საჰაერო ძალები

1914-1917 წლებში კავკასიის ფრონტზე მოქმედებდა რუსეთის იმპერიის რამდენიმე საავიაციო რაზმი (N1, N2, N3, N4 და ცალკეული ავიადანაყოფები), რომლებიც 1916 წლიდან კავკასიის ავიაპარკში (Кавказский авиапарк) გაერთიანდნენ. ავიაციის ამ დანაყოფს ემსახურებოდა თბილისის ავიასკოლა (Тифлисская авиашкола).

ფრონტი გადაჭიმული იყო 1.200 კმ-იან მთაგორიან რელიეფზე, რის გამოც ავიაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა სადაზვერვო მონაცემების მოპოვების და მცირე კალიბრის ბომბების ჩამოგდების კუთხით, რადგან მაშინ საჰაერო ბრძოლები შედარებით იშვიათი მოვლენა იყო.
N2 რაზმს მეთაურობდა მომავალში საქართველოს საჰაერო ძალების მეთაური შტაბს-კაპიტანი მიხეილ მაჭავარიანი, რომელმაც 1917 წლის 25 სექტემბერს ჩამოაგდო თურქეთის საჰაერო ძალების გერმანული წარმოების მრავალფუნქციური ორადგილიანი ბიპლანი Albatros C. III, რომელსაც თურქეთის ავიაციის დამაარსებელი და ლეგენდა ვეჩიჰი ჰურკუში მართავდა.

განუწყვეტელი ფრენების გამო თვითმფრინავების ტექნიკური მდგომარეობა მძიმე იყო, რის გამოც ქართულ არმიაში ჩარიცხვის მომენტისთვის ბევრ მათგანს საფრენოსნო რესურსი ამოწურული ჰქონდა და აჭარბებდა ძრავების ტტმ-ის საათობრივ მონაცემს. 1920 წელს ინგლისელმა მფრინავმა უარი განაცხადა აფრენილიყო ქართული თვითმფრინავით: „მე ეგეთი გმირი არ ვარ, ამით ვიფრინოო“.
1917 წლის 1 ივნისისთვის კავკასიის ფრონტის დანაყოფებში 104 გამართული თვითმფრინავი იყო. 30 ერთეული სხვადასხვა მოდიფიკაციის „ნიუპორი“, 20 „ფარმანი“, 18 „ვუაზენი“, 15 „მორან პარასოლი“, 5 „სოფვიჩი“, 4 „კოდრონი“, 9 „სპადი“ და 3 „ანადე“. რამდენიმე ათეული სხვადასხვა მდგომარეობაში მყოფი თვითმფრინავი ზურგში (საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი) იმყოფებოდა, სულ 190 ერთეულამდე.

საერთო ჯამში 1918 წელს ქართულ არმიას გადმოეცა დაახლ. 50 ერთეული აპარატი:
გამანადგურებელი: Nieuport 21 და Morane-Saulnier L (მორან-პარასოლი)
სადაზვერვო: Farman HF.7, Farman HF.16 და Лебедь XI
Caudron (ერთ და ორ ძრავიანები) და Voisin-ის დაუდგენელი მოდელები. რუსული ლებედის გარდა ყველა ფრანგული წარმოების იყო.
1920 წლის მარტში ჩრდ. კავკასიიდან საქართველოსკენ დაიხია თეთრგვარდიელთა მსხვილმა შენაერთმა, მათ შორის N6 ავიარაზმმა და მათი კუთვნილი ოთხი ერთეული, მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო გამანადგურებელი, Sopwith Camel F.1 შეემატა ქართულ ავიაციას, სწორედ ამ ტიპის თვითმფრინავზე მოდის პირველ მსოფლიო ომში ჩამოგდებული ყველაზე მეტი აპარატი (1.294 ერთეული).
იმავე წლის ბოლოს იტალიაში შევიძინეთ 10 ერთეული ორადგილიანი თანამედროვე და ძალიან სწრაფი სადაზვერვო Ansaldo SVA.10.

ქართული ავიაცია ნავთლუღის აღმოსავლეთით, საველე აეროდრომზე განლაგდა და მას პოლკოვნიკი მიხეილ მაჭავარიანი მეთაურობდა. საავიციო გუნდში და სამოსწავლო ნაწილში ჯამში 280-მდე ადამიანი მუშაობდა.
1919 წლის მშვიდობიანი დროის შტატით საინჟინრო-სატეხნიკო ჯარის (მეთ. პოლკოვნიკი თაყაიშვილი) საავიაციო გუნდმა (ასეული) ასეთი სახე მიიღო:
ასეულის მეთაური, მფრინავი (პოლკონიკი) – 1 (მაჭავარიანი)
უმცროსი ოფიცერი, მფრინავი (მაიორი) – 1 (მაყაშვილი)
ოფიცერი (კაპიტანი) – 4
მფრინავი (უფრ. ლეიტენანტი) – 4
ასეულის მნე (კაპიტანი) – 1
ადიუტანტი (უფრ. ლეიტენანტი) – 1
მეთვალყურე მფრინავი (კაპიტანი) – 3
მეთვალყურე მფრინავი (უფრ. ლეიტენანტი) – 3
უმცროსი ექიმი – 1
საქმის მწარმოებელი – 2
მექანიკოსი – 1
ფოტოგრაფი – 1
მეტეოროლოგი – 1
ოფიცერი და მოხელე სულ: 24

სამწყობრო ჯარისკაცი
ზემდეგი – 1
უფროსი სერჟანტი – 9 (6 მემატორე)
უფროსი სერჟანტი მფრინავი – 2
უმცროსი სერჟანტი – 18 (12 მემატორე, 2 მძღოლი, 2 მეტყვიამფრქვევე, 2 ფოტოგრაფი და 1 მეტეოროლოგი)
თავმდეგი – 18 (10 მძღოლი, 2 მეტელეფონე)
რიგითი – 82 (54 დაცვის ნახევარასეული)
მზარეული – 2
სამწყობრო ჯარისკაცი სულ: 132

უმწყობრო ნაწილი
უფროსი გადამწერი – 1
უმცროსი გადამწერი – 2
მედიცინის ფერშალი – 1
უმწყობრო ნაწილი სულ: 4

1921 წლის 15 იანვარს პოლკოვნიკმა მაჭავარიანმა საიდუმლო მოხსენება წარუდგინა გენშტაბის სამობილიზაციო განყოფილების უფროსს, საიდანაც ვიგებთ რომ, საავიაციო რაზმში 15 იანვარს: 27 ოფიცერი, 5 მოხელე, 1 ექიმი, 135 სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცი, 122 მობილიზაციით გაწვეული და 51 ნებით დაქირავებული მსახურობდა (სულ: 341 პირი).
რაზმს გააჩნდა: 17 თვითმფრინავი, 6 ცხენი, 8 ავტომობილი, 75 შაშხანა (6.200 ვაზნა). ტყვიამფრქვევები: 1 მაქსიმი, 1 კოლტი და 8 ვიკერსი (3.795 ვაზნა).

ძველი და გაუმართავი აპარატების, პილოტების გამოუცდელობის და მაშინდელი ავიაციისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ხარვეზების გამო ხშირი იყო ავარიები. 1918 წელს ავარიაში მოყვა 18 საფრენი აპარატი, რომელთაგან 14 ხელახლა აღადგინეს, ხოლო 4 ვეღარ. 1919 წელს 23 ავარიისას დაიმტვრა 6 აპარატი. 1920 წელს სექტემბრამდე 29 ინციდენტისას დაიმტვრა 7 თვითმფრინავი, ჯამში 17 ერთეული. დაიღუპნენ მაიორი ნიკოლოზ მაყაშვილი, ლეიტენანტი პროკლე კილტავა და პოდპორუჩიკი გრიგოლ მალაშხია. სწორედ ამ პრობლემების გამო გადაწყდა ევროპაში 10 ახალი თვითმფრინავის შეძენა, მაგრამ ფულის დაზოგვის მიზნით არ შეიძინეს შესაბამისი ხარისხის საცხებ-საპოხი მასალა (ბაქოდან სურდათ შეძენა, რომელიც დაიპყრეს ბოლშევიკებმა), რის გამოც ანსალდოების გამოყენება შეზღუდული იყო.

ქართული ავიაცია მონაწილეობდა 1918-1921 წლების ყველა საბრძოლო მოქმედებაში, მათ მიერ მოპოვებული სადაზვერვო მონაცემები, როგორც წესი, ზუსტი და დროული იყო. მთავარსარდალი გ. კვინიტაძე ასე ახასიათებს ავიაციას: „ავიაცია კეთილსინდისიერად და თავდადებით ასრულებდა თავის საქმეს, მუშაობის იმ პირობებში, რომელშიც იმყოფებოდა, მასზე უკეთესად ამას ვერავინ შეასრულებდა. მისი დაზვერვის შედეგად მოწოდებული ცნობები ყოველთვის უტყუარი იყო. ბრძოლების დროს გამუდმებით დაფრინავდნენ და მტრის ჯარს ბომბავდნენ. ავიატორები, როგორც წესი, გამუდმებით ითხოვდნენ საქმეში ჩართვას. გაცვეთილი მანქანებით კი საქმის შესრულება საკმაოდ რთული გახლდათ. ახლადშეძენილები ჯერ უმოქმედოდ იდგნენ, რადგან მათთვის საჭირო ზეთი ჯერ არ იყო ნაყიდი. მფრინავების სასოწრაკვეთა დიდი იყო, მოწინააღმდეგეზე უკეთესი მანქანები ყავდათ, მაგრამ მათ აეროპლანებს ვერ ანადგურებდნენ. ზოგიერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა კიდეც, მაგრამ ამას საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოჰყოლია. ერთ-ერთი მფრინავი სტროევი, იძულებული გახდა ჩვენებსა და მოწინააღმდეგეს შორის დაშვებულიყო მიწაზე. ძრავმა უმტყუნა, მაგრამ აამუშავა და ჰაერში აფრინდა. ჩემს თავს უფლებას ვერ მივცემ მფრინავებს რამე ვუსაყვედურო, პირიქით!“.
ახლაგაზრდა პოეტი სიკო ფაშალიშვილი ნ. მაყაშვილის გარდაცვალების შესახებ წერდა : ,,სწუხს ყველა -ნაცნობი და მეგობარი, სწუხს ყველა ვისაც ხელში იარაღი აუღია საქართველოს დასაცავად, ვისაც უნახავს ან გაუგონია მაყაშვილის რაინდობა, ვისაც უგრძვნია მათი დანაკლისის სიმძიმე – ერისა და მხედრობისათვის. ახალციხის ფრონტზე გავიცანი ის. მტრის ცეცხლის რკალი გვერტყა გარს, გასაჭირი კარს გვიკაკუნებდა, თოვლიან სივრცეს ჰსერავდა ზარბაზნების ცეცხლი, გზები გადაჭრილი გვქონდა და სასოწარკვეთილება ღრუბელივით შემოდიოდა სულში. ახალციხის მახლობლად პროპელერის ღმუილი გავიგონეთ. ჩვენი ჰაეროპლანები მოფრინავდნენ. მაყაშვილიაო – გვითხრეს. გაგვიხარდა. ვიცოდით მისი რაინდული სახელი, იმედი მოგვეცა და მორალური სიმტკიცე დაეშვა ჩვენში მის ჰაეროპლანთან ერთად. მეორე დღეს შევხვდი მას … გაგვაცნეს, ისეთი ცეცხლოვანი თვალები ჰქონდა, ისე გატაცებით ლაპარაკობდა იმდენი რწმენა ჰქონდა სიტყვაში, მიმოხვრაში, ცქერაში, რომ მოგვხიბლა, თავი მოგვაწონა, თავი შეგვაყვარა ერთ საღამოს. თითქმის ყველა ფრონტზე მომიხდა ყოფნა, ყველგან ვხდებოდით მაყაშვილს – არწივსავით მონაფრენს, მაყაშვილის გამანადგურებელს, როცა იგი დინამიტის საჩუქრებს უგზავნიდა მტერს ღრუბლებიდან. ყველგან სახელიანი იყო და საყვარელი, პატიოსანი, დინჯი და იმედიანი, ყველგან ნახა გასაჭირი – ყველგან თავი ისახელა და პატივისცემა მოიხვეჭა. ასე იყო საზოგადოთ, მაგრამ სულ სხვა იყო აქ, ჩვენს საავიაციო ბანაკში – მას ენდობოდნენ, ის უყვარდათ, მასზე ამყარებდნენ იმედს. ის სულის ჩამდგმელი იყო ჩვენი ეროვნული ავიაციისა“.

ქართული ავიაციის ერთერთი პირველი იერიში სახმელეთო სამიზნეებზე 1918 წლის 25 დეკემბერს შედგა, როდესაც რამდენიმე აეროპლანმა დაბომბა სომხების პოზიციები ქ. შულავერში. 1921 წლის 19 თებერვალს ფონიჭალიდან უკუქცეულ რუსებს კავალერიის სიმცირის გამო ავიაცია დაადევნეს, 24 თებერვალს ავიაცია ცდილობდა ჯავშანმატარებლების შეჩერებას და 30-ზე მეტი ბომბი დაუშინა მათ. 25 თებერვალს ღამით რამდენიმე აეროპლანმა დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინა თბილისს და მცხეთისკენ წავიდა …

წყარო

– დიმიტრი სილაქაძის ექსკლუზიური მასალა
– П.Д. Дузь. „История Воздухоплавания и Авиации в России“ Машиностроение, 1989, стр. 93, Таб. 7.
– გ. კვინიტაძე. „ჩემი მოგონებები 1917-1921 წ“
– ქართული პრესა 1918-1921 წ.

დამატებითი ინფორმაცია

ქართველის და თურქის საჰაერო დუელი 1917 წელს
პოლკოვნიკ მაჭავარიანის მისია – იტალიური აეროპლანები ქართულ არმიაში
მფრინავ ნიკოლოზ მაყაშვილის ავიაკატასტროფის ისტორია
Авиация и воздухоплавание до Второй мировой войны