არეულობა და შეტაკება ხაშურში
1918 წლის პირველ ნახევარში გარდამავალ პერიოდში მყოფი საქართველო ანაქრიამ და არეულობამ მოიცვა, ბოლშევიკები ვერ ურიგდებოდნენ პოლიტიკურ წარუმატებლობას და მოსახლეობის მოტყუებით ცდილობდნენ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი მთავრობის და ადმინისტრაციის შერყევა-ჩამოგდებას, ძირითადად „ქართული კორპუსის“ გაბოლშევიკებულ ჯარისკაცებზე და დეზერტირებზე დაყრდნობით.
დიდ საფრთხეს წარმოადგენდა ოსმალეთი, რომელიც რუსეთის საიმპერატორო არმიის დაშლის შემდეგ სწრაფად მოიწევდა აჭარა-მესხეთისკენ და ბოლშევიკებიც ხელს უწყობდნენ მათ ზურგში აჯანყებების მოწყობით, ღალატობდნენ რა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს პირადი გამორჩენის გამო.
ამ სტატიაში მოყვანილია ხაშურში მომხდარი არეულობის თვითმხილველის მოთხრობილი ისტორია გაზეთ „ერთობიდან“:
ხაშურის ამბები
ბნელი ძალები სარგებლობენ შექმნილი მძიმე მდგომარეობით და თავიანთი საქმეების მოსაგვარებლად საზარელ პროვოკაციას ეწევიან მოსულ ჯარისკაცებსა და სოფლელებს შორის. აი, სწორედ ამგვარი პროვოკაციის შედეგი იყო ის ამბები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ხაშურში 4 თებერვალს.
ამ დღეს დილის 9 საათიდან ხალხმა იწყო დენა სხვადასხვა სოფლებიდან. ხაშურში ჩამოსულთა რიცხვი 600-ს აღემატებოდა. უმრავლესობას შეადგენდნენ დაბრუნებული ჯარისკაცები, რომლებიც დემაგოგიითა და პროვოკაციით აღელვებდნენ ბრბოს. ბრბო შეჯგუფდა საბჭოს არსენალთან და დაჟინებით მოითხოვდა იარაღს.
ხაშურის რაიონის თავდაცვის კომიტეტის წევრებმა, კორძაიამ და პატარიძემ, სთხოვეს ხალხს აერჩიათ თავიანთი წარმომადგენლები თითოეული საზოგადოებიდან ან სოფლიდან, რომ შესაძლებელი გამხდარიყო დალაგებით მოლაპარაკება. ხალხი დაეთანხმდა ამაზე. გლეხობა იყო ჩამოსული ოსიაურის, იტრიის, ხცისის, ქვიშხეთის და თვით ხაშურის საზოგადოებებიდან. აირჩიეს თითო სოფლიდან ორ-ორი კაცი. კომიტეტის წევრებმა იქონიეს მათთან ერთად მსჯელობა და გამოიტანეს შემდეგი დადგენილება: მცხოვრებთა რიცხვის მიხედვით დაურიგდეთ საზოგადოებებს იარაღი.
ჯერ კიდევ არ გათავებულიყო სხდომა, რომ სოციალ-დემოკრატიულ კლუბს შემოესია ბრბო, რომელიც მოითხოვდა გადაჭრილ პასუხს: "გვითხარით, იძლევით თუ არა იარაღს და მერე ჩვენ ვიცით, რასაც ვიზამთო". კომიტეტის წევრები და არჩეული პირები გაემართნენ არსენალისკენ, გახსნეს არსენალი და შეუდგნენ იარაღის დარიგებას. რადგანაც არსენალში იარაღი ძალიან ცოტა იყო, ასე რომ თითოეულ სოფელს თითო თოფიც კი არ ხვდებოდა, ბრბომ არ დააცალა თავის არჩეულებს იარაღის განაწილება და ძალით შეამტვრია არსენალის კარი. ბრბო ითხოვდა კომიტეტის წევრებისგან იარაღს, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითგასამართლებით იმუქრებოდა.
გააოხრეს არსენალი, დაიტაცეს ყველაფერი, რაც კი არსენალში იყო. ასე წარმოიდგინეთ, უბრალო ხის ყუთებიც კი არ დაინდეს. არსენალიდან გამოვიდნენ ქუჩაში, დაუწყეს ერთმანეთს იარაღის წართმევა, ატეხეს სროლა და მთელი ქალაქი საფრთხეში ჩააგდეს. ბრბო დაჟინებით გაიძახოდა: "მოგვეცით იარაღი, თორემ მთელ ქალაქს დავარბევთო". ვერავითარმა სიტყვამ, ვერავითარმა ახსნა-განმარტებამ მათზე გავლენა ვერ იქონია.
კომიტეტის ერთი წევრი, პატარიძე, გაემართა ფოსტისკენ, რომ შეეტყობინებინა თბილისში ამხანაგებისთვის ხაშურში მომხდარი ამბები და დახმარება მოეთხოვა. ბრბო გადაეღობა მას გზაში და მოსთხოვა უკან დაბრუნება: "შენ მიდიხარ ფოსტაში, რომ შეატყობინო გვარდიელებს და თავზე დაგვასხა ისინი. ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით. გირჩევნიათ ახლავე მოგვცეთ იარაღი, თორემ ჩვენ თვითონ მივაგნებთ მასო". ვიღაცამ გაგვცა, იარაღი მეორე არსენალში აწყიაო და აცნობა ბრბოს.
ბრბოც გაემართა ყვირილით ნაჩვენები ადგილისკენ. ეს ვაჟბატონები არ დაკმაყოფილდნენ თითო თოფით და უნდოდათ კიდევ შეეძინათ. მათ ატეხეს სროლა. არსენალთან მდგომმა წითელგვარდიელებმა სროლით უპასუხეს. ერთი გვარდიელი მსუბუქად დაიჭრა ფეხში. წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი იყო, რადგან შეუბრალებელი ბრბო თავგანწირვით მოდიოდა არსენალისკენ.
გატეხეს მე-282 უფის დრუჟინის არსენალი, აქედანაც გაიტაცეს იარაღი. წარმოიდგინეთ, ბავშვებიც კი იღებდნენ მონაწილეობას დარბევაში. გაიტაცეს ტანისამოსი, აუარებელი პატრონები (შენიშვნა: ვაზნები). ყოველივე ეს ვაცნობეთ თბილისში და მოვითხოვეთ დახმარება.
მივიღეთ ზომები და ბრბო გავფანტეთ. რამდენიმე იარაღი გადავარჩინეთ, ნაძირლები მიიმალნენ. როდესაც გავიგეთ ვიღაცეებს წინასწარ დაუგზავნიათ წერილები სოფლებში, 4 თებერვალს ხაშურში იარაღს არიგებენ და ჩამოდითო, მივხვდით, რომ ხალხმა და რევოლუციის მტრებმა დრო იხელთეს და ასეთი უბედურება მოახვიეს სოფლის გლეხებს თავზე. საღამოს წესრიგი აღდგენილი იქნა. გამალებით ვუცდიდით თბილისიდან ამხანაგებს, მათ ჩამოსვლამდე კი დროებით შევაიარაღეთ ადგილობრივი საიმედო პირები. მთელი ღამე ფეხზე ვიდექით და ქალაქს ვიცავდით.
მივიღეთ ცნობები, რომ გორის რაიონში შემდგარა ყაჩაღთა რაზმი, რიცხვით 70 კაცი, რომელიც დადის სოფლად და აწიოკებს თავად-აზნაურების ოჯახებს. სოფელ ოსიაურში სავსებით ამოჟლიტეს ვეზიროვის ოჯახი, მოკლეს ციციანოვი, მისი შვილები და სხვ.
5 თებერვალს დილით 7:00 საათზე ხალხმა კვლავ იწყო დენა სოფლებიდან, უმთავრესად ოსებმა. მოიყარეს თავი სოციალ-დემოკრატიული კლუბის წინ და კვლავ მოითხოვდნენ იარაღს. მათ ახლაც მეთაურობდა ჯარისკაცების ერთი ნაწილი. კვლავ გააჩაღეს პროვოკაციული აგიტაცია. ესენი მიუთითებდნენ ჩვენზე: „წითელ გვარდიელებს იმიტომ აიარაღებენ, რომ შემდეგ მიუსიონ გლეხებს, ჩვენ უნდა შევებრძოლოთ მათ და იარაღი ჩამოვართვათო“. მაგრამ ზოგიერთმა შეგნებულმა ჯარისკაცმა მოახდინა გავლენა ბრბოზე და დროებით დააწყნარა იგი. რის ვაი-ვაგლახით ბრბო 11:00-მდე შევაჩერეთ.
ამ ხნის განმავლობაში ამხანაგებიც ჩამოვიდნენ თბილისიდან. დაინახეს თუ არა ისინი, ბრბო მიმოიფანტა. წითელმა გვარდიელებმა ატეხეს სროლა. ზოგიერთმა ბნელმა ძალამ სარდაფებიდან მათ სროლითვე უპასუხა, რამაც იმსხვერპლა ერთი ჩვენი ყვირილელი წითელი გვარდიელი, ერთიც მსუბუქად დაიჭრა. საჩქაროდ იქნა მიღებული ზომები. ბევრმა თოფები უკან მოიტანა.
6 თებერვალს გამოასვენეს მოკლული წითელი გვარდიელის გვამი. დაესწრო აუარებელი ხალხი. ილაპარაკეს ორატორებმა. განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება იქონია მსმენელებზე ვლასა მგელაძის სიტყვამ. მიცვალებული წაასვენეს ყვირილაში.
ჯერჯერობით ქალაქში სიწყნარეა. არ ვიცით, მომავალში რა იქნება. ასეთივე დარბევით ემუქრებიან ბორჯომს და გორს, სადაც გაიწვიეს ჩვენი წითელი გვარდიელები. მდგომარეობა ხაშურში მეტად სერიოზულია.
ვარლამ მიქაძე
წყარო: "ერთობა", 11 თებერვალი, 1918 წ. N34
შენიშვნა
● აღსაღნიშნავია რომ იმავე დღეს - 4 თებერვალს, აჯანყდა „ქართული კორპუსის“ გორში დისლოცირებული პოლკი, სახალხო (წითელი) გვარდიის თბილისის, ხაშურის და ქსნის ქვედანაყოფებმა ჯარისკაცებთან შეტაკების შემდეგ, 7 თებერვალს კონტროლი დაამყარეს ქალაქზე და განაიარაღეს ჯარისკაცები.
6 თებერვალს, იგივე კორპუსის ქუთაისში დისლოცირებულმა პოლკმა დაარბია რკინიგზის კომიტეტის შენობა: გაიტაცა 200 შაშხანა, 6.000 ვაზნა და 10.000 მანეთი. მთელი დღე ქალაქში სროლა ისმოდა.
● მოსახლეობამ გატაცებული იარაღის 60% უკან მოიტანა, ჩატარდა საინფორმაციო მიტინგები და ხალხი დამშვიდდა.
● „მე-282 უფის დრუჟინა“ არის 1914 წლის მობილიზაციის დროს ქალაქ უფაში შექმნილი: 282-я пешая Уфимская дружина государственного ополчения (282-ე ქვეითი უფის სახელმწიფო სახალხო ლაშქრის რაზმი), რომელიც ხაშურში იყო დისლოცირებული და 1918 წლამდე იცავდა ხაშური-რიონის მონაკვეთის საკომუნიკაციო ხაზებს, ხიდებს და რკინიგზას. როგორც ჩანს, რუსი ჯარისკაცების წასვლის შემდეგ იარაღის ნაწილი დარჩა ადგილზე და მათი ბაზა სახალხო გვარდიის ადგილობრივმა მცირერიცხოვანმა დანაყოფმა დაიკავა.
● თელავის მე-8 პოლკის განიარაღების ოპერაცია. 21-23.02.1918