თეთრგვარდიელთა რეიდი გაგრაში. 1920 წ. 17-18 ოქტომბერი.

1920 წლის სექტემბერში თეთრგვარდიელთა ფრონტი მოიშალა და საქართველოს საზღვრებთან თავი მოიყარა რამდენიმე დაჯგუფებამ. 6 ოქტომბერს გენერალმა ვრანგელმა ქ. ადლერთან განლაგებული ე.წ “Армия Возрождения России ген. Фостикова”-ს (რომელიც დაახლ. 6.000 ჯარისკაცს და ლტოლვილს ითვლიდა) ყირიმში ევაკუაციის ბრძანება გასცა. გემების ესკადრის მეთაურად დაინიშნა კრეისერ “ალმაზის” კაპიტანი ვ. გრიგორკოვი. ესკადრა შედგებოდა შემდეგი გემებისგან: კრეისერი “ალმაზი”, წყალქვეშა ნავი “უტკა”, ტრანსპორტები: “დონი”, “ყირიმი”, “სარიჩი”, “იალტა”, გემი “ასკოლდი”, ბუქსირი “დობროვოლეცი” და ბოლინდერის ტიპის სადესანტო ბარჟა.
ვაზნების არქონის გამო ფოსტიკოვის დივიზიამ ვერ შეაკავა წითელი არმია და 1920 წლის 10-11 ოქტომბერს საქართველოში გადმოვიდა. კაზაკებს იმდენად გაუჭირდათ, ფოსტიკოვმა ვაზნებით დახმარება გამაგრებული რაიონის მეთაურ პოლკოვნიკ გ. სუმბათაშვილს სთხოვა, კატეგორიული უარი კი მიიღო, მაგრამ 15.000 ვაზნა ჩუმად გამოატანეს უმცროსმა ქართველმა ოფიცრებმა. კაზაკები განაიარაღეს და თავი მოუყარეს ბანაკში, რომელიც გაგრასა და ბიჭვინთას შორის, მდინარე ბზიფის მარჯვენა მხარეს, იგუმნოვის მამულში მდებარეობდა. კაზაკები ყიდდნენ იარაღს, ცხენებს და ტანსაცმელსაც კი, რათა როგორმე თავი გაეტანათ. ბანაკს 60-მდე ქართველი მილიციელი იცავდა.
10 ოქტომბერს ესკადრა სოჭის მიდამოებში ეძებდა ფოსტიკოვის დაჯგუფებას, რომლის დროსაც წითლების საარტლერიო დაბომბვის ქვეშ მოყვა. ლესელიძის მიდამოებში მზვერავებმა ნაპირზე შეამჩნიეს ფოსტიკოვის წარმომადგენელი რომელიც სარკით და თეთრი დროშით სიგნალს გადასცემდა. დილით გემზე ავიდა პოლკოვნიკი შევჩენკო, რომელმაც გრიგორკოვს აცნობა, რომ კაზაკები უკვე განიარაღებულები იყვნენ და ფოსტიკოვის ბრძანებით გემები ბანაკისკენ უნდა წასულიყვნენ.
ქართულმა სარდლობამ უარი განაცხადა ევაკუაციაზე. რუსებმა გემები ზღვაში გაიყვანეს და შუაღამისას მიაყენეს ტრანსპორტები ნაპირს. რუსული წყაროების მიხედვით ბანაკის დაცვა მოსყიდული იყო. გამთენიისას ტრანსპორტ “დონზე” 1.300 კაცი აიყვანეს.
დილით ქართული სარდლობის წარმომადგენელი გენერალი გ. სუმბათაშვილი მივიდა ჩასხდომის ადგილას და მოითხოვა ევაკუაციის შეჩერება. ფოსტიკოვის ბრძანებით გემები მოაშორეს სანაპიროს. ადგილზე 5.000 კაზაკი და 800 ცხენი დარჩა.
15 ოქტომბერს თეთრგვარდიელები მიუახლოვდნენ ნაპირს, მაგრამ გაძლიერებულ ქართულ პიკეტებს გადააწყდნენ. ფოსტიკოვმა ესკადრის სევასტოპოლში დაბრუნების ბრძანება გასცა, მაგრამ ვ. გრიგორკოვი დაუკავშირდა შავი ზღვის ფლოტის სარდალს და სთხოვა ძალის გამოყენება. ნებართვა გაცემულ იქნა და გრიგორკოვმა შემდეგი სახის ულტიმატურმი წარუდგინა გაგრის ფრონტის უფროსს გენერალ მ. მაჭავარიანს: “Имею честь известить Вас, что мне приказано погрузить на транспорты людей и лошадей казачьей дивизии генерала Фостикова. Прошу Вас сделать необходимые распоряжения к тому, чтобы со стороны подчиненных Вам лиц не было оказано противодействия этой посадке, т. к. такое рассматривалось бы правительством Юга России как акт недружелюбия, и мне в таком случае приказано действовать всеми имеющимися у меня средствами. Командир крейсера “Алмаз”, капитан 2 ранга Григорков. В море, у Гагр, 17 октября 1920 года”. პარალელურად მომზადდა სადესანტო ოპერაცია, რომელშიც 400 კაზაკი მიიღებდა მონაწილეობას. გემებზე საწვავი მთავრდებოდა და თეთრგვარდიელებს საფუძვლიანად ეშინოდათ, საქართველოს მთავრობას კომუნისტებისთვის არ გადაეცათ ტყვეები.
17 ოქტომბერი – დაახლ. 14:00-ზე “ალმაზი”, “უტკა” და სატრანსპორტო გემები ახლოს მოადგნენ ნაპირს. ქართულმა ცხენოსანმა მილიციამ ჰაერში სროლით უპასუხა, რასაც გემებიდან ტყვიამფრქვევების ძლიერი ცეცხლი და კაზაკების (250 კაცი პოლკოვნიკ ულაგაის მეთაურობით) იერიში მოჰყვა. მილიცია სწრაფად განაიარაღეს და ევაკუაცია დაიწყო. შეტაკების დროს დაიჭრა სახუმის II ბატალიონის ლეიტენენტი მაჭავარიანი და ერთი ჯარისკაცი. მოკლეს 2 მილიციელი, 1 აფხაზი და რამდენიმე ქართველი ჯარისკაცი (წყაროში მითითებული არაა კუთვნილება).
17:00-ზე ქართული კატარღა გამოჩნდა რეიდზე, მის წინააღმდეგ წყლექვეშა ნავი გაიგზავნა, შედეგად კატარღა სოხუმისკენ გაბრუნდა.
საღამოს 19:35-ზე გემებს ცეცხლი გაუხსნა საარტილერიო ბატარეამ (6 ჭურვი). გემებიდან საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნიათ.
18 ოქტომბერს, ღამის 03:35-ზე ესკადრამ დაასრულა ამოცანა და 6.200 ევაკუირებულთან ერთად დატოვა სანაპირო.
ფოსტიკოვის მოგონებების თანახმად შეტაკებაში დაიჭრა მხოლოდ 2 კაზაკი, ტროფეის სახით დარჩათ 125 შაშხანა და 60 ცხენი (რომლებიც ნაპირზე დატოვეს). ქართული მონაცემებით ყველა მოკლული და დაჭრილი გემებზე აიყვანეს.
გრიგორკოვს წარმატებული ოპერაციისთვის პირველი რანგის კაპიტნობა მიანიჭეს.
1920 წლის ნოემბერში ფოსტიკოვის დაჯგუფების დიდი ნაწილი საბერძნეთში, ლემნოსზე გადასხეს.

წყარო
– “Мое участие на Южном фронте” (М. Фостиков)
– “От Вознесенского проспекта до реки Пряжи” (Г. Зуев)
– “Деятельность Армии возрождения России на территории Кубани и Черноморья (март — октябрь 1920 г.)” (А. Черкасов)
– 1920 წლის ქართული პრესა (“საქართველოს რესპუბლიკა”, “ნაციონალისტი”)