1918 წლის მარტ-აპრილში საქართველოში უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა, გაურკვეველი იყო ქვეყნის სტატუსი, გერმანია იმარჯვებდა და შემოდიოდა კავკასიაში, რუსეთის არმიის კავკასიის ფრონტი მოიშალა და ჯარისკაცების მასა რუსეთში გადასვლას ცდილობდა, დაიწყო შეტაკებები ქვემო ქართლში სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის, თურქეთის არმია შემოიჭრა ტაო-კლარჯეთში და აჭარაში, თურქული დანაყოფები გამოჩდნენ ლორეს რაიონში, არაორგანიზებული ქართული საარმიო დანაყოფები და მოხალისეები მაზნიაშვილის მეთაურობით თავს იყრიდნენ მდინარე ჩოლოქთან გურიაში. თებერვლის თვეში სახალხო გვარდიის დანაყოფებმა განაიარაღეს ქართული კორპუსის გორის IV, თელავის VIII და დუშეთის ცხენოსანი პოლკების ბანდებად ქცეული რაზმები, რასაც შეტაკებები და მსხვერპლი მოჰყვა. 19 მარტს დაასრულეს სადახლოს ოპერაცია, 16-23 მარტის განმავლობაში სახალხო გვარდიამ ჩაახშო კომუნისტი ოსების შეიარაღებული გამოსვლა ცხინვალის რაიონში. 5 აპრილს დაიწყო თურქების იერიში გურიაზე, რომელიც მოიგერიეს სახალხო გვარდიის თბილისის ბატალიონის ქვედანაყოფებმა ოჩხამურთან. სწორედ ამ დროს, ისარგებლეს რა მძიმე დგომარეობით, კომუნისტებმა დაიკავეს აფხაზეთი და 4 აპრილს დაიწყეს შეიარაღებული აჯანყება სამეგრელოში საშა გეგეჭკორის მეთაურობით. 4 აპრილს გვარდიის რაზმები ვ. ჯუღელის მეთაურობით აბაშიდან დაძრეს ზურგში მოქმედი მტრის წინააღმდეგ. გვარდიამ იოლად დაამარცხა მოწინააღმდეგე და აღადგინა წესრიგი სამეგრელოში. 8 აპრილს ჯუღელის დაჯგუფების დიდი ნაწილი ბანძაში იმყოფებოდა და ვერ მოუსწრო ჩოლოქის ბრძოლას. 7 აპრილს თურქები დიდი ძალებით მდ. ჩოლოქთან მოვიდნენ, მაგრამ სასტიკად დამარცხდნენ 8 აპრილის ბრძოლაში.
აჯანყებულების დიდი ნაწილი აფხაზეთში გაიქცა და მონაწილეობა მიიღო ე.წ. “დუშეთის აჯანყებაში”, რომელიც კომუნისტების მარცხით დასრულდა 1918 წლის ივნის-ივლისში.
1918 წლის სამეგრელოს აჯანყებას იხსენებს კომუნისტი ისაკ ჟვანია, გამოცემა უხვადაა ილუსტრირებული და წარმოგიდგენთ გრაფიკულ მასალას.
წყარო
– “ისაკ ჟვანიას მოგონებები 1918-1924 წ”. ეროვნული ბიბლიოთეკა.