ლეგიონის მომზადება ეფუძნება ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მსუბუქი ქვეითის საწყის კურსს, რომელიც ჩვენს მიერ მორგებულია ქართულ რეალობაზე და ითვალისწინებს როგორც სამოხალისეო სფეროს ევროპულ, ასევე ჩვენს 16 წლიან პირად სამოხალისეო და სამხედრო გამოცდილებას.
ლეგიონის საწყის სამხედრო და სალაშქრო მომზადების კურსზე მოხვედრად უნდა შეავსოთ ონლაინ ანკეტა, დაგიკავშირდებით მითითებულ ტელეფონის ნომერზე და შეგატყობინებთ ღია კარის, პირველი საველე გასვლის დროს და ადგილს.
კურსანტების ასაკი: თბილისის რაზმის “ლურჯ” სასწავლო ასეულში 18-35, ხოლო “მწვანე” სასწავლო ასეულში 14-17 წელი. ასეულები ერთმანეთისგან დამოუკიდებელია და პირადი შემადგენლობა გამიჯნულია. ასაკზე შესაძლებელია გამონაკლისის დაშვებაც. აღსაღნიშნავია, რომ ადგილობრივი ორგანიზაციებს ასაკის საკუთარი ზღვარი შეიძლება ჰქონდეთ ამოცანიდან და რესურსებიდან გამომდინარე.
ხანგრძლივობა: 2-2.5 თვე. ტარდება 8-10 საველე გასვლა და 10-25 თეორიული ლექცია. თბილისში ლექციები ტარდება ახალგაზრდობის სააგენტოს შენობაში (ოთხშაბათსა და პარასკეობით 1900 სთ-ზე), ხოლო საველე კვირაობით.
ღირებულება: უ ფ ა ს ო
მეთაურები: სასწავლო რაზმი დაყოფილია ასეულებად, ოცეულებად და ათეულებად. კურსანტებთან მუშაობენ ლიცენზირებული მეთაურები, რომლებსაც გავლილი აქვთ ფილტრაცია და ლეგიონის სამეთაურო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ ინიშნებიან შესაბამის თანამდებობაზე.
შეკრების დრო და ადგილი: შეკრებები ტარდება დასახლებულ პუნქტებთან ახლოს. თბილისში ძირითადად ლისის და ნუცუბიძის ზეგანზე. იწყება 0900 სთ-ზე და უმეტესობა სრულდება 1700 სთ-სთვის. შორ მარშრუტზე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს თავდაცვის სამინისტრო
კვება: კურსანტებმა თავად უნდა წამოიღონ საკვები და წყალი
ფიზიკური მდგომარეობა: კურსანტი უნდა იყოს ჯანმრთელი და შეეძლოს საშუალო დონის დატვირთვის ატანა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნები მოცემულია ანკეტაში.
კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ახალწვეულს გადაეცემა სერტიფიკატი და სურვილის შემთხვევაში გახდება ლეგიონის წევრი. კურსის გავლა არ წარმოშობს ვალდებულებას სახელმწიფოს წინაშე.
ანკეტა და ინფორმაცია იდება ლეგიონის ფეისბუქ გვერდზე კურსის დაწყების წინ და არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, კურსანტი დაუყოვნებლივ გაირიცხება!
საბაზისო კურსის სასწავლო თემები
- ლეგიონის ღია კარის დღე
- სალაშქრო მომზადება, საველე ყოფა და ალგორითმი STOP
- პირველი სამედიცინო დახმარება
- სამთო მომზადება
- ტოპოგრაფია, ორიენტირება და გზის გაგნება
- იარაღის უსაფრთხოება და მებრძოლის აღჭურვილობა
- ინდივიდუალური შენიღბვა
- ინდივიდუალური და ჯგუფური გადაადგილება
- ბრძოლის ველზე დაკვირვება და პერიმეტრის დაცვა
- ელემენტარული მანევრის ჩატარება
დამატებითი ლექციები: ომის თეორია და ძალადობის ფსიქოლოგიური ასპექტები, ჯავშანტექნიკის ამოცნობა, ფსიქოლოგიური ომი, 1918-1921 წლების რესპუბლიკა და საომარი კამპანიები, კიბერჰიგიენა და ა.შ.
ჩვენი კურსი გაიარა ათასობით მოქალაქემ და არ დაფიქსირებულა მძიმე დაზიანების, ან ჩხუბის არცერთი შემთხვევა. ლეგიონის ქალაქგარეთა აქტივობები უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ფეხბურთი, ან რაგბი.
რა უნდა წამოიღოთ თან პირველი საველე გასვლისას?
მოთელილი ფეხსაცმელი (სქელძირა ბოტასი, კედი, ან სამხედრო ბათინკი. არ ჩაიცვათ ახალი ფეხსაცმელი), გრძელსახელოებიანი მაისური და შარვალი, წყალი (1.5 ლ), საკვები და გამოსაცვლელი ტანსაცმელი. სამხედრო ფორმით წამოსვლა სავალდებულო არაა. პირველი გასვლა წარმოადგენს სამოტივაციო მარშს, სადაც კურსანტი გამოცდის საკუთარ თავს და შესაძლებლობებს.
სამეთაურო კურსი
სამეთურო კურსის მიზანია საბაზისო კურსისთვის ლეგიონის ათმეთაურების, ოცმეთაურების, ასმეთაურების და ინსტრუქტორების მომზადება. მეთაურად ინიშნებიან მხოლოდ ლეგიონერები, რომლებსაც გავლილი აქვთ საბაზისო კურსი და სპეციალური ფილტრაცია.
ათმეთაურის კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ლიცენზირებული ლეგიონერი ინიშნება ათეულის მეთაურად, თანამდებობის შესაბამისი შევრონის გადაცემით. საუკეთესო ათმეთაურებს შეუძლიათ გახდნენ ოცეულის, ან ასეულის მეთაურები.
დაეხმარე ლეგიონს და ერთად ავამაღლოთ ერის თავდაცვისუნარიანობა!
TBC ბანკი: GE92TB7036636080100003
საქართველოს ბანკი: GE14BG0000000533902429