შეტაკება სომხებთან 1919 წლის 22 იანვარს

სომხეთ-საქართველოს ომში საბრძოლო მოქმედებები დასრულდა 1918 წლის 31 დეკემბერს. ორი კვირის შემდეგ სოფელ დაგეთ-ხაჩინთან თავი მოიყარა სომხების კარგად შეიარაღებულმა 150-200 კაციანმა რაზმმა და დაიწყო ახალსოფლის თემის ქართული სოფლების დარბევა, საკვების და საქონლის გატაცება. სავარაუდოდ ისინი ძირითადად ადგილობრივი სომხები იყვნენ. მანგლისის კომისარმა ადგილზე გააგზავნა 3 მილიციონერი შტაბს-კაპიტან მეტრეველის მეთაურობით, მათ 30 ადგილობრივი მოხალისე შემოუერთდა. რაზმმა აღმოაჩინა გატაცებული პირუტყვი მდინარე ხრამის ნაპირებთან, რასაც ყაჩაღებთან მძაფრი შეტაკება მოჰყვა, სიმაღლეებზე განლაგებული მოწინააღმდეგე ტყვიამფრქვევებს იყენებდა. დაიღუპა მეტრეველი და დაიჭრა ერთი მოხალისე, სომხებმა დაკარგეს 25 კაცამდე მოკლული, აქედან 11 გვამი მილიციის პოზიციებთან ახლოს იყო და მათ იარაღი აჰყარეს. რაზმი მანგლისში 24 იანვარს დაბრუნდა.
გაუგებარია რას აკეთებდა ქართული სარდლობა და რატომ არ განაიარაღეს ღრმა ზურგში მყოფი მოწინააღმდეგის ასეული, რომელიც აქტიურად მოქმედებდა დიდ ფართობზე.

წყარო: “საქართველოს რესპუბლიკა” 1919, N21. ეროვნული ბიბლიოთეკა