ქართველის და თურქის საჰაერო დუელი 1917 წელს

თანამედროვე ავიაციის დაარსების დღედ ითვლება 1903 წლის 17 დეკემბერი, როცა ძმები რაიტების აპარატმა წარმატებით იფრინა. ეს ამბავი კი 14 წლის შემდეგ, სამხედრო ავიაციის დაბადებისას მოხდა, როცა უბრალო ფრენაც კი დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, ხოლო სამხედრო პილოტები “ცის რაინდებად” ითვლებოდნენ.

მიხეილ მაჭავარიანი. 1920 წ. საქართველოს საჰაერო ძალები


მიხეილ მაჭავარიანი დაიბადა 1888 წლის 3 მარტს ქუთაისში, ოფიცრის ოჯახში. 1910 წელს დაასრულა კონსტანტინოვის სახ. საარტილერიო სასწავლებელი და ჩაირიცხა 39-ე საარტილერიო ბრიგადაში, მაგრამ გულმა ცისკენ გაუწია. 1914-1915 წლებში წარმატებით დაამთავრა საავიაციო სკოლა და 1915 წლიდან მსახურობდა იმპერატორიის რეზიდენციის დაცვის განსაკუთრებულ საავიაციო რაზმში. 1916 წელს გადაიყვანეს კავკასიის მეორე საავიაციო რაზმში, სადაც დანაყოფის ტექნიკური ნაწილი და საავტომობილო პარკი ჩააბარეს. რამდენიმე ორდენის მიღების შემდეგ, იმავე წლის მაის-ივნისში სადაზვერვო ამოცანების შესრულებისას გამოჩენილი მამაცობისთვის დააჯილდოვეს წმ. გიორგის ხმლით. 1916 წლის 27 ნოემბერს დანიშნეს კავკასიის მეორე საავიაციო რაზმის მეთაურად. სწორედ ამ რანგში მოუწია ისტორიაში შებიჯება, როცა საჰაერო ბრძოლაში მოწინააღმდეგის თვითმფრინავი ჩამოაგდო. ბედის ირონიით ამ დღეს ჰაერში ერთმანეთს შეებრძოლნენ მომავალში დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო ავიაციის სარდალი და თურქეთის საჰაერო ძალების მომავალი სარდალი. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში და არც შემდეგ საჰაერო ბრძოლაში არავინ ჩამოუგდიათ.

ქალაქი ერზინჯანი, ნიუპორ 21 და ვეჰიჩი ჰურკუში

ქ. ერზინჯანი რუსეთის იმპერიის ჯარის კავკასიის კორპუსის 39-ე დივიზიამ 1916 წლის ივლისში აიღო. ქალაქი მდებარეობს დაბლობზე, მაგრამ გარშემორტყმულია მაღლი მთებით (2.500-3.500 მ), დასერილი ხეობებით და კანიონებით, ამიტომ საჰაერო ოპერაციების შესრულება და მოწინააღმდეგის აღმოჩენა რთული იყო. რაზმი წინა ხაზთან ახლოს, ქალაქის განაპირას განლაგდა და სტრატეგიულ რაიონს იცავდა.

მიხეილს გადასცეს ფრანგული წარმოების ერთადგილიანი გამანადგურებელი ნიუპორ 21 (მეტსახელად „ბებე“), რომელიც 350 კგ-ს იწონიდა და 80 ც.ძ.-იანი ძრავით 150 კმ/სთ-ს ანვითარებდა, 2 საათი შეეძლო ფრენა და 5,200 მეტრამდე ადიოდა. შეიარაღებაში ჰქონდა ლუისის სისტემის ერთი ტყვიამფრქვევი 7.7×56მმ კალიბრის 47 ერთ. ვაზნით. თვითმფრინავს არ შეეძლო ბომბების წაღება, ამიტომ სადაზვერვოდ და საჰაერო ფოტოგადაღებებისთვის იყენებდნენ.

ვეჰიჩი ჰურკუში დაიბადა 1896 წელს სტამბულში, დაამთავრა ხელოვნების სკოლა, მაგრამ მიატოვა სამოქალაქო ცხოვრება და ნებაყოფლობით მონაწილეობდა ბალკანეთის ომში (1912-1913 წ.). ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ დანიშნეს ტყვეთა ბანაკის უფროსად სტამბოლში. 1916 წელს მესოპოტამიის კამპანიის დროს გააგზავნეს ბაღდადში, სადაც დაიჭრა. იმავე წელს დაამთავრა საავიაციო სკოლა და ჩაირიცხა მე-7 საავიაციო ასეულში, სადაც გადაეცა გერმანული წარმოების მრავალფუნქციური ორადგილიანი ალბატროს C.III, რომელიც იწონიდა 830 კგ-ს, 180 ცხ.ძ. ძრავით ანვითარებდა 145 კმ/სთ-ს, ჰაერში ფრენდა 4.5 საათის განმავლობაში და ადიოდა 3.350 მეტრამდე. შეიარაღებაში ჰქონდა ორი ტყვიამფრქვევი: გოჩკისის და მაქსიმის სისტემების, საბრძოლო მარაგი: 7.92x57მმ კალიბრის დაახლ. 2.000 ვაზნა. თვითმფრინავს შეეძლო 100 კმ-მდე ბომბების წაღება.


25 სექტემბერი (ახლ სტ. 7 ოქტომბერი), 1917 წ.

რაზმში მხოლოდ ერთი გამანადგურებელი იყო მწყობრში და შეუძლებელი იყო ხშირი პატრულირება, თუმცა არც ამას ჰქონდა დიდი ეფექტი, რადგან მთების და ხეობების გამო ჰაერში მყოფი პილოტისთვის თითქმის შეუძლებელი იყო საჰაერო მოწინააღმდეგის აღმოჩენა მიწიდან მინიშნების გარეშე. 40 კილომეტრით დაშორებული ფრონტის ხაზიდან შეტყობინებები კი მოდიოდა, მაგრამ სწრაფი რეაგირება ვერ ხერხდებოდა და გამოდევნებულ პილოტებს ფრონტის გადაღმა უწევდათ ბრძოლაში ჩაბმა, რა დროსაც ოსმალები დაბლა ეშვებოდნენ, ხოლო რუსული თვითმფრინავებს მიწიდან ცეცხლს უხსნიდნენ.
25-ში დილის 9 საათზე მოფრინდა ოსმალური თვითმფრინავი და ორი 50 კგ-იანი ბომბი ჩამოაგდო ქალაქში. აეროდრომიდან სასწრაფოდ აფრინდა შტაბს-კაპიტანი მაჭავარიანი, მიწიდან მინიშნების გამოყენებით აღმოაჩინა მოწინააღმდეგე და დაედევნა. ოსმალომ შეამჩნია მდევარი, შეეძლო მშვიდად გასცლოდა, მაგრამ არც ვეჰიჩი აღმოჩნდა მშიშარა - თვითმფრინავი შემოაბრუნა, მიუახლოვდა და 100-150 მეტრიდან ტყვიამრქვევის გრძელი ჯერი მიუშვა მიხეილზე. მაჭავარიანმა სწრაფი მანევრით აიცილა ტყვიები და მოწინააღმდეგის ქვეშ გაიქროლა, მარჯვედ შემოატრიალა "ბებე" და 20 ტყვია ესროლა მოწინააღმდეგეს. ამჯერად ვეჰიჩი დაეშვა ქვემოთ და მისმა მეწყვილემ მოკლე ჯერებით 200-მდე ტყვია დაუშინა მიხეილს, რომელმაც მანევრირებით დააღწია თავი რთულ მდგომარეობას, მოიპოვა უკეთესი პოზიცია და 19 ტყვია ესროლა ალბატროსს, რომელიც შეტორტმანდა, კვამლი გამოუშვა და მიწისკენ დაეშვა.
მიხეილი დაეშვა 500 მეტრამდე და დაინახა ზურგზე დანარცხებული ალბატროსი. სასწრაფოდ დაბრუნდა აეროდრომზე და ავტომანქანით გაემართა ჩამოგდების ადგილისკენ, რომელიც 8-9 კილომეტრით იყო დაშორებული ქალაქს. ალბატროსს ტყვიები მოხვედრია რადიატორში, ბენზინის ქვაბში და ოთხ ადგილას გაეგლიჯა გაზის მილები. თვითმფრინავში აღმოჩნდა: კომპასი, დაშვების საზომი, ფოტოაპარატი, ყუმბარები, 1.500 -მდე ვაზნა და ორი ტყვიამფრქვევი.


იმავე საღამოს ქართველების დეპუტაციამ მიულოცა მიხეილს გამარჯვება და სურვილი გამოითქვა, რომ მას დაემშვენებინა ქართული ჯარი. სურვილი მალევე აუხდა - მაჭავარიანი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ავიაციის მეთაურად დაინიშნა და 1960-იან წლებამდე ემსახურა საყვარელ საქმეს, თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა.

ვეჰიჩი და მისი მეწყვილე? ორივე გადარჩა და ტყვედ ჩავარდნენ. დაღვრემილი ვეჰიჩის ფოტო სამუდამოდ შევიდა ქართული სამხედრო ავიაციის ისტორიაში, თუმცა ჰურქუშმა გაცილებით დიდი კვალი თურქულში დატოვა, ბაქოს ტყვეთა ბანაკიდან გაპარვის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და მონაწილეობდა სხვადასხვა ბრძოლაში. 1923 წლიდან მეთაურობდა თურქეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალებს. ხელოვანი კაცი საბოლოოდ ავიკონსტრუქტორი და თურქული ავიაციის მამა გახდა. მისი ძეგლები დღესაც დგას თურქეთში. ხოლო მიხეილ მაჭავარიანი რამდენიმე ათეულ ადამიანს თუ ახსოვს საქართველოში.

1969 წელს გამოიცა მიხეილ მაჭავარიანის მოგონებები, იმავე წელს ვეჰიჩი ჰურკუში ავტოკატასტროფაში დაიღუპა

წყარო: 1917 წლის ქართული პრესა