1920 წ. მობილიზაცია და თავდაცვის საბჭოს შექმნა
გთავაზობთ 1920 წლის რუსეთ-საქართველოს პირველი ომის (საომარი მოქმედებები დაიწყო 1 მაისს) წინა დღეებში გაკეთებულ განცხადებებს და მობილიზაციის გამოცხადების დოკუმენტაციას.
მთავრობის და თავდაცვის საბჭოს მოწოდება 28.04.1920 წ.
საქართველოს ქალაქებს, ერობებს, თემებს, გვარდიის შტაბებს და აფხაზეთის კომისარიატს.
ჩრდილოეთის საფრთხე საქართველოს ჭიშკარს მოადგა. ბაქოში უბრძოლველად შევიდა ბოლშევიკების ჯარი და იქ საბჭოთა მმართველობა გამოაცხადა. აზერბაიჯანმა კარი გაუღო მათ, რაც მოწმობს მოსკოვის და ერზერუმის წინასწარ შეთანხმებას. საქართველო, საქართველოს დემოკრატია და მისი ამდენ ხნის შემოქმედებითი მუშაობა განსაცდელშია.
ჩვენ ქვეყანას მოელის ისეთივე განადგურება და სისხლისგან დაცლა, როგორც განადგურებულია და დაუსრულებელ ომებით სისხლისგან იცლება რუსეთი. ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია. ჩვენ მდგომარეობას ვიხსნით მხოლოდ ჩვენი ერთსულოვნებით და მომხვდურთა წინაშე მედგარი დარაზმვით.
მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაიცვას ქვეყანა ამ უბედურებისგან, ააცდინოს მშრომელ ხალხს ეს მწარე ფიალა, იხსნას ის დარბევისგან და მოგიწოდებთ თქვენ და თქვენთან ერთად მთელს დემოკრატიას, ფეხზე დააყენოთ მთელი თქვენი ძალა. შემოიკრიბეთ მთავრობის და დამფუძნებელი კრების გარშემო, დაუყოვნებლივ შეასრულოთ მთავრობის ბრძანებები და დაიცვათ შინაგანი სასტიკი წესრიგი, შეუბერეთ ერთგულ ხნეობა და ენერგია, სამაგიერო მიუძღვენით ორგულს და მოღალატეს და მით გადაარჩინოთ სამშობლო ავხრებისგან.
მთავრობამ უკვე გამოაცხადა მობილიზაცია, დანიშნა თავდაცვის საბჭო, აირჩია სარდალი, გამოცხადა აღმოსავლეთ საქართველოში სამხედრო წესები, მიიღო ყველა წინასწარი ზომები.
დეე თითოეული მოქალაქე, თითოეული თანამდებობის პირი იდგეს თავის პოსტზე და პირნათლად შეასრულოს თავის მოვალეობა.
მთავრობის და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე,
ნოე ჟორდანია
28.04.1920 წ.
შენიშვნა: თავდაცვის საბჭოში შევიდნენ სამხედრო, შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრები, მთავარსარდალი გიორგი კვინიტაძე, სამხედრო მინისტრის მოადგილე გენერალი ალექსანდრე გედევანიშვილი და სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის უფროსი ვალიკო ჯუღელი.
სამხედრო წესები გამოცხადდა ქ. თბილისში და აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგ მაზრებში: თბილისი, სიღნაღი, თელავი, ბორჩალო, თიანეთი, დუშეთი, გორი, ახალციხე და ახალქალაქი.
მობილიზაციის გამოცხადება
თბილისის ქალაქის გამგეობის განცხადება
საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დასაცავად იმ გარემოებათაგან, რომელნიც ამჟამად შეიქმნა მის საზღვრებზე, მთავრობამ საჭირო დაინახა ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება.
ამ მიზნით გაწვევულ იქნებიან ჯარში ყველა სათადარიგო ჯარისკაცი და მოლაშქრეები, დაბადებულნი 1888, 1889, 1894 და 1895 წლებში, რომელნიც დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდნენ თბილისის სამხედრო აღრიცხვის ნაწილის უფროსის სამმართველოში (ვოგზალის ქუჩაზე) ამა წლის 30 აპრილის 10 ს. ჯარში წასასვლელად.
ამას გარდა, ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ იმავე სამმართველოში ნაჩვენებ ვადაზე ყველა ექიმები შობიდან 35 წლამდე.
სხვადასხვა დაწესებულებები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ გაუსწორონ ანგარიში გასაწვევ მოსამსახურეთ, რომელნიც (შტატში მყოფ) ჯარში ყოფნის დროს ადგილი ენახებათ
ქალაქის გამგეობა
შენიშვნა: რეგულარულ ჯარში მობილიზაციას ატარებდნენ ადგილობრივი გამგეობები.
წყარო: 1920 წლის პრესა.