ლეგიონის სიმბოლო
შეკითხვები

ხშირად დასმული შეკითხვები

ვერ იპოვე პასუხი? მოგვწერე და გიპასუხებთ.

როდის ტარდება საბაზისო კურსები და რამდენ ხანს გრძელდება?

ყველა ადგილობრივ რაზმს საბაზისო კურსების საკუთარი პირობები აქვს.

კურსის დაწყების წინ, ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდზე იდება ინფორმაცია კონკრეტული რაზმის კურსთან დაკავშირებით.

კურსები ტარდება: გაზაფხულზე და შემოდგომით. საშუალოდ გრძელდება 1.5 თვე, 6-8 საველე შეკრებით და 14-15 ლექციით.

როგორია საბაზისო კურსის საველე-სასწავლო დღე?

სასწავლო რაზმის მეთაურები და კურსანტები იკრიბებიან გეგმის მიხედვით წინასწარ დათქმულ ადგილზე და საზოგადოებრივი, ან თავდაცვის სამინისტროს ტრანსპორტით გადაადგილდებიან სწავლების ჩატარების ადგილისკენ. გასვლა იწყება 0900 სთ-ზე და სრულდება დაახ. 1700 სთ-ზე.

თუ კურსანტს გადაუდებელი საქმე აქვს, შეუძლია წავიდეს გასვლიდან და გაცდენად არ ჩაეთვლება.

სტანდარტულად, დაშვებულია ერთი, ან ორი საველე სწავლების გაცდენა.

გაქვთ თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა?

თბილისის ლეგიონის საბაზისო კურსზე ჩაწერა შესაძლებელია ორ ასაკობრივ ჯგუფში (ყველა ადგილობრივ რაზმს საკუთარი ასაკობრივი ჩარჩოები აქვს).

14-17 წლის არასრულწლოვნები ირიცხებიან ცალკეულ სასწავლო ასეულში (“მწვანე”) და სწავლება მათზეა მორგებული.

“თავდაცვის მოხალისის” სტატუსის მიღება შესაძლებელია 18 წლის ასაკიდან, ამიტომ 18-55 წლის კურსანტები ირიცხებიან ცალკეულ სასწავლო ასეულში („ლურჯი“), შესაბამისი მიდგომებით და სწავლებით.

რა თემატიკას შევისწავლით თუ გავხდებით “თავდაცვის მოხალისე”?

სამხედრო და სამთო-სამაშველო მიმართულებები – აქ მოითხოვება ფიზიკური მომზადების მინიმალური სამხედრო სტანდარტები.

მხარდამჭერი მიმართულებებია: უპილოტო საფრენი აპარატები, სამედიცინო, კავშირგაბმულობა, საინჟინრო, ლოჯისტიკა, სამოქალაქო დაცვა და საინფორმაციო ოპერაციები.

საბაზისო კურსის დასრულების შემდეგ ლეგიონერი - სურვილის შემთხვევაში, თავად აირჩევს რომელ კონკრეტულ ფუნქციურ მიმართულებაში შეისწავლოს მისთვის საინტერესო თემა.

თავდაცვის მოხალისის სტატუსი არ წარმოქმნის რაიმე სახის განსაკუთრებულ ვალდებულებას სახელმწიფოს წინაშე.

გვექნება თუ არა ფორმა და აღჭურვილობა?

ერთობლივი საბაზისო კურსის განმავლობაში არ გაიცემა ფორმა და აღჭურვილობა, მაგრამ თუ ლეგიონერი - კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, გადაწყვეტს გახდეს “თავდაცვის მოხალისე” და მიიღოს მონაწილეობა თავდაცვის ძალების მიერ მოწყობილ შესაბამის სწავლებებში, ასეთ პირს გადაეცემა ფორმის კომპლექტი და შესაბამისი აღჭურვილობა.

რამდენი შვილობილი ორგანიზაციაა ლეგიონში?

ლეგიონში ორი შვილობილი ორგანიზაციაა, ექსტრემალური და ტაქტიკური მედიცინის სფეროს ლიდერი: აიპ “ექსტრემალური მედიცინის ცენტრი” (უფლება აქვს გასცეს საერთაშორისო სერტიფიკატები) და ოჯახების მომზადებაზე ორიენტირებული, სამოქალაქო დაცვის აიპ “ქალთა ეროვნული ლიგა”.

არიან თუ არა კურსზე გოგოები?

დიახ. ლეგიონის წევრების თითქმის ნახევარს გოგონები შეადგენენ.

რას აკეთებენ კურსდამთავრებული ლეგიონერები?

ლეგიონერები მონაწილეობენ ლეგიონის შიდა სექციების კურსებსა და სწავლებებში, სპორტულ, პატრიოტულ ღონისძიებებში და თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ წვრთნებში.

სასწავლო რაზმის სამეთაურო რგოლის ლეგიონერები სხვებს უზიარებენ საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას მეთაურის, ინსტრუქტორის და დამხმარის რანგში.

ლეგიონში წევრობის ასაკი შეზღუდული არაა და მოქალაქეს ცხოვრების ბოლომდე შეუძლია იყოს ჩვენი წევრი.

ვინ გაფინანსებთ?

ლეგიონი არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მიმდინარე ხარჯებს ვფარავთ ლეგიონერები და გვეხმარებიან შემომწირველები.

გვექნება თუ არა საცეცხლე მომზადება?

საცეცხლე მომზადება და საბრძოლო სროლები ჩატარდება თავდაცვის ძალების სასროლეთზე მხოლოდ მათთვის, ვისაც ექნება სურვილი მიიღოს „თავდაცვის მოხალისის“ სტატუსი.

ლეგიონერის „თავდაცვის მოხალისედ“ გახდომის და სამხედრო მიმართულების არჩევის შემდეგ, სტატუსიანი ლეგიონერი შესწავლის სამხედრო საქმეს თავდაცვის ძალებში გაღრმავებულად, მასზე მორგებული პროგრამით და სამოხალისეო გრაფიკით.

როგორია ფიზიკური დატვირთვები საბაზისო კურსის დროს?

საბაზისო კურსი იწყება ქვეითი სამოტივაციო მარშით (12-20 კმ რაზმის და ასაკის მიხედვით), მომდევნო სასწავლო დღეებში ფიზიკური დატვირთვა კლებულობს და აქცენტი ცოდნის გადაცემაზე კეთდება. ჩვენ დროს არ ვკარგავთ ფეხით ხანგრძლივ გადაადგილებაზე.

თქვენი ერთჯერადი, ან რეგულარული დახმარება ათასობით ახალგაზრდის მომავალს ცვლის უკეთესობისკენ! ძალა ერთობაშია!

საქართველოს ბანკი
GE14BG0000000533902429
TBC ბანკი
GE92TB7036636080100003