ახტალის გარემოცვის გარღვევა. სომხეთ-საქართველოს ომი. 1918 წ. 15-16 დეკემბერი

სომხეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთი დრამატული ეპიზოდია სოფელ ახტალასთან ქართული დანაყოფის მიერ სომხების გარემოცვის გარღვევა. სტატიაში მოყვანილია ამ ბრძოლაში მონაწილე უცნობი მებრძოლის მონაყოლი.

ამ ბრძოლას წინ უსწრებდა დაჯგუფების შტაბის (გენერალი გიორგი წულუკიძე) და ცალკეული დანაყოფების გამოსვლა ალყიდან ჩრდილოეთის მიმართულებით მთების გავლით. 15 დეკემბერს, საღამოს 2000 სთ-ზე ეს რაზმი ფეხით გადავიდა სოფელ სადახლოში. მეორე ნაწილი რკინიგზის გაყოლებით, ჯავშანმატარებლების თანხლებით, მდ. დებედას ხეობით გაემართა სადახლოსკენ.

15-16 დეკემბრის გარღვევაში თავი გამოიჩინეს თბილისის მე-5 პოლკის ოფიცრებმა და ჯარისკაცებმა; ასევე, სახალხო გვარდიის ჯავშანმატარებელთა რაზმმა (ვალოდია და ალფეს გოგუაძეები), რომლებმაც არ მისცეს მოწინააღმდეგეს ახტალის სადგურის აღების საშუალება; ასევე მუშებმა, რომლებიც ცეცხლის ქვეშ წმენდნენ გზას. აღსანიშნავია, რომ სადგურში თავი მოიყარა რკინიგზისა და ქართული ადმინისტრაციის სამოქალაქო პერსონალმა.

15 დეკემბერს, გარემოცვაში მყოფთა დასახმარებლად, დაზვერვის გარეშე, სატვირთო ეშელონით გაგზავნეს არმიის მე-5 და მე-4 პოლკის სამი ასეული (330 ახალწვეული), რომლებიც სოფელ აირუმის რაიონში მოხვდნენ ჩასაფრებაში და განადგურდნენ (ნაწილი მოკლეს, მესამედი ტყვედ ჩავარდა, ხოლო მცირე ნაწილმა გაასწრო). თუმცა, მათ მოწინააღმდეგეც დააზარალეს, რამაც გააიოლა გარღვევის ოპერაცია.

ახტალის ბრძოლაში რიგით ჯარისკაცად მონაწილეობდა ცნობილი ქართველი მეცნიერი ნიკო კეცხოველი, რომელიც ხუთ ადგილას დაიჭრა და სასწაულებრივად გადარჩა: „ჩემს ირგვლივ სამი ტყვია ჩაერჭო მიწაში. ავიხედე, ქედის ქიმიდან ბოლი ჩანს. ავწიე კარაბინი, მაგრამ ხელი ძირს ჩამომივარდა, მინდა ხელი ავწიო, მაგრამ აღარ მემორჩილება. ამ დროს ვიგრძენი ბიძგი მხარში, ავტორტმანდი და დავეცი. გული არ წამსვლია. მკლავიდან სისხლმა გადმოსჩქეფა, ამ დროს ლოყაც ამეწვა, მოვისვი ხელი და სისხლია. აღარ გაჩერდა მიწა, წივიან ჩემს ირგვლივ ტყვიები. დაგლახვროს ღმერთმა! რამდენი მესვრით?“ დაჭრილი კეცხოველი ძირითად კოლონას გამოჰყვა და ფეხით ჩამოიყვანეს სადახლოში.

მოგონებების ავტორი 15 დეკემბრის ღამის პირველ საათზე ჩავიდა საბრძოლო მოქმედებების რაიონში — სადგურ ახპატში და გამოჰყვა ალავერდიდან გამოსულ ქართულ დანაყოფებს ახტალაში, სადაც 1600 საათიდან მუშებთან ერთად ცდილობდა გზის გაწმენდას და მონაწილეობდა მთებში გამაგებული მტრის მოგერიებაში. მან ღამე გაატარა ახტალის სადგურზე, ხოლო 16 დეკემბერს, დილის 0800 საათიდან, მონაწილეობდა გარღვევაში სადგურ აირუმისკენ, სადაც ღამით შეხვდა გარემოცვის მეორე მხარეს მყოფ ქართველ ჯარისკაცებს და გამთენიისას, ძირითად კოლონასთან ერთად, ფეხით, 0630 საათზე ჩამოვიდა სადგურ სადახლოში. ავტორმა პირადად ნახა 10-მდე მოკლული და 30 დაჭრილი ქართველი მებრძოლი. აღსანიშნავია, რომ მოგონება 18 დეკემბერს დაიწერა და არ შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რაც შეიძლებოდა მტერს სათავისოდ გამოეყენებინა.

23 დეკემბერს დაეცა სადახლო და წულუკიძის დაჯგუფება განლაგდა მდინარე დებედას მარცხენა მხარეს მდებარე აზერბაიჯანულ სოფლებში.

ისტორიკოსმა დიმიტრი სილაქაძემ აღმოაჩინა ოქმი, რომელიც სადახლო-ახტალის სექტორში დაღუპულთა საძმო სასაფლაოზე დაკრძალვას ეხება. სადახლოსთან ახლოს, საძმო საფლავში, განისვენებს 40 ქართველი მებრძოლი.

: წყარო :

- "ერთობა", N278, 1918 წ.
- "სომხეთ-საქართველოს 1918-1919 წლების ომი" (არჩილ ჩაჩხიანი)