ზურგჩანთის სწორად ჩალაგება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მასზეა დამოკიდებული ვივლით თუ არა კომფორტულად და უხმაუროდ. არასწორად ჩალაგებული ჩანთა იწვევს კუნთების ტკივილს, კანის წვას და ნაადრევ დაღლილობას.
ყველაზე მნიშვნელოვანი ტვირთის წონის და საგნების სწორად გადანაწილებაა. დაიცავით შემდეგი წესები და აირიდეთ თავიდან პრობლემები:
1). მძიმე საგნები (მაგ. კონსერვები, ალპური აღჭურვილობა, ვაზნები, წყლის მარაგი) ზურგზე მიბჯენით, ბეჭებსა და წელს შორის მოათავსეთ. თუ მძიმე საგნებს ძირში ჩადებთ, ზურგჩანთა მიწისკენ დაგქაჩავთ და სწრაფად დაიღლებით. თუ ზემოდან, მაშინ აქანავდება და ბეჭები გეტკინებათ.
წონა თანაბრად გაანაწილეთ, რადგან სიარულისას ჩანთა მარჯვნივ, ან მარცხნივ გადაიხრება და მხარზე ზეწოლას გაზრდის. ეცადეთ რომ ზურგს არ მიებჯინოს მოუხერხებელი და კუთხის მქონე მყარი საგნები.
2). ზურგჩანთის ძირში იდება ნივთები, რომლებსაც ღამისთევის ადგილზე ვიღებთ და გადაადგილებისას არ გვჭირდება. მაგ.: საძილე ტომარა, ტენტი, საველე ჭურჭელი, გაზქურა და ა.შ.
ამ ნივთების ზემოთ და სივრცეებს შორის თავსდება ის ტანსაცმელი და რბილი ნივთები, რომლებიც გადაადგილებისას არ დაგვჭირდება: სათადარიგო ტანსაცმლი, საცვლები, წინდები და ა.შ. ამასთან, მჭიდროდ ჩალაგებული ზურგჩანთა უფრო კომფორტული სატარებელია და ნივთებსაც მეტს ჩატევთ.
3). გადაადგილებისას ხშირად გამოყენებადი ნივთები განათავსეთ ზურგჩანთის თავში და ზედა მხარეს. მაგ.: წასახემსებელი საკვები, საწვიმარი, ცივ ამინდში – მაგალითად ფლისის ზედა, რათა მოკლე შესვენებისას არ გაცივდეთ და ა.შ.
4). გარეთა ჯიბაკებში (თუ ზურგჩანთას ასეთები აქვს) იდება მცირე მოცულობის ისეთი საგნები, რომლებიც სწრაფად უნდა ავიღოთ საჭიროებისას. მაგ.: წყლის ბოთლი, სამედიცინო პაკეტი, ხელთათმანი, დანა, ტუალეტის ქაღალდი, თავის ფანარი და ა.შ.
5). წვიმისგან დასაცავად ზურგჩანთას გარედან შეგიძლიათ გადააკრათ სპეციალური წყალგაუმტარი ტენტი. თუ ასეთი არ გვაქვთ და ზურგჩანთას არ აქვს წყალგაუმტარი და ხარისხიანი შიდა შრე, შეგიძლიათ დიდი მოცულობის პარკის ჩაფენა.
სათადარიგო ტანსაცმელი და საძილე ტომარა ცალცალკე პარკებში შეფუთეთ. ნესტისგან დაცვის გარდა, ეს აიოლებს ნივთების მოძებნას და სწრაფ ამოღებას.
6). ეცადეთ, რომ ზურგჩანთაზე გარედან არ დაამაგროთ ნივთები, რადგან ტყეში, ბუჩქნარში, ვიწრო ბილიკებზე შეიძლება ტოტებს, ან კლდეს გამოედოს – ნივთი დაზიანდეს, ან დაკარგოთ.
როგორც წესი, გარედან ამაგრებენ სამთო თოკს, ქვეშსაგებს და/ან კარავს, რადგან ეს ნივთები მოცულობითია და დიდ ადგილს იკავებენ.
ეცადეთ რომ საძილე ტომარა ზურგჩანთაში მოათავსოთ. ხოლო ქვეშაგების ჩადება რკალის სახით ზურგჩანთაშიც შეიძლება, მაგრამ ამ დროს სივრცის დაახლ. 15-20% იკარგება და ვერტიკალზე ნივთების სიმჭიდროვე ხშირად კლებულობს.
7). გონივრულად განათავსეთ საკვები. არ ჩააწყოთ ყველაფერი ერთ პარკში, ეს ძალიან მოუხერხებელია. გაანაწილეთ საკვები რამდენიმე შეფუთვაში.
🚩 სასარგებლო რჩევები
✷ ზურგჩანთის მორგება ხდება ქვემოდან ზემოთ. ჯერ ვიკრავთ წელის ქამარს, რომელიც თეძოებზე უნდა იყოს მოჭერილი, შემდეგ ვისწორებთ ჩანთას მხრებზე და სასურველ ზომაზე ვაყენებთ დამჭერებს. ტვირთის წონის დიდი ნაწილი სწორედ წელის ქამარზე უნდა მოდიოდეს და არა ბეჭებზე.
✷ ზრდასრულებმა ატარეთ თქვენი სხეულის წონის მაქსიმუმ 30% ტვირთი, ანუ თუ იწონით 70 კგ-ს, მაქსიმალური რეკომენდირებული სატარებელი წონაა 21 კგ. მოზარდებისთვის რეკომენდირებულია სხეულის წონის მაქს. 15%
✷ ზურგჩანთაში ისე ჩაალაგეთ ნივთები, რომ სიარულის და სირბილისას არ გამოსცემდნენ ხმას (მაგ.: ლითონის ლითონზე მიჯახება).
✷ გაიკეთეთ ზურგჩანთა ნელა, სწრაფი მოძრაობის და მოქნევის გარეშე. გაუფრთხილდით კუნთებს და ზურგჩანთის ნაკერს, რომელიც შეიძლება გაიხეს.
✷ ლაშქრობაში არ წაიღოთ მინის ტარა (მაგ.: შუშის ბოთლი). მინა მსხვრევადია და შეიძლება იოლად გატყდეს.