ახალგაზრდული ლეგიონი არის დამოუკიდებელი, ნებაყოფლობითობის პრინციპზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია. ჩვენ ვმუშაობთ 11-21 წლის ახალგაზრდებთან, ვუტარებთ დაწყებითი სამხედრო და საექსპედიციო მომზადების კურსებს, ვიკვლევთ სამხედრო-ისტორიას და ვთანამშრომლობთ როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ასევე თავდაცვის სამინისტროსთან.

მსგავსი ამოცანების და ტიპის, მოხალისეობაზე დაფუძნებული პრეზიდენტის, ეკლესიის, მონარქის ან თავდაცვის სამინისტროს (გააჩნია ქვეყანას) პატრონაჟით მოქმედი ორგანიზაციები არსებობენ დასავლეთის (და არა მარტო იქ) თითქმის ყველა ქვეყანაში. დადასტურებულია რომ ამ ტიპის გაერთიანებების წევრებში ძალიან დაბალია კრიმინალის დონე და კანონმორჩილი მოქალაქეები არიან, ხოლო ძალოვანი სტრუქტურები იღებენ წინასწარ გაწვრთნილ და მოტივირებულ კადრებს. ასეთი ორგანიზაციების მოღვაწეობის შედეგია არმიის კადრების მაღალი ხარისხი, როგორც პროფესიულ, ასევე სარეზერვო კომპონენტში, რადგან პატარა ასაკიდანვე გაფილტრულ სამეთაურო შემადგენლობაში სამხედრო საქმის მოყვარული ხალხი ჭარბობს.

მომზადების სპეციფიკა მორგებულია ახალგაზრდაზე, რომელიც ლეგიონში მომზადების დროს არ წყდება სასწავლებელს, ოჯახს და თავისუფალი დროის ნაწილს უთმობს ლეგიონს. სწავლება დაბალი ინტენსიობისაა, არ მოიცავს დიდ ფიზიკურ დატვირთვებს და ხელს არ უშლის მოზარდს ზოგადი განათლების მიღებაში.

საველე გასვლები და ლექციები მიმდინარეობენ წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით, რომელშიც გათვალისწინებულია თემის სპეციფიკა, უსაფრთხოების ზომები, რელიეფი და ამინდი. ახალწვეულებს თვალყურს ადევნებენ მეთაურები, არ ხდება ახალგაზრდების მარტო დატოვება, სწავლება არ ტარდება, ან წყდება მძიმე მეტეოპირობების შემთხვევაში. საველე მეცადინეობები ტარდება კომუნიკაციებთან (გზა, დასახლებული პუნქტი) ახლოს, პირველი გასვლის წინ ახალწვეულებს უტარდებათ დეტალური ინსტრუქტაჟი ბუნებაში და ზოგადად საველე პირობებში უსაფრთხო ქცევის შესახებ, სასწავლო დღე გრძელდება საშუალოდ 5-6 საათი, კურსზე ვერ მოხვდება მოზარდი, რომელსაც ჯანმრთელობის მხრივ სალაშქრო საქმესთან შეუთავსებელი მდგომარეობა აქვს.

ჩვენი სასწავლო გასვლები არის თამაშ ომობანას ორგანიზებული და სცენარებში გაწერილი ვერსია. ტერმინები სამხედროა, მაგრამ დაყვანილია მოზარდის დონესა და შესაძლებლობებზე. დაბალი ინტენსიობის და დღის წესრიგის სწორი ორგანიზების წყალობით ტრამვის ალბათობა დაბალია და ახალწვეულთა დაზიანებები ფაქტიურად არ ხდება.

სწავლებებისთვის ძირითადად გამოიყენება შაბათ-კვირა და არდადეგები. ჩვენი ძირითადი კურსი ეფუძნება ბრიტანეთის სამეფო კარისს და თავდაცვის სამინისტროს პატრონაჟის ქვეშ მყოფი ანალოგიური ორგანიზაციის მომზადების კურსს (Army Cadet Force, დაარსდა 1859 წელს) და მორგებულია ქართულ რეალობაზე.

 

მიზნები

 

- სალაშქრო და სამხედრო საქმის პოპულარიზაცია

- ძალოვან სტრუქტურებში მოტივირებული და გაწვრთნილი ახალგაზრდების მოზიდვა

- ქართველ ერში საბრძოლო სულისკვეთების აღორძინება
- მოზარდების პატრიოტული აღზრდა 
- სახელმწიფოებრივი აზროვნების გაღვივება

- ექსტრემალური სიტუაციებისთვის წინასწარი მომზადება

- სამხედრო-ისტორიის პოპულარიზაცია
- ფიზიკურად და მენტალურად ჯანსაღი თაობის აღზრდა

ლეგიონი არ არის პოლიტიკური მიზნების მქონე, ან კომერციულ მოგებაზე გათვლილი ორგანიზაცია.

 

რა სარგებელი აქვს ლეგიონში გაწევრიანებას?

 

- მოზარდი ეჩვევა წესრიგს და კანონების დაცვას

- დაწყებით დონეზე სწავლობს სამხედრო და სალაშქრო საქმეს, რაც ძირძველი, თუმცა მივიწყებული ქართული ტრადიციაა და რეგიონის გათვალისწინებით, ამ ტრადიციის აღორძინება სასიცოცხლოდ აუცილებელია ქართველი ერისთვის.

- მონაწილოებას იღებს პატრიოტულ და კულტურულ ღონისძიებებში

- ეჩვევა ჯგუფურ მუშაობას და იძენს ახალ მეგობრებს

- უმაღლდება თვითშეფასება და რწმუნდება საკუთარ თავში

- ძლევს შიშს და გაუბედაობას

- იწყებს დამოუკიდებელ აზროვნებას და გადაწყვეტილებების მიღებას ექსტრემალურ სიტუაციაში

- უვითარდება ლიდერის თვისებები

- უძლიერდება ნებისყოფა და ამტანობა

- უყალიბდება ინიციატივის და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების ჩვევა

- უმტკიცდება მეგობრობის, თანაგრძნობის და ურთიერთდახმარების გრძნობა

- წყდება ქუჩას და კრიმინალურ გარემოს

- უვითარდება დაგეგმარების უნარები

 

შტაბი

 

გიორგი რაზმაძე - მეთაური / ბიოგრაფია

პაატა გიგაური - მოადგილე / ბიოგრაფია

ლევან გეგეშიძე - მოადგილე /ბიოგრაფია

გაგი ნარტყოშვილი - მოადგილე / ბიოგრაფია

 

ისტორია

 

ფიზიკური ვარჯიში საქართველოში სამხედრო საქმეს უკავშირდებოდა და ახალგაზრდები ადრეული ასაკიდანვე ეუფლებოდნენ საბრძოლო ხელოვნებას. თავადაზნაურთა წრეში მომზადება ხდებოდა ცხენოსნობაში, ნადირობაში, მშვილდოსნობაში, შუბის ტყორცნასა და ფარიკაობაში. მასობრივად გავრცელებული იყო ქართული ჭიდაობა, კრივი, შურდულის ტყორცნა, ქვის გადატანა, ცურვა, ლახტი, ლელო და მსგავსი გასამხედროებული თამაშები.

რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, 1917 წელს „ქართველ მხედართა კავშირთან“ დაარსდა ტან-სავარჯიშო ორგანიზაცია „ამირანი“, რომელსაც ოფიცრები ედგნენ სათავეში. 1918 წლის 25 აგვისტოს დაფუძნდა „ქართული ტან-ვარჯიშობის საზოგადოება შევარდენი“, სადაც გაერთიანდა ამირანი და რამდენიმე ათეული მოხალისე-ენთუზიასტი, მართალია შევარდენი არ ეწეოდა პირდაპირ სამხედრო-სალაშქრო მომზადებას, მაგრამ მისი მოღვაწეობა ხელს უწყობდა მოზარდ-ახალგაზრდების ფიზიკურ და სულიერ განვითარებას. 1921 წელს ორგანიზაციაში 10.000-მდე წევრი იყო გაერთიანებული და მოიცავდა შემდეგ დისციპლინებს: ტანვარჯიში, ფარიკაობა, დავლური, ჭიდაობა, კრივი, ფეხბურთი, თხილამურებით სრიალი, მიზანში სროლა, ცხენოსნობა, ცურვა, მეკლდეურობა, ნავოსნობა, მარულა და ა.შ. 1921 წლის თებერვლის ომში შევარდენის 150 ახალგაზრდა მოხალისედ ჩაეწერა თბილისის მილიციის ცალკეულ ბატალიონში, რომლებიც წარმატებით იცავდნენ წესრიგს ქალაქში, დარაჯობდნენ ხიდებს და საწყობებს. 1922 წლის 3 ნოემბერს საოკუპაციო ხელისუფლებამ აპოლიტიკური შევარდენი დაშალა როგორც ნაციონალისტური და მავნებლური ორგანიზაცია. მის ნაცვლად შეიქმნა კომუნისტური ორგანიზაცია „სპარტაკი“.

2007 წლის მაისს პაატა გიგაურის და გიორგი რაზმაძის მიერ საჯაროდ გაჟღერდა საერთოეროვნული ახალგაზრდული ორგანიზაციის შექმნის აუცილებლობაზე, რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა და დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. 2008 წლის ომის გამო დროებით უარი ითქვა მოზარდების მომზადებაზე და დავაფუძნეთ ორგანიზაცია აისი, 2013 წელს ისევ დავუბრუნდით მოზარდების მომზადების თემას და 22 სექტემბერს დავაარსეთ გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი. ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა დონეზე და ფორმით მომზადებულია რამდენიმე ასეული ახალგაზრდა.

 

ემბლემა და დროშა

 

ემბლემად შეირჩა ფარი, რომელიც გამოხატავს ქართველი ერის ინტერესების დაცვას, შინდისფერი წინაპართა დაღვრილ სისხლს, ხოლო ოქროსფერი კანტი ლეგიონის იდეის გამარჯვების სიმბოლოა. ემბლემის ცენტრში განთავსებულია XII საუკუნეში აშენებული ქვათახევის მონასტრის (კასპის რაიონი) კედელზე ამოტვიფრული სტილიზებული ჯვარი.

ლეგიონის ძირითადი დროშა შინდისფერი მართხკუთხედია, რომელზეც გამოსახულია შავკანტშემოვლებული თეთრი ჯვარი ცენტრში ლეგიონის ემბლემით. დროშა აკურთხა მამა ზურა ცხოვრებაძემ 2015 წლის 20 მაისს, 1923 წლის 20 მაისს, ვაკის პარკში დახვერტილი „დამოუკიდებლობის კომიტეტის“ 15 ქართველი ოფიცრის და ჯარისკაცის მოწამეობრივი აღსასრულის ადგილას.

 

მფარველი

 

2015 წლის 22 სექტემბერს ლეგიონის მფარველად გამოცხადდა წმ. გობრონ-მიქაელი (წირვა აღავლინა მამა ზურა ცხოვრებაძემ ჯვრის მამის ეკლესიაში), ფოცხოვში რაიონში მდებარე ყელის ციხის გარნიზონის ერთერთი მეთაური, რომელიც 914 წელს არაბთა შემოსევისას, 28 დღიანი სისხლისმღვრელი საალყო ბრძოლის შემდეგ ჩავარდა ტყვედ და მიუხედავად დიდი დაპირებებისა და შემდეგ შეუბრალებელი წამებისა, არ უღალატა ღმერთს, საკუთარ ქვეყანას და დაიღუპა 133 ქართველ მეომართან ერთად.

 

შეძახილი

 

ლეგიონის შეძახილი ეფუძნება 1918-1922 წლებში არსებულ ორგანიზაცია შევარდენის შეძახილს. მეთაური: „გუშაგობ ერს!“ რაზმის პასუხი: „მარად!“

 

გენერალ-მაიორ გიორგი მაზნიაშვილის ბიოგრაფია

 

დაბადების წელი და ადგილი: 06.05.1872 წ. თბილისი

გარდაცვალება: 09.09.1937 წ. დახვრიტეს სტალინური რეპრესიების დროს

მშობლები: ივანე მაზნევი და ქრისტინე გლურჯიძე

პროფესია: სამხედრო, ოფიცერი. რუსეთის იმპერიის კადეტთა კორპუსის კურსდამთავრებული.

სამხედრო კარიერა 1917 წლამდე: რუსეთის არმიის ოფიცერი, რუსეთ-იაპონიის ომის და პირველი მსოფლიო ომის მონაწილე (ორივეგან მძიმედ დაიჭრა და იმპერატორის ქალიშვილები უვლიდნენ ლაზარეთში. ქალაქ ვარშავასთან დაიჭრის შემდეგ, ერთი ხელის გამოყენება უჭირდა). იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ განსაკუთრებული მამაცობისთვის პირადად გადასცა წმ. გიორგის ჯვარი და იარაღი. ბოლო თანამდებობა ციმბირის პირველი მსროლელი პოლკის მეთაურობა იყო პოლკოვნიკის წოდებით. პოლკი იბრძოდა გერმანელების წინააღმდეგ დასავლეთის ფრონტზე.

20.09.1917 – მაზნიაშვილი ბრუნდება თბილისში, ინიშნება II ქართული დივიზიის ბრიგადის უფროსად და იწყებს დანაყოფების ფორმირებას 16-20 წლის მოხალისე ახალგაზრდებისგან. ძალების სიმცირის გამო მისი დავალებით ხევსურეთიდან ჩამოყავთ 300-400 კაციანი შენაერთი თბილისის საწყობების სადარაჯოდ და წესრიგის დასამყარებლად.

10-11.1917 – მაზნიაშვილის გეგმით და უშუალო მეთაურობით ხერხდება კავკასიის ფრონტიდან წამოსული გადეზერტირებული რუსეთის არმიის ეშელონების სისხლისღვრის გარეშე გაცილება თბილისიდან. მახათას მთაზე განლაგებული და რუსულ ეშელონებზე დამიზნებული არტილერია ეფექტურად მოქმედებდა დეზერტირებზე.

ინიშნება ქართული ლაშქრის მომარაგების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, სადაც იმუშავა 1918 წლის მარტამდე და მისი ამოცანა დანაფტული სამხედრო ქონების თავმოყრა, აღრიცხვა და დაცვა იყო.

30.03.1918 – მაზნიაშვილი ინიშნება ე.წ. “შემოვლითი კოლონის” მეთაურად, რომელსაც უნდა დაეცვა ბათუმის ფორტები, მაგრამ თურქების სწრაფი წინსვლის გამო დაევალა ჩოლოქთან ფრონტის ორგანიზება და თურქების შეტევის შეჩერება. მოხალისეთა 180 კაციანი რაზმით (შტაბი, არტილერია, ფედერალისტების პარტიის რაზმი და იმერელი მოხალისეები) მაზნიაშვილი ჩადის ნატანებში და იწყებს 40 კილომეტრიანი ფრონტის გამაგრებას გურული მოხალისეებით, ბათუმიდან გამოქცეული არმიის II და IV პოლკის ნარჩენებით და ხაშურის მაზრის მოხალისეთა მსხვილი შენაერთით. 5-6 აპრილს გამართულ ჩოლოქის ბრძოლაში ჯავშანმატარებლის თავგანწირული მოქმედების (მეთ. ვ. გოგუაძე) შედეგად თურქეთის არმიამ მარჯვენა ფრთაზე დაკარგა 600 მოკლული და 1000 დაჭრილი, მიატოვა ბრძოლის ველი და გაიქცა. მაზნიაშვილის დაჯგუფების დანაკარგი მხოლოდ 20 მდე მოკლული და 60 დაჭრილი იყო, მაგრამ მარცხენა ფრთაზე IV პოლკმა უბრძოლველად მიატოვა სანგრები და მტერმა დაიკავა ოზურგეთი. ამრიგად ფრონტის ხაზი დასტაბილურდა და გერმანელების გამოჩენის შემდეგ თურქებს აღარც უცდიათ წინ წაწევა. 11 აპრილს სახალხო გვარდიის და მესაზღვრეთა ქვედანაყოფებმა შეუტიეს ოზურგეთს და აიღებდნენ კიდეც რომ არა სამშვიდობო შეთანხმება. ბრძოლა შეწყდა. მაზნიაშვილი შეუდგა პირველი პოლკის და ცხენოსანი ესკადრონის ფორმირებას და ამგვარად სრულად დააკომპლექტა თავისი დივიზია. ივნისის შუა რიცხვებში დივიზიამ უბრძოლველად დაიკავა ოზურგეთი.

18.06.1918 – ინიშნება აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და შავი ზღვის ჯარების უფროსად. გენერალი სოხუმში ჩავიდა III პოლკის 350 ქვეითით და არტილერიის ერთი ბატარეით, ადგილზე დახვდა სახალხო გვარდიის საგანგებო ბატალიონი. მალე მათ შეუერთდნენ მესანგრეთა ასეული და 300 აფხაზი ცხენოსანი. 27 ივნისს დაჯგუფება შეტევაზე გადავიდა და სოჭამდე მისდია აჯანყებულ კომუნისტების. პარალელურად მაზნიაშვილმა პირადად უმეთაურა იმ დანაყოფებს, რომლებმაც ტყვედ აიყვანეს კოდორთან გადმომსხდარი თურქეთის არმიის დესანტი. სახალხო გვარდიით და რუსი კაზაკების ესკადრონით გაძლიერებულმა დაჯგუფებამ შეუტია კომუნისტებს და დაიკავა ტუაფსე. აგვისტოს ბოლოს, 30.000-იანმა, კომუნისტების ე.წ. „ტამანის არმიამ“ შეუტია ტუაფსეს, უკუაგდო თეთრგვარდიელი კაზაკების, სახალხო გვარდიის დანაყოფები და დაიკავა ტუაფსე, თუმცა ორი დღის შემდეგ დატოვა ქალაქი და მდგომარეობა აღდგა.

09.1918 – ტოვებს აფხაზეთს და ბრუნდება თბილისში. ფრონტზე მყოფ გენერალს შსს მინისტრმა ნოე რამიშვილმა ცილი დასწამა სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მითვისებაში და მოაწყო ჩხრეკა მის სახლში. მაზნიაშვილმა გადადგომა მოითხოვა, თუმცა ჟორდანიამ არ დააკმაყოფილა თხოვნა და გამართლებული გენერალი ოქტომბერში თბილისის გენერალ-გუბერნატორად და მეორე დივიზიის მეთაურად დანიშნეს. მაზნიაშვილმა მილიციის რეორგანიზაცია განახორციელა, რამაც გააუმჯობესა კრიმინოგენული სიტუაცია ქალაქში.

16.12.1918 – ინიშნება საქართველოში შემოჭრილი სომხეთის არმიის წინააღმდეგ მოქმედი შულავერ-სადახლოს მიმართულების სარდლად. 23 დეკემბერს მხოლოდ შტაბით და ცხენოსანი ესკდარონით (სულ 250 ჯარისკაცი) გენერალი ჩადის მდინარე ხრამზე, სადაც მას ხვდება ლორეს ხეობიდან გამოსული ჯავშანმატარებელი და ჯარისკაცების ერთი ასეული. რაზმი გაბედული მანევრით აიძულებს სომხებს დატოვონ ხრამის ნაპირები, სადგური სარალი და დაიხიონ შულავერისკენ. 24-26 დეკემბრის განმავლობაში დაჯგუფება გაძლიერდა დამხმარე ჯარებით (თბილისის V და თელავის VI პოლკები, ოფიცერთა საგანგებო ბატალიონი, ქართული ლეგიონი, მთიულების ბატალიონი, სახალხო გვარდიის და მოხალისეთა დანაყოფები), რომლებმაც გაბედული იერიშით აიღეს ქალაქი შულავერი და 31 დეკემბერს გავიდნენ სადახლო-აირუმის სექტორიში. მაზნიაშვილი პირადად მეთაურობდა დანაყოფებს და იმყოფებოდა წინა ხაზზე სანგრებში. რეზერვებით გაძლიერებულმა მაზნიაშვილმა დაგეგმა ლორეს მაზრის განთავისუფლების ოპერაცია, რაც უსათუოდ წარმატებით დასრულდებოდა და შესაბამისი მანევრიც დაწყებული იყო, რაც სომხეთის უკუქცეული არმიის ლორეს ხეობაში ჩაკეტვას ისახავდა მიზნად, მაგრამ სამშვიდობო შეთანხმებამ შეაჩერა ქართული არმიის შეტევა და ლორე ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა. 10 იანვარს დივიზიის შტაბი თბილისში დაბრუნდა.

03.02.1919 – მაზნიაშვილი ინიშნება ახალციხის და ახალქალაქის გენერალ-გუბერნატორად და მესხეთის საარმიო დაჯგუფების მეთაურად აჯანყებული მუსულმანური მოსახლეობის (მეთ. სერვერ ბეგის) და ე.წ. „ყარსის რესპუბლიკის“ ჯარების წინააღმდეგ სამოქმედოდ. იანვრის ბრძოლაში ქართული ნაწილები დამარცხდნენ და უწესრიგოდ აირივნენ. მაზნიაშვილი დაინიშნა იმ პირობით, თუ მას 5.000 ჯარისკაცს მიახმარდნენ, თუმცა დენიკინის არმია შეიჭრა აფხაზეთში და მესხეთისთვის გათვალისწინებული ჯარები მაზნიაშვილის თანხმობით აფხაზეთისკენ გაუშვეს. 4-5 თებერვლის ბრძოლაში IV პოლკის დანაყოფებმა უწესრიგოდ დაიხიეს ახალციხისკენ, როდესაც მაზნიაშვილი მათ შეკავებას ცდილობდა, ახალციხის შტაბი და გარნიზონი თვითნებურად მოიხსნა და აწყურისკენ წავიდა, რამაც მთლიანად მოშალა ფრონტი. საბოლოოდ დაჯგუფებამ თავი ბორჯომში მოიყარა. 16 თებერვალს მაზნიაშვილი თბილისში გამოიწვიეს და მის ნაცვლად კვინიტაძე დაინიშნა.

ზაფხული. 1919 – მაზნიაშვილს წაუყენეს ახალციხის დატოვების ბრალდება და აღძრეს საქმე. გენერალი იძულებული გახდა დროებით დაეტოვნებინა სამხედრო სამსახური. საქმის წარმოება გაჭიანურდა და 1920 წლის 6 ოქტომბერს შედგა საბოლოო სხდომა, სადაც მაზნიაშვილი გაამართლეს ყველა პუნქტში.

07.10.1920 – ინიშნება თბილისის გარნიზონის სარდლად. რუსეთის მოსალოდნელი თავდასხმის გამო მაზნიაშვილი ამაგრებს პოზიციებს კოჯორიდან-ვაზიანამდე და 10 თებერვლის ჩათვლით აცნობდა მათ არმიის ოფიცერთა შემადგენლობას.

15.02.1921 – ახალი მთავარსარდალი გიორგი კვინიტაძე მაზნიაშვილს ნიშნავს ფრონტის ცენტრალური უბნის მეთაურად რომელიც გადაჭიმული იყო ორხევიდან თითქმის ტაბახმელამდე. 16 თებერვალს უბნის შემადგენლობაში იყო არმიის IX ბატალიონის ნაწილი, მესაზღვრეთა თბილისის ბატალიონი, სახალხო გვარდიის ორი ბატალიონი (გორი და ხაშური), არტილერიის 5 ბატარეა, ჯავშანმატარებელი და დაჯავშნულ ავტომობილთა რაზმი. 18-19 თებერვლის ფონიჭალის ბრძოლაში მაზნიაშვილის დაჯგუფებამ მოიგერია მტრის შეტევა, თავად გადავიდა კონტრშეტევაზე, მთლიანად გაანადგურა რუსების 58-ე ქვეითი ბრიგადა (დაიღუპა 500-ზე მეტი ოკუპანტი და ტყვედ ჩავარდა 1.000-ზე მეტი). მტრის ზარალი იმდენად დიდი იყო, რომ ამ უბანზე რუსებს აღარ შემოუტევიათ, მხოლოდ 24 თებერვალს აიღეს შავნაბადას მონასტერი, მაგრამ კონტრშეტევის შემდეგ დატოვეს სიმაღლე. 25 თებერვალს ცენტრალური ფრონტის ჯარები ბრძანების თანახმად უბრძოლველად მოიხსნენ ფრონტიდან და მცხეთასთან შეერივნენ უკანდახეულ ჯარებს.

28.02.1921 – ინიშნება მესამე დივიზიის მეთაურად, დაევალა სოფელ ოსიაურთან შეედგინა დაჯგუფება და კონტრშეტევით გაენადგურებინა რუსების მეწინავე კოლონა. გენერალმა დაიქვემდებარა რამდენიმე დანაყოფი და კონტრშეტევისთვის მოემზადა (სულ. 5.000 ქვეითი და 300 ცხენოსანი), თუმცა კარგად დაწყებული საქმე ჩაშალა სახალხო გვარდიამ, რომელიც წარმატებული შეტევის დროს (რუსებმა არტილერია მიატოვეს და გარბოდნენ) თვითნებურად მოიხსნა ფრონტიდან და სურამისკენ წავიდა.

05.03.1921 – ინიშნება სენაკის ფრონტის მეთაურად და წარმატებით ფარავს ქუთაისიდან წამოსულ ძირითად ძალებს. რუსებმა ვერ შეძლეს ფრონტის გარღვევა და ევაკუაციისთვის ხელის შეშლა. მაზნიაშვილის ხელქვეით თავი მოიყარეს გურულმა მოხალისეებმა და შეიარაღებული ძალების იმ ნაწილებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს ბოლომდე ებრძოლათ. 15 მარტისთვის საჯავახოს ფრონტზე 9.800 ჯარისკაცი იდგა, ხოლო რუსები აღარ გვიტევდნენ.

17.03.1921 – კომუნისტებმა აცნობეს მაზნიაშვილს რომ დაზავების შედეგად ომი შეწყდა, ხოლო ბათუმში თურქები შემოვიდნენ.

18.03.1921 – გენერალმა გადაწყვიტა თავად ჩასულიყო ბათუმში და ენახა მთავრობის წევრები. მას თან ახლდა 50 კახელი მოხალისე და ჯავშანმატარებელი. კომუნისტებმა და იმ გენერლებმა რომლებმაც არ დატოვეს საქართველო, მაზნიაშვილს შესთავაზეს ბათუმის განთავისუფლების ოპერაციის ხელმძღვანელობა და საქართველოს წითელი არმიის სარდლობა. გენერალმა სწრაფად მოაგვარა ყველა საორგანიზაციო საკითხი და 3 დღის განუწყვეტელი ბრძოლის შემდეგ შეძლო ფორტების დაკავება და შედეგად თურქების გარნიზონის განადგურება. ამ ბრძოლაში დაიღუპა 84 ქართველი ჯარისკაცი, ყველაზე მეტი, რაც მაზნიაშვილის მეთაურობის დროს დაღუპულა.

22.03.1921 – მაზნიაშვილმა დაიწყო ქართული წითელი არმიის დანაყოფების ფორმირება აჭარაში. 29 მარტს ფორმირება დასრულდა და თბილისში გამოიწვიეს.

06.04.1921 – ინიშნება საქართველოს წითელი არმიის დივიზიის მეთაურად.

07.1921 – დივიზია შტატების შემცირების გამო იშლება და მაზნიაშვილი ინიშნება ქვეითი ჯარის ინსპექტორად.

06.09.1921 – გენერალს აპატიმრებენ როგორც კონტრრევოლუციონერს და თითქმის ორი წელიწადი მეტეხის ციხეში იმყოფება, სადაც შემთხვევით გადაურჩება სიკვდილს.

20.05.1923 – სამხედრო ცენტრის ოფიცრებთან ერთად მიესაჯა დახვრეტა, რომელიც 5 წლიანი გაძევებით შეუცვალეს.

16.09.1923 – ტოვებს საქართველოს და მიემგზავრება ირანში ნაცნობ ქართველ მეწარმესთან.

12.1923 – უკავშირდება საქართველოს მთავრობას საფრანგეთში და ჩადის პარიზში. საფრანგეთის და საქართველოს მთავრობებს წარუდგენს კავკასიის აჯანყების გეგმას.

02.10.1924 – მთავრობის მივლინებით ჩადის თურქეთში და ეხმარება ემიგრირებულ ქართველ პატრიოტებს.

1925 წლის ბოლოს იმედგადაწურული გენერალი თხოვნით მიმართავს კომუნისტურ მთავრობას და ბრუნდება სამშობლოში, სადაც ცხოვრობს მშობლიურ სოფელში (სოფ. სასირეთი, კასპის რაიონი) და აღარ ეწევა სამხედრო საქმიანობას.

1937 წელს, სტალინური რეპრესიების დროს გენერალს აპატიმრებენ და ხვრეტენ. მისი საფლავი უცნობია.

26.10.2013 – გენერალ გიორგი მაზნიაშვილს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი.

 

“გენერალი მაზნიაშვილი მამაცი იყო. რამდენჯერმე ვნახე სროლების ქვეშ და შემიძლია დავამოწმო. მაშინაც მამაცურად იქცევა როცა სიტუაცია ძალიან რთულია. შეიძლება ითქვას რომ ზედმეტი სიმამაცისგან ზარალდება კიდეც. ის ხშირად რისკავს საკუთარი თავით, რამდენჯერმე შეიძლებოდა მისი დაკარგვა, რაც ძალიან დიდი დანაკლისი იქნებოდა ჩვენთვის” (გენერალი გიორგი კვინიტაძე)

 

- მაზნიაშვილთან დაკავშირებული ფოტოგალერეა (28 ფოტო)

 

შემოწირულობა

 

ლარის ანგარიშის რეკვიზიტები

თიბისი ბანკი

საბანკო კოდი TBCBGE22

ააიპ გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი ანგარიშსწორების ანგარიში: GE92 TB70 3663 6080 1000 03


 

ინფორმაცია

ლეგიონი წარმოადგენს არაკომერციულ იურიდიულ პირს (საიდინტეფიკაციო ნომერი 405042403), რომელიც იმყოფება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მფარველობის ქვეშ და გაფორმებული აქვს მემორანდუმი თავდაცვის სამინისტროსთან (ეროვნული გვარდია).   

კონტაქტი

 

 


საავტორო უფლება © გენ. მაზნიაშვილის სახ. ახალგაზრდული ლეგიონი