სტატიაში აღწერილია ბათუმის დაცვის თვითმხილველის, ფოთელი წითელგვარდიელის კ. ფალავანდიშვილის მოგონებები.
ფოთის წითელი გვარდიის 60 კაციანი რაზმი 25 მარტს გააგზავნეს ბათუმის დასაცავად და 26 მარტს დაიკავა მითითებული სანგრები ქუთაისის მილიციის 110 კაციანი რაზმის გვერდით სიმაღლეზე, ქ. ბათუმიდან 10-12 კილომეტრზე სამხრეთით. 28 მარტის საღამომდე რაზმი პოზიციურ ბრძოლაში იყო ჩაბმული, მანამ სანამ ქუთაისლების ასეულს არ დაახევინეს უკან თურქების აღმატებულმა ძალებმა (ბრძოლაში დაიღუპა 10 ქუთაისელი მილიციელი). 29 მარტს ფოთის რაზმმა სტეფანოვკისკენ დაიხია და გზად რომელიღაც ქართულმა დანაყოფმა შეცდომით ცეცხლი გაუხსნა. 30 მარტს რაზმი ბათუმშია, ფალავანდიშვილი აღწერს ბრძოლის წარმოების უცნაურ, “დემოკრატიულ მეთოდებს”, უკანდახევის ქაოსს, ჯარისკაცების განწყობას და ზოგად უთავბოლობას.
სტატია საინტერესოა რადგან თვითმხილველის მონათხრობია და ჯერაც გამოუკვლეველი ბრძოლის პერიპეტიებს დეტალურად აღწერს.
წყარო: “საქართველო” N84. 1 მაისი, 1918 წ. ეროვნული ბიბლიოთეკა.