პასუხი სტალინის ფანებს

რადგანაც რუსი პოლიტიკოსი იოსიფ სტალინი ძალიან აქტიურად მონაწილეობდა დამოუკიდებელი საქართველოს 1921 წლის ოკუპაციაში და კავკასიის პოლიტიკასაც ის განაგებდა, საჭიროდ ჩავთვალეთ სწორედ აქ განგვეთავსებინა პასუხი Facebook გვერდ “სტალინის” ადმინის ტყუილებით სავსე სტატიაზე სახელად “ეს მათთვის, ვისაც სტალინზე 1937 წლის გარდა არაფერი გახსენდებათ”. სტატიაში მოყვანილია “ჭორების დონის არგუმენტები” და მიუხედავას ამისა, საჭიროდ ჩავთვალეთ დეტალური პასუხი გაგვეცა.
სანამ ამ სტატიას წაიკითხავთ, კარგად დაფიქრდით, ვის მხარეს ხართ და რატომ, მკვლელის რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის ხარისხი მკვეთრად დაწია დაბლა, თუ მის მიერ უდანაშაულოდ მოკლულის, რომელიც მთელი ცხოვრება ამ ხარისხის ამაღლებისთვის იბრძოდა და შეეწირა კიდეც ამას … ანუ ეთნიკურად ქართველ, მაგრამ რუს პოლიტიკოს იოსიფ სტალინის, თუ ეთნიკურად რუს, მაგრამ ქართველი გენერლის გიორგი მაზნიაშვილის რომელიც 1937 წლის 9 სექტემბერს დახვრიტეს შვილთან ერთად, მისი ერთადერთი “დანაშაული” საქართველოს იარაღით ხელში დაცვა იყო 1918-1921 წლებში. საქართველოსთან მიმართებაში სტალინის მოღვაწეობას გამართლება არა აქვს, ხოლო რუსთან ყოველთვის დავიცავ, რადგან რუსულ მენტალობაზე ყველაზე კარგად მორგებული იმპერია სწორედ სსრკ იყო.

არგუმენტი N1: „1917 წელს აღდგენილი საქართველოს ავტოკეფალია არ ცნო რუსეთის ეკლესიის სინოდმა. ასე გაგრძელდა 1943–მდე. 1943 წელს კი სწორედ სტალინის ბრძანებით საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღადგინეს“

1943 წლის 16 ივლისს ჩაიშალა გერმანიის არმიის ბოლო სტრატეგიული შეტევა ქ. კურსკთან, ამ ბრძოლის შემდეგ ყველასთვის (მათ შორის გერმანიის სამხედრო შტაბში) ნათელი გახდა რომ გერმანია დამარცხდებოდა, ფიზიკურად იყო შეუძლებელი 781.000 კაციანი დაჯგუფების ფრონტის ვიწრო ზოლში ხელმეორე კონცენტრირება და სტრატეგიული გარღვევაზე კიდევ ერთხელ გადასვლა. დღის წესრიგში დადგა ნაცისტებისგან განთავისუფლებული მიწების ეფექტურად კონტროლის საკითხი. 4 სექტემბერს, კუნცევოს აგარაკზე გაიმართა შეხვედრა, სადაც საბოლოოდ გაანალიზდა შექმნილი სიტუაცია (რელიგიის გამოყენების კუთხით), ამ შეხვედრაში მონაწილეობდნენ: სტალინი, ბერია, მალენკოვი და უშიშროების პოლკოვნიკი გ. კარპოვი, რომელიც რელიგიის კურატორ, მე-3-ე განყოფილების უფროსი იყო. შეხვედრის შემდეგ გადაწყდა შემდეგი:
ა). რადგანაც გასანთავისუფლებელი მიწების დიდი ნაწილი მართლმადიდებლური (მგ.: უკრაინა, ბელარუსი, ბულგარეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, რუსეთის დასავლეთი და ა.შ.) იყო და იქ ნაცისტებმა მორწმუნეებს რელიგიის სრული თავისუფლება მიანიჭეს, შეუძლებელი გახდებოდა სადისტურ-ათეისტური რეჟიმის გაგრძელება, რადგან მოსახლეობა შეიარაღებული და რელიგიურად განწყობილი იყო. გამოვიდოდა რომ ნაცისტების დროს უკეთ ცხოვრობდნენ, არსებული რელიგიური რეჟიმი შერბილებას საჭიროებდა. თანაც, მიუხედავად კატასტროფული მდგომარეობისა რელიგიურმა ლიდერებმა მთავრობას დაუჭირეს მხარი და ეს ლოიალობაც გარკვეულ როლს თამაშობდა.
ბ). სტალინმა გადაწყვიტა ომის შემდეგ მოსკოვი ექცია „მართლმადიდებლური სამყაროს ვატიკანად“ და ამ გზით საბჭოთა უშიშროების კონტროლქვეშ მოექცია ნომინალურად მართლმადიდებლური ქვეყნების ეკლესიები, რასაც საგარეო პოლიტიკაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა.
ამ ორი მიზეზის გამო გადაწყდა სასწრაფოდ მოეგვარებიათ ყველა გაუგებრობა მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის და მკვეთრად შეეცვალათ რელიგიური პოლიტიკა.
იმავე დღეს (!) შედგა შეხვედრა სტალინსა და ეკლესიის ლიდერებს შორის, სადაც გადაწყდა: აღედგინათ სინოდი, აერჩიათ პატრიარქი, აღედგინათ საეკლესიო იერარქია, გამოეშვათ ბანაკებიდან დაპატიმრებული მღვდლები და ბერები (სიაში წარდგენილთა უმეტესობა უკვე მოკლული აღმოჩნდა), გაეხსნათ ტაძრები და სამრევლოები, აღედგინათ სასულიერო სემინარია და დახმარებოდნენ სანთლების წარმოებაში.
უკვე 8 სექტემბერს (!) შეიკრიბა სინოდი და აირჩია რუსეთის პატრიარქი. 14 სექტემბერს საქართველოს და რუსეთის პატრიარქებმა გაცვალეს წერილები, ხოლო 1943 წლის 31 ოქტომბერს რუსეთის ეკლესიამ ოფიციალურა აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. შემდეგში, სტალინი ასევე პირადად შეხვდა სომხეთის ეკლესიის მეთაურს და ყველა თხოვნა დაუკმაყოფილა. სხვადასხვა ეკლესიათა შორის არსებული გაუგებრობები სწრაფად ამოიწურა.
1948 წელს, გაუცრუვდა რა რუსეთის ეკლესიის საერთაშორისო პოლიტიკაში ეფექტურად გამოყენების იმედი და უკვე ჩამცხრალი იყო ომით გამოწვეული აშლილობა (უკიდურესი დაძაბულობის დროს ბევრი ადამიანი რელიგიაში ჰპოვებს შვებას) და იარაღიც ამოღებული იყო მოსახლეობიდან, სტალინმა ისევ დაიწყო მორწმუნეების დევნა-შევიწროვება. აიკრძალა ახალი ეკლესიების და ყველა რელიგიის სამლოცველო სახლების გახსნა (აკრძალვა მოქმედებდა სტალინის გარდაცვალებამდე), ბევრი გახსნილი ტაძარი დახურეს, აიკრძალა ნებისმიერი რელიგიური მოქმდება სამლოცველო სახლის გარეთ, მკვეთრად გაძლიერდა უშიშროების კონტროლი მღვედელთმსახურებზე, გახშირდა ეკლესიებში უშიშროების აგენტების და პროვოკატორების შეგზავნა (არც შემწყდარა სსრკ-ს დაშლამდე), ბევრ რელგიური პირს აეკრძალა ქადაგება.
სტალინი, 1945 წლის აპრილში შეხვდა ბოლო რელიგიურ იერარქს და სიკვდილის ბოლომდე აღარ შეხვედრია მათ (მიუხედავად მათი მხრიდან თხოვნისა).
დასკვნა: სტალინს საერთოდ არ ამოძრავებდა არც ქართულ-პატრიოტული მოტივები და არც რელიგიური რწმენა, ის მოქმედებდა მისთვის დამახასიათებელი მკაცრი პრაგმატულობით და იყო ჩამოყალიბებული ათეისტი (ასეთად სასულიერი სემინარიაში აქციეს და მას მერე აზრი აღარ შეცვლია). ამ დასკვნას მხარს უჭერს ყველა სერიოზული ისტორიკოსი, რომელიც აღნიშნულ თემატიკაზე საიდუმლო არქივების გახსნის დროს მუშაობდა.
საიდან მოდის სტალინის მორწმუნეობის მითი? საზოგადოების ერთი ნაწილის სურვილიდან მართოს მკაცრმა დიქტატორმა და ძლიერმა ხელმა, რომელიც მათ ნაცვლად გადაწყვეტს ყველა საკითხს. ესაა პირადი პასუხისმგებლობის არიდების, (ანუ ინფანტილიზმი, ბავშვური ქცევა) ქვეცნობიერი მოთხოვნილება და დესპოტური, უკიდურესი ძალაუფლების გაფეტიშება. აღსაღნიშნავია რომ, ნაციზმის დამარცხების შემდეგ გერმანელები თითს მხოლოდ ჰიტლერისკენ იშვერდნენ, ჩვენ არაფერ შუაში არ ვიყავით, ეგ აკეთებდა ყველაფერსო. ფსიქოლოგიური კუთხით ასეთი პოზიცია მომგებიანია, პასუხისმგებლობას ირიდებ და „მამის ბრალია“ … საქართველოში ამ ფაქტორს ემატება ამ კუთხით ტოტალური გაუნათლებლობა და სტალინის ეთნიკური ქართველობა, რაც პატარა ერის პატრიოტულ სიმებს ეხება.
ამ ტიპის ბელადის მისაღებად და აღსაქმელად საჭიროა, რომ ის ტრადიციული სულიერი საფუძვლების და სამშობლოს დამცველი იყოს (მორწმუნე, პატრიოტი, მორალის და ზნეობის მატარებელი), ან თუ ასე არაა, ილუზიაა შესაქმნელი, რასაც ამ სტატიის შემთხვევაში ვხედავთ, ანუ ადამიანებს სურთ რომ სწორედ ასეთი ყოფილიყო სტალინი და ასეთად გამოყავთ კიდეც, ოღონდ ჭორების და არა მეცნიერული კვლევების საფუძველზე.
სახეზეა ინფანტილიზმი, ძალის, „ერის ქართველი მამის“ გაფეტიშება, რომელსაც 22.000 ადამიანის (მაგ.: 1940 წელს პოლონელი ოფიცრების, პოლიციელების და ინტელიგენციის დახოცვა სმოლენსკის რაიონში) ერთი თითის გატკაცუნებით მოკლვა შეეძლო, – სწორედ აქ იმალება „სტალინისტების“ ბელადისადმი რეალური სიმპათიის არსი და ამ ყველაფერს საინფორმაციო გამოკვება და „გაპრავება“, ანუ ცნობიერის დამშვიდება („ჩვენ მართლები ვართ“) ესაჭიროება.

არგუმენტი N2 – საფრანგეთში არსებული ქართული საგანძური მანამ არ გამოატანეს ექვთიმე თაყაიშვილს, სანამ ხმა სტალინამდე არ მივიდა. ქართული განძი სამშობლოს 1945 წლის 11 აპრილს დაუბრუნდა.

ომის მიწურულს საფრანგეთსა და სსრკ-ს შორის რუსეთის იმპერიის ვალების გაქვითვის საკითხი დადგა და საფრანგეთმა დააპირა ყოფილი იმპერიის ნაწილების ქონება დაეტოვნებინა საფრანგეთის ხაზინისთვის. სასწრაფოდ ამოქმედდა საქართველოს მთავრობა დევნილობაში ნ. ჟორდანიას ხელმძღვანელობით (“განძის მცველი” ექვთიმე თაყაიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო 1919-1921 წლებში) და დაარწმუნა ფრანგული მხარე, რომ ამ განძს არანაირი შეხება არ ჰქონდა რუსეთის იმპერიასთან და საქართველოს ეკუთვნოდა. თანაც უკვე დარწმუნებულები იყვნენ რომ კომუნისტები ამ განძს აღარ გადაადნობდნენ (სწორედ ამ საფრთხის გამო გაიტანეს 1921 წელს საეკლესიო ქონება ევროპაში), გადაწყვიტეს საქართველოში დაებრუნებინათ. თანაც ხელუხლებლად და ყოველგვარი დანაკლისის გარეშე.
ფაქტია სწორედ სტალინს და კომუნისტებს გაარიდეს თავის დროზე ეს განძი, რადგან ბოლშევიკები მასობრივად იტაცებდნენ რელიგიურ ქონებას და ადნობდნენ. აღსაღნიშნავია, 1915 წელს სტავროპოლის მხარეში გატანილი ქართული არქივები უნიკალური ხელნაწერებით და ქონებით, თითქმის მთლიანად მოისპო და განადგუდა რუსეთში ბოლშევიკების თარეშის დროს.

არგუმენტი N3 – სტალინის ბრძანებით ააშენეს რუსთავი, რომელიც 1948 წლიდან უკვე ქალაქად იხსენიება

რუსთავი სტალინამდე რამდენიმე ათეული საუკუნის წინათაც ქალაქის სტატუსით არსებობდა, ლეონტი მროველის (მოღვაწეობდა VIII საუკუნეში) ცნობით: „ცოლმან მისმან (ქართლოსი) აღაშენა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქვიან რუსთავი.“ ქალაქის ტიპის დასახლება თანადროვე რუსთავში ჩნდება გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში.
1944 წელს, ისტორიული ნაქალაქარის ტერიტორიაზე დაიწყო დიდი მეტალურგიული ქარხნის მშენებლობა და მის გარშემო მუშათა დასახლებებიც აშენდა. 1948 წლის 19 იანვარს რუსთავმა ქალაქის სტატუსი მიიღო.
მსგავსი და უფრო დიდი პროექტები მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მასიურად ხორციელდებოდა და ექსკლუზიურად საქართველოს არ ეხებოდა, ანუ არ იკითხება სტალინის პატრიოტულ-ქართული სულისკვეთება. ამ ლოგიკით ის უკრაინის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთის და ა.შ. პატრიოტიც გამოდის.

არგუმენტი N4 – ჯუღაშვილის დროს ჭიათურა მსოფლიოში პირველი ქალაქი იყო სადაც ყველაზე მეტი საბაგირო გზა იყო გაყვანილი (დღესაცაა სტალინის მოზაიკები საბაგიროებზე)

ჭიათურა მაშინაც იყო მსოფლიოში მარგანეცის მადნის მოპოვების ლიდერი (მსოფლიო მოპოვების 50%), როცა სტალინი ჯერ კიდევ მოზარდი იყო. ხოლო საბაგირო გზა გაიყვანეს 1954 წელს, როდესაც სტალინი გარდაცვლილი იყო, ანუ „ხრუშოვის დროს“. თუმცა ამას მნიშვნელობა არა აქვს, სხვა შეკითხვა ჩნდება: საბაგირო გზების რაოდენობა სტალინის პატრიოტობასთან რა კავშირშია?

არგუმენტი N5 – „თბილისის ზღვა” (1947 წ), რიონჰესი (1927), ზაჰესი (1927), აწჰესი (1941 წელი) , სამგორის სარწყავი სისტემა (1947-51 წწ) ასევე ჩითახევჰესი აგებულია სტალინის ბრძანებით. (გერმანელ ტყვეებს ააშენებინა).

1921 წელს საქართველოში უნდა ჩამოსულიყვნენ წამყვანი ევროპული ბრენდების დელეგაციები. მათ შორის იყო გერმანული ფირმა „სიმენსი“, რომელიც მარტო თბილისთან ახლოს 6 ჰიდროჰესის აშენებას გეგმავდა. ზაჰესი კი 1927 წელს ააშენეს კომუნისტებმა და ცნობილია რომ საქართველო ელექტრო-ენეგრიის დიდ დეფიციტს განიცდიდა 60 იან წლებამდე.
გარდა ამისა, 1920 წელს გადაწყდა რამდენიმე ასეული გერმანელი მეწარმის, ოფიცრის და სერჟანტის გადმოსახლება საქართველოში, ქართული არმიის გაძლიერების და ბიზნესის ევროპულ სტილზე გადაწყობის მიზნით. მსგავსი პროექტი მანამდე წარმატებით განხორციელდა ჩილეში და ჩამორჩენილი ქვეყანა რეგიონის ლიდერი გახდა ზოგი პარამეტრით.
კომუნისტებმა ჩვენი არმია გააუქმეს 1921 წლის 18 მარტს, ქართული სამხედრო სკოლა 1927 წელს, ხოლო ქართული ტერიტოროული დაცვის დანაყოფები საბოლოოდ დაშალეს 1937/38 წლებში. თუმცა დროებით აღადგინეს ომის გამო 1941-1945 წლებში და საბოლოოდ მოსპეს ხრუშოვის დროს. ამ წლებში სრულად მოისპო ქართული სამხედრო ტრადიცია.
ოკუპაცია რომ არა (რომელსაც სტალინი ედგა სათავეში პრაგმატული მოსაზრებით, საქართველოს დაპყრობის გარეშე მას კარიერული წინსვლის არანაირი შანსი არ ექნებოდა რუსეთში), გერმანელი ტყვეები კი არ ააშენებდნენ კედლებს, არამედ გაცილებით ეფექტური იქნებოდა გერმანელების (ზოგადად ევროპული კაპიტალის) მოღვაწეობა ჩვენთან და თვისობრივად სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებდით დღეს.

არგუმენტი N6 – მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა 1935 წელს ”მუშტაიდის ბაღში” სტალინის ბრძანებით გახსნეს

ეს ისეთი „მძლავრი პატრიოტული აქტია“, აუცილებლად უნდა შეტანილიყო სტალინის დამსახურებების სიაში. სამწუხაროდ, 1937-38 წლებში ათასობით ბავშვმა მარტო იმიტომ ვერ ისარგებლა ამ რკინიგზით, რომ მათი მშობლები სტალინმა ან დახოცა და ან გაასახლა საქართველოდან. გასახლება ხშირად ბავშვებსაც ეხებოდათ.
1935 წლის 7 აპრილს სტალინმა ნება დართო დაეხვრიტათ მოზარდები, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 12 წელი. მართალია ეს ზომა ძალიან იშვიათად გამოიყენებოდა, მაგრამ არსებობდა.
ასევე, საინტერესო იქნებოდა სტალინის ბრძანების ასლის ნახვა. რახან არგუმენტებშია ე.ი. ბრძანებაც არსებობს. შეგახსენებთ რომ ხალხის მასიურად დახოცვის, ახალგაზრდების დახვრეტის, გასახლების ბრძანებები გასაჯაროებულია და ყველას შეუძლია ნახვა, ხოლო რეპრესირებულთა მრავალრცხოვან შთამომავლებს კარგად ახსოვთ როგორ გაქრნენ მათი მშობლები.

არგუმენტი N7 – 1918 წელს დღევანდელი აღმაშენებლის გამზირი მთლიანად გერმანელებით იყო დასახლებული, ქართველებმა მათი მეშვეობით გაიგეს არაჟნის და ფუნთუშის გემო. ამავე წელს სტალინმა აღნიშნული ტერიტორია გერმანელებისგან გაწმინდა, როგორც მე ვიცი, ისინი თბილისიდან სვერდლოვკის ოლქში გადაასახლა

ჩვენს წინაპრებს ძალიან გაუკვირდებოდათ, როცა გაიგებდნენ რომ 2017 წელს მათი შთამომავლების ნაწილი ფიქრობს, რომ არაჟანი და ფუნთუშა გერმანელებმა დაუმზადეს პირველად. არა უშავს, რახან ჩამონათვალში მაწონი და მწვადი არაა, ეგეც კარგია.
1918 წელს სტალინი იმ მარტივი მიზეზით ვერ გაწმენდაა გერმანელებისგან თბილისს, რომ რუსეთში მოღვაწეობდა და არანაირი გავლენა არ გააჩნდა საქართველოში, რომელიც დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო და გერმანიასთან განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულება ჰქონდა. 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ მუშები იმდენად ცუდად შეხვდნენ სტალინს ნაძალადევის დარბაზში, კომუნისტებმა მშრომელი ხალხის მასობრივი დაპატიმრებები დაიწყეს. მათ ჩვენს თაობაზე უკეთ იცოდნენ სინამდვილეში რაც იყო “რევოლუციონერი სოსო”.
გერმანელების ეთნიკური წმენდა 1941 წლის 8 ოქტომბრიდან დაიწყო, სსრკ თავდაცვის კომიტეტის ბრძანებით საქართველოდან ყაზახეთში (და არა რუსეთის სვერდლოვსკის ოლქში) ჯამში 24.000 გერმანელი გაასახლეს.
რატომ მოხვდა კანონმორჩილი, წესიერი და ქართველებთან კარგ დამოკიდებულებაში მყოფი გერმანელებისგან საქართველოს დაცლა სტალინის პატრიოტულ მიღწევებში ლოგიკისთვის უცნობია.

არგუმენტი N8 – სტალინის ბრძანებით გადაიღეს ეროვნული კინემატოგრაფიის ერთ-ერთი შედევრი ”გიორგი სააკაძე” , გადაღების დამთავრებისთანავე (1943) ფილმის ასლები ჯუღაშვილმა თეირანის კონფერენციაზე პირადად დაურიგა შეხვედრის მონაწილეებს. ფილმზე 7 მილიონი რუბლი დაიხარჯა, 2 წელიწადში 40 მილიონმა ადამიანმა ნახა, მათ შორის: ჰიტლერმა, რუზველტმა, ჩერჩილმა და ირანის შაჰმა რეზა ფეჰლევიმ

ფილმის ყურებისას, ირანის შაჰ რეზას, ძალიან გაუკვირდებოდა როგორ და რატომ აშინებდნენ ქართველები მე-17 საუკუნის დასაწყისში ირანის არმიას რუსული მუსიკით. ავტორი დაასახელებს სანდო წყაროს, რომელიც ჰიტლერის მიერ „გიორგი სააკაძის“ ყურებას დაადასტურებს? იგივე წარმატებით შეიძლება ვიჭორაოთ რომ თავად შაჰ აბასმაც ნახა ეს ფილმი.
მსგავსი სახის პატრიოტული ფილმების გადაღება დაიწყეს 30-იანი წლების ბოლოს, გერმანიასთან მოსალოდნელი ომის წინ (მაგ.: „ალქსანდრე ნეველი“, 1938 წ), გიორგი სააკაძის პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანებზე შედგა 14.09.1942 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი სამხედრო კატასტროფის პირას იყო, ანუ ამ ტიპის ფილმების გადაღების მოტივი ქართული პატრიოტიზმის გამოკვება სულაც არ იყო, ის საბჭოთა პატიოტიზმის და ჯარისკაცებში საბრძოლო სულისკვეთების გაღვივებას ემსახურებოდა. თუ ადრე ირანი იყო მტერი, ეხლა გერმანია უნდა ყოფილიყო ოკუპირებულ ქვეყანაში მცხოვრები ქართველისთვის და იგივე მოტივაციით უნდა ეომა და მომკვდარიყო სხვის ომში.

არგუმენტი N9 – სტალინის ბრძანებით ითარგმნა მსოფლიოს მრავალ ენაზე ვეფხისტყაოსანი, როდესაც ჯუღაშვილს შალვა ნუცუბიძის ნათარგმნი პოემა არ მოეწონა თავად შეიტანა კორექტირება მასში, კერძოდ, 1402-ე სტროფი თავად სტალინმა გადათარგმნა

სტალინის ბრძანებით მხოლოდ ვეფხისტყაოსანი არ უთარგმნიათ სხვა ენებზე, თარგმნიდნენ სსრკ-ში შემავალი ერების საუკეთესო ლიტერატურას, ზოგადი პოლიტიკა იყო ასეთი.
რაც შეეხება ტექსტის კორექტირებას, ცნობილია რომ სოსო ჯუღაშვილი (სტალინად გადაქცევამდე) ძალიან კარგ ლექსებს წერდა და მისი სახით მინიმუმ დიდი პოეტი დაკარგა ქვეყანამ.

არგუმენტი N10 – როდესაც ფაშისტური ორგანიზაციის ერთ-ერთმა მთავარმა მონაწილემ მთლიანად აღიარა თავისი საქმიანობა და დაადასტურა ჩვენს ხელთ არსებული ყველა მასალა ივანე ჯავახიშვილის ფაშისტური საქმიანობის შესახებ დიდი ქართველი მეცნიერი შემთხვევით გადაურჩა სიკვდილით დასჯას. ასეთ მძიმე სიტუაციაში, ჯავახიშვილის ამბავი აცნობეს იოსებ სტალინს. ამ უკანასკნელმა კი კრემლიდან თითი დაუქნია – ქართველებს მაგის ტოლი მეცნიერი სხვა ვინ გყავთო?! ასე გადაურჩა ცნობილი ისტორიკოსი დაპატიმრებას და სუკის ჯურღმულში სიკვდილს.

ანუ ივანე ჯავახიშვილი დადასტურებულად ფაშისტი (!) იყო და სტალინმა თავის მიერვე შექმნილი „სუკის ჯურღმულებიდან“ პატრიოტული მოტივებით იხსნა? ადამიანმა, რომელიც თავისი ოჯახის წევრებს და ბავშვობის რევოლუციონერ მეგობრებს არ ინდობდა!
ანდა როგორ შეიძლება ჩაეთვალოს მსოფლიო დონის მეცნიერების მასობრივად მკვლელ (სია იმდენად დიდია, აქ ვერ მოვიყვანთ) სტალინს ჯავახიშვილის გადარჩენა დამსახურებად, სიმართლე რომ იყოს, იმ შემთხვევაშიც კი? სხვებმა რა დააშავეს რომ ამოხოცა?
რატომ არ დახვრიტეს ჯავახიშვილი? აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის თქმით სავარაუდოდ სტალინის ცოლისძმამ, ასევე ისტორიკოსმა ალიოშა ჯაფარიძემ ითამაშა გადამწყვეტი როლი, რადგან: „მთელ ევროპაში იყო ლაპარაკი სტალინის წარმომავლობაზე. ვინ უდგას ამხელა სახელმწიფოს სათავეში, რომელი ერის შვილია … ხომ არ არის მისი ერი ბარბაროსების მსგავსი. ვინ არიან ეს ქართველები, რანი არიან… სტალინიც დაინტერესებული იყო იმით, რომ ეჩვენებინა საქართველო როგორც ტერიტორიულად პატარა, მაგრამ მდიდარი ისტორიისა და დიდი კულტურის ქვეყანა” – ეს თემა კი ყველაზე კარგად ივანე ჯავახიშვილს გამოსდიოდა და მაგიტომაც არ მოკლა, ანუ აქაც პირადი განდიდების და პრაგმატიზმის მოტივი ჩანს.

არგუმენტი N11 – როდესაც პენტაგონმა ტრუმენის დავალებით, II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, ცივი ომის პირობებში, შეიმუშავა საბჭოეთის 20 ქალაქზე ატომური თავდასხმის სტრატეგიული გეგმა. მიზანში ამოღებული 20 ქალაქიდან ერთ-ერთი თბილისი იყო. გეგმის შესახებ სტალინს აცნობეს. -სტალინმა თავისთან კპ ცენტრალური კომიტეტის მდივანი _ კანდიდ ჩარკვიანი დაიბარა და უბრძანა რაც შეიძლება სრაფად გაეყვანათ ქალაქში მეტროპოლიტენი, ”მეტრო არ არის მხოლოდ სატრანსპორტო საშუალება, იგი ომის შემთხვევაში თავდაცვის შეუცვლელი საშუალებაა».” უთხრა სტალინმა.

ანუ სტალინი ზრუნავდა ქართველ ხალხზეო. „20 დასაბომბი ქალაქის“ გეგმა დამტკიცდა 1945 წელს. ისმის სამი შეკითხვა:
– ბაქოს მეტროს მშენებლობის ბრძანება გაიცა 1949 წელს, რას ელოდა სტალინი ოთხი წელიწადი? რატომ დაუყოვნებლივ არ გასცა მშენებლობის ბრძანება? მეტროს აშენებას ხომ წლები უნდა? უშუალოდ მშენებლობა კი ბრძანებიდან ორი წლის მერე, 1951 წელს დაიწყო.
– რატომ გაიცა ბაქოს მეტროს აშენების ბრძანება უფრო ადრე? აზერბაიჯანელებზე უფრო ზრუნავდა? თბილისში მეტროს მშენებლობა 1952 წელს დაიწყო.
– სსრკ-მ ატომური ბომბი 1949 წლის 28 ოქტომბერს შექმნა და თავდასხმის საფრთხე მკვეთრად შემცირდა, რადგან საპასუხო დარტყმის საშუალება გაჩნდა. ოთხი წელიწადი სსრკ მოწყვლადი იყო და ვერაფერს დაუპირისპირებდა აშშ-ს. მეტროების მშენებლობის საკითხი კავკასიაში სწორედ 1949-1952 წლებში გადაწყდა, ანუ ზემოთ მოყვანილი არგუმენტი აბსურდულია.
აღსაღნიშნავია რომ მეტროს პირველი ხაზი თბილისში 1966, ხოლო ბაქოში 1967 წელს გაიხსნა, ანუ გეგმის დამტკიცებიდან დაახლ. 17-18 წლის შემდეგ.

არგუმენტი N12 – ქლუხორის და ახალხევის რაიონები სტალინის დამსახურებით 1944 წლიდან მის გარდაცვალებამდე საქართველოს ტერიტორიებში შედიოდა

სტალინი კომუნისტების რუსეთში გამარჯვების დღიდან (1917 წ.) კურირებდა კავკასიის საქმეებს და მის გარეშე არცერთი გადაწყვეტილება არ მიიღებოდა. მისი თანხმობით მოხდა 1918-1921 წლებში საქართველოს კუთვნილი მიწების მეზობელი სახელმწიფოებისთვის გადაცემა ოკუპაციის შემდეგ. 1921-1922 წლებში თურქეთს გადაეცა არდაგანის და ოლთისის რაიონები, აზერბაიჯანს: ფოილიოს რაიონი და ზაქათალის ნეიტრალური ზონა (საინგილო), სომხეთს: ლორეს ნეიტრალური ზონა. რუსეთი გარკვეულ დათმობაზე წავიდა აფხაზეთში და გაგრის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მხარე მდინარე ფსოუმდე (რომლის შესანარჩუნებლად 1918-1919 წლებში მძიმე ბრძოლები გვიხდებოდა) საქართველოს შემადგენლობაში დატოვა (სოჭის ოლქში 1918 წელს დროებით იდგა ქართული ჯარი), ეს ერთგვარი კომპენსაცია იყო გაჩუქებული მიწების სანაცვლოდ.
1944 წელს ყაბარდო-ბალყარელების, ინგუშების და ჩეჩნების შუა აზიაში დეპორტაციის შემდეგ გაუკაცრიელდა რამდენიმე რაიონი, მათ სამხრეთ ნაწილში სტალინის ბრძანებით გადაასახლეს ქართული მოსახლეობა და ადმინისტრაციულადაც საქართველოს შემადგენლობაში შემოიყვანეს, მაგრამ ეს იმდენად ხელოვნური იყო, როდესაც გადასახლებული ერების უკან დააბრუნების საკითხი დადგა 1955-1956 წლებში, ქართველებმა მთლიანად მიატოვეს დასახლებული ზონები და სამშობლოში დაბრუნდნენ, რადგან ჩვენი ხალხის ბუნება ასეთია: ჩვენი გვინდა და არა სხვისი.
სტალინს კოლოსალური ძალაუფლება ჰქონდა 1924-1953 წლებში, მაგრამ არაფერი არ გაუკეთებია საქართველოსთვის 1921/22 წლებში ჩამორთმეული ისტორიული მიწების დასაბრუნებლად.

არგუმენტი N13 – ასპინძისა და ახალციხის რაიონების სოფლებიდან თურქი მოსახლეობა შუა აზიაში გადაასახლა

მესხეთიდან მუსლიმების გასახლება საქართველოს სიყვარულს და პატრიოტიზმს საერთოდ არ უკავშირდება, 1944 წლის დეპორტაცია შეეხო კავკასიაში მცხოვრებ სხვა ერებსაც (მაგ.: ჩეჩნები, ინგუშები), ანუ ასეთი იყო კავკასიაში რუსული პოლიტიკა.
გასახლებას ბევრი ეროვნებით ქართველი მუსლიმი შეეწირა, მათი თურქებად შერაცხვა არასწორია. თანაც გასახლების გამო ბევრმა დაკარგა ქართული იდენტობა და მიუხედავად ქართული გვარისა, მართლაც „გათურქდა“ შუა აზიაში.

არგუმენტი N14 – 1933-1934 წლებში მთელ საბჭოთა კავშირში აბორტი და ჰომოსექსუალიზმი კანონით აკრძალა. დღევანდელი გადმოსახედიდან იმედია ხვდებით ეს რამდენსაც ნიშნავს.

დავაზუსტოთ: ჰომოსექსუალიზმს ვერ აკრძალავდა (მდგომარეობის აკრძალვა აფსურდია), სისხლის სამართლის პასუხისგება დააწესა ჰომოსექსუალური აქტის ჩადენაზე. საინტერესოა რატომ, სტალინი მანამდე 10 წელიწადი იყო ქვეყნის დიქტატორი და ეს თემა არ აინტერესებდა, შესაბამისად, სსრკ-ს კანონმდებლობაში არაფერი არ ეწერა ჰომოსექსუალებზე. 1930 წლის საბჭოთა ენციკლოპედიაში წერია: „საბჭოთა კანონმდებლობა არ ცნობს ე.წ. ზნეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს. ჩვენი კანონმდებლობა, გამოდის რა საზოგადოების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე, სასჯელს იყენებს იმ შემთხვევაში, როცა ჰომოსექსუალების ინტერესის ობიექტები ხდებიან არასრულწლოვნები“. მაშ რა მოხდა? რამ დააინტერესა „დიდი ბელადი“?
შსს-ს ხელმძღვანელმა ჰ. იაგოდამ 1933 წლის დეკემბერში სტალინს მისწერა წერილი, სადაც წითელი არმიის, ფლოტის და სამხედრო სასწავლო დაწესებულებების რიგებში ჰომოსექსუალიზმის ნიადაგზე შპიონაჟის და გარყვნილების არსებობაზე მიუთითა და აღნიშნა რომ მამათმავლების დევნა შეუძლებელი იყო შესაბამისი კანონების არარსებობის გამო, ხოლო მათი გამოყენება მტრების მიერ შესაძლებელი იყო აგენტურული მუშაობის დროს. წერილს სტალინის რეაგირება მოჰყვა და 1934 წლის 7 მარტს მამათმავლობა სისხლის სამართლით დასჯად ქმედებად შეირაცხა და შეეფარდა 5 წელი. თუ იქნებოდა გამოყენებული ძალა, ან პედოფილიის შემთხვევაში – 8 წელი. საინტერესოა რომ ქალებს ეს ცვლილება არ ეხებოდა, რადგან ლესბოსელობა არ იყო არმიაში და სტალინი არც დააინტერესა, ანუ მისთვის ზნეობრივი მომენტი უმნიშვნელო იყო, აქაც პრაგმატულად მიუდგა საკითხს.
აბორტის აკრძალვას კი ხელი არ შეუშლია ამ ძალიან სამწუხარო მოვლენისთვის და რამდენიმე აბორტის გაკეთება ერთი ქალისთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო საქართველოში სსრკ-ს დროს.

დამამთავრებელი ფრაზა: „ამავე დროს, სტალინი დასავლეთის მოკავშირეების სანდოობის მიმართ მუდმივი საფუძვლიანი შიშისა და ეჭვების ქვეშ იმყოფებოდა. ამაზე მეტყველებს ჰიტლერულ გერმანიასა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის დადებული ხელშეკრულებები, რომელთა გამო სტალინის მცდელობა რომ, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე შექმნილიყო ანტიჰიტლერული კოალიცია, რასაც ომის საფრთხის თავიდან აცილება შესაძლოა მოჰყოლოდა, მარცხით დამთავარდა“

სინამდვილეში აი რა მოხდა: 1939 წლის 28 აგვისტოს ჰიტლერმა და სტალინმა ურთიერთ თავდაუსხმელობის ხელშეკრულებით (ე.წ. „მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი“) გაინაწილეს ევროპა საკუთარი გავლენის სფეროებად. რამდენიმე დღის შემდეგ, 1939 წლის 1 სექტემბერს დაიწყო მეორე მსოფლიო ომი გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე, სსრკ 17 სექტემბერს შეიჭრა პოლონეთში და ზურგიდან მუხანათურად დაარტყა პოლონელებს, ეს ერთობლივი ოპერაცია დაიგეგმა გერმანიის და საბჭოთა შტაბებში. ორივე აგრესორმა გაინაწილა პოლონეთის მიწები 1939 წლის 28 სექტემბერს, „გერმანო-საბჭოთა მეგობრობის და სასაზღვრო შეთანხმების“ ფარგლებში. სსრკ-მ დამარცხებული პოლონეთისგან მიიტაცა 196.000 კვ კმ ტერიტორია 13.000.000 მოსახლით, ანუ ჰიტლერმა და სტალინმა მოკავშირეების მდგომარეობაში დაიწყეს მეორე მსოფლიო ომი.
ამ შეთანხმებების ფარგლებში: 1940 წელს სტალინი თავს დაესხა ბალტიისპირეთის დამოუკიდებელ ქვეყნებს და უომრად დაიპყრო ისინი. რუმუნეთსაც უომრად (მეფე კაროლ II დათანხმდა სტალინის ულტიმატუმს, რადგან წითელი არმიის 32 დივიზია მზად იყო ომის დასაწყებად) წაართვა ბესარაბია და ჩრდ. ბუკოვინა. აი ფინეთის მთავრობა კი არ დაემორჩილა სტალინს, რომელსაც ქვეყნის სსრკ-ს შემადგენლობაში შემოყვანა სურდა და „ტალვისოტას ომში“ (1939-1940 წ.) შეძლო წითელი არმიის შეჩერება, რომელმაც კოლოსალური დანაკარგების ფასად (130.000 მოკლული, 40.000 უგზო უკვლოდ დაკარგული, 265.000 საშუალოდ და მძიმედ დაჭრილი) მხოლოდ კარელიის ტყის მასივის ნაწილის დაკავება შეძლო. სტალინმა ფინელებს: „პატარა, მაგრამ ბოროტი ხალხი უწოდა“, შეწყვიტა საომარი მოქმედებები და დაკმაყოფილდა მიღწეული უმნიშვნელო შედეგით.
ამასობაში სტალინის მოკავშირე ჰიტლერი დასავლეთით ლაშქრობდა და 1941 წელს ოკუპირებული იყო: ნორვეგია, საფრანგეთი, დანია, ჰოლანდია, ბელგია, იუგოსლავია, საბერძნეთი, ანუ თითქმის მთელი ევროპა. სტალინის გათვლით გარდაუვალი იყო გერმანიის შეჭრა ინგლისში, მითუმეტეს, ინგლისის საექსპედიციო ძალების განადგურების და დიდი მატერიალური დანაკრგების შემდეგ ქ. დუნკერკთან 1940 წლის 6 ივნისს. 1940 წლის სექტემბერში მართლაც მზად იყო ოპერაცია „ზღვის ლომი”, მაგრამ ჰიტლერმა გადაიფიქრა და სწორადაც მოიქცა, რადგან ზურგში სსრკ-ს დარტყმის ეშინოდა და არც თუ უსაფუძვლოდ. სტალინი 1941 წელს მზად იყო შეჭრილიყო გერმანიის მიერ ოკუპირებულ ევროპაში როგორც განმანთავისუფლებელი, სწორედ ამ მიზნით იყო თავმოყრილი სსრკ-ს საზღვრების უშუალო სიახლოვეს ავიაცია, არტილერია, ჯავშანტექნიკის და ცოცხალი ძალის კოლოსალური რაოდენობა, პროპაგანდა ხალხს აჩვევდა იმ აზრს რომ ევროპა მალე კომუნისტური გახდება. ქვედანაყოფებში დარიგებული იყო არა სსრკ-ს, არამედ ევროპის რუკები. ჰიტლერმა გამოიცნო სტალინის ჩანაფიქრი და მისთვის მოულოდნელად თავად გადავიდა შეტევაზე, რამაც დიდი უპირატესობა მისცა ომის პირველ ფაზაში, საზღვართან თავმოყრილი, შეტევაზე გადასასვლელად გამზადებული წითელი არმიის დიდი ნაწილი განადგურდა და ტყვედ ჩავარდა, ავიაციამ წესიერად აფრენაც ვერ მოასწრო იმდენად ახლოს იყვნენ საზღვებთან მიწეულნი და აეროდორმებზევე გაანადგურეს, ხოლო საბჭოთა ტერიტორიის რუკების სიმცირემ ქაოსი გამოიწვია უკან დახევის დროს. თუმცა ეს სხვა ისტორიაა და ამაზე მერე …

გენ. მაზნიაშვილის სახ. ლეგიონის სამხედრო ისტორიის სექცია
ფაქტები დამატებით გადამოწმებულია ქართველ ისტორიკოსებთან