– როდის ტარდება საბაზისო კურსები და რამდენ ხანს გრძელდება?
ყველა ადგილობრივ რაზმს საბაზისო კურსების საკუთარი პირობები აქვს. კურსის დაწყების წინ, ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდზე იდება ინფორმაცია კონკრეტულ კურსთან დაკავშირებით. კურსები იყოფა ორ ნაწილად: საგაზაფხულო და შემოდგომის, რომლებიც გრძელდება 2-2.5 თვე. 8-12 საველე შეკრებით და 15-25 ლექციით.
– როგორია კურსის საველე-სასწავლო დღე?
მეთაურები და კურსანტები იკრიბებიან წინასწარ დათქმულ ადგილზე და საზოგადოებრივი, ან თავდაცვის სამინისტროს ტრანსპორტით გადაადგილდებიან სწავლების ჩატარების ადგილისკენ. გასვლა იწყება 0900 სთ-ზე და სრულდება დაახ. 1700 სთ-ზე.
თუ კურსანტს გადაუდებელი საქმე აქვს, შეუძლია წავიდეს გასვლიდან და გაცდენად არ ჩაეთვლება. დასაშვებია ორი საველე სწავლების გაცდენა.
– გაქვთ თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა?
თბილისის ლეგიონის საბაზისო კურსზე ჩაწერა შეიძლება 14-35 წლის ასაკის მოქალაქეებისთვის (ყველა ადგილობრივ რაზმს საკუთარი ასაკობრივი ჩარჩოები აქვს). თუმცა 35 წელზე დიდების მიღებაც შეიძლება სურვილის და კარგი ანკეტის პირობით.
არასრულწლოვნები (14-17 წლის) ირიცხებიან ცალკე ასეულში (“მწვანე”) და სწავლება მათზეა მორგებული.
– რომელ რეგიონებშია ლეგიონის ფილიალები?
2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით ლეგიონის ორგანიზაციები არსებობენ: თბილისში, გორში, ბათუმში, ქუთაისში, ტყიბულში, ხარაგაულში, საჩხერე-ჭიათურაში, ამბროლაურში, სიღნაღში, ახალციხესა და ზუგდიდში.
– რამდენი შვილობილი ორგანიზაციაა ლეგიონში?
ლეგიონში ორი შვილობილი ორგანიზაციაა, ექსტრემალური და ტაქტიკური მედიცინის სფეროს ლიდერი: აიპ “ექსტრემალური მედიცინის ცენტრი” და ოჯახების კრიზისისთვის მომზადებაზე ორიენტირებული, სამოქალაქო დაცვის აიპ “ქალთა ეროვნული ლიგა”. ორივე ეს ორგანიზაცია აღიარებულია თავდაცვის სამინისტროს მიერ.
– გაიცემა თუ არა ეკიპირება?
თავდაცვის სამინისტროს დახმარებით პერიოდულად გაიცემა პირადი ეკიპირების კომპლექტი (კეპი, მაისური, ქურთუკი, პიჯაკი, შარვალი და ფეხსაცმელი).
კურსის მიმდინარეობისას შეძლებისდაგვარად გაიცემა იარაღის მულაჟები, საწვიმარი და ქვეშსაგები.
– არიან თუ არა კურსზე გოგოები?
დიახ. ლეგიონის წევრების მესამედზე მეტს გოგონები შეადგენენ, მათ შორის სამეთაურო შემადგენლობაში.
– რას აკეთებენ კურსდამთავრებულები?
ლეგიონერები მონაწილეობენ ლეგიონის შიდა სექციების კურსებსა და სწავლებებში, თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ წვრთნებში. ასევე სპორტულ და პატრიოტულ ღონისძიებებში.
ლეგიონში წევრობის ასაკი შეზღუდული არაა და მოქალაქეს ცხოვრების ბოლომდე შეუძლია იყოს ჩვენი ოჯახის წევრი.
სამეთაურო რგოლის ლეგიონერები სხვებს უზიარებენ საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას მეთაურის, ინსტრუქტორის და დამხმარეს რანგში.
– ვინ გაფინანსებთ?
2023 წლის მდგომარეობით ლეგიონი არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მიმდინარე ხარჯებს ვფარავთ ლეგიონერები და გვეხმარებიან შემომწირველები.
2016-2018 წლებში ლეგიონი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პატრონაჟის ქვეშ იმყოფებოდა და სარეზერვო ფონდიდან ფინანსდებოდა წელიწადში დაახლ. 30.000 ლარით, რაც იხარჯებოდა ეკიპირების და სახარჯო მასალის შესაძენად.
2016 წლიდან ტრანსპორტირებაში გვეხმარება თავდაცვის სამინისტრო. 2020 წლიდან განსაკუთრებით გაღრმავდა ურთიერთობა, პერიოდულად გადმოგვეცემა ეკიპირება, ხდება დაშვება ბაზებზე და ა.შ. რაც ძალიან გვეხმარება ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში.
– იყენებთ თუ არა ცეცხლსასროლ იარაღს?
ლეგიონი საბაზისო მომზადებისას არ იყენებს ცეცხლსასროლ იარაღს. სროლის შესწავლა შესაძლებელია ჩვენს სამხედრო სექციაში, რომელიც თავდაცვის სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან ერთად ვარჯიშობს.
საბაზისო კურსის სწავლებებში გამოიყენება ხის (ვიზუალი სპეციალურად განსხვავდება ნამდვილი იარაღისგან) და პლასტმასის მულაჟები, რაც სრულიად საკმარისია იარაღის კულტურის საწყისების შესასწავლად.
– როგორია ფიზიკური დატვირთვები?
საბაზისო კურსი იწყება ქვეითი მარშით (10-20 კმ რაზმის და ასაკის მიხედვით), მომდევნო სასწავლო დღეებში ფიზიკური დატვირთვა კლებულობს და აქცენტი ცოდნის გადაცემაზე კეთდება. ჩვენ დროს არ ვკარგავთ ფეხით ხანგრძლივ გადაადგილებაზე.
რა თქმა უნდა, ლეგიონის სამხედრო სექციაში სხვა მოთხოვნებია.
დაეხმარე ლეგიონს და ერთად ავამაღლოთ ერის თავდაცვისუნარიანობა!
TBC ბანკი: GE92TB7036636080100003
საქართველოს ბანკი: GE14BG0000000533902429