სახალხო გვარდიის ჯავშანმატარებლები (ფოტოგალერეა)
1918 წელს სახალხო გვარდიის შემადგენლობაში შეიქმნა ჯავშანმატარებლების რაზმი (მეთაური: ვალოდია გოგუაძე), სადაც კავკასიის ფრონტისთვის 1915 წელს თბილისის სარკინიგზო სახელოსნოებში აგებული 4 მატარებელი ჩაირიცხა შემდეგი სახელებით:
N1 "რესპუბლიკანელი"
1918 წელს, სომხეთთან ომში სადგურ სანაინთან გააფთრებით მებრძოლი, მაგრამ უკვე ჩახერგილი ჯავშნოსანი დანაღმეს და ააფეთქეს, რათა მოწინააღმდეგეს არ ჩავარდნოდა ხელში. ჯავშნოსანი მთლიანად გამოვიდა მწყობრიდან და არ აღუდგენიათ. ვალოდია გოგუაძე და მისი რაზმი ფეხით გამოვიდა გარემოცვიდან და სადახლოში ჩავიდა.
N2 "თავისუფლების სიმაგრე"
1918 წელს, სომხეთთან ომში სადგურ ახტალასთან გარღვევისას სომხებმა ლიანდაგი აყარეს და 16 დეკემბერს, ბრძოლაში დაზიანებული და აღჭურვილობისგან დაცლილი ჯავშნოსანი მიატოვეს მებრძოლებმა. 17 დეკემბერს სოფელ აირუმის მხრიდან შემოიჭრა ვ. გოგუაძის ჯავშნოსანი N4, რომელმაც სადახლოსკენ გაიყვანა გადარჩენილები.
ეს მატარებელი სომხებმა აღადგინეს და ომის ბოლო ეტაპზე გამოჩნდა სადახლოს მიმართულებაზე. ომის შემდეგ ბრიტანელებმა ჩამოართვეს და იყენებდნენ როგორც "საკვების ტრანსპორტს", ეზიდებოდნენ რა საკვებს და სხვა მატერიალს.
N3 "მუშა"
1918 წელს, სომხეთთან ომში ეს მატარებელიც დაზიანდა და მიტოვება მოგვიწია სადგურ ახტალასთან. სომხებმა აღადგინეს და "ვარდან ზორავარი" უწოდეს. 1920 წელს შემადგენლობა კომუნისტების მხარეს გადავიდა და ჯავშნოსანი მონაწილეობდა 10-14 მაისის წარუმატებელ აჯანყებაში დამოუკიდებელი სომხეთის მთავრობის წინააღმდეგ.
N4 "სიკვდილი ან გამარჯვება"
1918 წელს სომხეთ-საქართველოს ომში იმყოფებოდა ზურგში, სადგურების სანდარის და სადახლოს მიმართულებაზე. იმავე წლის აპრილში მძიმედ დაზიანდა ჩოლოქის ბრძოლაში, სადაც ოსმალების მთავრი დარტყმა აიღო თავის თავზე და შესაკეთებლად იდგა თბილისში.
1919-1920 წლებში სარკინიგზო სახელოსნოებში დამატებით 3 (ან 4) ჯავშანმატარებელი დაამზადეს. ამ მატარებლების ფოტოსურათები ჯერჯერობით არაა აღმოჩენილი. 1921 წელს საბჭოთა საქართველოს ჯარში 4 ჯავშანმატარებელი ირიცხებოდა.
ვ. გოგუაძე ასე აღწერს თავის ჯავშანმატარებელს N4: "ჯავშნოსანზე იდგა ორი სამთო ქვემეხი, მაქსიმის და ლუისის ტყვიამფრქვეველები, მათი ვაზნებით და ყუმბრებით. ჯავშნოსანი შესდგებოდა ორი საბრძოლო ვაგონიდან, ერთი ცეიჰგაუზიდან და ერთი ორთქლმავალისაგან, რომელიც შუაში იყო მიბმული. ვაგონებიდან ორთქლმავალზე ტელეფონი იყო გაყვანილი. მეთაურის კოშკი ამართული იყო ორთქლმავალზე. ჯავშნოსანზე იყო სამი ვაგონი, სადაც მეომრები ცხოვრობდნენ. როდესაც ჯავშნოსანი ომში შედიოდა, მაშინ ვაგონებს მშვიდობიან სადგურზე ვტოვებდით". ერთ ჯავშანმატარებელში 60-80 მებრძოლი და მომსახურე პერსონალი იმყოფებოდა, ხოლო ჯავშნის სისქე 12-18 მმ იყო, რაც ტყვების, ნამსხვრევების და არტილერიის შრაპნელისგან კარგად იცავდა ეკიპაჟს. აღსაღნიშნავია რომ ვ. გოგუაძის მატარებელზე “მხიარული როჯერი” იყო დახატული.
წყარო
- "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რეგულარული ჯარისა და სახალხო გვარდიის ორგანიზაცია და შეიარაღება" დიმიტრი სილაქაძე
- 1918 წლის პრესა
- ვ. გოგუაძის მოგონებები (pdf ფაილი)