გერმანიის არმია საქართველოში 1918 წ.

1918 წლის 28 მაისს ფოთში მოეწერა ხელი ხელშეკრულებას გერმანიის იმპერიასა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოში გერმანული ნაწილების განთავსებას.

1918 წლის 8 ივნისს ფოთში ჩამოვიდა გერმანიის კავკასიური ექსპედიციის (Deutsche Kaukasus-Expedition) პირველი დანაყოფი კაპიტან იენო ფონ ეგან-კრიგერის მეთაურობით. ექსპედიციის ხელმძღვანელად დანიშნული ბავარიელი გენერალ-მაიორი ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინი 23 ივნისს ჩამოვიდა თბილისში თავისი შტაბით. გერმანიის არმია ძირითადად წარმოდგენილი იყო ბავარიელებით (Bayerische Armee) და მათი რაოდენობა საქართცელოში 1918 წლის სექტემბერში 19.000 -ს სამხედროს შეადგენდა.

გერმანელთა გამოჩენამ შეაჩერა თურქების შემოჭრა საქართველოს სიღრმეში და ქვეყანას სტაბილური განვითარების დიდი შანსი გაუჩინა. გერმანული ნაწილები განლაგდნენ სტრატეგიულ პუნქტებში, რამაც ძირითად კომუნიკაციებზე წესრიგის დამყარებას და ლოჯისტიკის გაუმჯობესებას შეუწყო ხელი.
გერმანელებმა, ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ქართულ არმიასთან ერთად განდევნეს თურქები და მათ მიერ წაქეზებული ისლამისტები ქვემო ქართლიდან და ლორეს რაიონიდან. გერმანულო საავიაციო რაზმი მონაწილეობდა დუშეთის მაზრის აჯანყების ჩახშობაში.

მისია ოფიციალურად დასრულდა 1918 წლის ოქტომბერში, ხოლო ბოლო გერმანულმა დანაყოფმა დატოვა საქართველო იმავე წლის დეკემბერში.

საქართველოში შემდეგი დანაყოფები შემოვიდნენ:

- 29-ე ბავარიის სამეფოს ქვეითი პოლკის ორი ბატალიონი (N7 და N9 ქვეითი ბატ.)
- მე-15 ბავარიის სამეფოს ქვეითი პოლკი (N1 ქვეითი ბატ. და რკინიგზის დაცვის ბატ.)
- მოიერიშეთა მე-10 ბატალიონი
- მეტყვიამფრქვევეთა ასეული (12 ტყვიამფრქვევი)
- ნაღმმტყორცნელების ასეული (8 ნაღმმტყორცნელი)
- გარნიზონის ასეული (ყოფილი გერმანელი ტყვეები)

კავალერია

- ბავარიის მე-7 ცხენოსანი ბრიგადა
- ბავარიის მე-5 მსუბუქი ცხენოსანი პოლკი
- ბავარიის მე-4 მსუბუქი ცხენოსანი პოლკი

სხვა დანაყოფები

- ნაღღმტყორცნელების 176-ე ცალკეული ასეული
- სარეზერვო 65-ე საველე საარტილერიო პოლკის მე-2 ბატალიონი
- დაჯავშნული მანქანების რაზმი (10-ზე მეტი მანქანა)
- 28-ე საავიაციო რაზმი
- კავშირგაბმულობის 1750-ე რაზმი

ჯამში: დაახლ. 19.000 ოფიცერი და ჯარისკაცი.

ფოტოები გადაღებულია გერმანელების მიერ 1918 წელს: