სამედიცინო სამსახური სომხეთ-საქართველოს ომში შულავერის ფრონტზე

1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომის შულავერის მიმართულებაზე მოქმედი სანიტარული რაზების მოქმედებას აღწერს სამხედრო ექიმი დიმიტრი ახვლედიანი (1866 - 1951). მისი სტატია გამოქვეყნდა 1919 წლის თებერვალში და გთავაზობთ მცირე ტერმინოლოგიური შესწორებებით (მაგ.: რუსული "როტის" ნაცვლად წერია "ასეული"), რათა გასაგები იყოს თანამედროვე მკითხველისთვის.

რომაელები ამბობდენ: „თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვისო“, მაგრამ ეს არც ისე ადვილია. ომისათვის საჭიროა მეომრები, იარაღი, თოფ-წამალი, სურსათი, საკვები, სხვა და სხვა საველე მოწყობილობანი, სანიტარული დაწესებულებანი და სხვა. თუ ეს არაა, სახელმწიფო არ იქნება ომისთვის მომზადებული, რადგან ჯარი არ იქნება სავსებით მოწყობილი.

ქართველ-სომეხთა ომიანობის დროს, ჩვენი ჯარი იარაღით, საკვებით, ტანით, ფეხსაცმლით, სხვა და სხვა საველე დაწესებულებებით თუმცა კარგათ იყო მოწყობილი, მაგრამ ესევე არ ითქმის მის სანიტარულ მდგომარეობაზე.

ეს იმის ბრალიც იყო, რომ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ვქმნიდით ბევრ ახალ ნაწილებს და სანიტარულის მხრით ესენი არ იყვნენ და ვერც იქნებოდენ წესისამებრ მოწყობილნი. მათ არც ექიმები ჰყავდათ საკმაოთ, არც ფერშლები, არც სანიტარები, არც ურმები ჰქონდათ საკმაოთ, არც კარვები, არც შესახვევი მასალა და არც წამლები.

სულ სხვანაირათ არის და უნდა იყოს რიგიანათ მოწყობილი პოლკის საქმე. პოლკს შეუძლია საომრათ გასვლა ან ერთად, ყველა ბათალიონებით, ან ცალკე ბათალიონით, ან ასეულებით. როდესაც გადის საომრად ერთეული, მას თან მისდევენ ყველა ექიმები, ფერშლები, სანიტარები და მიაქვთ თან სანიტარული ქონებაც, როდესაც მიდის ბათალიონი, მას მისდევს ერთი ექიმი, რომელსაც მიაქვს შესაფერისი მასალა, იარაღი და თან მიჰყავს განსაზღრული რიცხვი ფერშლებისა და სანიტარებისა. ჩვენ, ომის მოულოდნელობის გამო ნაწილ-ნაწილ ვგზავნიდით რაზმებს ბრძოლის ველზე და ექიმები ყოველთვის არ მიყვებოდენ მათ. რაც შეეხება: ფერშლებს, სანიტარებს, სანიტარულ ურმებს და ქონებას - ესენი მშვიდობიანობის დროსაც ძვირათ მოგვეპოებოდენ საკმაოთ. მიუხედავათ იმისა, რომ ბევრს ვცდილობდით შეგვევსო ეს დანაკლისი.

მეორე მიზეზი დანაკლისის შეუვსებლობისა იყო ის, რომ ნაწილების მობილიზაცია მიმდინარეობდა სისწრაფით. სანიტარულისა კი - ნელა. 27 დეკემბრისთვის ფრონტზე გვყავდა არა ნაკლებ 7.000 კაცისა, ესე იგი თითქმის 2 1/2 დივიზია, რომელთაც ემსახურებოდა 130 ფერშალი, 500 სანიტარი, 32 სანიტარული ურემი, 6 მეწინავე შესახვევი პუნქტი, 2 უმთავრესი და 4 ლაზარეთი.

რასაკვირველია, იმ პატარა ომისათვის, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებდით ამდენი სანიტარული პერსონალი და დაწესებულებანი საჭირო არ იყო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენ არ გვყოლია ერთი მესამედიც იმ რიცხვისა, რომელიც გვეკუთვნოდა შტატებით, აი მაგალითები:

1 პოლკის ბათალიონს ყავდა: 1 ექიმი, 2 ფერშალი, ჰქონდა ერთი ურემი.
3 პოლკის 9 ასეულს ექიმი არ ჰყოლიათ, ყავდათ 2 ფერშალი, არ ჰქონიათ წამლები, შესახვევი მასალა და სხვა.
4 პოლკის ბათალიონს ყვანდა ერთი ექიმი, 2 ფერშალი.
5 პოლკის 3 ბათალიონს ჰყავდა: 3 ექიმი, 4 ფერშალი, 3 ურემი, ჰქონდა სამყოფი შესახვევი მასალა და წამალი.
6 პოლკის 2 ბათალიონს ჰყვანდა: 2 ექიმი, 2 ფერშალი, ჰქონდა 2 ურემი, სამყოფი შესახვევი მასალა და წამალი.
მე-2 არტილერიის ბრიგადის 4 ბატარ. ჰყვანდა 1 ექიმი, 4 ფერშალი, ჰქონდა 1 ურემი.
1-ლი ბრიგად. 1 ბატარ. და გაუბიცის ბატარ. - ერთი ფერშალი.
მორტირის დივიზიონს - ერთი ექიმი, 2 ფერშალი, 1 ურემი.
ცხენოსან ბატარ. -1 ექიმი, 1 ფერშალი,
1-ლ ცხენ. პოლკს - ექიმი არ ჰყოლია, ჰყავდა 1 ფერშალი.
მე-2 ცხენ. პოლკს - 1 ექიმი, 2 ფერშალი, 1 ურ.
ქუთაისის მფრინავ (შენიშვნა: სწრაფი რეაგირების) რაზმს - 1 ფერშალი.
ოფიცერთა რაზმს - 1 ექიმი, 2 ფერშალი. 1 ურემი და 2 მოწყ.
ქართულ ლეგიონს - 2 ფერშალი.
გვარდიელებს - 2 ექ. 4 ფერშალი, 2 მოწყ. და 3 ურემი.
უმთავრეს შემხვევი რაზმს - 4 ექიმი, 9 ფერშალი, 17 მოხალისე დები, 100 სანიტარი, 7 ურემი.
წითელ ჯვარს - 1 სტუდენტი მეხუთე კურსისა, 2 მოწყ. და.
ქალაქთა კავშირის რაზმს - 3 მოწყ. და, 2 ფერშალი, 20 სანეტარი.

ამ ცნობებიდან სჩანს, რომ შტატამდე ბევრი რამ გვაკლდა. გვაკლდენ განსაკუთრებით ფერშლები, სანიტრები, ურმები, კარვები, ლაზარეთები და შემხვევი პუნქტები. ქალაქთა კავშირის, წითელი ჯვრის და უმთავრესი შემხვევი რაზმები შედარებით კარგათ იყვნენ მოწყობილნი, მაგრამ გვიან ჩამოვიდენ. გვიან ჩამოვიდენ აგრეთვე პოლკების სანიტარული შტატებიც.

აშაღა-სერალში მისვლისათანავე დავრწმუნდით, რომ სანიტარულის მხრით ვკოჭლობდით. სანიტარული პერსონალი ცოტა გვყავდა, არ გვქონდა მეწინავე შემხვევი პუნქტი, არავის ჰქონდა კარავი, არ მოიძებნებოდა თავისუფალი შენობა. მოუწყობელი იყო ევაკუაცია.

ჩვენი ჩასვლისას მტერი მოკალათებული იყო შულავრის მთებზე.

ჩვენ მიზნათ დავისახეთ ამ დაბის აღება. ამისთვის გენ. მაზნიაშვილმა ჯარი დაჰყო 3 ნაწილათ:

- მარჯვენა ფრთას გენ. ჩხეტიანის მეთაურობით (შე-3 პოლკი, გორის რაიონის 200 გვარდიელი და სხვა მცირედი ნაწილები) უნდა შემოევლო ჩრდილოეთით დალიკტაშის მთით.
- მარცხენა ფრთას გენ. წულუკიძის მეთაურობით უნდა შემოევლო იუხარი-სერალით და დამიით.
- გენ. სუმბათაშვილის ნაწილებს (ოფიცერთა მოხალისე რაზმი, ლეგიონი და სხვა) პირდაპირი იერიში უნდა მიეტანათ შულავერზე.
- პოლკ. კონჩოშვილს და მაჭავარიანს დაევალათ შემოვლა იმ გორისა, სადაც იდგენ სამტრედიელი და ხაშურელი გვარდიელები და გადალახვა 557 სიმაღლისა.

თანახმად ამ გეგმისა, ამ წერილის ავტორს უნდა მომეწყო 3 მეწინავე შემხვევი პუნქტი. ვინაიდგან სანიტარული პერსონალი არ გვყოფნიდა, ჩვენ დავჯერდით ორს.
მარჯვენა ფრთაზე მუშაობდა ექ. მოსეშვილი შუაზე - რეკვავა.

უმთავრესი შემხვევი რაზმი ჯერ არ ჩამოსულიყო, ამისთვის მისი მოქმედების როლის ასრულება დავაკისრეთ გვარდიის ექ. ტყემალაძეს, რომელიც ჩვენთან შედარებით კარგათ იყო მოწყობილი. გამოვნახეთ ერთი პაწია ოთახი. პუნქტზე სამუშაოთ გამოვიწერეთ თბილისიდან ექიმი და 4 ფერშალი. ევაკუაციის გამგეობა მივანდვეთ ექ. დემურიას, რომელმაც გამონახა 2 სანიტარული ვაგონი და 1 მესამე კლასისა დაჭრილთა და ავათმყოფთა მისაღებათ. მანვე გამონახა ტყვეობიდან გამოქცეული ერთი ფერშალი, დაღლილ ჯარისკაცებისაგან ექ. დ-მ მოიძია 15 ჯარისკაცი, რომელთაც იკისრეს სანიტარების როლის ასრულება. მეწინავე შემხვევ რაზმებს აკლდათ სანიტარული ურმები, შესახვევი მასალა, მაგრამ გვარდიელების დახმარებით იოლათ გავდიოდით, ურმებს თავ-თავის დროზე უგზავნიდით და მოთხოვნილებისამებრ ვაწვდიდით შესახვევ მასალასაც. კარვების უქონლობის გამო, ექიმები მუშაობდენ ურმებზე - პირდაპირ ცის ქვეშ. ოთახი, სადაც მოთავსებული გვქონდა უმთავრესი შემხვევი პუნქტი, ისე პაწაწა, უხერხული და უსუფთაო იყო, რომ იქ რაიმე ოპერატიული დახმარების აღმოჩენა შეუძლებელი იყო, შეიძლებოდა მხოლოდ ხელ-მეორეთ შეხვევა და, ისიც, დიდის სიფრთხილით, ვინაიდგან ჭრილობაში ინფექციის შეტანა ადვილი იყო. მუშაობა უფრო ნაყოფიერი იქნებოდა, კარვები რომ გვქონოდა.

ექ. იოსელიანმა სანიტარულ ვაგონის განყოფილებაში მოიფიქრა საოპერაციოს გახსნა და კიდევაც მოაწყო, მაგრამ, ვინაიდგან ვაგონის კიბე-კარები დაჭრილთა ასატან-გადმოსატანათ უხერხული იყო, მუშაობაც ვერ მოეწყო კარგათ. გენ. მაზნიაშვილის განკარგულებით სურსათს (ჩაის, შაქარს, პურს, ხორცს) გვაძლევდენ რამდენიც გვინდოდა, მაგრამ ჭურჭელის უქონლობის გამო, ჩაის თავის დროზე ვერ ვადუღებდით და სადილს თავის დროზე ვერ ვხარშავდით. ამ პირობებში, რასაკვირველია, ძნელი იყო ნაყოფიერი მუშაობა, დიდ შვებას ვნახულობდით მხოლოდ მაშინ, როდესაც მოდიოდა სანიტარული მატარებელი, რომელსაც შეეძლო 150 დაჭრილისა და ავათმყოფის მიღება და მოვლა. ბოლოს დიდი სამსახური გაგვიწიეს, როგორც წითელი ჯვრის და ქალაქთა კავშირის, ისე უმთავრესმა შემხვევმა რაზმებმა, რომლებიც კარგათ იყვნენ მოწყობილნი და ყავდათ შესაფერისი სანიტარული პერსონალიც. სამწუხაროთ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყველა ეს დაწესებულებანი გვიან ჩამოვიდენ, ბოლო დროს ქალაქთა კავშირმა გამოგვიგზავნა 75 ცალი ნაბდის კარავი, რომლებითაც ჩვენც ვისარგებლეთ ავათმყოფთა მისაღებათ.

მოკლე შეტაკებანი პოზიციებზე ყოველ დღე ხდებოდენ და დაჭრილებიც თან და თან მოგვდიოდა. 28 დეკ. დაიწყო საერთო შეტევა: მარცხენა და მარჯვენა ფრთა მწყობრათ უვლიდა შულავერს, შუა კოლონა თამამად ადიოდა მთებზე. 28 დეკემ. საღამოთი მარცხენა ფრთამ მამაცათ გაარღვია სომხის რკალი. ამ დროს მარჯვენა ფრთა შეიჭრა შულავერში, შუა-კოლონამ გადალახა მთები, მტერი შედრკა და იბრუნა უკან პირი. ჩვენი ჯარი დაედევნა მას ფეხ და ფეხ. 30-ს ჩვენი ჯარი სადახლოს მთებზე იდგა. მტერი იხევდა უკან, ისმოდა თოფ-ზარბაზნის ზუზუნი. ამ დროს მოგვივიდა ბრძანება შეგვეჩერებინა ბრძოლა .. ჯარიც გულის ტკივილით შეჩერდა, უნდოდა მტერი საზღვრამდე მაინც მიეგდო ცემ-ტყეპით.

24 დეკემბრიდან ომის გათავებამდე ჩვენ ხელთ გამოიარა 253 დაჭრილმა, 602 ავათმყოფმა. თითქმის ამოდენმა რიცხვმა გამოიარა გვარდიისაგან ეკატერინოფელდით (შენიშვნა: ეხლანდელი ბოლნისი) და სანჯარით.

იმ მიზეზის გამო, რომლებზედაც მოგახსენებდით დაჭრილებს ვერ უვლიდით ჯეროვნათ. სანიტრების უყოლობის გამო არა ერთი და არა ორი იყო მაგალითი, დაჭრილების გვიან მოყვანისა. სამაგიეროთ როგორც ზემოთ იყო ნათქვამი სურსათით, ტანით, ფეხით ჩვენი ჯარი სრულიად უზრუნველყოფილი იყო, უკეთესი პირობები მე არსად მინახავს. ავადმყოფთა შორის იყვნენ ფეხდაზიანებულები რადგანაც ზოგიერთ ჯარის კაცებს, წუღები ეცვათ, არადა 24, 25, 26, 27 დეკემბერს მეტად ცივი დღეები იყო. ბოლო დღეებში, ავადმყოფებ შორის გვხდებოდა წვ. ნაწლოვან-ტიფიანები. სამწუხაროთ, მათ იზოლიაციას ჩვენ ვერ ვახერხებდით: არ გვქონდა შენობები, კარვები, სადეზინფექციო მასალა და სხვა. საინფექციო ავადმყოფობას ჩვენ ჯარში ადგილი არ ჰქონია.

აი მოკლე ცნობანი სანაინის ფრონტის სანიტარულის მდგომარეობის. მაინცა და მაინც ბევრს სანუგეშოს მასში ვერავინ დაინახავს, მაგრამ ნუ დაივიწყებთ როგორ მოულოდნელათ დაიწყო ომი და მოულოდნელათვე გათავდა. მიუხედავათ იმ პირობებისა, რომლებშიაც მუშაობა გვიხდებოდა, ჩვენ არც ერთი დაჭრილი და ავადმყოფი არ მიგვიტოვებია არ მიგვიღია არც ერთი მათგანი, რომლისათვისაც არ აღმოგვეჩინა ესა თუ ის დახმარება.

დიმიტრი ახვლედიანი
ქართული ჯარის სანიტარული მატარებელი