ქალაქგარეთა აქტივობის, ან ტყეში ლაშქრობისას შეიძლება გზა აგებნას და დაიკარგო. თუ ლაშქრობა კარგადაა დაგეგმილი და ჯგუფი ყურადღებითაა, დაკარგვის ალბათობა დაბალია, მაგრამ მზად უნდა იყო ნებისმიერი მოულოდნელი სიტუაციისთვის. თუ ფიზიკურად კარგ მდგომარეობაში ხარ და სიარული შეგიძლია, საქართველოში დიდი ხნით დაკარგვა (2-3 დღით) ძალიან რთულია და მართლაც რომ მოხერხება უნდა, მაგრამ თუ ბუნებასთან პირისპირ დარჩებით და გზას ვერ აგნებთ, შიშმა და პანიკამ შეიძლება საქმე ძალიან გაგირთულოთ.

აკრონიმი S.T.O.P. გასწავლით რა უნდა მოიმოქმედოთ დაკარგვისას.

S (SIT DOWN – დაჯექი) – პირველ რიგში უნდა შეწყვიტო მოძრაობა და შეჩერდე. ნერვების დასაწყნარებლად შეისუნთქე ღრმად და რამდენიმე წამის განმავლობაში ნელა ამოისუნთქე. გაიმეორე ეს მოქმედება დამშვიდებამდე. პანიკის (ანუ უკონტროლო და გაუაზრებელი მოქმედება) შემთხვევაში გაირთულებ მდგომარეობას, ამიტომ პირველ რიგში გონება უნდა ჩადგეს მწყობრში, რათა ბუნებრივი შიში პანიკაში არ გადაიზარდოს.

ჩამოჯექი და დაწყნარდი. საძებნელად წამოსულებისთვის ურთულდებათ მოსიარულეს მოძებნა, მითუმეტეს მაშინ, თუ დაკარგული აქეთ-იქით დარბის. როგორც კი შეამჩნევენ წევრის გაუჩინარებას, დაუყოვნებლივ იწყებენ ძებნას, ამიტომ ნუ გაურთულებ ამოცანას პანიკით. ხშირად უბრალო მიყურადებაც საკმარისია და დასახმარებლად წამოსულების ხმას გაიგონებ.
თუ მცირე ჯგუფს აებნა გზა, არავითარ შემთხვევაში არ დაიფანტოთ, პირველ რიგში ყველანი დამშვიდდით, დარჩით ერთად და გააზრებული მოძრაობის დროს უნდა ხედავდეთ და გესმოდეთ ერთმანეთის.

T (THINK – იფიქრე) – როცა დაწყნარდები, გაიაზრე რა სიტუაციაში ხარ. ხანდახან სრულიად საკმარისია ადგილზე დარჩენა, ყვირილი, ან სასტვენით სიგნალის მიცემა და მიყურადება. თუ გრუნტი საშუალებას იძლევა (რბილია, ან ნაწვიმარზე იარე), შეგიძლია საკუთარ კვალს გამოყვე უკან. ორიენტირებაში თუ ერკვევი, დამახოვრებული ორიენტირები (გარემოში გამოკვეთილი უძრავი ობიექტები) დაგეხმარებიან სწორი მიმართულების პოვნაში. თუ ძალიან სერიოზული შეცდომა დაუშვი(თ) და არავის არ უთხარი სად მიდიხარ და როდის დაბრუნდები, სიტუაცია საკმაოდ რთულდება, რადგან არ ეცოდინებათ სად გეძებონ.
თუ ღამისთევა მაინც გიწევს, პირველ რიგში უნდა იზრუნო ორგანიზმის სიცივის, სიცხის, ან ქარისაგან დაცვაზე და სასმელ წყალზე. საკვები მნიშვნელოვანი ნაკლებადაა, რადგან დაკარგულების უმეტესობას სიცივე, ან სიცხე კლავს და არა უჭმელობა.
აღსაღნიშნავია რომ სტრესულ სიტუაციაში ადამიანის ორგანიზმი გადაეწყობა: იწყება შაქრის და ცხიმების სწრაფი წვა, სუნთქვის გახშირებისას ორგანიზმში შედის მეტი ჟანგბადი, კუნთების დაძაბვა და ადრენალინის გამოყოფა ზრდის ფიზიკურ მზაობას, აქტიურდება გრძნობები (სმენა, მხედველობა), გაზრდილი წნევის გამო ორგანიზმი უკეთ მარაგდება სისხლით და ეს ყველაფერი ხელს უწყობს სწორი გადაწყვეტილების მიღებას და ამაღლებს გადარჩენის შანსს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის საგნები, რომლებიც ზურგჩანთაში, ან ჯიბეებში გაქვს (ანუ ლაშქრობის წინ ნაფიქრი გაქვს ამაზე). თუ ტყეში დარჩენა გიწევს, ეცადე გაჩერდე წყაროსთან შორიახლოს (თუ წყლის ცოტა გაქვს), აუცილებლად დაანთე კოცონი (ამაღლებს განწყობას და აფრთხობს ცხოველებს) და შეაგროვე საკვებად ვარგისი მცენარეები (შინდი, ჟოლო და ა.შ.), დაასაქმე თავი რაიმეს კეთებით, რადგან მოქმედება გამყოფებს ტონუსში და სტრესის დონეს დაბლა წევს.

O (OBSERVE – დააკვირდი) – ძალიან მნიშვნელოვანია დაადგინო კონკრეტულად სად იმყოფები. საიდანაც ყველაზე მალე დაგეხმარებიან იმ მიმართულებით უნდა წახვიდე, მაგრამ ეს მიმართულება ჯერ ზუსტად უნდა განსაზღვრო და შემდეგ იმოძრაო. ორიენტირება მოლაშქრის ერთერთი ძირითადი და ძალიან მნიშვნელოვანი უნარია.
თუ საღამოა, ან ამინდი გაუარესდა, შეიძლება ადგილზე დარჩენა ჯობდეს, მაგრამ თუ უნალექო შუადღეა და ზუსტად იცი, რომ გზა დასავლეთით, დაახლ. 20 წუთის სავალზეა, აჯობებს დიდხანს არავის დაელოდო და გზისკენ დამოუკიდებლად წახვიდე.
გაითვალისწინე რომ შემაღლებული ადგილიდან შეიძლება გამოჩდნენ დასახლებული პუნქტები და გზები. ხევს თუ დაუყვები, ძალიან დიდი ალბათობით გზაზე გამოგიყვანს.

P (PLAN – დაგეგმე) – როცა დამშვიდდები, ცივი გონებით შეაფასებ სიტუაციას და დააკვირდები გარემოს, მხოლოდ ამის შემდეგ დაგეგმე მოქმედებათა თანმიმდევრობა და აღარ შეცვალო გეგმა. სიტუაციის მიხედვით: ან გაჩერდი უსაფრთხო ადგილას, ან დაიწყე მოძრაობა კონკრეტული მიზნის მისაღწევად.

🚩 ბუნებაში ნებისმიერი, თუნდაც მსუბუქი გასვლის დროს თან წაიღეთ და ჯიბით ატარეთ შემდეგი ნივთები:

✷ ასანთი (ან სანთებელა) და ტუალეტის ქაღალდი
✷ ნაგვის 1-2 დიდი პარკი
✷ ჯიბის (ან თავის) ფანარი და პატარა დანა (ან მულტითულზი)
✷ პირადი წამლები (ტკივილგამაყუჩებელი და ა.შ.)
✷ 500 მლ წყლის ბოთლი

🔺 რომელი ნივთები დაგვეხმარება ტყეში დაკარგვის დროს?

✷ მობილური (გასვლის წინ შეამოწმეთ დატენვის პროცენტი და ანგარიში)
✷ ზოგიერთ მობილურს GPS უმუშავებს ინტერნეტის გარეშე (თუ ხშირად ლაშქრობთ, ასეთი მოდელები შეიძინეთ)
✷ სასტვენი
✷ პატარა კომპასი
✷ LifeStraw -ის წყლის ფილტრი