გენ. გიორგი წულუკიძის დაჯგუფება სომხეთთან ომში | 23.10 – 23.12.1918

1918 წლის მაისის შემდეგ ქართულმა ჯარმა დაიკავა მდ. კამენკას (ეხლანდელი “ძორაგეტი”) მარცხენა სანაპირო (119-ე ვერსი) ს. ცატერთან, ხოლო მარჯვენაზე დადგნენ თურქები. ს. ქარინჯში და ქობერში დაარსდა ქართულ-გერმანული შერეული პოსტები, რომლებიც იცავდნენ საზღვარს. შემოდგომით თურქები წავიდნენ და მათი ადგილი დაიკავეს სომხებმა, რომლებმაც აიძულეს ქარინჯის რაზმს დაეტოვებინა პოსტი და დაიკავეს ქობერის საგუშაგო. სომხების აგრესიულ ქმედებას “დაემთხვა” გერმანელების წასვლა კავკასიიდან.

ქართული პოსტების განლაგება კამენკას მარცხენა მხარეს

სასაზღვრო საგუშაგოს ზოგადი ხედი. 118-119 ვერსი

ქართული საგუშაგო. 119 ვერსი

19 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ წაუყენა ულტიმატუმი სომხეთს და მოსთხოვა ჯარის გაყვანა მდ. კამენკას მარჯვენა სანაპიროზე. სადგურ სანაინში შეიქმნა შტაბი პოლკოვნიკების ა. ზაქარიაძის და ჩხეიძის მეთაურობით, გამოცხადდა სამხედრო მდგომარეობა და ბორჩალოს მაზრის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა გენერალი გიორგი წულუკიძე, რომელიც 23 ოქტომბერს ჩავიდა სანაინში V ქვეითი პოლკის 140 ჯარისკაცთან ერთად (პოდპოლკოვნიკი ბალუაშვილი). სანაინში მათ დახვდათ: თბილისის სადარაჯო ათასეულის 150 მებრძოლი 4 ტყვიამფრქვევით (კაპიტანი გუგუშვილი), როტმისტრ შანიძის 42 კაციანი ცხენოსანი რაზმი და IV ქვეითი პოლკის სადაზვერვო ოცეულის 57 მებრძოლი (ლეიტენანტი ხარაძე). ორი საათის შემდეგ ოფიცრები ჯავშანმატარებლით N4 (ვ. გოგუაძე) წავიდნენ საზღვრისკენ. არმისული რკინიგზის ხიდამდე, მათ ნახეს კორნეტ ქერდვაიას 15 კაციანი საგუშაგო და IV პოლკის 25 ჯარისკაცი რომლებსაც მიმდებარე სიმაღლე ჰქოდათ დაკავებული. უკანდახეულ ქართველ მესაზღვრეთა ოცეული იდგა სოფელ არდვში. პარალელურად სომხები გააქტიურდნენ ალავერდის მიმართულებით ს. ახპატში, სადაც შეიმჩნეოდა შეიარაღებული ადამიანების გადაადგილება.

ალავერდის რაიონი

25 ოქტომბერი (წინსვლა სამხრეთის სექტორის მიმართულებით)

მესაზღვრეთა რაზმმა მიიღო ბრძანება დაძრულიყვნენ ცატერის (119 ვერსის) მიმართულებით, მაგრამ ჩასანგრებულმა სომხებმა სროლა აუტეხეს. რაზმმა შეუტია მოწინააღმდეგეს, გააქცია და დაიკავა თავის მიერვე გათხრილი სანგრები ცატერიდან დაახლ. 1.5 კმ მოშორებით.

26 ოქტომბერი (შეტაკებები სამხრეთ სექტორში)

დილით მოვიდა ცნობა რომ სომხებმა დაიკავეს სიმაღლეები სადაგურ სანაინის მიმდებარედ ს. უზუნლართან და დააყენეს ტყვიამფრქვევები. მიუხედავად ამისა, ცხენოსნების ოცეულს (25 მებრძოლი) ლეიტენანტ ფავლენიშვილის მეთაურობით ებრძანა დაეკავებინათ ქარინჯის პოსტი. არმისული ქარინჯამდე რაზმი მოყვა ჩასაფრებაში და ტყვედ ჩავარდა 6 მებრძოლი. ქართული მხარის მოთხოვნა გენერალმა დრომ შეასრულა, 29-ში ტყვეები გაანთავისუფლეს და იარაღიც დაუბრუნეს. ქარინჯი დაკავებული ჰქონდა სომხეთის არმიის IV პოლკის მე-7 ასეულს ოფიცერ გორბაჩოვის მეთაურობით.
წულუკიძემ ულტიმატუმი წაუყენა სომხების მეთაურებს, დაბრუნებოდნენ კამენკას მარჯვენა სანაპიროს და მისცა დრო 00:00 -მდე. სომხებმა გააგრძელეს პოსტების გაძლიერება.

27 ოქტომბერი (სომხების უკანდახევა)

ღამის 2 საათზე წულუკიძემ უბრძანა ჯავშანმატარებელს გაეხსნა ცეცხლი სიმაღლეებზე გამაგრებული სომხებისთვის და დაძრულიყო სამხრეთით, ხოლო შანიძის რაზმს შეეტია ქარინჯისთვის. ბალუაშვილმა მიიღო ბრძანება შეეტია უზუნლარის მიდამოებში გამოჩენილი სომხური დანაყოფისთვის. გუგუშვილის რაზმი დაფარავდა ამ შეტევის მარჯვენა ფლანგს. საერთო შეტევა დაიწყო 5 საათზე, ორი საათის შემდეგ ჯავშანმატარებელი გავიდა კამენკასთან, მაგრამ ბალუაშვილის რაზმს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს. ამ დროს მოულოდნელად ჩამოვიდა ქართულ-სომხური დელეგაცია თბილისიდან და 12:00-ზე შეტევა შეწყდა. გაიმართა მოლაპარაკებები, გენერალ დროს ნაცვლად სომხურ მხარეს წარმოადგენდა პოლკოვნიკი კარალკოვი. შედეგად სომხებმა უბრძოლველად დატოვეს ქარინჯი, ცატერი (119-ე ვერსის საგუშაგო) და უზუნლარის სიმაღლეები.

4 ნოემბერი (სომხები ემზადებიან)

დაზვერვის ცნობით ს. უზუნლარის ახალგაზრდობა სომხეთში წავიდა და სამხედრო მომზადებას გადიოდა ერევანსა და კარაკილისში. სომხურ სოფლებში ჩამოდიოდნენ სომეხი და რუსი ოფიცრები რომლებიც წვრთნიდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, აწყობდნენ საიდმულო სატელეფონო ქსელს და შემოჰქონდათ იარაღი. უზუნლარიდან მოქმედებდა კრიმინალების ჯგუფი, რომელიც იტაცებდა საქონელს და ძარცვავდა ხალხს.

6 ნოემბერი (სომხური სოფლების ჩხრეკა)

ქართული ქვედანაყოფები შევიდნენ სომხურ სოფლებში და ჩაატარეს ჩხრეკა. ადგილობრივი კომისრები და ავტორიტეტის მქონე მოქალაქეები გააფრთხილეს რომ თუ არ შეწყდებოდა ბანდების თარეში და ანტისახელმწფიებრივი აგიტაცია, მათ გაასახლებდნენ საქართველოდან.
კიდევ უფრო რთულად იყო საქმე შულავერში, სადაც იარაღის ფარული საწყობი მოაწყვეს და დაშნაკების აგიტაციას აყვა ხალხი. ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდა მილიციის უფროსი სინაგორ გალეჩიანი.

9 ნოემბერი (შესვლა შულავერში)

წულუკიძის ბრძანებით შულავერი ალყაში მოქციეს და წაუყენეს ულტიმატუმი განიარაღების შესახებ. შედეგად გალეჩიანი და მისი ბანდა დააპატიმრეს და გაგზავნეს თბილისის ციხეში. აღსაღნიშნავია, რომ შსს მინისტრის მოადგილის საბახტარაშვილის ბრძანებით ბანდის წევრები დააბრუნეს შულავერში, მხოლოდ გალეჩიანი დატოვეს თბილისში, რასაც წულუკიძის უშედეგო პროტესტი მოჰყვა.

10-19 ნოემბერი (ბორჩალოს მაზრის განიარაღების ოპერაცია)

შულავერის განიარაღება, გადასახადების აკრეფა და გასაწვევი ასაკის ახალგაზრდების აღრიცხვა დუნედ მიმდინარეობდა, ამიტომ მოეწყო ჩხრეკა. შედეგად ამოიღეს: 1.300 ცალი სხვადასხვა სისტემის შაშხანა, 30 რევოლვერი, 62 ერთ. 76 მმ ჭურვი, ორი სატელეფონო აპარატი და დიდი რაოდენობით ვაზნები. წესრიგის შესანარჩუნებლად შულავერში დატოვეს IV პოლკის სადაზვერვო რაზმი. შულავერის ახალმა ხელმძღვანელობამ სდრ-ს (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა) მორჩილება გამოუცხადა.

ბორჩალოს მაზრის აღმოსავლეთით, აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებშიც მძიმე სიტუაცია იყო, თარეშობდნენ ოსმალეთის არმიის ყოფილი ოფიცრები და ჯარისკაცები, რომლებმაც ფაშებად გამოაცხადეს თავი, საკუთარი წესრიგი დაამყარეს და გადასახადებს კრეფდნენ. წითელ ხიდსაც ისინი აკონტროლებდნენ. მცირერიცხოვანი მილიცია და ქართველი მესაზღვრეები ვერ უმკლავდებოდნენ მათ. წულუკიძემ დაიწყო ოპერაცია “თვითმარქვია ხელისუფლების” წინააღმდეგ და იოლად განდევნა აზერბაიჯანში. მხოლოდ წითელ ხიდზე მოხდა შეტაკება არტილერიის გამოყენებით.
მოსახლეობა წყნარად აბარებდა იარაღს და ქართულ ჯარს ნორმალურად ხვდებოდა, ინფორმაციის არარსებობის, ადგილობრივი ხელისუფლების სისუსტის და “ფაშების” მოქმედების გამო ხალხმა უბრალოდ ვერ გაიგო რა ხდებოდა და ბოლობოლო რომელ სახელმწიფოში ცხოვრობდა.
სომხური მოსახლეობა მტრულად იყო განწყობილი სდრ-ს მიმართ, აზერბაიჯანელები ძმურად ხვდებოდნენ ჯარს და ქართულ ხელისუფლებას უპრობლემოდ ემორჩილებოდნენ. 19 ნოემბერს რაზმი დაბრუნდა სანაინში.

21 ნოემბერი (ანტისახელმწიფოებრივი აგიტაცია ძლიერდება)

რაზმის წასვლით ისარგებლეს პროვოკატორებმა და ანტიქართული აგიტაცია გააჩაღეს, შედეგად ცეცხლი გაუხსნეს საკვების საყიდლად მისულ ჯარისკაცებს და შემთხვევით მოკლეს უზუნლარის კომისრის ძმა. რაზმი მაქსიმალურად ფრთხილად მოქმედებდა, მხოლოდ 3-4 ჯერ მოხდა ცხვრის დაუკითხავად წაყვანა სადარაჯო ათასეულის ჯარისკაცების მიერ და საჩივრის შემდეგ დაზარალებულებს ფულით აუნაზღაურდათ ზარალი.

28 ნომბერი – 7 დეკემბერი (სიტუაცია უკიდურესად მძიმდება)

ამ პერიოდში ლორეს რკინიგზით ჩაიარა თურეთის ჯარის რამდენიმე ეშელონმა, რომლებსაც იარაღი, ვაზნები, ჭურვები და აღკაზმულობა გადაჰქონდათ. წულუკიძემ გააჩერა ეშელონები, მაგრამ ზემდგომებისგან ბრძანება მოვიდა და გაატარა. შედეგად სომხებმა ამ იარაღის დიდი ნაწილი იყიდეს, ხოლო სამხედრო ტანსაცმლით სავსე 8 ვაგონი გაძარცვეს კარაკილისში.
დეკემბერის პირველი რიცხვებიდან თბილისიდან ერევანში სომეხი ეროვნების სათადარიგო ჯარისკაცების დიდი რაოდენობით გადასვლა დაიწყო. წულუკიძე შეძლებისდაგვარად აფერხებდა მათ მოძრაობას და ვისაც საბუთები წესრიგში არ ჰქონდა, არ ატარებდა.
1 დეკემბერს თბილისიდან ერევნისკენ წავიდა სომხეთის ჯარის დაახლ. 130 კაციანი სასწავლო რაზმი (1917 წლის ბოლოს შეიქმნა ნაციონალური კორპუსები და მათი ნარჩენები ჯერ კიდევ იდგნენ თბილისში), რომლებიც იარაღის უკანონოდ გატანას ცდილობდნენ.
4 დეკემბერს გენერალმა ციციშვილმა აცნობა შტაბს რომ ს. ჯელალ-ოღლის ჩრდილოეთით, სიმაღლე 4771-ზე სომხების ჯარმა დაიწყო სანგრების გათხრა, რომელიც შეწყვიტეს ულტიმატუმის შემდეგ. დაზვერვის ცნობით, სომხურ სოფლებში სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული სომეხი ოფიცრები ამოძრავდნენ. ს. აირუმში დააპატიმრეს ორი სომეხი მზვერავი. კარაკილისში ჩამოვიდა სომხეთის არმიის ერთი ბატალიონი და ელოდებიან კიდევ ერთს.
წულუკიძის ბრძანებით ს. ვორონცოვკაში დააპატიმრეს და შულავერში წაიყვანეს ვინმე სამსონოვი, რომელიც რუსეთის და სომხეთის პასპორტებს ურიგებდა ადგილობრივ მოსახლეობას.
6 დეკემბერს უზუნლართან ღამით თავს დაესხნენ ურმებით მომავალ ქართველ ჯარისკაცებს, შეტაკებაში მძიმედ დაჭრეს ირაკლი თავხელიშვილი და 11 ჯარისკაცი დაატყვევეს. თავხელიშვილი დილით გარდაიცვალა. რაზმი დახვრეტას ადგილობრივმა მოსახლეობამ გადაარჩინა.
8 დეკემბერს სანაინი გაიარეს ბრიტანელმა კაპიტანმა გრინმა და ფრანგმა ოფიცერმა, რომლებიც საქართველოსა და სომხეთს შორის დაძაბულობის წინააღმდეგნი იყვნენ და წარმოადგნენდნენ თავიანთ მთავრობებს.

8-9 დეკემბერი (ს. უზუნლარის დაკავების უშედეგო მცდელობა)

6-7 დეკემბერს უზუნლარში მომხდარი შეტაკების გამო წულუკიძემ გადაწყვიტა ჩხრეკა მოეწყო სოფელში. რა ძალები გააჩნდა გენერალს მდ. დებედას ხეობაში?
სანაინი: შანიძის რაზმის 27 ცხენოსანი, IV პოლკის სადაზვერვო რაზმის 22 მებრძოლი, 58 მესაზღვრე, 2 სამთო ჰაუბიცა, 2 მაქსიმის ტყვიამფრქვევი, 1 ლუისის ხელის ტყვიამფრქვევი, ჯავშანმატარებელი N1 (60-70 მებრძოლი).
ქარინჯ-ცატერში: 30 მებრძოლი
119-ე ვერსზე: 10 მებრძოლი
თბილისის საგუბერნიო ბატალიონის ასეული უდისციპლინობის, დაუმორჩილებლობის და ბოლშევიზმის გავლენის გამო 4 დეკემბერს გააგზავნეს თბილისში დასაშლელად. V პოლკის ასეული ახალციხეში სიტუაცის გართულების გამო გაიწვიეს თბილისში.

დილის 7 საათზე 107 ქართველი მებრძოლი ორი მიმართულებით დაიძრა უზუნლარისკენ. სომხებმა შეამჩნიეს ჩხეიძის რაზმის მოძრაობა, ასეულობით შეიარაღებულმა მებრძოლმა დაიკავა სიმაღლეები და გახსნა ცეცხლი. დაბლა მყოფი მარცხენა რაზმი ამოეფარა ქვებს და ჩაწვა. სომხებმა დაიწყეს დიდი ლოდების დაგორება. შეტაკებაში დაიღუპნენ ლეიტენანტი გიორგი მიქელაძე, პრაპორშიკი ლუკა აბულაძე და რამდენიმე რიგითი. ლოდებმა დააზიანეს თურქეთის ჯარის ეშელონის 6 ვაგონი, სადაც ჭურვები იყო, ეს ეშელონი მოდიოდა აზერბაიჯანიდან და ელოდა ორთქმავალს სომხეთიდან. პოლკოვნიკ ჩხეიძის ცნობით ბრძოლაში მინიმუმ 250 სომეხი იღებდა მონაწილეობას. პოდპოლკოვნიკ რამაზაშვილის მარჯვენა რაზმიც ჩაება ბრძოლაში, დაიღუპა და დაიჭრა რამდენიმე ქართველი მებრძოლი, არტილერისტებმა დაკარგეს 8 ცხენი. ორივე რაზმმა მიიღო ბრძანება დაბრუნებულიყვნენ სანაინში. ჩხეიძის რაზმი ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩავარდა, მებრძოლები განძრევასაც ვერ ახერხებდნენ სროლის სიმჭიდროვის და ცუდი პოზიციის გამო. ჯავშანმატარებელი მოძრაობდა და განუწყვეტლივ ესროდა მოწინააღმდეგეს. პარალელურად მცირე შეტაკება მოხდა ცატერის და კამენკას საგუშაგოებზეც.
საღამოს 7 საათზე ჩხეიძის რაზმმა ისარგებლა სიბნელით და დაიწყო გამოსვლა. როტმისტრი ბერიძე ორ ჯარისკაცთან ერთად გამოდიოდა, როცა დაინახა სომეხი მარადიორი რომელიც ტანსაცმელს ხდიდა დაღუპულ აბულაძეს. მარადიორი ადგილზე მოკლეს, რამაც სომხების მხრიდან ძლიერი სროლა და დაბლა ჩამოსვლის მცდელობა მოჰყვა, რომელიც ძლიერი ცეცხლით აღკვეთა ჯავშანმატარებელმა.
ღამემ დაძაბულად ჩაიარა, ჯავშანმატარებელი გამუდმებით მოძრაობდა და არ აძლევდა სომხებს ქვემოთ ჩამოსვლის საშუალებას.
ამ ბრძოლაში დაიღუპა 2 ოფიცერი და 15 ჯარისკაცი. დაიჭრა 2 ოფიცერი და 22 ჯარისკაცი. დანაკარგმა ჯამში 41 მებრძოლი შეადგინა.
9 დეკემბერს საღამოს სანაინის რაზმში იყო: 60 მებრძოლი 1 გაფუჭებული ტყვიამფრქვევით, ჯავშანმატარებელი N1 და არტილერისტები 2 ჰაუბიცით.

10-11 დეკემბერი (სომხების შეტევა და დამხმარე ძალების ჩამოსვლა)

დილიდან სანაინი ყოველი მხრიდან იცხრილებოდა. ესროდნენ ყველაფერს, რაც ქვემოთ მოძრაობდა. აგორებდნენ დიდ ლოდებს და ცდილობდნენ ჯავშანმატარებლის შეჩერებას, რომელიც ხელს უშლიდათ. ლოდებმა დალეწეს თურქეთის ჯარის კუთვნილი 26 ვაგონი. 11-ში ღამით მოხერხდა დარჩენილი ვაგონების თბილისისკენ წაყვანა. ვერ ხერხდებოდა დაღუპულების გამოყვანა. 10-ში საღამოს სომხები გამოჩდნენ ალავერდის სიმაღლეებთან. 15:00 სთ-ზე ალავერდში თბილისიდან ჩამოვიდა V პოლკის ასეული (150 მებრძოლი) კაპიტან ამაშუკელის მეთაურობით, რომელმაც მიიღო ბრძანება დაიკავებინათ ჩრდილო-დასავლეთის სექტორი და დაეცვათ ალავერდის ქარხანა.
დაბნელებისთანავე სომხები ჩამოიჟონენ ქვემოთ, დილით ბინოკლში გამოჩნდა 5 გაძარცული გვამი. ღამით მოხერხდა რამდენიმე გვამის გამოტანა, რომლებიც ასევე გაძარცულები და დასახიჩრებულები აღმოჩდნენ.
11-ში დილით თბილისიდან ალავერდში ჩამოვიდა I ცხენოსანი პოლკის ქვეითი ესკადრონი როტმისტრ დოლიძის მეთაურობით, ცოტა მოგვიანებით V პოლკის ორი ასეული კაპიტან კავკასიძის მეთაურობით, არტილერია (2 ქვემეხი და 2 ჰაუბიცა), მეთაურები კაპიტნები მეღვინეთუხუცესი და გრიგოლია, ასევე 20 ცხენოსანი შანიძის რაზმიდან. ჯამში დაახლ. 550 მებრძოლი.
11:00-ზე ქობერიდან კავშირზე გამოვიდა პოდპრაპორშიკი ბუკია რომელმაც მოასწრო გადმოცემა რომ სომხეთის ჯარის ასეული თავს დაესხა ცატერის საგუშაგოს, დაიღუპა რამდენიმე ჯარისკაცი და რაზმი ტყვედ ჩავარდა. ამის შემდეგ კავშირი შეწყდა. არანაირი ინფორმაცია არ მოდიოდა ქარინჯის საგუშაგოდან.
13:40-ზე ქობერიდან მოვიდა ტელეგრამა საიდანაც ცნობილი გახდა რომ ქობერის საგუშაგოც ტყვედ ჩავარდა, დაიღუპა რამდენიმე ქართველი მებრძოლი.
ალავერდთან დიდი ლოდებით ჩახერგეს გზა და სცადეს ერთერთი ხიდის დაწვა, რომლის გადარჩენა მოხერხდა მიუხედავად სროლისა. 14:00-ზე შეწყდა ტელეგრაფით კავშირი, მაგრამ სატელეფონო კავშირი ალავერდთან ჯერ კიდევ ხერხდებოდა. მესამე დღეა ვერ ხერხდებოდა ცხელი საჭმლის დამზადება, თუმცა საკმარისი ოდენობით იყო პური, შაქარი და ჩაი.
11-ში საღამოს სიტუაცია ასეთი იყო: სომხების ბატალიონი 6 ტყვიამფრქვევით მიმართებოდა ს. უზუნლარისკენ, სადაც 600 შეიარაღებული მებრძოლი ისედაც იყო, ხოლო ალავერდის გარშემო დაიწყო სომხების თავმოყრა.

12-13 დეკემბერი (სანაინის დატოვება და ალავერდის ბრძოლა)

მინისტრმა წულუკიძეს მიზნად დაუსახა ალავერდის რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნება, ამიტომ გადაწყდა სანაინის დატოვება და ალავერდის რაიონში თავმოყრა. სანაინსა და ალავერდს შორის გზა ორი უზარმაზარი ლოდით იყო ჩახერგილი, ამიტომ 12-ში ღამით წულუკიძის შტაბი ფეხით ჩავიდა ალავერდში და თბილისიდან სპეციალური ეშელონით ჩამოსულ მუშებთან ერთად შეეცადა ჩახერგილი გზის გაწმენდას, მაგრამ ძლიერი სროლის გამო ვერ მოხერხდა. გაფუჭებული ლიანდაგების შეკეთება ადგილზე შეუძლებელი იყო და ახლები გამოითხოვეს თბილისიდან.
დილით 7 საათზე ალავერდში ჩამოვიდა სახელმწიფო კომისია გენერალ ა. გედევანიშვილის ხელმძღვანელობით. კომისიას აინტერესებდა ვინ იბრძოდა ქართული ჯარის წინააღმდეგ, ბანდები თუ სომხეთის რეგულარული არმია. მოვიდნენ მიმდებარე სომხური სოფლების დელეგატები, რომლებმაც ყველაფერი უზუნლარელებს დააბრალეს. წულუკიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სომხეთმა ომი დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ და მოლაპარაკება უზუნლარელებთან არაფრის მომტანი არ იყო. ალავერდში ასევე ჩამოვიდა გენერალი მაზნიაშვილი, რომელიც გაეცნო ოპერატიულ სიტუაციას და მონაწილეობდა კომისიის სხდომაში. დელეგაციის ახპატში წასვლისთანავე განახლდა შეტაკებები ალავერდის ჩრდილოეთით. დილით დელეგაცია დილის 8 საათზე ჩამოვიდა ალავერდში და თავად დარწმუნდა თუ როგორ შეიცვალა სიტუაცია. 13:00-ზე სომხეთის თავდასხმაში დარწმუნებული კომისია წავიდა თბილისში (თბილისში არსებული დანაყოფები გამოაგზავნეს ლორესკენ, სრული მობილიზაცია კი 18 დეკემბერს გამოცხადდა), რასაც სომხების მკვეთრი გააქტიურება მოჰყვა აღმოსვლეთის მიმართულებიდან, აირუმის და ჩოჩხანის სომხური რაზმები სადგურ ახტალისკენ წამოვიდნენ.

13 დეკემბრის პარლამენტის სხდომა

აქ მცირე განმარტებაა საჭირო, რათა მკითხველი შეცდომაში არ შევიდეს და არ იფიქროს რომ მთავრობას და გენშტაბს “ეძინა”, სომხებმა ომი დაგვიწყეს (უკვე ვიცით რაც მოხდა და ჩვენთვის მარტივია მსჯელობა) და ესენი არკვევდნენ ვინ ისროდა: ადგილობრივი ბანდები, თუ რეგულარული ჯარი. 1918 წელს საქართველოში ბევრგან მოხდა შეიარაღებული აჯანყება (მაგ.: დუშეთში, სამეგრელოში, იმერეთში, აფხაზეთში, ცხინვალში და ა.შ.) და არეულობები ჯარში (მაგ. ქართულმა ჯარმა ორჯერ დაარბია ქუთაისი, ატერორებდა გორს, თელავს, დუშეთს და ა.შ.), რომლებიც ლოკალური იყო. ამის ფონზე რამდენიმე სომხური სოფლის “ბუინობა”-ს თავიდან დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ, როდესაც მოვიდა ცნობა რომ სომხეთის ჯარიც მონაწილეობდა, დაუჯერებელიც იყო რადგან სომხეთის ერთადერთი მხსნელი შექმნილ კატასტროფულ სიტუაციაში მხოლოდ საქართველო იყო, საიდანაც მარაგდებოდნენ. ხოლო თბილისში 20.000 სომეხი ლტოლვილი იყო თავმოყრილი. საქართველოს არანაირი მტრული ნაბიჯი არ გადაუდგამს სომხეთის წინააღმდეგ. ამ კონტექსტში ძნელად დასაჯერებელი იყო წულუკიძის მოხსენებები რომ სომხეთი ომის გამოუცხადელად დაგვესხა თავს. როგორც ჩანს, მოხსენებებს გენერლის ახირებად თვლიდნენ, რადგან ომის დაწყება საღ აზრს და ლოგიკას მთლიანად იყო მოკლებული. გასათვალისწინებელია რომ მაშინ ინფორმაცია რთულად ვრცელდებოდა (ჩვენს დროში ყველას შეუძლია LIVE  ჩართოს და რაიმე მოვლენა უცებ დაუმტკიცოს ყველას) და გადაადგილებაც ნელ ტემპში მიმდინარეობდა, ანუ რეაგირებას დიდი დრო სჭირდებოდა.

13-ში საღამოს 21:00-ზე სანაინის რაზმი დაიძრა ალავერდისკენ. ს. აკორიდან სომხებმა გახსნეს ძლიერი ცეცხლი და დააგორეს დიდი ლოდი, რომელიც ეშელონს მოხვდა, შუაში გაგლიჯა და ორი ვაგონი მთლიანად დალეწა, ხოლო 9 ვაგონი რელსებიდან გადავარდა. მებრძოლებმა ეშელონიდან ჩამოხსნეს ორი ქვემეხი, ჭურვები, ვაზნების ყუთები და ხელით გადმოიტანეს ალავერდში. მტრის მთელი ყურადღება გადავიდა აქტიურად მებრძოლ ჯავშანმატარებელზე, წულუკიძემ ამით ისარგებლა და V პოლკის ორი ასეულს უბრძანა შეეტიათ სოფელ აკორისთვის, რაზმმა უბრძოლველად დაიკავა ფერდობი და გააუმჯობესა ალავერდის მდგომარეობა. დილით უნდა დაწყებულიყო შეტევა აკორზე.

V პოლკის მიერ დაკავებული ფერდობი აკორთან

14 დეკემბერი (ლორეს ხეობიდან გამოსვლის დაწყება)

გამთენიისას, 06:00-ზე შტაბში მოვიდა V პოლკის ორივე ასეულის მეთაური, რომლებმაც მკვეთრად გაუარესებული სიტუაციის გამო მოხსნეს ასეულები და ჩამოვიდნენ ქვემოთ. ბუნებრივია, შეტევა გადაიდო. სადგურ ახპატში გაიჭედა ჯავშანმატარებელი N3 რომელმაც გზის გაფუჭების გამო ვერ შეძლო ალავერდისკენ წამოსვლა. 08:00-ზე რაზმი იკავებდა შახტახის მთას, დერკის აღმოსავლეთ მასივს და ალავერდს. მოწინააღმდეგემ უზუნლარიდან საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა ჯავშანმატარებელს. გზის შეკეთება შეუძლებელი იყო და მოუწიათ ჯავშანმატარებლის მწყობრიდან გამოყვანა. აღსაღნიშნავია რომ 4 ქართული ჯავშანმატარებლიდან 3 ამ ომში დავკარგეთ, აქედან ორი სომხებმა აღადგინეს და ომის ბოლოს იყენებდნენ სადახლოსთან. რაზმი მეორე დღეა ვერ იღებდა საკვებს და თითქმის გამოილია ვაზნები.

ალყის საფრთხის გამო წულუკიძემ გადაწყვიტა ალავერდის ვიწრო ხეობის დატოვება და სადახლოში თავმოყრა, სადაც მანევრის საშუალება ექნებოდა და მოიგებდა დროს, რომელიც ასე საჭირო იყო მობილიზაციის ჩასატარებლად საქართველოში.
გადაწყდა ორი კოლონით დაეხიათ უკან, მარცხენა (წულუკიძე) და მარჯვენა (ჩხეიძე). ჯავშანმატარებლიდან ჩამოხსნეს შეიარაღება, არსებული საკვების და ვაზნების მარაგი დაუნაწილეს მებრძოლებს.

ალავერდი-სადახლო (მარცხენა კოლონა მთებით), ალავერდი-ახტალა-აირუმი-სადახლო (მარჯვენა კოლონა რკინიგზაზე დაყოლებით)

ყოფილი ქართული ჯავშანმატარებელი N2 სომხეთის არმიის შემადგენლობაში, რომელსაც დაყვებოდნენ ბრიტანელები (1919 წ. ფოტო). მატარებელი ძირითადად გამოიყენებოდა საკვების უსაფრთხოდ მისატანად

15 დეკემბერი (სადახლოში ჩამოსვლა, ახტალის ბრძოლა და აირუმის ტრაგედია)

მარცხენა კოლონა ღამის 3 საათზე დაიძრა ალავერდის ჩრდილოეთით მთების გავლით სადახლოსკენ, მის შემადგენლობაში იყო VI პოლკის 1-ლი ასეული (კაპიტანი მაჭავარიანი), I ცხენოსანი პოლკის 1-ლი ესკადრონი (როტმისტრი დოლიძე), II საარტილერიო ბრიგადის 1 სამთო ქვემეხი და V პოლკის რაზმი 4 ტყვიამფრქვევით (ლეიტენანტი დოლიძე). კოლონამ ბრძოლის გარეშე გაიარა დასახული მარშრუტი და 15 დეკემბერს საღამოს 20:00-ზე ჩავიდა სადახლოში, რომლის ჩრდილოეთ სიმაღლეები ს. დამიასთან უკვე დაკავებული იყო სომხების მიერ. ს. ჩოჩხანში 500 სომეხი ელოდებოდა პოლკოვნიკის მოსვლას, რათა დაეწყოთ შეტევა. სადახლოს სადგურზე ჩამოვიდა I ცხენოსანი პოლკის ესკადრონი ხიმშიაშვილის მეთაურობით, რომლებიც დაუყოვნებლივ გაუშვეს დაზვერვაზე. იქვე იმყოფებოდა მესაზღვრეთა მცირერიცხოვანი რაზმი პოლკოვნიკ იმნაძის მეთაურობით.
ს. აირუმში დატრიალდა ტრაგედია. პოლკოვნიკ დავით ვაჩნაძის მეთაურობით ხეობაში დაზვერვის გარეშე შემოვიდა V ქვეითი პოლკის ეშელონი რომელსაც 330-მდე ახალწვეული მოყავდა და მიემართებოდნენ ალავერდისკენ. აირუმთან ეშელონი ჩასაფრებაში მოყვა, 4,5 საათიანი შეტაკებისას რაზმის 56 მებრძოლი დაიღუპა და 78 დაიჭრა. ვაზნების ამოწურვის შემდეგ მოწინააღმდეგემ ტყვედ აიყვანა 242 ჯარისკაცი და ოფიცერი. სამწუხაროდ ეშელონმა არ იცოდა რა ხდებოდა ლორეს ხეობაში და “ბრმად” მოძრაობდა. ბრძოლა დეტალურად აქვს განხილული დ. სილაქაძეს და შეგიძლიათ იხილოთ აქ: პოლკოვნიკ ვაჩნაძის რაზმის ტყვედ ჩავარდნის ისტორია
მარჯვენა კოლონის ჩამოსვლა სადახლოში აღწერილია ამ სტატიაში: ახტალის გარემოცვის გარღვევა სომხეთ-საქართველოს ომის დროს

16 დეკემბერი (წულუკიძის კოლონა იკავებს სადახლოს)

დილით ქართულმა ნაწილებმა ბრძოლით დაიკავეს კატიხ-დაგი, ს. დამიას სიმაღლეები და სიმაღლე 2702 საიდანაც კონტროლდებოდა რკინიგზა და ს. ჩოჩხანი. სადახლოსა და ხრამის ხიდს შორის მოძრაობდა ჯავშანმატარებელი N4, რომლის ძირითადი ამოცანა ხიდის დაცვა იყო. სად. აირუმთან სომხებმა დაწვეს ხიდი და აყარეს რელსები.

17 დეკემბერი (ორივე კოლონა ერთიანდება სადახლოში)

დილის 06:00-ზე პოლკოვნიკ ჩხეიძის კოლონა ფეხით შემოდის სადახლოში. სადახლოს გარშემო ძალებს იკრეფენ სომხები, რომლებიც რეგულარული ჯარის მოსვლას ელოდებიან. ს. დამიას სიმაღლეზე 200-მა სომეხმა ზედიზედ ორჯერ შეუტია I ცხენოსანი პოლკის ესკადრონს, მაგრამ დიდი დანაკარგით უკუიქცა.

18 დეკემბერი (მოწინააღმდეგის განადგურება სადახლოს სადგურთან)

ქართულმა ქვედანაყოფებმა დაიკავეს სიმაღლეები სადახლოს გარშემო, ს. ლამბალო და ელ-დაგის უღელტეხილი. რაზმში ირიცხებოდა 579 მებრძოლი, 6 ტყვიამფქვევი და 6 სამთო ჰაუბიცა. სადახლოში ჩამოვიდა სახალხო გვარდიის რაზმი (დაახ. 700 მებრძოლი) გენერალ ს. ახმეტელაშვილის და ვ. ჯუღელის მეთაურობით, მაგრამ მოწინააღმდეგის კატერინენფელდისკენ (ბოლნისი) გაჭრის გამო სასწრაფოდ გაიწვიეს ბოლნისში.

18 დეკემბერი. წითლად: ქართული ნაწილები, წითლად სომხური

სომხებმა დილით სცადეს დამიას და კატიხ-დაღის აღება, მაგრამ ვერ მოახერხეს. 16:00-ზე დაიწყო თოვა და ჩამოწვა ნისლი. ამით ისარგებლეს სომხებმა, ჩოჩხანიდან გადმოვიდნენ სადახლოში, მიუახლოვდნენ სადგურს და ქართულად გასძახეს. მათი ფანდი მალე გამოაშკარავდა და ბრძოლა დაიწყო. ჯავშანმატარებელი მოუახლოვდა სადგურს და დაუშინა სომხებს, რომელთა მარცხენა ფლანგს უშუალოდ სოფლიდან შეუტიეს რეზერვში მყოფმა ცხენოსნებმა და ქვეითებმა. მტერმა ვერ გაუძლო შეტევას და გაიქცა, რასაც ქართული არტილერიის დარტყმა მოჰყვა. შეტევის დროს გმირულად დაიღუპა როტმისტრი ანდრო დადიანი. მოკლეს 130-მდე სომეხი მებრძოლი, ტყვედ ჩავარდა 82, ალაფის სახით დაგვრჩა 2 ტყვიამფრქვევი და საბრძოლო დროშა. შეტევაში მონაწილეობდნენ სომხეთის ჯარის IV პოლკის ორი ასეული, სათადარიგო ჯარისკაცები და ადგილობრივი მოხალისეები. ალავერდის ლაზარეთი გადაივსო დაჭრილებით.

19-20 დეკემბერი (შეტაკებები სადახლოს გარშემო)

მიმდინარეობდა ორმხრივი სროლა მთელს პერიმეტრზე. თბილისიდან ჩამოვიდა VI და I პოლკების ორი ასეული, რამაც სახადლოს დაჯგუფება 300 მებრძოლით გაზარდა. ჩამოსულებმა შეცვალეს პოზიციებზე მდგომი გადაღლილი მებრძოლები, რომლებიც ცხელ საკვებსაც კი ვერ იღებდნენ. ბევრი მათგანი გაცივდა.
20-ში მოწინააღმდეგემ ისევ სცადა დამიას მიმართულებით შეტევა, მაგრამ რეზერვის დახმარებით უკუაგდეს. აირუმში ჩამოვიდა სომხეთის ჯარის ბატალიონი და ქვეითად მებრძოლი ცხენოსანი ესკადრონი. მოწინააღმდეგე გამოჩნდა ბაბაქიარის ქედის მიმართულებითაც.

21 დეკემბერი (საარტილერიო დუელი და ევაკუაციისთვის მომზადება)

გამთენიისას დაიწყო მტრის შეტევა ყველა სიმაღლეზე, მაგრამ წარუმატებლად. 11:00-ზე სომხების არტილერიამ დაუშინა სადგურს. ჭურვები მოხვდა გენერალ მაღალაშვილის ეშელონის ორთქმავალს, სანიტარულ ეშელონს და წყლის ტუმბოს. მოიშალა კავშირი დანაყოფებს შორის. ცეცხლმოდებულ სანიტარულ ვაგონზე გამობმული აღმოჩნდა 3 ვაგონი: 870 საარტლერიო ჭურვით, 80.000 ვაზნით, საინჟინრო ქონებით და საკვებით. აფეთქება გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ პოლკოვნიკი ჩეჩელაშვილის, საარტილერიო საწყობის უფროსის ჯორჯაძის და ორი ჯარისკაცის თავდადებით ვაგონი დროულად ჩახსნეს და უსაფრთხო ადგილას გაწიეს. საპასუხო ცეცხლი გახსნა ქართულმა არტილერიამ, მტრის აქტიობამ იკლო, მაგრამ სადგური მაინც იცხრილებოდა.
15:00-ზე სომხები ისევ გადმოვიდნენ შეტევაზე სიმაღლეების მიმართულებით, მაგრამ უკუაქციეს. სადახლოდან ს. აღ-მამედლოში გაიტანეს რადიოტელეგრაფის სადგური, ვაზნების და საკვების ზედმეტი მარაგი. ჭურვები მიიტანეს არტილერიასთან და ცდილობდნენ ს. აშაღა-სარალისთან კავშირის აღდგენას.

22 დეკემბერი (სადახლოს დაცემა)

ღამემ დაბალი ინტენსიობის ორმხრივ სროლაში ჩაიარა. ჯავშანმატარებელი N4 (ვ. გოგუაძე) გაგზავნეს აშაღა-სარალში სიტუაციის გასარკვევად და ხრამის ხიდის დასაცავად. მიუხედავად მცდელობისა, ვერ აღადგინეს კავშირი თბილისთან.
დილით მოწინააღმდეგემ ძლიერი საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა ბაბქიარის ქედზე მყოფ დანაყოფებს და შემდეგ VI პოლკის ასეულებს დაუშინა სადახლოს სამხრეთით. მძიმე ბრძოლა გაიმართა დამიას გარშემო, ზოგიერთი პოზიცია ხელიდან-ხელში გადადიოდა, დავკარგეთ სიმაღლე კატიხ-დაღი. დასახმარებლად დაიძრა რეზერვი რომელიც ძლიერი საატილერიო ცეცხლის ქვეშ მოჰყვა და გაჩერდა. უკან დაიხიეს VI პოლკის ასეულებმა და გამაგრდნენ სადახლოს სასაფლაოს რაიონში. განუწყვეტლივ მუშაობდა მცირერიცხოვანი ქართული არტილერია. რამაზაშვილის რაზმი დამიასთან დახმარებას ითხოვდა, თუმცა ახერხებდა პოზიციის შენარჩუნებას. 16:00-ზე დაიკარგა კავშირი დანაყოფებთან. 17:00-ზე ყველა სარეზერვო დანაყოფი ბრძოლაში იყო ჩართული, ხოლო არტილერიას გამოელია ჭურვები.
17:20-ზე სომხებმა მასირებული შეტევა დაიწყეს ყველა მიმართულებაზე. ბაბაქიარის ქედიდან წამოსული ბატალიონის შემკავებელი არავინ აღარ იყო. მე-4 სამთო ბატარეის კაპიტნმა ქარუმაძემ უკანასკნელი შრაპნელი დაუშინა შეტევაზე გადმოსულებს და 2 ხელის ტყვიამფრქვევი დააყენა მდინარის ნაპირას, რათა როგორმე ხელი შეეშალა მტრისთვის. სომხები გამაგრდნენ მდინარის ნაპირას და მასირებული ცეცხლი გახსნეს. VI პოლკმა შეძლო თავის უბანზე მტრის მოგერიება, მაგრამ სიტუაცია კრიტიკული იყო და წულუკიძემ მიიღო გადაწყვეტილება ბრძოლით გასულიყვნენ აშაღა-სარალისკენ, სადაც მისი ვარაუდით გენერალ სუმბათაშვილის რაზმი უნდა ყოფილიყო ჩამოსული.
მეკავშირე ჯარისკაცები გაგზავნეს ყველა რაზმთან, მაგრამ რამაზაშვილთან გაგზავნილი ორი ჯარისკაცი გზაში მოკლეს. სხვებმა ბრძანების ასრულება მიღებისთანავე დაიწყეს.
არტილერისტები და I ცხენოსანი პოლკის ესკადრონი ალყაში მოექცა, კაპიტანმა ირაკლი ცაგურიამ ხელჩართული შეტაკების დროს შეამჩნია სომხების მეთაური, აჩეხა ორი ქვეითი, ცხენდაცხენ მიეჭრა და მოკლა, რამაც სომხები არია. ცაგურია ხიშტით დაჭრეს ბარძაყში და ფერდში. ამ გარღვევით ისაგებლა I -მა პოლკმა და გავიდა სამშვიდობოს.
VI პოლკის მებრძოლებმა ასევე ხელჩართული ბრძოლით გაიკაფეს გზა და 28 სომეხ ტყვესთან ერთად გამოვიდნენ.
პოდპოლკოვნიკ რამაზაშვილის მესაზღვრეთა 45 კაციანი რაზმი ადგილზე დარჩა, რადგან არ მიუღია ბრძანება და მეორე დღეს იძულებული გახდა დანებებოდა მტერს.
შტაბი დაიძრა საღამოს 20:00-ზე და აშაღა-სარალში ჩავიდა ღამის 2 საათზე. 22 დეკემბერს აშაღა-სარალში ჩამოვიდა გენ. გ. სუმბათაშვილის რაზმი, რომელმაც დახმარება ვერ მოასწრო.

23 დეკემბერი (გარემოცვიდან გამოსვლა)

დილით სანაინიდან გამოსული ქვედანაყოფები შემდეგნაირად განლაგდნენ:
აშაღა-სარალი: შტაბი, I პოლკის რაზმი, ფურცელაძის რაზმი, V პოლკის 1 ასეული და 4 ჰაუბიცა.
აღ-მამედლო: V პოლკის ორი ასეული, VI პოლკის ასეულები, I ცხენოსანი პოლკის ესკადრონი და 2 ჰაუბიცა.
ორივე სოფელს შორის მოხდა საბრძოლო დაცვის ორგანიზება. სადახლოში ტყვედ ჩავარდა 60 ქართველი ჯარისკაცი, უმეტესობა დაჭრილი იწვა ლაზარეთში.
საღამოს წულუკიძე გაემგზავრა თბილისში, სამხედრო მინისტრთან (გ. გიორგაძე) და უმაღლეს მთავარსარდალთან (ა. გედევანიშვილი) შესახვედრად. სუმბათაშვილმა თავი მოუყარა რაზმს და დაიწყო შეტევა შულავერის მიმართულებით, რათა სომხების ყურადღება გადაეტანა ცენტრალური გზიდან, ეს მანევრი რისკიანი, მაგრამ სწორი იყო. სომხები მოტყუვდნენ, ძირითადი ძალები შულავერისკენ დაძრეს და აღარ შეუტიეს ტრასის გაყოლებით, რამაც ძვირფასი დრო მოგვაგებინა.
აშაღა-სარალში ჩამოვიდნენ გენერლები გ. მაზნიაშვილი და გ. კვინიტაძე, რომლებმაც გადაიბარეს შულავერი-სადახლოს უბანი.

მთლიანობაში სანაინის დაჯგუფებამ შეასრულა ამოცანა და 11-12 დღის მანძილზე აკავებდა მოწინააღმდეგეს, არ აძლევდა მას ოპერატიულ სივრცეში სწრაფი შემოჭრის საშუალებას.

ავტორი: პაატა გიგაური

წყარო

გენერალ. გ. წულუკიძის დეტალური ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ: “Грузия”-ს ათ ნომერში ნაწილ-ნაწილ 1919 წელს.
გენერალ. გ კვინიტაძის მოგონებები
1918 წლის პრესაში გამოქვეყნებული მასალები
ეროვნული არქივი და ეროვნული ბიბლიოთეკა

დამატებითი მასალა

სომხეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა საძმო სასაფლაო სადახლოში (დ. სილაქაძე)