პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფინანსური დახმარებით, გენ. მაზნიაშვილის სახ. ახალგაზრდულმა ლეგიონმა არქეოლოგ ზ. ბრაგვაძის ხელმძღვანელობით დაამუშავა სოფელ ტაბახმელასთან მდებარე N4 პოზიციის მარჯვენა ფრთა, რომელსაც იკავებდნენ ქართველი მებრძოლები რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს 18-24 თებერვალს. აღსაღნიშნავია, რომ საქართველოში პირველად მოხდა ბრძოლის ველის არქეოლოგიური გამოკვლევა-შესწავლა და თქვენს წინაშე ბატალური არქეოლოგიის პირველი პროექტია.
არქეოლოგების მიერ შედგენილი სამუშაოთა ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ: არქეოლოგების ანგარიში (5 mb; PDF)
ამ სტატიაში გთავაზობთ ლეგიონის ხელში გამოვლილი არტეფაქტების და პოზიციის დეტალურ აღწერას.
პოზიცია N4 -ის მოკლე ისტორია
კოჯორ-ტაბახმელასთან თავდაცვის ზოლი მოეწყო 1914/15 წელს რუსეთის საიმპერიო არმიის მიერ, რადგან თურქები წინ მოიწევდნენ და თბილისს საფრთხე ემუქრებოდა. რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 1921 წლის 18 თებერვალს პოზიცია დაათვალიერა იუნკერმა მიხეილ დადიანმა: “სანგრები საშინელ მდგომარეობაში იყო. ნიაღვრებისგან ჩარეცხილი სანგრები ძალიან ცოტა მფარველობას უწევდნენ მსროლელებს. დიდი განსხვავება არ იყო შიგ ვიჯექით, თუ ტრიალ მინდორზე ვიწექით. მიუხედავად ამისა, სკოლა ამ სანგრებში განაწილდა”. არქეოლოგიურმა შესწავლამ დაადასტურა, რომ ტრანშეები ღრმა არ იყო და მიწაყრილს წარმოადგენდა, რომელიც ფარავდა ფრონტის მხარეს, არ გააჩნდა სიღრმე და ზურგიდან საერთოდ არ იყო დაცული, ანუ მისი აღება ფრონტიდან ძალიან რთული იყო (გაბატონებულ სიმაღლეს ციცაბო ფერდები აქვს), მაგრამ თუნდაც უკანდახევისას, მოწინააღმდეგე ფეხს ვერ მოიკიდებდა კონტრშეტევის დროს, რაც მოხდა კიდეც 1921 წელს. სანგრის არარსებობა შეუძლებელს ხდიდა პოზიციის დაცვას ჩრდილოეთის მხრიდან, საიდანაც განვითარდებოდა კონტრშეტევა.
პოლკოვნიკ ა. ჩხეიძის მოგონებების თანახმად, N4 პოზიციაზე შემდეგი დანაყოფები იყვნენ განლაგებულები: 18 თებერვალს სამხედრო სკოლის შერეული ბატალიონის ნაცვალთა პირველი ასეულის (მეთაური: მაიორი ნესტორ გარდაფხაძე) ოცეული. 19-ში იმავე ბატალიონის ნაცვალთა მეორე ასეულის (მეთაური: მაიორი მიხეილ აბულაძე) ოცეული, რომელსაც მტერმა იმავე დღეს ძლიერი, მაგრამ უშედეგო საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა. 20-23 თებერვალს პოზიციაზე ბრძოლა არ მიმდინარეობდა, მხოლოდ პერიოდულად უხსნიდნენ საარტილერიო ცეცხლს. 24 -ში სანგარი ეკავა არმიის ქუთაისის I ბატალიონის რაზმს (20-30 ჯარისკაცი 120 მეტრზე). შუადღისას მოწინააღმდეგემ (მე-11-ე არმიის აღმოსავლეთის კურსანტთა I ბრიგადა) ისარგებლა ჩამოწოლი ძლიერი ნისლით, ფარულად მიუახლოვდა სანგარს, სწრაფი იერიშით დაიკავა და დაეშვა პოზიციის დასავლეთით მდგომი საარტილერიო ბატარეისკენ (ლეიტენანტი გ. მესხიშვილი), სადაც შეეტაკენენ ქართველ არტილერისტებს და მოხდა ხელჩართული ბრძოლა კონტრშეტევაზე გადასულ იუნკრებსა და კომუნისტ კურსანტებს შორის. რუსები უკუიქცნენ და N4 სანგრისკენ მიმავალი გზით გაიქცნენ ხევისკენ. მათ უკანდახევას ფარავდა ტყვიამფრქვევი, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა ღია მინდორზე მოიერიშე იუნკრებს, ამ დროს დაიჭრა იუნკრების ოცეულის მეთაური კაპიტანი დომენტი ჩოჩუა და რამდენიმე ქართველი მეომარი, დაწინაურდა ცნობილი ფეხბურთელი და იუნკერი შალვა ერისთავი, რომელმაც მოკლა მემიზნე ოფიცერი, მაგრამ დაიღუპა საპასუხო სროლის დროს ტყვიამფრქვევთან ახლოს. ამ შეტაკებაში მოკლეს 3 და დაიჭრეს 15 იუნკერი. არტილერისტების და კურსანტების დანაკარგი უცნობია. მიტოვებული პოზიცია N4 იუნკრებმა დაიბრუნეს.
პოზიცია N4 -ის აღწერა
ჩვენს მიერ გაითხარა პოზიციის მარჯვენა სექტორი, რადგან მარცხენა ფლანგის საკმაო ნაწილი კერძო საკუთრებაშია. მარჯვენა ნაწილის საერთო სიგრძე 116 მეტრია და გათხრილია კლდოვან ქანში. პოზიციის თავსა (აღმოსავლეთი) და ბოლოში (დასავლეთი) დაფიქსირდა ბლინდაჟის ტიპის ჩაღრმავება (1,1 მეტრი და 0,5 მ სიღრმის). ხოლო ცენტრში განთავსებული იყო სადამკვირვებლო პოსტი საველე ტელეფონით და მისგან ცოტა მოშორებით ტრანშეაში ამოთხრილი იყო ორმო, სადაც ეყარა პოზიციაზე შეგროვებული, სხვადასხვა კალიბრის ვაზნებისთვის განკუთვნილი 120-ზე მეტი მჭერი, მცირე ოდენობით გასროლილი მასრები, სასიგნალო მაშხალის ნაწილი და ლურჯი მატერიის სამი ნაგლეჯი (ცნობილია რომ იუნკრებს ლურჯი ფერის იტალიური შინელები ეცვათ, თუმცა მატერია შინელისაზე თხელია).
თუ აღმოჩენილი არტეფაქტებით და მოგონებების მიხედვით ვიმსჯელებთ, პოზიციაზე იმყოფებოდა დაახლ. 40 ჯარისკაცი და მიმდინარეობდა საკმაოდ ინტესიური შეტაკება.
აღმოჩენილი ნივთების ზოგადი აღწერა
არტეფაქტები განთავსებული იყვნენ საშუალოდ 15 სანტიმეტრის სიღრმეზე. მათ უმეტესობას შეადგენენ მასრები (100-მდე), მჭერები (150-ზე მეტი) და საველე ტელეფონის გალვანური ელემენტის ხუფები (17 ცალი). სავარაუდოდ, ვაზნები გაისროლეს 24 თებერვალს.
მასრების უმეტესობა ეყარა მიწაყრილზე სამხრეთის ფერდზე, ანუ ძალიან დიდი ალბათობით გასროლილი იყო ქართველი ჯარისკაცების მიერ.
აღსაღნიშნავია რომ ქართველი მებრძოლები ვაზნების დიდ დეფიციტს განიცდიდნენ და ისროდნენ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის დროს. გასროლილი მასრები ხანდახან გაჰქონდათ პოზიციებიდან და არსენალის სახელოსნოში ხელახლა ტენიდნენ კუსტარულად.
ამ აღწერაში მოხვდა 57 მასრა, 35 მჭერი, 1 ღილი, 1 გალვანური ელემენტის ხუფი, 1 ცალი შინელის დამჭერი და 1 დაუდგენელი ნივთი (სავარაუდოდ ჭურვის თავი).
ქართული ფორმირებების მიერ, მატერიალურად დადასტურებულად, კოჯორ-ტაბახმელაში გამოიყენებოდა ოთხი კალიბრის ქვეითის იარაღი:
7.62×54 მმ (რუსული “მოსინის” შაშხანა და “მაქსიმის” დაზგის ტყვიამფრქვევი) – 28 ერთეული
7.7×56 მმ იგივე .303 British (ინგლისური “ლი ენფილდის” შაშხანა და “ლუისის” ხელის ტყვიამფრქვევი) – 26 ერთეული
6.5×50 მმ (იაპონური “არისაკას” შაშხანა) – 2 ერთეული
8×50 მმ (ფრანგული “ლებელის” შაშხანა) – 1 ერთეული
ნაპოვნი მასრების კალიბრების პროცენტული განაწილება: რუსული (49%), ინგლისური (46%), იაპონური (3,5%), ფრანგული (1,7%), ანუ შეიარაღებაზე ძირითადად რუსული და ინგლისური კალიბრის იარაღი იყო.
მოსინის შაშხანა და 7.62×54 მმ ვაზნები
რუსეთის არმიის ძირითადი შაშხანა. საქართველოს დარჩა რუსეთის საიმპერიო არმიის მარაგებიდან. ქართული ფორმირებების ძირითადი შაშხანა დამოუკიდებლობის წლებში.
ლი ენფილდის შაშხანა, ლუისის ტყვიამფრქვევი და 7.7×56 მმ ვაზნები
ლი ენფილდის შაშხანები, დიდი ალბათობით, დაგვრჩა 1920 წლის “სომხური ტრანზიტის” წილიდან და ზუსტადაა ცნობილი რომ ამ შაშხანებით იყო შეიარაღებული 1921 წლის 16 თებერვლის შემდეგ მობილიზაციის დროს ფორმირებული არმიის თბილისის VII პოლკის მოხალისე სტუდენტ-მოსწავლეთა რამდენიმე ასეული (დაახლ. 250 კაცი), რომლებიც ფონიჭალის სიმაღლეებზე იდგნენ. რომელი დანაყოფი იყენებდა ამ შაშხანებს ტაბახმელაში, ამ ეტაპზე უცნობია. ლუისის ხელის ტყვიამფრქვევები ინგლისიდან მიეწოდებოდა რუსეთის საიმპერიო არმიას პირველი მსოფლიოს ომის დროს და ძირითადად მისი მარაგებიდან დარჩა ქართულ არმიას.
არისაკას და ლებელის შაშხანები
არისაკას შაშხანების გარკვეული ოდენობა (რამდენიმე ასეული) ინახებოდა თბილისის არსენალში. რუსეთის არმია განიცდიდა შაშხანების, ვაზნების დიდ დეფიციტს და იძულებული იყო შეეძინა ისინი იაპონიაში. ვაზნების სიმცირის გამო, არისაკას ვაზნებს რუსეთისთვის ამზადებდა ინგლისი.
ლებელის შაშხანა, სავარაუდოდ ერთერთ მოხალისეს ჰქონდა თან.
კოჯორ-ტაბახმელაში ნაპოვნი ნივთები
თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ უშუალოდ კოჯორ-ტაბახმელაში ნაპოვნი მასრების და ნივთების ფოტოებს.
აღსაღნიშნავია რომ ვაზნები ერთი ყუთიდან არ არის და სხვადასხვა მარკერები აქვს, რაც მათ კატასტროფულ სიმცირეზე, ქაოტურ განაწილებაზე, ან სულაც მათი ნაწილის არსენალის სახელოსნოში კუსტარულ დამზადებაზე მიუთითებს. ამოღებულია შემდეგი ქარხნებში დამზადებული მასრები:
ინგლისი:
Birmingham Metal and Munitions Co.; მარკერი: J17 და RV
Kynoch & Co. Witton; მარკერი: K და КАЙ-НОКЪ
Kings Norton Metal Co; Birmingham; მარკერი: KN
Greenwood & Batley. Leeds; მარკერი: G
დიდი ალბათობით, ეს ვაზნები საქართველოს დარჩა 1920 წელს სომხური ტრანზიტის წილში.
აშშ:
Peters Cartridge Company. Kings Mills, Ohio. მარკერი: P
United States Cartridge Company. Lowell, Massachusetts მარკერი: US
Remington Arms Company მარკერი: RA და REMINGTON
Winchester Repeating Arms Company. New Haven, Connecticut. მარკერი: W
ვაზნები დამზადდა პროგრამით For Russia და მიეწოდა რუსეთის საიმპერიო არმიას პირველი მსოფლიოს ომის დროს.
გერმანია და ავსტრია/უნგრეთი
Deutsche Waffen und Munitionsfabriken AG. გერმანია, ქ. კარლსრუე. მარკერი: DM
Hirtenberger AG. ავსტრია, მარკერი: X
Weiss Manfréd Acél- és Fémművek. უნგრეთი, ქ. ბუდაპეშტი. მარკერი: B
დამზადდა რუსული კალიბრისთვის 7.62×54 რუსეთ-იაპონიის ომის დროს და შემდეგ გერმანიაში 1917 წელს.
რუსეთის იმპერია
Петербургский патронный завод. მარკერი: II
Луганский патронный завод. მარკერი: Л
თითქმის ყველა ვაზნა გამოშვებულია 1905-1917 წლებში.
– მადლობა საპატიო ლეგიონერ, ისტორიკოს გ. მამულიას იუნკერ მ. დადიანის მოგონებების მოწოდებისთვის.
– ვაზნების ფოტოები თვალსაჩინოებისთვის, აღებულია ამ საიტიდან: http://guns.allzip.org
– ინფორმაცია არისაკას შაშხანის შესახებ: http://www.opoccuu.com/arisaka.htm