მაზნიაშვილის ოპერაცია ტუაპსეს ჩრდილოეთით

1918 წლის ზაფხულში გენერალ-მაიორ გიორგი მაზნიაშვილს დაევალა აფხაზეთის გაწმენდა აჯანყებული კომუნისტებისგან, სახალხო გვარდიის და არმიის დანაყოფებმა ამოცანას წარმატებით გაართვეს თავი. რუსეთის იმპერიის მაიკოპ-ტუაპსე-სოჭის ზონა კომუნისტურმა ანარქიამ მოიცვა, უკუქცეულები სოჭის ოლქში გადავიდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების თხოვნით და ყუბანის მთავრობასთან შეთანხმებით მაზნიაშვილის დაჯგუფებამ დროებით გადალახა საქართველოს საზღვრები აღნიშნული ოლქის კომუნისტებისგან გაწმენდის მიზნით, რადგან ყუბანის მთავრობას ანარქიის აღსაკვეთად აღნიშნულ რაიონებში საკმარისი ძალები არ ყავდა, ხოლო გენერალ დენიკინის “მოხალისეთა არმია” კრასნოდარშიც კი არ იმყოფებოდა.
29 ივნისს ქართულმა ნაწილებმა გადალახეს საზღვარი და 6 ივლისს დაიკავეს სოჭი, ხოლო 26 ივლისს ტუაპსე. კომუნისტებმა დაიწყეს თავმოყრა სადგურ ბელორეჩინსკთან, მაზნიაშვილმა გადაწყვიტა დაესწრო და 4 აგვისტოს შეტევაზე გადავიდა ანტონოვის 4000 კაციანი დაჯგუფების მეწინავე რაზმების წინააღმდეგ მდ. ტუაპსეს ხეობაში გოიტხოს უღელტეხილის მიმართულებით.
შეტევის შედეგად ანტონოვის დაჯგუფება სრულად განადგურდა, მათ დაკარგეს რამდენიმე ასეული ჯარისკაცი მოკლულების, დაჭრილების და ტყვეების სახით, 1 ჯავშანმატარებელი, 1 ორთქმავალი, 2 ქვემეხი, 30 ტყვიამფრქვევი, დიდი რაოდენობით სხვადასხვა მასალები და 4 სარკინიგზო ეშელონი. მაზნიაშვილის დაჯგუფებამ დაკარგა 7 მოკლული და 15 დაჭრილი. მოგვიანებით ქაეთულმა ნაწილებმა უბრძოლველად დაიკავეს სადგური ბელორეჩინსკი.
მოყვანილი მასალები სწორედ ამ შეტევას და პერიპეტიებს აღწერს.

წყარო:
“საქართველო” 1918, N15, “საქართველოს რესპუბლიკა” 1918 წ. N19