რუსეთის საიმპერიო არმიის სამხედრო ოლქებს საკუთარი საარტილერიო საწყობები ე.წ. არსენალები ემსახურებოდა. 1858 წელს თბილისში დაარსდა Тифлисский окружный артиллерийский склад (ტფილისის საოლქო საარტილერიო საწყობი), რომელიც გაფართოვდა და 1871 წლიდან განათავსეს ჭურვები, ვაზნები, სამობილიზაციო იარაღის მარაგი, სათადარიგო ნაწილები და სხვადასხვა ტიპის სახელოსნოები. ქვეითების ყაზარმებში კავკასიის II და IV პოლკის ქვედანაყოფები იყო დისლოცირებული. შედარებით პატარა საწყობი გაკეთდა სამტრედიაში.
პირველი მსოფლიო ომის დროს, 1917 წელს დაიგეგმა დიდი შეტევა ოსმალეთის სიღრმეში, რის გამო ზურგში განთავსებული საწყობების მარაგები ფრონტისპირა ზონაში (ტრაპზონ-სარაყამიში) გადაიტანეს. რევოლუციის გამო, 1917 წლის შემოდგომა-ზამთარში ფრონტი მოიშალა და მარაგების დიდი ნაწილი ან განადგურდა, ან ოსმალებს დარჩათ. რა მდგომარეობა იყო თბილისის და სამტრედიის საწყობებში? მაშინდელ პრესას და ლეგენდარულ ვ. გოგუაძეს თუ დავუჯერებთ, კატასტროფული:
გაზ. "საქართველო". 1918 წ. 22 მარტი 1918 წლის გაზაფხულზე შექმნილი ვითარების აღწერა ვ. გოგუაძის მოგონებებიდან. სიცოცხლის რისკის ფასად ჩამოიტანა გოგუაძემ სარაყამიშიდან 24 ვაგონი ვაზნები. სანაცვლოდ სომხებს გადავეცით 60 ტყვიამფრქვევი.
ეხლა კი გავეცნოთ საიდუმლო მოხსენებას, რომელიც მარაგების მდგომარეობას აღწერს. 1918 წლის 21 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სამხედრო კომისიაში შემოვიდა ქართული არმიის არტილერიის უფროსის, გენერალ-მაიორი ა. ყაზბეგის მოხსენება გრიფით “საიდუმლო”, სადაც დეტალურად იყო აღწერილი რა სახის იარაღი ინახებოდა თბილისის და სამტრედიის საარტილერიო საწყობებში. აღწერიდან დასტურდება, რომ ქართულ კორპუსის მსუბუქი იარაღის, ვაზნების და საარტილერიო მარაგები 1918 წლის ივლისისთვის ცუდ მდგომარეობაში იყო. საინტერესოა აღინიშნოს, რომ არსენალის ყაზარმები 1918 წლის პირველ ნახევარში თბილისის მე-7 პოლკმა და თბილისის მსროლელმა ბატალიონმა დაიკავა.
შაშხანები
7,62X54 მმ მოსინი (რუსეთი) – 2.812 ერთეული / 2.037.880 ვაზნა
ა). ქვეითის: 1.506
ბ). დრაგუნის: 1.044
გ). მოკლე: 262
10.75×58 მმ ბერდანი (რუსეთი) – 218 ერთეული / 7.881.819 ვაზნა
ა). ქვეითის: 173
ბ). კაზაკის: 45
8×50 მმ ლებელი კარაბინი (საფრანგეთი) – 107 / 1.322.698 ვაზნა
11X59 მმ გრა-კროპაჩეკი (საფრანგეთი) – 178
11X59 მმ გრა, Fusil Gras 1874 (საფრანგეთი) – 334 / 151.556 ვაზნა
10.4×38 მმ ვეტერლი, Vetterli-Repetiergewehre (შვეიცარია) – 190 / 857.520 ვაზნა
6.5×50 მმ არისაკა (იაპონია) – 157 / 3.686.900
ვინჩესტერი 3 ხაზიანი (აშშ) – 70
7.92×57 მმ მაუზერი (გერმანია) – 76
თურქული ნადავლი: 654 სხვადასხვა ტიპის შაშხანა: მანლიხერი 1895 წ. მოდელი: 92 მანლიხერი 1892 წ. მოდელი: 122 კრა-იურგენსონი: 77 მაუზერი: 103 ლებელი 4 ხაზიანი: 138 / 77.500 ვაზნა პიბოდი-მარტინი 3 ხაზიანი: 122
საწყობში მხოლოდ 4-5 ბატალიონის შესაიარაღებლად სამყოფი შაშხანა იყო. საუბარია მოსინებზე, სხვები ძველი მოდელები იყო და საწყობის საყარაულოდ თუ გამოდგებოდა. ვაზნებს რაც შეეხება 10.000 ჯარისკაცზე ერთჯერადად 200 ვაზნის ვაზნების გაცემის საშუალება იყო.
ტყვიამფრქვევები
კოლტი: 1
7.7×56 მმ ლუისი (ბრიტანული): 222 / 203.768 ვაზნა
ცივი იარაღი
სხვადასხვა ტიპის ხანჯლები და პიკები (შუბი): 92.473 / პიკები: 10.934
საარტილერიო საშუალებები
არტსისტემები: 57, აქედან 45 ერთეული 76 მმ 1909 წ. მოდ. სამთო ქვემეხი
ჭურვები (შრაპნელი და ყუმბარა): 78.637 ჭურვი
მანათობელი რაკეტის გამშვები: 194
ბომბმტყორცნი: 99 / 94.906 ნაღმი
ნაღმმტყორცნი: 8 / 230 ნაღმი
20.3 მმ პატარა ნაღმმტყორცნი: 45
სამტრედიის საარტილერიო საწყობის აღწერა
15.07.1918
კოლტის ტყვიამფრქვევის ვაზნა: 8.000
სხვადასხვა საარტილერიო ჭურვი: 612
6.5×50 მმ არისაკას ვაზნა: 30.000
10.4×38 მმ ვეტერლის ვაზნა: 8.650
ფრანგული ხელყუმბარები: 285
დენთი ქვემეხებისთვის: 339 ერთეული
თბილისის საარტილერიო საწყობის აღწერა
15.07.1918
სხვადასხვა ტიპის შაშხანის ვაზნები: 8.133.593
ა). 8×50მმ ფრანგული “შოშის” ტყვიამფრქვევის: 7.464.041
ბ). შვეიცარული პიბოდი-მარტინი: 591.500 და ა.შ.
პისტოლეტების და რევოლვერების ვაზნები: 314.790
ა). სმიტ ვესონის სხვადასხვა კალიბრის: 152.567
ბ). ბრაუნინგი 7.65მმ: 125.036 და ა.შ.
გ). კოლტი 45 კალიბრი: 28.722
ქვემეხის ჭურვები: 6.082
მანათობელი რაკეტები: 12.163
აღწერაში ასევე შეტანილია საარტილერიო ჭურვების ნაწილები, სასწავლო მასალები, დენთი და ა.შ.
დამატებითი ინფორმაცია
აღწერიდან ვიგებთ რომ არმიაში შტატით დადგენილი იყო 76 ცალი 1909 მოდ. სამთო ქვემეხი, ხოლო ნაწილებში იყო 70. 1909 მოდ. ჰაუბიცა 8 ცალი, ნაწილებში იყო 4.
შტატით ჯარში უნდა ყოფილიყო 45.696 შაშხანა, ნაწილებში იყო: 9.045, თუმცა მონაცემები არაზუსტია, რადგან ყველა ნაწილს არ მოუწოდებია ინფორმაცია.
ბოლოთქმა
უკვე 1918 წლის დასაწყისში იგრძნობოდა ვაზნების და მატერიალური საშუალებების სიმწირე, მომდევნო ომების დროს ეს მარაგებიც თითქმის ამოიწურა, 1921 წელს არტილერიას თითოეული ჭურვი დათვლილი ჰქონდა. 3 წლის განმავლობაში რესპუბლიკის მთავრობა განუწყვეტლივ ითხოვდა სამხედრო დახმარებას, აგზავნიდა დელეგაციებს ევროპაში და წარადგენდა დატალურ ხარჯთაღრიცხვას. სამწუხაროდ ეს დახმარება ძალიან მწირი იყო. მაგ.: იტალიიდან მივიღეთ 1 მლნ მოსინის ვაზნა, 1920 წელს დაგვრჩა ე.წ. “სომხეთის ტრანზიტის” (40.000 კაცის ამუნიცია და ეკიპირება) 27%, რამაც ცოტათი გამოასწორა მდგომარეობა (ტაბახმელას სანგრის არქეოლოგიური გათხრების დროს ვაზნების დაახლ. 50% ინგლისური აღმოჩნდა და სავარაუდოდ ამ ტრანზიტიდან გვერგო. დანამდვილებით ცნობილია რომ მე-7 ბატალიონში მობილიზებული 250 მოხალისე-მოსწავლე ინგლისური “ლი ენფილდის” შაშხანებით შეაიარაღეს). 1921 წელს საფრანგეთის ახალი მთავრობის გადაწყვეტილება სრულმასშტაბიან დახმარებაზე დაგვიანებული აღმოჩნდა.
საარქივო მასალებით, მაშინდელი მედიის და თვითმხილველების მოგონებებით დასტურდება რომ ჯარს და სახალხო გვარდიას აკლდა ტანსაცმელი, იარაღი, ვაზნები, საკვები და ბევრი სხვა აუცილებელი ნივთი! 1920/21 წლებში გასროლილ მასრებს აგროვებდნენ და რუსულ მასრებში კუსტარულად ტენიდნენ თურქულ ტყვიებს არსენალის სახელოსნოში, რაც სროლის სიზუსტეზე კი მოქმედებდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო.
თავდაცვაზე იხარჯებოდა ბიუჯეტის 36%! რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია და 2020 წლის ბიუჯეტს რომ შევადაროთ დაახლ. 4.9 მლრდ ლარის ექვივალენტია. რესპუბლიკის მთავრობის დადანაშაულება თითქოს ჯარზე არ ზრუნავდნენ არის დიდი ტყუილი! გაღატაკებულ და უმოკავშირეო ქვეყანას მეტი ფიზიკურად არ შეეძლო!
ავტორი: პაატა გიგაური
წყარო: “ცნობები საარტილერიო საწყობის იარაღის მარაგისა”. ფონდი: 1836. ანაწერი: 1 საქმე: 184. საქართველოს ეროვნული არქივი.
განსაკუთრებული მადლობა ისტორიკოს დ. სილაქაძეს!