VIII პოლკის განიარაღების ოპერაცია. 21-23.02.1918

რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, 1917 წლის 5 ნოემბერს დაიწყო ე.წ. “ქართული კორპუსის” ფორმირება, რომლის მიზანი თურქეთის ფრონტიდან წამოსული რუსული დანაყოფების ჩანაცვლება იყო. კორპუსის მერვე პოლკი განლაგდა ქ. თელავში და სხვა დანაყოფების მსგავსად, რომლებიც ძირითადად დეზერტირებისგან და უდისციპლინო შეიარაღებული ხალხისგან შედგებოდა, ხელი მიჰყო ძალადობას და იოლად მოექცა კომუნისტური აგიტაციის ქვეშ. კომუნისტური ლოზუნგებით 18 თებერვალს მიეჭრნენ მილიციას და შეტაკებაში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, ტყვედ წამოყვანილი მილიციელი ყაზარმაში მოკლეს. დაარბიეს კომისარიატის შენობა და არ ერიდებოდნენ ხალხის ძარცვა-გლეჯას.
გადაწყდა პოლკის განიარაღება. ამ მიზნით 21 თებერვალს საღამოს 11 საათზე თელავისკენ დაძირა თბილისის წითელი გვარდიის ეშელონი, ვ. ჯუღელის მეთაურობით. ეშელონის შემადგენლობაში ჯავშანმატარებელიც შედიოდა ვ. გოგუაძის მეთაურობით, რომელიც პირველი მიდიოდა და ფარავდა გვარდიის მატარებელს. 22 თებერვალს გამთენიისას მატარებლები გურჯაანში შევიდნენ. სოფელ ვაჩნაძიანის იქით გზებზე შეიარაღებული ჯგუფები გამოჩდნენ, რომლებიც თელავიდან მოდიოდნენ. 9 საათზე ეშელონი თელავის სადგურში შევიდა, სადაც თბილისისკენ მომავალი მატარებელი იდგა. ნისლის გამო არემარე ცუდად ჩანდა. გვარდიელები დაქვეითდნენ, სადგური დაიკავეს და ქალაქის ქუჩებში გავიდნენ, რასაც ჯარისკაცებთან შეტაკება მოჰყვა, რომლებიც ჯგუფ-ჯგუფად ცდილობდნენ გაქცევას. სადგურზე მოჰქონდათ აყრილი იარაღი, მოყავდათ დაჭრილები და ტყვეები.
ჯავშნოსანი სადგურს ცოტათი გაცდა და დაიკავა პოზიცია, საიდანაც ნისლის გაფანტვის შემდეგ, კარგად ჩანდა მერვე პოლკის ყაზარმები. 11 საათისთვის ქვეითად მოქმედი გვარდიელები მუახლოვდნენ ყაზარმას და სროლა ინტენსიური გახდა. ვ. გოგუაძემ გასცა კომანდა რამდენიმე ჭურვი ესროლათ ყაზარმისათვის. არტილერისტებმა დამიზნებული ცეცხლი გახსნეს. შრაპნელი ყაზარმის ეზოში გასკდა და თეთრად დაფარა ეზო. სროლამ მკვეთრად იკლო და მალე შეწყდა. გვარდიამ ულტიმატუმი წაუყენა ჯარისკაცებს, ერთი საათის შემდეგ ჯარისკაცები დანებდნენ, ჯამში 200 კაცი. დაიღუპა 4 ჯარისკაცი. ყაზარმის ოთახები სრულად გაძარცული და დალეწილი აღმოჩნდა. არეულობაში მხოლოდ მერვე პოლკის თუშების ასეული არ იღებდა მონაწილეობას. ოფიცერი სოლომონ ყაზახაშვილი არწმუნებდა სოფელ შალაურში გაქცეულ ჯარისკაცებს არ გაეხსნათ ცეცხლი გვარდიისთვის, რის გამოც ჯერ მოკლეს და შემდეგ გაძარცვეს.
ყაზარმის აღებისას დაიღუპა გვარდიელი გიორგი მირზოევი, სერჟანტი, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე და წმ. გიორგის ჯვრებით დაჯილდოებული და მძიმედ დაიჭრა ლევან ლასურაშვილი. დაჭრილი გვარდიელები მატარებელში მოათავსეს, მაგრამ სოფელ კონდოლთან დეზერტირებს ლიანდაგები აეყარათ. შემთხვევის ადგილისკენ ჯავშნოსანი გაემართა, საეჭვო პირები დააპატიმრეს და მიმოსვლა აღდგა.
23 თებერვალს გაიმართა კრება, სადაც გადაწყდა დაესაჯათ დამნაშავეები და დაეტოვებინათ თელავში წითელი გვარდიის 40 კაციანი რაზმი, ადგილობრივი გვარდიის მოსაწყობად და წესრიგის სრულად დასამყარებლად. 24 თებერვალს თელავში საჯაროდ დახვრიტეს არეულობის სამი მოთავე.
თბილისში დაბრუნებულ თბილისის გვარდიას დახვდა ნ. ჟორდანია და მოეწყო მიტინგი.