ლეგიონი არის ეროვნულ მსოფლმხედველობაზე დაფუძნებული სამოხალისეო და აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ყველას, ვისაც სურს თავდაცვის ძალების და სახელმწიფო სტრუქტურების გაძლიერება.
მომზადების მეთოდიკა ეფუძნება ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მსუბუქი-ქვეითის და მოხალისეთა მომზადებას. უცხოური ორგანიზაციებიდან ჩვენთან ყველაზე ახლოს ლიეტუვის მსროლელთა კავშირი დგას.
მიზნები
- დაინტერესებული მოქალაქეების დაწყებითი სამხედრო-სალაშქრო მომზადება
- ლეგიონის საფუძველზე მოხალისეთა “ადგილობრივი დაცვის რაზმების” (ადრა) ფორმირება თავდაცვის ძალების შემადგენლობაში
- საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ორგანიზაციის დაარსება
- ძალოვან სტრუქტურებში მოტივირებული და გაწვრთნილი მოქალაქეების მოზიდვა
- ექსტრემალური სიტუაციებისთვის და კრიზისისთვის მოსახლეობის წინასწარი მომზადება
- მოზარდების პატრიოტული აღზრდა, სამხედრო სფეროთი დაინტერესება და სახელმწიფოებრივი აზროვნების გაღვივება
- სამხედრო-ისტორიის პოპულარიზაცია (იხლეთ ჩვენი გვერდი: 1918-1921 წ. რესპუბლიკის შიარაღებული ძალები)
ლეგიონი არ არის პოლიტიკური მიზნების მქონე, ან კომერციულ მოგებაზე გათვლილი ორგანიზაცია. ვთვლით, რომ ჩვენი იდეა ვიწრო პოლიტიკაზე მაღლა დგას და ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა ვიყოთ, ამიტომ პოლიტიკაზე ლაპარაკი აკრძალულია, ხოლო ჩვენი ყველა აქტივობა უფასოა!
ხედვა 2024
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა დაამტკიცა თავდაცვის კოდექსი და ქართულ საკანონმდებლო სივრცეში გაჩნდა “თავდაცვის მოხალისის” ცნება, რამაც ჩვენი მიზნების და 16 წლიანი გამოცდილების რეალიზების განსაკუთრებული საშუალება მოგვცა.
კოდექსის საფუძველზე, 2024 წლის იანვარში ამოქმედდა თავდაცვის სამინისტროს მოხალისეთა სსიპი, რომლის დაარსება 2007 წლის ხედვაში გვქონდა. თავდაცვის ძალებთან ერთად დამტკიცდება ლეგიონერების გამოყენების სფეროები და დაზუსტდება ამოცანები.
2024 წელს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სამეთაურო რგოლის მომზადებას, რეგიონული ორგანიზაციების და სექციების მუშაობას.
ხელმძღვანელობა
გამგეობა შედგება 3 წევრისგან: გიორგი რაზმაძე, პაატა გიგაური და დავით ნარტყოშვილი. სათათბიროში 6 ლეგიონერია.
სტრუქტურა
ლეგიონი შედგება 5 მიმართულებისგან, რომლებსაც ექვემდებარებიან შესაბამისი განყოფილებები. ამ სქემაში ნაჩვენებია ჩვენი წყობის ძალიან ზოგადი მონახაზი
მოკლე ისტორია
საქართველოში ფიზიკური ვარჯიში ისტორიულად სამხედრო საქმეს უკავშირდებოდა და ახალგაზრდები ადრეული ასაკიდანვე ეუფლებოდნენ საბრძოლო ხელოვნებას.
რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, 1917 წელს „ქართველ მხედართა კავშირში“ დაარსდა ტან-სავარჯიშო ორგანიზაცია „ამირანი“, რომელსაც ოფიცრები ედგნენ სათავეში. 1918 წლის 25 აგვისტოს დაფუძნდა „ქართული ტან-ვარჯიშობის საზოგადოება შევარდენი“, სადაც გაერთიანდა ამირანი და რამდენიმე ათეული მოხალისე-ენთუზიასტი. “შევარდენის” წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს დასაცავად წარმოებულ ომებში. 1922 წელს ოკუპანტებმა აპოლიტიკური შევარდენი დაშალეს, როგორც “ნაციონალისტური და მავნებლური” ორგანიზაცია.
2007 წლის 11 მაისს პაატა გიგაურმა და გიორგი რაზმაძემ დაიწყეს ევროპული ტიპის და “შევარდენის” იდეალებზე დაფუძნებული მოხალისეთა ორგანიზაციის ფორმირება (სამუშაო სახელი: “ახალგაზრდული მოძრაობა დიდგორი”), რამდენიმე მოქმედი და ყოფილი სამხედრო შევიკრიბეთ და გავწერეთ სამოქმედო გეგმა. ხედვის რეალიზების მიზნით ოფიციალურად დავაარსეთ ორგანიზაცია “აისი”, სამწუხაროდ პირვანდელი ხედვა შეიცვალა და დამფუძნებლები 2010-11 წლებში გავედით ორგანიზაციიდან. 2013 წელს დავუბრუნდით 2007 წლის ხედვას და 22 სექტემბერს დავაარსეთ “გენერალ მაზნიაშვილის სახ. ახალგაზრდული ლეგიონი” და 2014 წლის გაზაფხულზე ჩავატარეთ პირველი საბაზისო კურსი. ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა კურსებზე და ფორმით მომზადებულია ათასობით მოქალაქე, ხოლო წევრების რაოდენობა 2023 წლის ბოლოს 1.600-მდე გაიზარდა. ლეგიონი არის მოხალისეთა სფეროს გამწევი და ლიდერი ორგანიზაცია.
სიმბოლიკა, მფარველი და შეძახილი
ჩვენი ემბლემა არის ფარის ფორმის, რაც გამოხატავს ქართველი ერის ინტერესების დაცვას, შინდისფერი წინაპართა დაღვრილ სისხლს, ხოლო ოქროსფერი კანტი ლეგიონის იდეის გამარჯვებას. ემბლემის ცენტრში განთავსებულია XII საუკუნეში აშენებული ქვათახევის მონასტრის კედელზე ამოტვიფრული სტილიზებული ორნამენტი.
ლეგიონის ძირითადი დროშა შინდისფერი მართხკუთხედია, რომელზეც გამოსახულია შავკანტშემოვლებული თეთრი ჯვარი ცენტრში ლეგიონის ემბლემით. დროშა აკურთხა მამა ზურა ცხოვრებაძემ, 1923 წლის 21 მაისს, ვაკის პარკში დახვერტილი „დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის“ 15 ოფიცრის და ჯარისკაცის მოწამეობრივი აღსასრულის ადგილას.
მფარველი
2015 წლის 22 სექტემბერს ლეგიონის მფარველად გამოცხადდა წმ. გობრონ-მიქაელი (წირვა აღავლინა მამა ზურა ცხოვრებაძემ ჯვრის მამის ეკლესიაში), ფოცხოვში რაიონში მდებარე ყელის ციხის გარნიზონის ერთერთი მეთაური, რომელიც 914 წელს არაბთა შემოსევისას, 28 დღიანი სისხლისმღვრელი საალყო ბრძოლის შემდეგ ჩავარდა ტყვედ და მიუხედავად დიდი დაპირებებისა და შემდეგ შეუბრალებელი წამებისა, არ უღალატა ღმერთს, საკუთარ ქვეყანას და მოწამებრივად აღესრულა 133 ქართველ მეომართან ერთად.
შეძახილი და დევიზი
ლეგიონის შეძახილი ეფუძნება 1918-1922 წლებში არსებულ ორგანიზაცია შევარდენის შეძახილს. მეთაური: „გუშაგობ ერს!“ რაზმის პასუხი: „მარად!“. ჩვენი დევიზია: “ვგუშაგობთ ერს!”
პარტნიორები
ლეგიონი მჭიდოდ თანამშრობლობს თავდაცვის სამინისტროსთან, პარლამენტთან, მერიებთან და მუნიციპალიტეტებთან, განათლების სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან, აირსოფტ არენასთან, ბოტანიკურ ბაღთან და უცხოელ პარტნიორებთან.
რატომ ლეგიონი?
– მოქალაქე საწყის დონეზე ეცნობა სამხედრო საქმეს და გამოცდის საკუთარ თავს ამ სფეროში
– თემატური სექციებში გაწევრიანებით შეუძლია მისთვის საინტერესო სფერო შეისწავლოს ღრმად და მაღალ დონეზე
– მონაწილეობას მიიღებს პატრიოტულ, კულტურულ, სპორტულ ღონისძიებებში და თავდაცვის ძალების სწავლებებში
– ეჩვევა ჯგუფურ მუშაობას და იძენს ახალ მეგობრებს. უმაღლდება თვითშეფასება და რწმუნდება საკუთარ თავში
– ეჩვევა წესრიგს და დისციპლინას
– ძლევს შიშს და გაუბედაობას. იწყებს დამოუკიდებელ აზროვნებას და გადაწყვეტილებების მიღებას ექსტრემალურ სიტუაციაში
– უძლიერდება ნებისყოფა და ამტანობა
– უყალიბდება ინიციატივის და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების ჩვევა
– უმტკიცდება მეგობრობის, თანაგრძნობის და ურთიერთდახმარების გრძნობა
– წყდება ქუჩას და კრიმინალურ გარემოს
– უვითარდება დაგეგმარების უნარები
– ხდება შეკრული ოჯახის წევრი, სადაც შეუძლია ცხოვრების ბოლომდე დარჩეს.
დაეხმარე ლეგიონს და ერთად ავამაღლოთ ერის თავდაცვისუნარიანობა!
TBC ბანკი: GE92TB7036636080100003
საქართველოს ბანკი: GE14BG0000000533902429