ადამიანის სხეულის დაახლ. 60-80% შედგება წყლისგან. ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირების და გაუწყლოების (“წყალი-მარილი” ბალანსის დარღვევა) თავიდან ასაცილებლად, დღეში საშუალოდ 2-8 ლიტრი წყალი გვესაჭიროება, რაც დამოკიდებულია ჩვენს ფიზიკურ აღნაგობაზე, აქტივობაზე, გარემოს ტემპერატურაზე, ნესტიანობაზე და ა.შ.
წყალი სხეულიდან რამდენიმე ფორმით გამოდის (ძირითადად: შარდი, ოფლი და სუნთქვა) რაც მისი მარაგის რეგულარულ შევსებას მოითხოვს. ჯანმრთელ ადამიანს, თბილ ამინდში წყლის გარეშე მეტნაკლებად ადექვატურად მოქმედება შეუძლია დაახლ. 3 დღის განმავლობაში,
მაგრამ შრომისუნარიანობის და ზოგადი მდგომარეობის საგრძნობი გაუარესების ფონზე.
ხანგრძლივ ლაშქრობაში წასვლის წინ ზუსტად უნდა ვიცოდეთ არის თუ არა გასავლელ მარშრუტზე სასმელად ვარგისი წყალი. საბრძოლო მოქმედების დროს დანაყოფის მეთაური ვალდებულია ზუსტად იცოდეს სადაა სასმელად ვარგისი წყალი მისი დანაყოფის მოქმედების ზონაში. ბრძოლის დროს ცენტრალიზებული მომარაგება ხშირად ფერხდება, ამიტომ უნდა ჩათვალოთ, რომ წყალს არავინ მოგიტანთ და დანაყოფის ავტონომიურ მომარაგებაზე თავად უნდა იზრუნოთ.

გაუწყლოების ნიშნები

არსებობს გაუწყლოების სამი დონე და ამ სიმპტომების ცოდნა აუცილებელია:

მსუბუქი: 1-2 ლიტრის დანაკლისი. წყურვილის შეგრძნება, ენის სიმშრალე, შარდის გამუქება. ეს მდგომარება ყველას გამოუცდია და ნაკლებად სახიფათოა, მაგრამ დროული რეაგირებაა საჭირო რათა მდგომარეობა არ დამძიმდეს.

საშუალო: 4-5 ლიტრი დანაკლისი. ძლიერი წყურვილი, შარდის და ნერწყვის გამოყოფის მკვეთრი შემცირება ან შეწყვეტა, კანის და ენის სიმშრალე, კანის გაფერმკრთალება, ზოგადი სისუსტე, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, აზროვნების შენელება და კონცენტრაციის კარგვა, ცრემლის გამოყოფის შეწყვეტა, სისხლის სიბლანტის ზრდა. ამ დროს ხშირი ხდება სუნთქვა და გულისცემა, შეიძლება მოიმატოს სხეულის ტემპერატურამ, ხელის თითის ფრჩილის წინკიდურზე მსუბუქი დაწოლისას ფერი ნელა ბრუნდება, ანუ 2 წამზე მეტს უნდება. ეს მდგომარეობა სახიფათოა და სხეული წყლის დაუყოვნებელ მიღებას ითხოვს.

მძიმე: 7-8 ლიტრის დანაკლისი. ამ დროს წნევა მკვეთრად ვარდება, პულსი იმატებს, მოსალოდნელია გონების დაკარგვა და შოკში ჩავარდნა. ამ შემთხვევაში სამედიცინო პერსონალის ჩარევაა საჭირო და ადამიანი შეიძლება დაიღუპოს.

როგორ შევინარჩუნოთ წყლი ორგანიზმში?

ქვეითი მარშისას ვსვავთ მოკლე დასვენების დროს და მცირე ოდენობით. ჯობია ცოტა სვათ და ხშირად, ვიდრე ბევრი და ერთბაშად
 ვსვავთ პირში ჩაგუბებით და მცირე ყლუპებით. სწრაფი დალევის შემთხვევაში წყლის საკმაო ნაწილი პირდაპირ შარდის ბუშტში ხვდება და ორგანიზმი ვერ ასწრებს შეთვისებას
 ვერიდებით მზიან ადგილს და გადავაადგილდებით ჩრდილში
 არ ვეწევით სიგარეტს, რომელიც აძლიერებს წყურვილს
 ვერიდებით ჭამას, განსაკუთრებით ხორციან და მლაშე საკვებს. სასურველია წყლის შემცველი ბოსტნეულის და ხილის მიღება
 საშუალო გაუწყლოებისას დაგეხმარებათ კენკრის და ტყის ხილის ჭამა, მძიმე სიტუაციაში მცირეოდენი წყალიც საკმარისია შვებისთვის, მითუმეტეს რომ ხილი შაქრებსაც შეიცავს და აუმჯობესებს დასტრესილი ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას
 წყურვილის შეგრძნების შესამცირებლად შეგიძლიათ ღეჭოთ მცენარეების ღეროები (ბედუინები უდაბნოში კენჭებს იყენებენ), რომელთა “ღეჭვისას” გამოიყოფა ნერწყვი. მართალია წყლის რაოდენობა სხეულში არ მატულობს, მაგრამ კლებულობს წყურვილის შემაწუხებელი გრძნობა
 მარილი სხეულს უნარჩუნებს წყალს, ამიტომ შეიძლება წყლის ხელოვნული წამლაშება (0.5 – 1 გრ. 1 ლიტრ წყალზე). თუმცა ზედმეტ “პროფესორობას” არ გირჩევთ, რადგან შეიძლება გულზე იმოქმედოს ცუდად
 სხეულს აგრილებს და ატენიანებს ნამზე ხელის მოვლება. დასაშვებია არასასმელი წყლით კიდურების, კისრის და სახის მობანა. გადაადგილებისას სხეულს აგრილებს ოფლიანი ტანსაცმელი, რომელიც წყლის აორთქლებასაც ანელებს
 გაუწყლოებულზე დაუშვებელია დიდი ოდენობით წყლის ერთბაშად მიღება, რადგან შეიძლება ღებინება გამოიწვიოს
 ალკოჰოლი იწვევს წყურვილს, პირის სიმშრალეს, ადუნებს რეაქციას, ამიტომ მისი გამოყენება გაუწყლოების დროს აკრძალულია

წყლის გაწმენდა

საველე პირობებში, განსაკუთრებით საბრძოლო მოქმედებებისას, წყალმომარაგების ძირითადი პრობლემა წყლის მოპოვებაზე მეტად მის გაწმენდაშია. გადაღლილი მებრძოლი მზადაა დაბინძურებული გუბიდანაც დალიოს, რამაც შეიძლება დროებით დააკარგვინოს საბრძოლო მზაობა, მძიმედ მოწამლოს, ან რაზმში გაჩნდეს ეპიდემია. ამ მიზეზის გამო, მზა საკვების ულუფაში (MRE) ამატებენ წყლის გამწმენდ აბებს.

როდის არ შეიძლება წყლის დალევა? სახიფათოა შეუმოწმებელი წყარო, დაგუბებული, ან დასახლებულ პუნქტ გამოვლილი ჩამდინარი წყლი. პირველ რიგში ვაკვირდებით წყლის ფერს, გამჭვირვალობას და სუნს. თუ საქონელი არ სვავს წყაროდან, მისი დალევა არ შეიძლება.
ხევშიც კი, სადაც ადამიანთა აქტივობა არაა, გამავალი წყლის დალევა მაინც სახიფათოა, რადგან შეიძლება ცხოველის გვამი აგდია ზემოთ, ან სხვა რამითაა დაბინძურებული და ვერ ვხედავთ.
წყლის გაწმენდის მეთოდები:

წყლის ფილტრი Lifestraw. ეს ფილტრი ეფექტურია და ექსტრემალურ სიტუაციაში შეუცვლელია, რადგან სწრაფად ფილტრავს წყალს (ქიმიურად დაბინძურებულის გარდა). მაგრამ ფილტრი შეიძლება გაფუჭდეს და ვერ შეძლოთ წყლის შეყვანა

წყლის გამწმენდი აბები. სამხედრო სფეროში აქტიურად გამოიყენება აბები. მაგ.: Aquatabs და Ozon. აბების გამოყენების წესი და ინსტრუქცია იხილეთ მწარმოებლის ოფიციალურ გვერდზე

ადუღება. ყველაზე საიმედო მეთოდი წყლის ადუღებაა. წყაროდან, მდინარიდან, ან ტბიდან მოტანილი წყალი ჯერ უხეშად გაფილტრეთ (მაგ. ბენდენით) და 5-10 წუთის მანძილზე ადუღეთ. თუ წყალს სპეციფიური გემო აქვს (მაგ. მინერალების გამო), ადუღება არ უშველის და მოგიწევთ ასე დალევა. ადუღებისას იღუპებიან ბაქტერიები და ცოცხალი ორგანიზმები, მაგრამ მინერალები, ნაწილაკები და ჟანგი რჩება ჭურჭელში.
თუ წყალი ძალიან დაბინძურებულია, მოერიდეთ მის გამოყენებას, რადგან ადუღებამაც შეიძლება ვერ უშველოს.

იოდი – 5% იანი იოდის 2-3 წვეთი გაუშვით 1 ლიტრ წყალში, კარგად შეანჯღრიეთ და ერთი საათი დააცადეთ. გემო სასიამოვნო არ ექნება, მაგრამ დალევა შეიძლება

ტბის და ჭაობის ნაპირი – ნაპირიდან 1 მეტრში ამოთხარეთ ორმო, რომელიც ნელნელა შეივსება ნიადაგში გაფილტრული წყლით. ასეთი წყალი მაინც უნდა აადუღოთ, ან იოდით გაწმინდოთ

შრეებიანი ფილტრი – თუ დრო გექნებათ, დასალევად ვარგისი წყლის უხეშად გაფილტვრის მარტივი მეთოდი ნაჩვენებია ამ გრაფიკაზე და შეგიძლიათ ერთმანეთს მოუნაცვლოთ შრეები: კენჭები, ქვიშა, ნახშირი და ნაჭერი

დასკვნა: წყალი საველე პირობებში ზედმეტი არასოდეს არაა და საკმარისი ოდნობით უნდა გქონდეთ თან, ან უნდა შეძლოთ მარაგის შევსება