეულების გაწვევა.

აღსაღნიშნავია რომ სხვადასხვა მიზეზების გამო გამწვევმა კომისიებმა 25 თებერვლამდე მოითხოვეს გაწვევის გაგრძელება. რკინიგზით გადასაყვანი იყო 14.528 ახალწვეული, რაც ხაზების გადატვირთვას იწვევდა.

ამასთან 1920 წლის ნოემბრიდან 1921 წლის იანვრამდე ჯარიდან გაიქცა 2.707 ახალწვეული და სათადარიგო ჯარისკაცი, რომელთა მოძებნასა და უკან დაბრუნებაზე ძალიან დიდი ენერგია და დრო იხარჯებოდა. რეგულარულ ჯარში ომის დაწყებისას იყო 22-24.000 ოფიცერი და ჯარისკაცი, ხოლო გვარდიაში 10.000-მდე, ანუ ჯამში დაახლ. 32-34.000.
ამგვარად ომის წინ რეგულარულმა ჯარმა დაკარგა გამოცდილი ახალგაზრდა მებრძოლების და სერჟანტების საკმაო ნაწილი, შეავსო ისინი უმოტივაციო უფროსი ასაკის სათადარიგო ჯარისკაცებით და ვერ მოასწრო ახლების მომზადება. სათადარიგო ჯარისკაცების უმოტივაციობაზე (რას სჩადიოდნენ ესენი 1917-1918 წლებში ცალკე საუბრის თემაა) ეს ორი მოგონებაც კმარა:
“ჩვენს ჯგუფში უმთავრესად ძველი ჯარისკაცები იყვნენ. ბევრს რამდენიმე წელი იმპერიალისტური ომის ფრონტებზე გაეტარებინა და ჭრილობებიც ჰქონდათ მიღებული. ყველას გულგატეხილობა ემჩნეოდა, როგორც ჩანდა სამხედრო სამსახური მობეზრდათ და ყველანი მოწყურებული იყვნენ შინ დაბრუნებას. გარედან მოსულ ცნობებს რესპუბლიკის სამხედრო და პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ისინი სრულიად გულგრილად ღებულობდნენ” (ა. ხაბურზანია)
“საუბედუროდ მე მიხდებოდა წვერულვაშიანი ჯარისკაცებისთვის ახსნა, რომ ის რუსეთი მორჩა უწინ რომ იყო. ესენი მშიერი, დაგლეჯილი ბოლშვიკები არიან მეთქი. ისინი მაინც თავისას გაიძახოდნენ და მოელოდნენ რუსეთისგან სამკაპიკიანი პურის შემოსვლას. მაგრამ ძალიან გმირულად იქცეოდნენ გორელი ქოჩრიანი ტეტიები (სახალხო გვარდიის ქართლის ბატალიონი) ყვებოდნენ აღფრთოვანებით და სადათ 19 ღამის (ფონიჭალის ბრძოლა) გამარჯვებას” (მოხალისე გ. ღამბაშიძის დღიური)
ომის დროს კი საორგანიზაციო ქაოსი დაიწყო, რაზეც ქვემოთ მოყვანილი საბუთებიც (ასეთი ძალიან ბევრია) მოწმობენ:

N4 არასწორად შერჩეული სარდლები

23 იანვარს (ომამდე 20 დღით ადრე) მთავარსარდლად დაინიშნა ილია ოდიშელიძე, რომელიც ადმინისტრაციული საქმეებით იყო დაკავებული, იმყოფებოდა მივლინებებში საზღვარგარეთ იარაღის შოვნის მიზნით და მინიმალური გავლენა არ ჰქონდა ადგილზე არსებულ სიტუაციაზე. იყო რბილი ხასიათის და იოლად ექცეოდა პოლიტიკოსების გავლენის ქვეშ. მან თავი გამოიჩინა რუსეთის არმიაში, სადაც აწყობილ სისტემაში მუშაობდა, მაგრამ ქაოტურ ვითარებაში ვერ იჩენდა სამხედრო ლიდერისთვის საჭირო უნარებს. სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის (დაახლ. 10.000 მებრძოლი) სარდლად დაინიშნა იოსებ გედევანიშვილი, რომელიც კაპიტნის ჩინით იყო, როდესაც 1906 წელს გარიცხეს ჯარიდან დუშეთის მზარის ხაზინის სოციალ-ფედერალისტური პარტიის სასარგებლოდ გაძარცვის გამო. რევოლუციის ტალღაზე ყოფილი სამხედრო ჯერ პოლკოვნიკი და მალევე გენერალი გახდა. ენერგიული და უშიშარი კი იყო, მაგრამ არ ჰქონდა მსხვილი დანაყოფების მართვის გამოცდილება და აი აქ უკვე დამარცხების N5 მიზეზთან მივედით.

N5 გენშტაბის, სამხედრო დაზვერვის ცუდი მუშაობა და ჯარის არასწორი განლაგება ლორეში

საომარი გეგმის შედგენა არის გენერალური შტაბის საქმე, ეს მისი ძირითადი ამოცანაა. გეგმა შედგენილი იყო ზერელედ და არ იყო განსაზღვრული საკუთარი და მოწინააღმდეგის მოსალოდნელი მოქმედებები და აქედან გამომდინარე ძალთა თავმოყრის და გაშლის გეგმები. მოიკოჭლებდა სამობილიზაციო გეგმა, მაგალითად: ბატალიონების შტაბებთან არ შეიქმნა სამობილიზაციო მარაგები და ცენტრალურ საწყობებში იყო კონცენტრირებული მატერიალური საშუალებები, რაც ბატალიონებში მათ მიწოდებას ართულებდა.
რაც შეეხება დისლოკაციას, ბამბაკის ხეობაში ჩააყენეს თბილისის II ბრიგადის მე-5-ე და მე-8-ე ბატალიონები, ხოლო სადახლოს რაიონში იდგა მე-7-ე. გედევანიშვილის გადაწყვეტილებით ყველა სომხურ სოფელში იდგა ცალკეული რაზმი, რათა არ მომხდარიყო აჯანყება (პირიქით კი მოხდა, აჯანყებამ იდეალურად ჩაიარა). დაქსაქსულ რაზმებს არანაირი კავშირი არ ჰქონდათ ერთმანეთთან და ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო დისციპლინა და მოტივაცია იყო ძალიან დაბალ დონეზე. აჯობებდა ბატალიონები ერთად ყოფილიყვნენ, როგორც მათ მეზობელ ვორონცოვკაში, სადაც სახალხო გვარდიამ მოიგერია აჯანყებულები. ოდიშელიძე მათ თავმოყრას ითხოვდა, მაგრამ გედევანიშვილმა დაფანტვა არჩია.
27 იანვრის დე-იურე აღიარების და დემობილიზაციის გამო მთლიანად მოიშალა დისციპლინა და სიფრთხილე. ამასობაში ბოლშევიკებმა შექმნეს სპეციალური სომხური რაზმები (ახალციხელი ლაზიანის მეთაურობით) რომლებსაც ევალებოდათ დანაღმული სტრატეგიული შაგალის ხიდის დაცვის განეიტრალება (ხიდთან ახლოს გახსნეს დუქანი სადაც ღრეობდნენ ქართველი სამხედროები), სოფლებში სანდო ხალხისგან რაზმების შედგენა და მძინარე ქართველების ერთდროული განიარაღება ღამით. დივერსიული რაზმების გარდა მოტივირებული ლტოლვილებისგან შეიქმნა ორი ბატალიონი, ჯამში 800 სომეხი მებრძოლით რომლებსაც შეტევა უნდა დაიწყოთ მე-11-ე არმიის ნაწილებთან ერთად.
სამხედრო დაზვერვას გამოეპარა მოწინააღმდეგის მზადება და 12 თებერვალს ღამით მე-5 და მე-8 ბატალიონების 1.000 -ზე მეტი მებრძოლი (ბევრი მათგანი წინასწარ დაათვრეს) ტყვედ ჩავარდა, გადარჩა შაგალის ხიდიც (დაახლ. 300 ქართველი მებძოლი იცავდა ხიდს), რამაც სრული კატასტროფა გამოიწვია, რადგან წითელი არმიის უწყვეტ მომარაგებას გაუხსნა ხელფეხი. 15 თებერვალს საბჭოთა ხელისუფლება დარწმუნდა რომ დემორალიზებული ქართული ჯარი სერიოზულ წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევდა, “სომხების აჯანყება” გადაფორმდა “გლეხების საყოველთაო აჯანყებად”, ადგილობრივი ბოლშევიკი მოღალატეებისგან შეიქმნა “შულავერის კომიტეტი”, რომელმაც დახმარება სთხოვა რუსეთს და გაიცა თბილისის აღების ბრძანება!
ეს ჩავარდნა მთლიანად სამხედრო ხელმძღვანელობის, გენერალური შტაბის, ილია ოდიშელიძის და სოსო გედევანიშვილის კისერზეა, ნორმალურად მომზადების, ბატალიონების სწორი განლაგების, აქტიური დაზვერვის და დისციპლინის შენარჩუნების შემთხვევაში სიტუაცია სულ სხვაგვარად განვითარდებოდა. ქართულმა სარდლობამ ვერ ამოიცნო წითელი არმიის მთავარი დარტყმის მიმართულებაც, რომელიც წითელი ხიდი – ფოილოს რაიონი იყო და არა ბამბაკის ხეობა ლორეში, სადაც დაძრეს სახალხო გვარდიის რეზერვი და მოაშიშვლეს წითელი ხიდის მიმართულება. II ბრიგადა ისე სწრაფად განადგურდა, წითლებმა ძალისხმევა მარჯვენა ფრთაზე პირდაპირ მდ. ხრამისკენ გადაიტანეს და არ დასჭირდათ სადახლო-ლორეს ხეობის ბლოკირებაზე ძალების ხარჯვა. წითელ ხიდს გურიის ბატალიონის ერთი ასეული, თბილისის ბატალიონის ოცეული და სანაპირო ჯარის რაზმი იცავდა, რომლებიც იოლად დაამარცხეს და ოპერატიულ სივრცეში გამოვიდნენ.
ბოლშევიკებმა გარისკეს, რადგან არასაკმარისი ძალები ყავდათ (ჰეკერის გათვლით აპრილში იქნებოდნენ მზად), თუმცა სხვა გზა არც ჰქონდათ, საფრანგეთიდან იარაღის მოწოდება იგეგმებოდა და არეული ქართული ჯარი დაახლ. 1 თვეში ისევ დალაგდებოდა. როგორც ვხედავთ, მათი რისკი გამართლებული აღმოჩნდა, 16 თებერვლისთვის სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის პირადი შემადგენლობის ნახევარზე მეტი მოკლეს, დაჭრეს, ტყვედ ჩავარდა, ან დაიფანტა. გვარდიის სარდალმა ვ. ჯუღელმა დამფუძნებელი კრების დეპუტატებს პირდაპირ მოახსენა რომ ჯარი განადგურდა და თბილისის ევაკუაცია დადგა დღის წესრიგში.
ამგვარად წითელმა არმიამ ინიციატივა პირველივე დღიდან მყარად ჩაიგდო ხელში და აღარც გაუშვია ომის ბოლომდე! ბოლშევიკები ახერხებდნენ საჭირო მიმართულებაზე რიცხობრივი უპირატესობის შექმნას, ხოლო ქვემო-ქართლში დაკარგული რამდენიმე ათასი მებრძოლი ძალიან დაგვაკლდა თბილისის დაცვისას, სადაც (ბოლშევიკების სარდლობის აღიარებითვე) წყდებოდა ომის ბედი.

ალბათ საინტერესო იქნება გენერალ გ. კვინიტაძის მიერ საბრძოლო მოქმედებათა პირველი ფაზის (12-15 თებერვალი) შეჯამება, სადაც 8 შეცდომა გამოკვეთა:

1). არ არსებობდა საომარი გეგმა, მოქმედებდნენ სიტუაციის მიხედვით, რაც დამარცხებას იწვევდა
2). დანაყოფები არასწორად იყო დისლოცირებული და თბილისში არსებული რეზერვი მცირერიცხოვანი იყო
3). არ იყო განსაზღვრული საკუთარი და მოწინააღმდეგის მოსალოდნელი მოქმედება
4). გააერთიანეს სხვადასხვა საოპერაციო მიმართულებათა მეთაურები ერთი მიზნის ქვეშ, მაშინ როცა ოთხივე მიმართულებას საკუთარი სამოქმედო გეგმა უნდა ჰქონოდა საერთო ჩანაფიქრის ფარგლებში
5). მთავარსარდალმა ოდიშელიძემ არ უხელმძღვანელა საბრძოლო მოქმედებებს პირადად. ოდიშელიძე, გენშტაბი პარალიზდა და არაფერი არ გაუკეთებიათ! 15 თებერვალსაც კი არ იცოდნენ კონკრეტულად რა ხდებოდა ფრონტზე
6). არ გამოიძახეს სხვა რეგიონებში მყოფი თავისუფალი ბატალიონები
7). მეორე ეშელონში მდგარი სახალხო გვარდიის ბატალიონები კონტრშეტევაზე გადაიყვანეს ნაწილ ნაწილ, რამაც მათი დამარცხება და უკანდახევა გამოიწვია
8). გედევანიშვილის მიერ შეტევაზე გადასვლის ბრძანება, რაც ვითარებიდან გამომდინარე შეცდომა იყო

ამ და სხვა, შედარებით “უმნიშვნელო” მიზეზების გამო, მიუხედავად თითქმის ორმოცდღიანი (12.02-18.03.1921) წინააღმდეგობისა, ვერ შევძელით წითელი არმიის შეჩერება, თუმცა ყველაფერი სწორად რომ გაგვეკეთებინა ისტორია ალბათ სხვანაირად წარიმართებოდა … მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და იმედია მომავალში მაინც გავითვალისწინებთ ამ ყველაფერს!

პაატა გიგაური

ტრადიციულად, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მეგობარ, ისტორიკოს დიმიტრი სილაქაძეს!

დ. სილაქაძის სტატია: რატომ წავაგეთ 1921 წლის თებერვალ-მარტის ომი?