გვარდია იყოფოდა რეგულარულ და კადრირებულ (მშვიდობის დროს სრული დროით მეთაურების ნაწილი მსახურობდა, დანარჩენებს მობილიზაციისას იძახებდნენ) ქვედანაყოფებად.
რეგულარული ქვედანაყოფების სია და დადგენილი შტატი 1919 წლის რეორგანიზაციის შემდეგ ასეთი იყო:
თბილისის საგანგებო ქვეითი ბატალიონი – 538 კაცი
3 ქვეითი ასეული, მეტყვიამფრქვევეთა ნახევარასეული, მეკავშირეთა ნახევარასეული
სახალხო გვარდიის ცხენოსანი დივიზიონი – 456 კაცი
ორი ასეული (ესკადრონი), მეტყვიამფრქვევეთა და მესანგრეთა ნახევარასეულები, არტილერიის ოცეული 2 ქვემეხით
სახალხო გვარდიის საარტილერიო ბრიგადა – 612 კაცი 20 ქვემეხით
ორი მსუბუქი ბატარეა, ორი სამთო ბატარეა, ერთი ჰაუბიცების ბატარეა
სახალხო გვარდიის საგანგებო ტყვიისმფრქვეველთა რაზმი – 157 კაცი
ცხენიოსანი დივიზიონი – 250 კავალერისტი
სახალხო გვარდიის ჯავშნოსან ავტომობილთა ასეული – 89 კაცი, 4 ჯავშნოსანი
ჯავშნიანი რკინიგზის რაზმი – 114 კაცი, 2 ჯავშანმატარებელი
გვარდიის საინჟინრო ასეული – 77 კაცი
1920 წელს საარტილერიო ბრიგადამ მიიღო 2 ახალი ჰაუბიცა და დაიმატა 35 კაცი.
ჯავშანმატარელებთა რიცხვი გაიზარდა ოთხამდე: N1 „რესპუბლიკელი“, N2 „მუშა“, N3 „სიკვდილი ან გამარჯვება“ და N4 „თავისუფლების სიმაგრე“.
ამავე წლის ბოლოს გვარდიის შემადგენლობაში შევიდა სატანკო დივიზიონი, რომელშიც შედიოდა ჩრდილოეთ კავკასიიდან უკანდახეული რუსეთის თეთრი გვარდიის კუთვნილი და მათ მიერ ჩვენთვის გადმოცემული ორი ინგლისური ტანკი Mark-V, თუმცა მათი გარემონეტება ვერ მოხერხდა და ანგარში იდგნენ, სადაც ეცნობოდა არმიის და გვარდიის რიგითი შემადგენლობა, 1921 წელს ტანკები წაიღეს რუსეთში.
ამგვარად, სრულად დაკომპლექტებული სახალხო გვარდიის რეგულარული ქვედანაყოფები შტატით ითვლიდნენ 2.113 კაცს, 30-ზე მეტ ქვემეხს, 4 დაჯავშნულ ავტომობილს და 4 ჯავშანმატარებელს. მათ განკარგულებაში იყო რამდენიმე ათეული მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი.
სახალხო გვარდიის კადრირებულ ქვეით ბატალიონებში მშვიდობიანობის დროს ირიცხებოდა ოფიცრების და ჯარისკაცების მცირე რაოდენობა (ათეული, ან ასეულის დონის), ხოლო ომის დროს 24 და 48 საათის განმავლობაში კადირებული ნაწილი უნდა გაშლილიყო ქვეით ბატალიონად, რომელთა საორიენტაციო რაოდენობა 1919 წლის შტატით შემდეგნაირად გამოიყურებოდა.
თბილისის I ბატალიონი (ნაძალადევი) – 11 კაცი მშვიდობის შტატი, 600 კაცი ომის დროის შტატი
თბილისის II ბატალიონი (სადგურ-რკინიგზა და ვერა) – 11 და 600 კაცი
თბილისის III ბატალიონი (სართიჭალა, ავლაბარი, ნავთლუღი) – 11 და 600 კაცი
თბილისის IV ბატალიონი (ბორჩალო, მანგლისი) – 71 და 750 კაცი
გარეკახეთის ბატალიონი (საგარეჯო და მარტყოფი) – 61 და დაახლ. 500
კახეთის I ბატალიონი (თელავი, თიანეთი) – 71 და 600 კაცი
კახეთის II ბატალიონი (სიღნაღი, გურჯაანი და ჰერეთი) – 71 და 450 კაცი
დუშეთის ბატალიონი (დუშეთი და ყაზბეგი) – 81 და 600 კაცი
ქართლის I ბატალიონი (გორი, ცხინვალი და ქვემოჭალა) – 81 და 750 კაცი
ქართლის II ბატალიონი (ხაშური და ბორჯომი) – 71 და 600 კაცი
ახალციხის ბატალიონი (ახალციხე) – 71 და 450 კაცი
იმერეთის I ბატალიონი (ქუთაისი, რაჭა) – 163 და 750 კაცი
იმერეთის II ბატალიონი (სამტრედია და ხონი) – 71 და 750 კაცი
იმერეთის III ბატალიონი (შორაპანი და ჭიათურა) – 61 და 450 კაცი
სამეგრელოს I ბატალიონი (სენაკი, აბაშა და ფოთი) – 83 და 600 კაცი
სამეგრელოს II ბატალიონი (ზუგდიდი და წალენჯიხა) – 59 და 600 კაცი
სოხუმის ბატალიონი (სოხუმი, გუდაუთა და გალი) – 71 და 450 კაცი
გურიის ბატალიონი (ოზურგეთი, ლანჩხუთი და ჩუხატაური) – 81 და 750 კაცი
სულ: 12 ოლქი, 35 რაიონი და 18 ქვეითი ბატალიონი დაახლ. 1.200 კაცი სრული დროით და 10.850 ნაწილობრივად (“part time solider”) მომსახურე.
1920 წლის ზაფხულში სახალხო გვარდიას დაემატა ბათუმის ბატალიონი, თუ ვივარაუდებთ რომ ის 500 ჯარისკაცისგან შედგებოდა, გვარდიის სამობილიზაციო მაქსიმუმი 11.300 ჯარისკაცზე ადის.
1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გვარდიამ, უხეში გათვლით, 9.000-10.000 ჯარისკაცის მობილიზება შეძლო.
წყარო: დიმიტრი სილაქაძე. “საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურისა და რიცხოვნობის საკითხისათვის”. საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. შრომები ტ.3 თბ.2011 გვ.334-348