სამხედრო ფლოტილია

ქართულმა სამხედრო ფლოტილიამ არსებობა 1918 წლის მარტში დაიწყო, როდესაც ბათუმში, სპეცოპერაციის შედეგად ხელში ჩავიგდეთ რუმინეთის მიერ რუსეთისთვის დროებით გადაცემული დამხმარე კრეისერი NMS Regele Carol I, რომელსაც 4 ერთეული 152 მმ ქვემეხი ჰქონდა. თუმცა ბოლშევიკებმა შეძლეს გემის რუსეთში გატაცება და საბოლოოდ რუმინეთს დაუბრუნეს.

“კაროლ კარლი” რუმინეთში

სამხედრო ფლოტილიის უფროსის სამმართველოში 1919 წლის 29 ივლისს დამტკიცებული შტატის მიხედვით 8 ოფიცერი და მოხელე მსახურობდა, ხოლო მექანიკურ სახელოსნოში 6 ხელოსანი მუშაობდა. საზღვაო სკოლაში 12 ოფიერი და ინსტრუქტორი იყო გათვალისწინებული.
დადგენილი იყო საზღვაო-ქვეითების ასეულის შტატიც, სადაც 122 ოფიცერი და საზღვაო-ქვეითი იყო გათვალისწინებული. ჩვენს ხელთ მხოლოდ შტატის დამადასტურებელი დოკუმენტი არსებობს და ამ ეტაპზე უცნობია არსებობდა თუ არა ეს ასეული რეალურად.

სამხედრო ფლოტილიის პირველი მეთაური ალექსანდრე ჭავჭავაძე

ფლოტილიის შემადგენლობა

სამხედრო ფლოტილიის შემადგენლობაში 1920 წელს აპრილის მდგომარეობით 5 ერთეული სადარაჯო კატარღა (“გრინპორტის” ტიპის. აშშ) იმყოფებოდა. აქედან სამი: N521 “მედგარი”, N525 და N545 გამართულ მდგომარეობაში, ხოლო ორი (N523 და N526) საჭიროებდნენ კაპიტალურ რემონტს და არ გამოიყენებოდნენ. რეალურად მოქმედი იყო 3 კატარღა (უწოდებდნენ: “გამანადგურებელს”), რომლებსაც შემდეგი სახელები მიენიჭათ: “ტარიელი”, “პატარა კახი” და “ავთანდილი”.

ფირმა “გრინპორტის” ხუთივე სადარაჯო კატარღა დამზადებული იყო აშშ-ში რუსეთის იმპერიის ფლოტისთვის 1915-1917 წლებში. შავი ზღვის რუსულ სამხედრო ფლოტს 31 გრინპორი ჰქონდა შეიარაღებაში.
ტექნიკური მონაცემები: წყალწყვა: 14.5 ტონა; ძრავი: 525 ც.ძ. (ბენზინზე მომუშავე ორი ძრავი); სიჩქარე: 21 კვანძი; სიგრძე 18 მეტრი; სიგანე: 3 მეტრი.
შეიარაღება: 2 ერთეული 47 და 37 მმ ავტომატური ქვემეხები. 2 ერთეული 7.62 მმ ტყვიამფრქვევი. კატარღაზე 6, ან 8 მეზღვაური მსახურობდა.
კატარღები არ იყო გათვლილი ღია ზღვაში შორს გასვლებზე, რადგან 3-4 ბალზე დიდ ტალღებში მოქმედება უჭირდათ, მაგრამ ეფექტურად მოქმედებდნენ ნაპირთან ახლოს, რეიდზე და მდინარეებზე.

გრინპორტის კატარღა საბრძოლო ამოცანის შესრულებისას

კატარღა 523 (?) რუსული ფლოტის შემადგენლობაში

გრინპორის კატარღები დუნაის ფლოტილიის შემადგენლობაში

გრინპორტის გამოყენების ეპიზოდი

სამხედრო ფლოტილიის საომარი გზა შესწავლილი არაა. მოვიყვანთ მხოლოდ ერთ ეპიზოდს. 1919 წლის 2 დეკემბერს დენიკინის ჯარის საბრძოლო გემმა გაგრის ტრავერსზე დააკავა სოხუმიდან გამოსული ქართული ფლოტილიის კუთვნილი ტრანსპორტი “ჭოროხი”, რომელსაც 150 სახალხო გვარდიელი, 30 ტონაზე მეტი ხორბალი და სხვა ტვირთი გადაჰქონდა. საპასუხოდ 6 დეკემბერს ქართულმა კატარღებმა დაატყვევეს დენიკინის ჯარის კუთვნილი ტრანსპორტი, რასაც ქ. ფოთის მიმართულებით (8 კმ დაშორებაზე) რუსულ გემ “დუნაის” გამოჩენა მოჰყვა. მის შესახვედრად გაემართა “ტარიელი”, დუნაიმ ისარგებლა ქვემეხების სიძლიერით და 76 მმ დაწყვილებული ქვემეხებიდან ცეცხლი გაუხსნა კატარღას (სულ გაისროლეს 19 ზალპი). “ტარიელმა” მანევრირება დაიწყო, მიუახლოვდა “დუნაის” და 25 ჭურვი ესროლა, საიდანაც 3 მიზანში გაარტყა. შედეგად “დუნაი” გატრიალდა და რუსეთისკენ წავიდა.

საბრძოლო ტრანსპორტი “მიხეილი”

გემი “მიხაკო” 1918 წელს ქართული სამხედრო ფლოტილიის ფლაგმანი იყო და ძალიან აქტიურად გამოიყენებოდა საბრძოლო მოქმედებებში. შეიარაღება: 2 ერთეული 76 მმ ქვემეხი (დიდი ალბათობით: Mark 2 – 1898 წ.), 2 ერთეული გოჩკისის 37 მმ ავტომატური ქვემეხი.
“მიხეილი” 1918 წლის გაზაფხულზე აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში ბათუმის ტრავერსზე (ბოლომ დატოვა ქალაქი მასზე ჩაბმული ბარჟით) და ტუაპსე-სოხუმის მიმართულებით. გემს გადაყავდა დესანტი და გადაქონდა სამხედრო ტვირთი, პარალელურად საცეცხლე მხარდაჭერას უკეთებდა ქვეით ნაწილებს ნაპირზე.
ქ. სოჭის ოპერაციის დროს “მიხეილმა” და კატერმა “მედგარმა” ზუსტი ცეცხლი გაუხსნეს ბოლშევიკების არტილერიას, რამაც მოწინააღმდეგის რიგებში პანიკა გამოწივია. ამ ბრძოლაში მიხეილიც დაზიანდა. ეკიპაჟის ყველა წევრი დაჯილდოვდა წმ. გიორგის ჯვრით.
ქ. ტუაპსეს ოპერაციის დროს მიხეილმა გადასხა ქვეითი დესანტი მტრის ზურგში და შეებრძოლა მოწინააღმდეგის არტილერიას. ოპერაცია სახალხო გვარდიის გამარჯვებით დასრულდა და ბოლშევიკები გაიქცნენ ქალაქიდან.
ტუაპსეს მეორე ბრძოლის დროს “მიხეილმა” კვლავ გადასხა 140 კაციანი დესანტი, რომელიც პირველი შეებრძოლა ბოლშევიკების მრავალრიცხოვან დანაყოფს. ამავე დესანტის ევაკუაციის დროს გემმა გახარჯა მთელი საბრძოლო მარაგი, ნაპირიდან მასირებული ცეცხლის მიუხედავად საკუთარი ბორტით გადაეფარა ნაპირიდან გამოსული ნავები და დესანტი იხსნა დაღუპვისგან. დაზიანებული გემი ოჩამჩირეში ჩამოვიდა. “მიხეილი” მონაწილეობდა აფხაზეთში მოქმედი ოსმალური დესანტის განადგურებაში და საბოლოოდ სწორედ მიხეილმა გაიყვანა დანებებული დესანტი ოსმალეთისკენ.
შეუჩერებელი ექსპლუატაციის გამო გემის აგრეგატები საჭირობდნენ რემონტს, მაგრამ ამის დრო არ იყო და მეზღვაურებს ავარიულ რეჟიმში უწევდათ მუშაობა.
საბრძოლო ოპერაციების გარდა გემი ასრულებდა ტრანსპორტის როლს და განუწყვეტლივ გადაყავდა სახალხო გვარდიის დანაყოფები და ტვირთები. 21 სექტემბერს, მორიგი რაზმის გაგრასთან გადასხმისას გემი შტორმში მოჰყვა და ნაპირზე გაირიყა. 1919 წლის თებერვალმდე ცდილობდნენ მის ამოყვანას, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მოხერხდა და გემი დაიღუპა.

ფლოტილიის შემადგენლობაში რამდენიმე ათეული, ძირითადად მობილიზაციით ჩამორთმეული სამოქალაქო ტრანსპორტი და კატარღაც შედიოდა. სრული სია შეგიძლიათ ნახოთ აქ: საქართველოს რესპუბლიკის კუთვნილი მცურავი საშუალებების სია. 26 აპრილი, 1920 წ.

სახალხო გვარდიის დესანტი სოჭში

სახ. გვარდიის რაზმი ქ. ფოთში სოჭის ფრონტზე დესანტირებისას. უკანა პლანზე მოსჩანს უცნობი გემი

1921 წლის ოკუპაციის დროს გრინპორტის კატარღები გემებს ჩაუბეს და კონსტანტინოპოლში წაიღეს.