დაბადების წელი: 06.04.1872 წ (ძველი სტ.) კასპის რაიონი; ს. სასირეთი
გარდაცვალება: 09.09.1937 წ. დახვრიტეს სტალინური რეპრესიების დროს
მშობლები: ივანე მაზნევი და ქრისტინე გლურჯიძე
პროფესია: სამხედრო
ჯილდოები: სხვადასხვა სახეობის 7 ორდენი, მათ შორის წმ. გიორგის ჯვარი
კარიერა რუსეთის საიმპერიო არმიაში 1918 წლამდე
ზოგადი განათლება მიიღო ქ. ვლადიკავკაზის სამხედრო პროგიმნაზიაში, სწავლა გააგრძელა თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელში, რომელიც დაასრულა მეორე თანრიგით
1891 – პიატიგორსკის 151-ე ქვეითი პოლკის პოდპურუდჩიკი (ქ. არდაგანი)
X – ერთერთ ფოტოზე მოსკოვის 65-ე ქვეითი პოლკის პორუჩიკის სამხრეებშია, სამსახურის წელი უცნობია
1905 – რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილე კაპიტნის ჩინით. დაიჭრა ბრძოლაში
1909 – ციმბირის II მსროლელი პოლკის ასეულის მეთაური
1914-1917 – პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. იპერატორმა ნიკოლოზ II-მ განსაკუთრებული მამაცობისთვის პირადად გადასცა წმ. გიორგის იარაღი
03.02. 1915 – დაიჭრა დასავლეთის ფრონტზე გერმანელების წინააღმდეგ ბრძოლაში. მკურნალობდა ქ. ვარშავის ჰოსპიტალში. ჭრილობის გამო ერთი ხელის გამოყენება უჭირდა
05.08.1917 – დაჯილდოვდა წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენით
1917 წ. – პოლკოვნიკის ჩინით მეთაურობდა ციმბირის I მსროლელ პოლკს დასავლეთის ფრონტზე
რუსეთის იმპერიის ქართულ კორპუსი
20.09.1917 – მაზნიაშვილი ბრუნდება თბილისში, ინიშნება II ქართული დივიზიის ბრიგადის უფროსად და იწყებს დანაყოფების ფორმირებას 16-20 წლის მოხალისე ახალგაზრდებისგან. ძალების სიმცირის გამო მისი თხოვნით შ. ქარუმაძეს ხევსურეთიდან ჩამოყავს მოხალისეთა შენაერთი თბილისის სამხედრო საწყობების სადარაჯოდ და წესრიგის დასამყარებლად
10-11.1917 – მაზნიაშვილის გეგმით ხერხდება კავკასიის ფრონტიდან წამოსული გადეზერტირებული რუსეთის არმიის ეშელონების სისხლისღვრის გარეშე გაცილება თბილისიდან. ინიშნება ქართული ლაშქრის მომარაგების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, სადაც იმუშავა 1918 წლის მარტამდე. მისი ამოცანა დაფანტული სამხედრო ქონების თავმოყრა, აღრიცხვა და დაცვა იყო.
30.03.1918 – ინიშნება “შემოვლითი კოლონის” მეთაურად, რომელსაც უნდა დაეცვა ბათუმის ფორტები, მაგრამ თურქების სწრაფი წინსვლის და ქალაქის დაცემის გამო, დაევალა მდ. ჩოლოქთან ფრონტის ორგანიზება და შეტევის შეჩერება. მოხალისეთა 180 კაციანი რაზმით (შტაბი, არტილერია, ფედერალისტების რაზმი და იმერელი მოხალისეები) ჩადის ნატანებში და იწყებს 40 კილომეტრიანი ფრონტის გამაგრებას სახალხო გვარდიის თბილისის და გორის ბატალიონებით, გურული მოხალისეებით, ბათუმიდან გამოქცეული არმიის II და IV პოლკის ნარჩენებით და ხაშურის მაზრის მოხალისეთა შენაერთით. 5-6 აპრილს გამართულ ჩოლოქის ბრძოლაში ჯავშანმატარებლის თავგანწირული მოქმედების (მეთ. ვ. გოგუაძე) შედეგად თურქეთის არმიამ მარჯვენა ფრთაზე დაკარგა დაახლ. 500 მოკლული და 1.000 დაჭრილი, მიატოვა ბრძოლის ველი და გაიქცა. მაზნიაშვილის დაჯგუფების დანაკარგი მხოლოდ 30-მდე მოკლული და 100 დაჭრილი იყო, მაგრამ მარცხენა ფრთაზე IV პოლკმა უბრძოლველად მიატოვა სანგრები და მტერმა დაიკავა ოზურგეთი. ფრონტის ხაზი დასტაბილურდა და გერმანელების გამოჩენის შემდეგ თურქებს აღარც უცდიათ წინ წაწევა. 11 აპრილს სახალხო გვარდიის და მესაზღვრეთა ქვედანაყოფებმა შეუტიეს ოზურგეთს და აიღებდნენ კიდეც რომ არა სამშვიდობო შეთანხმება. ბრძოლა შეწყდა. მაზნიაშვილი შეუდგა პირველი პოლკის და ცხენოსანი ესკადრონის ფორმირებას და მაისში სრულად დააკომპლექტა თავისი დივიზია. ივნისის შუა რიცხვებში დივიზიამ უბრძოლველად დაიკავა ოზურგეთი.
საქართველოს შეიარაღებული ძალები
18.06.1918 – ინიშნება აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და შავი ზღვის ჯარების უფროსად. გენერალი სოხუმში ჩავიდა III პოლკის 350 ქვეითით და არტილერიის ერთი ბატარეით, ადგილზე დახვდა სახალხო გვარდიის საგანგებო ბატალიონი. მალე მათ შეუერთდნენ მესანგრეთა ასეული და 300 აფხაზი ცხენოსანი. 27 ივნისს დაჯგუფება შეტევაზე გადავიდა და სოჭამდე მისდია აჯანყებულ კომუნისტებს. პარალელურად მაზნიაშვილმა პირადად უმეთაურა იმ დანაყოფებს, რომლებმაც ტყვედ აიყვანეს კოდორთან გადმომსხდარი თურქეთის არმიის დესანტი. სახალხო გვარდიით და რუსი კაზაკების ესკადრონით გაძლიერებულმა დაჯგუფებამ შეუტია კომუნისტებს და დაიკავა ტუაფსე. აგვისტოს ბოლოს, 30.000-იანმა, კომუნისტების ე.წ. “ტამანის არმიამ” შეუტია ტუაფსეს, უკუაგდო თეთრგვარდიელი კაზაკების, სახალხო გვარდიის დანაყოფები და დაიკავა ტუაფსე, თუმცა ორი დღის შემდეგ დატოვა ქალაქი და მდგომარეობა აღდგა
09.1918 – ტოვებს აფხაზეთს და ბრუნდება თბილისში. ფრონტზე მყოფ გენერალს შსს მინისტრმა ნოე რამიშვილმა ცილი დასწამა სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მითვისებაში და მოაწყო ჩხრეკა მის სახლში. მაზნიაშვილმა გადადგომა მოითხოვა, თუმცა ჟორდანიამ არ დააკმაყოფილა თხოვნა
10-12.1918 წ. ოქტომბერში ინიშნება თბილისის გენერალ-გუბერნატორად და მეორე დივიზიის მეთაურად. მაზნიაშვილმა განახორციელა მილიციის რეორგანიზაცია, რამაც ხელი შეუწყო ქალაქში ძმიმე კრიმინოგენული სიტუაციის შედარებით გამოსწორებას
16.12.1918 – ინიშნება საქართველოში შემოჭრილი სომხეთის არმიის წინააღმდეგ მოქმედი შულავერ-სადახლოს მიმართულების სარდლად. 23 დეკემბერს შტაბით და ცხენოსანი ესკდარონით (სულ 250 ჯარისკაცი) გენერალი ჩადის მდინარე ხრამზე, სადაც მას ხვდება ლორეს ხეობიდან გამოსული ჯავშანმატარებელი (ვ. გოგუაძე) და მესაზღვრეთა ერთი ასეული. რაზმი გაბედული მანევრით აიძულებს სომხებს დატოვონ მდ. ხრამის ნაპირები, სადგური სარალი და დაიხიონ შულავერისკენ
24-26 დეკემბრის განმავლობაში დაჯგუფება გაძლიერდა დამხმარე ჯარებით (თბილისის V და თელავის VI პოლკები, ოფიცერთა საგანგებო ბატალიონი, ქართული ლეგიონი, მთიულების ბატალიონი, სახალხო გვარდიის და მოხალისეთა დანაყოფები), რომლებმაც იერიშით აიღეს შულავერი და 31 დეკემბერს გავიდნენ სადახლო-აირუმის სექტორიში. მაზნიაშვილი პირადად მეთაურობდა დანაყოფებს და იმყოფებოდა წინა ხაზზე სანგრებში. რეზერვებით გაძლიერებულმა მაზნიაშვილმა დაგეგმა ლორეს მაზრის განთავისუფლების ოპერაცია, რაც წარმატებით დასრულდებოდა და შესაბამისი მანევრიც დაწყებული იყო, მაგრამ სამშვიდობო შეთანხმებამ შეაჩერა ქართული არმიის შეტევა და ლორე ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა. 10 იანვარს დივიზიის შტაბი თბილისში დაბრუნდა
03.02.1919 – მაზნიაშვილი ინიშნება ახალციხის და ახალქალაქის გენერალ-გუბერნატორად და მესხეთის დაჯგუფების მეთაურად აჯანყებული მუსულმანური მოსახლეობის (მეთ. სერვერ ბეგის) და “ყარსის რესპუბლიკის” ჯარის წინააღმდეგ სამოქმედოდ. იანვრის ბრძოლაში ქართული ნაწილები დამარცხდნენ და უწესრიგოდ აირივნენ. მაზნიაშვილი დაინიშნა იმ პირობით, თუ მას 5.000 ჯარისკაცს მიახმარდნენ, თუმცა დენიკინის არმია შეიჭრა აფხაზეთში და მესხეთისთვის გათვალისწინებული ჯარები მაზნიაშვილის თანხმობით აფხაზეთისკენ გადაისროლეს. 4-5 თებერვლის ბრძოლაში IV პოლკის დანაყოფებმა უწესრიგოდ დაიხიეს ახალციხისკენ, როდესაც მაზნიაშვილი მათ შეკავებას ცდილობდა, ახალციხის გარნიზონი თვითნებურად მოიხსნა და აწყურისკენ წავიდა, რამაც მთლიანად მოშალა ფრონტი. საბოლოოდ დაჯგუფებამ თავი ბორჯომში მოიყარა. 16 თებერვალს მაზნიაშვილი თბილისში გამოიწვიეს და მის ნაცვლად კვინიტაძე დაინიშნა
ზაფხული. 1919 – მაზნიაშვილს წაუყენეს ახალციხის დატოვების ბრალდება. გენერალი იძულებული გახდა დროებით დაეტოვნებინა სამხედრო სამსახური. საქმის წარმოება გაჭიანურდა და 1920 წლის 6 ოქტომბერს შედგა საბოლოო სხდომა, სადაც მაზნიაშვილი გაამართლეს ყველა პუნქტში
07.10.1920 – ინიშნება თბილისის გარნიზონის მეთაურად. რუსეთის მოსალოდნელი თავდასხმის გამო მაზნიაშვილი ამაგრებს პოზიციებს კოჯორიდან-ვაზიანამდე და 10 თებერვლის ჩათვლით აცნობდა მათ არმიის ოფიცერთა შემადგენლობას
15.02.1921 – ახალი მთავარსარდალი გიორგი კვინიტაძე მაზნიაშვილს ნიშნავს ფრონტის ცენტრალური უბნის მეთაურად რომელიც გადაჭიმული იყო ორხევიდან თითქმის ტაბახმელამდე. 16 თებერვალს უბნის შემადგენლობაში იყო არმიის IX ბატალიონის ნაწილი, თბილისის სადარაჯო ათასეული, სახალხო გვარდიის ორი ბატალიონი (გორი და ხაშური), არტილერიის 5 ბატარეა, ჯავშანმატარებელი და დაჯავშნულ ავტომობილთა რაზმი. 18-19 თებერვლის ფონიჭალის ბრძოლაში მაზნიაშვილის დაჯგუფებამ მოიგერია მტრის შეტევა, თავად გადავიდა კონტრშეტევაზე, მთლიანად გაანადგურა რუსების 58-ე ქვეითი ბრიგადა (დაიღუპა 540 წითელარმიელი და ტყვედ ჩავარდა 1.000-ზე მეტი). რუსებს ფონიჭალიდან აღარ შემოუტევიათ, 24 თებერვალს აიღეს შავნაბადას მონასტერის მიმდებარე სიმაღლე, მაგრამ კონტრშეტევით გამოდევნეს. 25 თებერვალს ცენტრალური უბნის ჯარები ბრძანების თანახმად უბრძოლველად მოიხსნენ და მცხეთასთან შეერივნენ უკანდახეულ ჯარებს
28.02.1921 – ინიშნება მესამე დივიზიის და ოსიაურის ფრონტის ცენტრალური უბნის მეთაურად
05.03.1921 – ინიშნება სენაკის მიმართულების მეთაურად და წარმატებით ფარავს ქუთაისიდან უკანდახეულ ჯარს. რუსებმა ვერ შეძლეს ფრონტის გარღვევა და ევაკუაციისთვის ხელის შეშლა. მაზნიაშვილის ხელქვეით თავი მოიყარეს გურულმა მოხალისეებმა და შეიარაღებული ძალების იმ ნაწილებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს ბოლომდე ებრძოლათ. 15 მარტისთვის გურიაში 9.800-მა მებრძოლმა მოიყარა თავი
17.03.1921 – კომუნისტებმა აცნობეს მაზნიაშვილს რომ დაზავების შედეგად ომი შეწყდა, ხოლო ბათუმში თურქები შემოვიდნენ
18.03.1921 – გენერალმა გადაწყვიტა თავად ჩასულიყო ბათუმში და ენახა მთავრობის წევრები. მას თან ახლდა კახელი მოხალისების ჯგუფი და ჯავშანმატარებელი. კომუნისტებმა მაზნიაშვილს შესთავაზეს ბათუმის განთავისუფლების ოპერაციის ხელმძღვანელობა. გენერალმა სწრაფად მოაგვარა ყველა საორგანიზაციო საკითხი და 3 დღის განუწყვეტელი ბრძოლის შემდეგ შეძლო ჯერ ფორტების დაკავება და შემდეგ თურქების გარნიზონის განადგურება. ამ ბრძოლაში დაიღუპა 100-მდე ქართველი ჯარისკაცი, ყველაზე მეტი, რაც მაზნიაშვილის მეთაურობის დროს დაღუპულა
საქართველოს წითელი არმია
22.03.1921 – მაზნიაშვილმა დაიწყო ქართული წითელი არმიის დანაყოფების ფორმირება აჭარაში. 29 მარტს თბილისში გამოიწვიეს
06.04.1921 – ინიშნება საქართველოს წითელი არმიის დივიზიის მეთაურად
07.1921 – დივიზია შტატების შემცირების გამო იშლება და მაზნიაშვილი ინიშნება ქვეითი ჯარის ინსპექტორად
დაპატიმრება და ემიგრაცია
06.09.1921 – გენერალს აპატიმრებენ როგორც კონტრრევოლუციონერს და თითქმის ორი წელიწადი მეტეხის ციხეში იმყოფება, სადაც შემთხვევით გადაურჩება სიკვდილს
20.05.1923 – სამხედრო ცენტრის ოფიცრებთან ერთად მიესაჯა დახვრეტა, რომელიც საქართველოდან 5 წლიანი გაძევებით შეუცვალეს
15.08.1923 – მიემგზავრება ირანის ქ. თეირანში ნაცნობ ქართველ მეწარმესთან
12.1923 – უკავშირდება საქართველოს მთავრობას საფრანგეთში და ჩადის პარიზში
02.10.1924 – მთავრობის მივლინებით ჩადის თურქეთში და ეხმარება ემიგრირებულ ქართველ პატრიოტებს
დაბრუნება საქართველოში
1925 წლის ბოლოს იმედგადაწურული გენერალი თხოვნით მიმართავს კომუნისტურ მთავრობას და ბრუნდება სამშობლოში, სადაც ცხოვრობს მშობლიურ სოფელში (სოფ. სასირეთი, კასპის რაიონი) და აღარ ეწევა სამხედრო საქმიანობას
1937 წელს, სტალინური რეპრესიების დროს გენერალს აპატიმრებენ და ხვრეტენ. მისი საფლავი უცნობია.
26.10.2013 – გენერალ გიორგი მაზნიაშვილს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი
გენერლის თანამედროვეები მის შესახებ
“გენერალი მაზნიაშვილი მამაცი იყო. რამდენჯერმე ვნახე სროლების ქვეშ და შემიძლია დავამოწმო. მაშინაც მამაცურად იქცევა როცა სიტუაცია ძალიან რთულია. შეიძლება ითქვას რომ ზედმეტი სიმამაცისგან ზარალდება კიდეც. ის ხშირად რისკავს საკუთარი თავით, რამდენჯერმე შეიძლებოდა მისი დაკარგვა, რაც ძალიან დიდი დანაკლისი იქნებოდა ჩვენთვის” (გენერალ-მაიორი გ. კვინიტაძე)
“უფროსმა ლეიტენანტმა მაჭავარიანმა გვიბრძანა: სმენა! ოფიცრების თანხლებით გენერალი მაზნიაშვილი მოგვიახლოვდა, მოგვესალმა, გასცა განკარგულება, თავისუფლადო. სამარისეული სიჩუმე ჩამოვარდა … განუყრელი, ხორკლიანი ბზის ჯოხით მძიმედ დააბიჯებდა ტანმორჩილი ჭაღარა გენერალი, თავისი უბრალოებით დავით კლდიაშვილს უფრო მოგაგონებდა, ვიდრე ჩვენს სხვა ახოვან გენერლებს. რაღაც შინაგანი ნებისყოფა გამოსჭვიოდა ამ უბრალო ჭაღაროსნიდან. წყნარად დაიწყო: „დღეს, დილის ათ საათზე, საქართველოს ბოლშევიკური პარტიის თხოვნით და ჩემდამი რწმუნებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქმედი არმიის სახელით, ულტიმატუმი წარუდგინეს ოსმალეთის ჯარის სარდლობას, რომ ხვალ, ათი საათისათვის, მათ მიერ უკანასკნელად დაკავებული ბათუმის ფოსტა-ტელეგრაფი, კახაბერის სამხედრო სიმაგრეები დატოვონ და გავიდნენ მთლიანად ბათუმის ოლქიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგებზე პასუხს აგებს ოსმალეთის ჯარის სარდლობა ამ თვითნებური ქმედებისათვის. იმედი მაქვს მხარს დამიჭერთ, მამულის შვილნო! თქვენი ვაჟკაცობა ისე არასდროს სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, როგორც ახლა!“
– „დედა შეერთოს ცოლად იმასა, ვინც ამ საქმეში უკან დაიხიოს“ საოცარი ხმით დაიბუხუნა ქარქაშაძემ. ამ ბიჭის ხმამ ყველა აგვიყოლია და ერთხმად დავიგრიალეთ: ვაშაა!!!” “გმადლობთ, შვილებო! ფხიზლად!” (მსახიობი აკაკი ვასაძე მსახურობდა რიგით ჯარისკაცად არმიის მეცხრე ბატალიონში. “მოგონებები, ფიქრები” (1977 წ.)
“მოვიდა ცნობა, რომ სარდაფში ვიღაც კაცი წევს მიწაზე. მესამე დღეს ამოიყვანეს მაზნიაშვილი, ყოლიათ განსაკუთრებულ პირობებში, ჩვენ არ ვიცოდით, მოიყვანეს საწყალი, დაჭრილი, განადგურებული კაცი თავის მკლავზე წევს, ცარიელი ძვალი და ტყავია, ლაპარაკიც კი არ შეუძლია .. პატარა ტანის, შავგვრემანი, ნამდვილი ქართველი კაცი თავის ლაპარაკით, თუმცა რუსულს ურევდა. სამხედრო აკადემია არ დაუმთავრებია, მაგრამ როგორც ვაჟკაცი, როგორც ნამდვილი ჯარისკაცი – კლასიკური ჯარისკაცი იყო იმ გაგებით, ფიცის შემსრულებელი, და ნამდვილად ემსახურებოდა იმ რეჟიმს, რაც იმ დროში ღირსებად ითვლებოდა და ახლა ყველაფერი დახურდავებული და შეცვლილია.
თურმე თვეობით აქ აგდია, კაცი ცოცხლად დაუსაფლავებიათ. მე პოლიტიკურებს ვეძებ აქ მოსაყვანად და თურმე აქ ლპება კაცი, მაზნიაშვილი, ამხელა დამსახურება რომ აქვს სამშობლოს წინაშე. მისი ასეთი ყოფა პეტროსიანცის დამსახურებაა. მაზნიაშვილი რომ მოსულიერდა, ჩვენთან საერთო საკანში წავიყვანე ტუსაღების შესარჩევად ჩემთან ერთად, რადგან სამხედროებს ის უფრო კარგად იცნობდა” (მეტეხის ციხე. შალვა მაღლაკელიძე. 1975 წ.)
“დაიწყო ბრძოლა თურქსა და ქართველებს შორის ბათომის სიმაგრეების ხელში ჩასაგდებად. მე ვთქვი, ამ ელიავამ სად ჩამაგდო. დაიბარეს გენერალი მაზნიაშვილი, ჰკითხეს ვინ გინდა ბოლშევიკები, თუ მენშევიკებიო. – თქვენი დედაც და იმათიცო, მე ჩემს საქართველოს ვემსახურებიო. გინდათ ბათომი თურქებს დარჩეს თუ ქართველებს? რასაკვირველია ქართველებსო. აბა სიმაგრეები დაიცავითო. ბოლშევიკებმა მაზნიაშვილს ჩააბარეს ქართული ჯარის უფროსობა, რომ ბათომი გაენთავისუფლებიათ ქეაზიმ-ბეის ჯარისგან. კახელებმა იერიში მიიტანეს ფორტებზე, ძლიერ მამაცად იბრძოდნენ” (რევოლუციონერი ა. ოქუაშვილი)