სამხედრო-სალაშქრო მომზადების საბაზისო კურსი ჩატარდა 14-ჯერ (აქედან 1 სპეციალური) 10 რეგიონში და 700-მდე კურსანტის მონაწილეობით: თბილისი (3), გორი (2), ტყიბული (2), ბათუმი (2), საჩხერე/ჭიათურა (1), ქუთაისი (1), ხარაგაული (1), სიღნაღი (1), ამბროლაური (1)

ლეგიონის სექციებში თემები შეისწავლება გაღრმავებულად და მხოლოდ ლეგიონერებისთვის. 2022 წელს თბილისში ჩატარდა 12 შიდა კურსი და ათეულობით სწავლება:
> სამედიცინო სექციამ საბაზისო კურსის ფარგლებში 500-მდე კურსანტი მოამზადა საქართველოს მასშტაბით. ბრძოლის ველზე დაშავებულის დახმარების (TCCC) და კრიტიკულ ვითარებაში დაშავებულის დახმარების (TECC) I დონის მომზადება გაიარა 80-მდე ლეგიონერმა. ასევე ჩატარდა უმცროსი მაშველის და საველე მაშველის მოსამზადებელი კურსები, რომლებიც 30-მა ლეგიონერმა დაასრულა.
> სამთო სექციამ ჩაატარა 3 კურსი (2 ძირითადი და 1 გაღრმავებული), რომლებიც 26-მა ლეგიონერმა დაასრულა. სექციის მიერ საბაზისო კურსზე თბილისში ჩატარებულია 4 სწავლება მეკლდეურობაში 250-ზე მეტი მონაწილით. რეგულარულ „სამშაბათის გასვლაზე“ ვარჯიშობდა ჯამში 110 ლეგიონერი. სექციამ განახორციელა რამდენიმე წარმატებული ასვლა მწვერვალებზე
> დრონების სექციამ 2 საბაზისო კურსი ჩაატარა, სადაც სერტიფიცირება გაიარა 15-მა ლეგიონერმა.
> საინჟინრო სექციის კურსი მიმდინარეობდა 4 კვირის განმავლობაში და წარმატებით გაიარა 10-მა ლეგიონერმა
> კავშირგაბმულობის სექციის საბაზისო და შიდა კურსებზე ჯამში 60 ლეგიონერი მონაწილეობდა

ლეგიონის შვილობილი ორგანიზაციები: აიპ ექსტრემალური მედიცინის ცენტრმა ჩაატარა 20-ზე მეტი სწავლება და კურსი, სადაც 300 ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა
აიპ ქალთა ეროვნულმა ლიგამ, რომელიც ახალი დაფუძნებულია საქართველოს მასშტაბით ჩაატარა ოთხი კურსი „ოჯახების მომზადება საომარი და საგანგებო სიტუაციებისთვის“ (თბილისი 2, გორი 1 და ქუთაისი 1). სერტიფიკატი გადაეცა 59 მოქალაქეს

რეგიონები. ჩვენი რეგიონალური ორგანიზაციები მოქმედებენ შემდეგ რეგიონებში: გორი, ბათუმი, ტყიბული, ქუთაისი, ხარაგაული, სიღნაღი, საჩხერე/ჭიათურა და ახალციხე. 2022 წელს რეგიონებში ლეგიონერი გახდა 220 ახალგაზრდა. თითქმის ყველა რაზმს თავდაცვის ძალების და შსს-ს მოქმედი, ან თადარიგის გამოცდილი სამხედრო მოსამსახურეები მეთაურობენ. 2023 წელს იგეგმება სამეგრელოს ლეგიონის ჩამოყალიბება.

ლოჯისტიკა. უზრუნველყოფის მიმართულების ჯგუფმა ლეგიონის ორი საწყობიდან (ერთი განთავსებულია ეროვნული გვარდიის ბაზაზე) სხვადასხვა აქტიობების უზრუნველსაყოფად გადაიტანა დაახლ. 8,6 ტონა ტვირთი და გაიარა 4.500 კმ (დაიხარჯა ₾2.050 საწვავი). უზრუნველყოფის დანაყოფი ათეულის ზომისაა. გარდა ამისა, რეგიონებში ტვირთის ჩატანაში დაგვეხმარა ეროვნული გვარდია

პარლამენტი. გაღრმავდა თანამშრომლობა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან. გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან ერთად გადაწყდა ლეგიონის, ქელის, ემც-ს და პარლამენტის ერთობლივი კურსის ჩატარება 2023 წელს

კანონები. ლეგიონი აქტიურად მონაწილეობდა თავდაცვის კოდექსის, ახალ კანონმდებლობაში მოხალისეთა მოდულის შექმნასა და ფორმულირებაში. სამუშაო ჯგუფი შექმნილი იყო ეროვნულ გვარდიაში.

26 მაისის აღლუმი. თანამედროვე საქართველოს ისტორიაში პირველად, ლეგიონის თხოვნით და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მოხალისეებს საშუალება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ 26 მაისის აღლუმში. ლეგიონის კოლოფი წარმოდგენილი იყო 25 ლეგიონერით

ჩვენს ორ ტრადიციულ ღონისძიებას: “თბილისის დამცველთა” და “სამხედრო ცენტრის ოფიცრების ხსოვნის” დღეებს ჯამში 500-მდე მოქალაქე დაესწრო. ლეგიონის და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი ღონისძიება 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ტაბახმელას პოზიციებზე იმართება, ხოლო 1923 წლის 21 მაისს დახვრეტილ სამხედრო ცენტრის ოფიცერთა ხსოვნას პატივს მივაგებთ ვაკის პარკში, სადაც ვმართავთ პარაკლისს

თავდაცვის ძალები და ლეგიონი. ლეგიონის შესაბამისი სექციის რაზმი რეგულარულად მონაწილეობს თავდაცვის ძალების სხვადასხვა დანაყოფებთან ერთობლივ წვრთნებში.
▪ IV ბრიგადის სიმულაციის ცენტრში 150-ზე მეტმა ლეგიონერმა გაიარა შესაბამისი სწავლება.
▪ თბილისის და ამბროლაურის რაზმების წევრებმა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების რამდენიმე სწავლებში მიიღეს მონაწილეობა (სორტას ბაზა და ამბროლაური).
▪ თავდაცვის სამინისტრომ ლეგიონს გადმოსცა ფორმის კომპლექტები, რუკები, კომპასები, ზურგჩანთები, ფეხსაცმელი და სხვა აღჭურვილობა.
▪ ლეგიონის სამედიცინო სექციის დაგეგმარებით და კრწანისის მომზადების ცენტრის სამედიცინო სკოლის ჩართულობით ჩატარდა ერთობლივი სამედიცინო სწავლება ბრძოლის ველზე დაშავებულის დახმარებასა და ევაკუაციაში.
▪ სამხედრო აკადემიასა და ლიცეუმში შედგა რამდენიმე ვიზიტი, ლეგიონერებს გააცნეს დაწესებულებების საქმიანობა და ავარჯიშეს სიმულაციურ ცენტრში.
▪ თავდაცვის უწყებრივი მედლით “ღირსეული პარტნიორი” დაჯილდოვდა ლეგიონის ოთხი მეთაური.
▪ ემც-ს და ქელს აქტიურად ეხმარება თავდაცვის სამინისტროს სსიპ „ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა“, რომელმაც დაგვითმო სასწავლო სივრცე

სამხედრო აკადემია. ლეგიონერები რეგულარულად ირიცხებიან თავდაცვის სამინისტროს სამხედრო აკადემიაში, ამ ეტაპზე იუნკერია 15 ლეგიონერი

სკოლები და უნივერსიტეტები. თავდაცვის სამინისტროს პროექტ “ჩვენი ჯარის” ფარგლებში მომზადდა 15 ლეგიონერი, რომლებიც საჯარო სკოლებში ატარებენ შესაბამის პრეზენტაციებს თავდაცვის მოხალისეობაზე და ლეგიონზე. პრეზენტაციები ასევე ჩატარდა თსუ-სა და თავისუფალ უნივერსიტეტში. ჯამში ლექციები 500-მდე ახალგაზრდამ მოისმინა

სპორტული აქტივობები. ლეგიონის მორბენალთა ჯგუფმა ჩაატარა „თბილისის დამცველთა დღის 32 კმ იანი გარბენი კუს ტბა-ტაბახმელა“ და 9 აპრილის სიმბოლური გარბენი. ფორმირების სტადიაშია და ამხანაგურ თამაშებს მართავს ჩვენი ფეხბურთის გუნდი

საელჩოები. ლეგიონი მონაწილეობს პარტნიორი ქვეყნების საელჩოების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, კერძოდ: თავისუფლების დამცველთა დღე (ლიეტუვა), ლურჯი ყვავილის გარბენი (ესტონეთი) და პოლონეთის შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება (პოლონეთი)

ქველმოქმედება. ჩვენი გულშემატკივრების დახმარებით: უკრაინაში გაიგზავნა 450-ზე მეტი პირველი დახმარების ნივთი. ხოლო თბილისის, გორის და ტყიბულის ლეგიონები ეხმარებიან ომის ვეტერანებს, რამდენჯერმე შევიძინეთ და გადავეცით მათთვის საჭირო ნივთები. ლეგიონერები რეგულარულად მონაწილეობენ სისხლის უანგარო დონაციის პროგრამაში

მემორანდუმები. გაფორმდა რამდენიმე მეორანდუმი მუნიციპალიტეტებთან, საცოც კლდეზე შუფერხებლად დასაშვებად აიპ „ეროვნული ბოტანიკური ბაღთან“ და განათლების სამინისტროს სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოსთან“

დაფინანსება. აღსაღნიშნავია, რომ 2022 წელს არ მიგვიღია პირდაპირი დაფინანსება და არ გაგვაჩნია სასწავლო სივრცე (ოფისი). იმედი გვაქვს რომ 2023 წელს ეს პრობლემებიც მოგვარდება და გაცილებით დიდ მასშტაბებზე გავალთ. დიდ მადლობა ლეგიონის ყველა გულშემატკივარს, რომელიც მონაწილეობს „პარტნიორის პროგრამაში“ და გვეხმარება შემოწირულობებით

> რადგანაც გახშირდა ჩვენი სასწავლო მასალების და იდეების უხარისხო კოპირება – 2023 წელს, სტანდარტიზაციის დასრულების შემდეგ, საბაზისო კურსის სასწავლო მასალები (პრეზენტაცია, ჰენდაუთი) სრულად და საჯაროდ დაიდება ჩვენს ვებგვერდზე

ამ ყველაფრის ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა პრემიერ მინისტრის, თავდაცვის მინისტრის, სამოქალაქო ოფისის და თავდაცვის ძალების მეთაურების აქტიური ხელშეწყობის გარეშე. 2022 წელმა საფუძველი ჩაუყარა ლეგიონის, მოხალისეთა მოძრაობის აღმავლობას საქართველოში და 2023 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება! დიდი მადლობა მათ ახალგაზრდების დახმარებისთვის!
პერსონალური მადლობა: საქართველოს ეროვნულ გვარდიას, ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას, ახალგაზრდობის სააგენტოს, ს.ო.ძ-ის, IV ბრიგადის, სამედიცინო სკოლის, საბრძოლო მომზადების ცენტრის, სამხედრო აკადემიის, ლიცეუმის მეთაურებს და პირად შემადგენლობას!